ლიტერატურანოველა

არდაშელ თაქთირიძე – ღალატი

რასიომონის ეფექტი – აღქმის სუბიექტურობის ეფექტი, როცა თვითმხილველები განსხვავებულად აღწერენ ერთსა და იმავე მოვლენას.


ლევანი: – მე და მაკომ უნივერსიტეტში გავიცანით ერთმანეთი, ერთ კურსზე ვსწავლობდით. მაკო თბილისელი იყო, დედისერთა – ნუცუბიძეზე ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. მე რაიონიდან ვარ და გოგებაშვილზე მქონდა ბინა ნაქირავები. უნივერსიტეტთან ყველაზე ახლოს მე ვცხოვრობდი, ამიტომ საგამოცდოდ, ყოველთვის ჩემთან იყო რია-რია. ერთხელ, სხვებთან ერთად, მაკოც მოვიდა, მეორე დღეს ფილოსოფიაში გვქონდა გამოცდა. გვიანობამდე შემოვრჩით. მაკო ნერვიულობდა, მამამისმა, ერთი ათჯერ მაინც დაურეკა. ბოლოს მე დაველაპარაკე
– ნუ გეშინიათ, მე მოვაცილებო! – დაწყნარდა, აღარ დაურეკავს. გვიან მივაცილე სახლში.
– ამოდი, ყავა დვლიოთო! – ტაქსი გავუშვი და ავყევი. მშობლები გამაცნო. მამამისმა ძლიერად ჩამომართვა ხელი და მადლობა გადამიხადა. დედამისი დატრიალდა, ყავა და ნამცხვარი შემომთავაზა. მე უარი ვუთხარი, გამობრუნებას ვაპირებდი, მაგრამ მაკომ მთხოვა:
– დარჩი, თორემ მეწყინებაო! – დავრჩი. ყავა დავლიეთ, აივანზე გავედით და სიგარეტი გავაბოლე. ცოტა ხანს ვილაპარაკეთ და წამოვედი. ამის შემდეგ, ხშირად მოდიოდა მაკო ჩემთან სამეცადინოდ. მამამისი აღარ ნერვიულობდა. სახლში მივაცილებდი, ავიდოდი, ყავას დავლევდით, აივანზე სიგარეტს მოვწევდი, ცოტას ვილაპარაკებდით და წამოვიდოდი.
შემოდგომის თბილი ამინდები დაიჭირა. კურსმა კახეთში მოვინდომეთ ექსკურსიაზე წასვლა. გრემი, იყალთო, შუამთა და ალავერდი უნდა მოგვევლო. ღამე თელავში დარჩენა გვქონდა გადაწყვეტილი. მაკოს მამამისი არ უშვებდა. მე მთხოვა
– ამომყევიო! – ავყევი. მამამისს ვთხოვე მაკოს გამოშვება
– კარგი, შენ გაბარებო!
ექსკურსიის პირველი დღის ბოლოს, დაღლილები დავბინავდით სასტუმროში. ნომერში კურსელთან ერთად მოვხვდი, მაგრამ გვერდით ნომერში ბიჭები სვამდნენ და ის იქ გადავიდა. მე დალევა არ მინდოდა, ნომერში დავრჩი. ცოტა ხანში კარზე დააკაკუნეს, მაკო იყო,
– არ მეძინებაო! – ნომერში შემოვიდა.
– თუ გინდა, რომ დაგეძინოს, ეს გადაჰკარიო! – სოფლიდან დედაჩემის გამოგზავნილი ტკბილი ალუბლის ნაყენი მქონდა წაღებული და ის დავუსხი.
– ვერ დავლევ, დამათრობსო!
– ნუ გეშინია, მამაშენს არ ვეტყვიო! – ვუთხარი. გამომართვა ჭიქა და მოწრუპა. ესიამოვნა. კიდევ დავუსხი. ჩემთვისაც დავისხი.
– ჩვენ გაგვიმარჯოსო! – დავლიეთ. სიგარეტის მოსაწევად გავედი აივანზე, ისიც გამომყვა. ხელი გადავხვიე, მომეკრო. სახე ჩემსკენ მოვაწევინე და ვაკოცე. კოცნითვე მიპასუხა. უცბად, ხელი მკრა და ნომრიდან გავარდა. მეორე დღეს თვალებში არ მიყურებდა, ავტობუსშიც სხვის გვერდით დაჯდა. ასე გაბუტულები ჩამოვედით თბილისში. კიდევ სამი დღე არ მელაპარაკებოდა. სამი დღის მერე მოვიდა და მითხრა:
– ეს რა ჰქენიო!
– რა ვქენიო?
– მიყვარხარო!
– მეც მიყვარხარო! – ვუთხარი. მაშინ მესამე კურსზე ვიყავით.
მეოთხე კურსი რომ დავხურეთ, ხელი მოვაწერეთ, ჯვარი დავიწერეთ და საცხოვრებლად ქავთარაძეზე გადავედით. სწავლა რომ დავამთავრეთ, მე ბიზნესში ჩავები. სერვის-ცენტრი გავაკეთე. მანქანები ჩამომყავდა და ვყიდდი. მაკომაც დაიწყო მუშაობა ბუნების დაცვის სამინისტროში. ყოველდღე ჩემი მანქანით მიმყავდა სამსახურში და მომყავდა სახლში. კარგად ვუგებდით ერთმანეთს. მაკოს რაღაც ქალური პრობლემები ჰქონდა და ამიტომ ბავშვი არ გვიჩნდებოდა. ასე ვიცხოვრეთ ერთად ხუთი წელი. საქმე მომემატა და მაკოს სამსახურში ვეღარ ვაცილებდი. ბოლო დროს დაგვიანება დაიწყო. ხან სამსახურში ტოვებდნენ, ხან დაქალს გაუვლიდა. არ მიეჭვიანია, ამიტომ არ ვამოწმებდი.
გუშინწინ სამსახურიდან რომ მოვედი, სახლში დამხვდა. საჭმელი გადმომიღო. სახეზე ალეწილი იყო, ნერვიულობდა
– მე სხვა მიყვარსო! – პირდაპირ მომახალა. ჯერ ვერ მივხვდი, ხუმრობა მეგონა
– ნუ სულელობ, მშია, ვჭამოთო! – საკოცნელად მივუახლოვდი. სახე მომარიდა.
– არ გეხუმრებიო!
– რაო, მღალატობ, შენი დედაო! – ცხოვრებაში პირველად შევაგინე და სახეში გავარტყი. ცხვირიდან სისხლი წასკდა.
– ღირსი ვარო, ღალატი რომ არ მინდა, იმიტომ გეუბნები – დავშორდეთო!
– მერე, ამდენი ხნის ურთიერთობას რას უშვრები, მოდი, დავივიწყოთ ყველაფერი და ოჯახი შევინარჩუნოთო! – ვუთხარი.
– არ შემიძლია, მიყვარსო!
– იქნებ დაფიქრდეო! – შევთავაზე.
– უკვე ნაფიქრიაო!
– რას მიკეთებ, მღალატობ, სხვას ამჯობინებ ჩემს თავს, წარსულს აფურთხებ. ამას არ ველოდი, შენგან არ ველოდი, როგორ გვიყვარდა ერთმანეთი, უშენოდ ძალიან გამიჭირდებაო! – მუხლებში ჩავუვარდი.
– ყველაფერი გადაწყვეტილიაო! – ცივად მომიშორა.
რას გავხდებოდი. დავსხედით და ცივილიზებურად დავილაპარაკეთ, შევთანხმდით. გუშინ იუსტიციის სახლში მივედით, ქონება გადავაფორმ-გადმოვაფორმეთ და გაყრაზე განცხადება შევიტანეთ.


