ბიოგრაფია

ვასილ მჟავანაძე – ბიოგრაფია

ვასილ პავლეს ძე მჟავანაძე დაიბადა 1902 წლის 7 სექტემბერს (20 სექტემბერი) ქუთაისში. ვასილ მჟავანაძე – 1915-1924 წლებში მუშაობდა მუშად ქ. ხონში. 1924 წლიდან მსახურობდა საბჭოთა არმიაში. პარალელურად სწავლობდა სამხედრო სკოლაში. სკკპ წევრი 1927 წლიდან. 1937 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-პოლიტიკური აკადემია. მეორე მსოფლიო ომის (1941-1945) წლებში იყო შენაერთების კომისარი, არმიების სამხედრო საბჭოს წევრი. წარმატებული სამხედრო კარიერის შედეგად მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1945-1953 წლებში ხარკოვის, კიევისა და კარპატისპირეთის სამხედრო ოლქების სამხედრო საბჭოს წევრი. 1953 წლიდან 1972 წლამდე იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. კურირებდა სტალინის მუზეუმის დაარსებას ქ. გორში. სხვადასხვა საბაბთა მომიზეზებით, აფერხებდა როკის გვირაბის მშენებლობას. იყო სოციალისტური შრომის გმირი და ლენინის ორდენის კავალერი. ვასილ მჟავანაძემ ქალაქ თბილისში 1956 წლის მაის-სექტემბერში მომხდარი არეულობის დროს სამხედრო ძალების გამოყენებასთან დაკავშირებით ნიკიტა ხრუშჩოვს მიმართა. იგი აქტიურად უჭერდა მხარს ლეონიდ ბრეჟნევს, ხოლო რესპუბლიკას 19 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.

ვასილ მჟავანაძე პარტიის XX, XXII-XXIV ყრილობებზე აირჩიეს სკკპ ცკ-ის წევრად. 1957-1966 წლებში სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატი. 1966-1972 წლებში სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის VI-VIII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1972 წელს თანამდებობიდან გაათავისუფლეს სახელმწიფო კორუფციისა და ე.წ. “ცეხავიკებისათვის” ხელის შეწყობის მომიზეზებით. 1972 წლის სექტემბრიდან გავიდა პენსიაზე. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა მოსკოვის ოლქის სოფელ ჟუკოვკაში. გარდაიცვალა 1988 წელს, მოსკოვში. დაკრძალულია ქალაქ თბილისში.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button