მაკო: – მე და ლევანი კურსელები ვართ. მესამე კურსზე რომ ვიყავით, მაშინ ამიხსნა სიყვარული. მეც მომწონდა. უარი არ მითქვამს. ვხვდებოდი, რომ მამაჩემი წინააღმდეგი იყო, მაგრამ არ იმჩნევდა.
– შენ იცი, შვილოო! – მითხრა. მეხუთე კურსზე რომ გადავედით, დავქორწინდით. ოჯახმა, ქავთარაძეზე რომ “დრიმ თაუნია”, სამ ოთახიანი ბინა და მანქანა მიყიდა და მე და ლევანი იქ გადავედით საცხოვრებლად. მამაჩემს კარგი ურიერთობები ჰქონდა ევროპულ ავტომობილების ქარხნებთან. ლიცენზია აიღო, სერვის-ცენტრი გააკეთა და ჩემზე გააფორმა. უნივერსიტეტი რომ დავამთავრეთ, ლევანი დავნიშნეთ დირექტორად. საქმეს კარგად გაუძღვა, არ გვიჭირდა. ბავშვი არ გვეყოლა. ლევანი მეუბნებოდა
– შენი ბრალიაო! – ექიმთან მივედი, გავესინჯე
– ჯანმრთელი ხარ, ქმარი მოიყვანეო! – ლევანი არ გამომყვა
– მე არაფერი მჭირსო!
კარგი ცოლ-ქმრობა გვქონდა. ყველგან ერთად დავდიოდით. ამ გაზაფხლზე, მეგობრის დაბადების დღე იყო, მე და ლევანიც იქ ვიყავით.
– დამირეკეს, სასწრაფოდ უნდა წავიდე, შენ იყავი და მერე ტაქსით წამოდიო! – მითხრა ლევანმა. მე დავრჩი, ლევანი წავიდა. მუსიკა ჩართეს. მაღალი, სიმპათიური ბიჭი მოვიდა და საცეკვაოდ გამიწვია. ვიცეკვეთ
– მე გუგა ვარ, შენ რა გქვიაო? – პირდაპირ “შენობითზე” გადმოვიდა. იმდენად უშულო იყო, რომ უხერხლობა არ მიგვრძნია.
– მაკოო! – ვუპასუხე. კიდევ ორჯერ გამიწვია საცეკვაოდ. რაღაც ამბებს მიყვებოდა, მაცინებდა. წასვლისას გაცილება შემომთავაზა. სახლამდე მიმაცილა და წავიდა. მეორე დღეს, დილით დამხვდა და სამსახურამდე მიმაცილა. ასე მხვდებოდა ყოველ დღე, დილით სახლთან და საღამოს -სამსახურთან, მთელი სამი თვის განმავლობაში. თავიდან, რამდენჯერმე ვუთხარი:
– რატომ დამდევო!
– რას გიშავებ, აქვე ვცხოვრობ და სამსახურშიც, შენს სამსახურთან ახლოს ვმუშაობო!
ბოლოს შევეჩვიე, უკვე თვალებით ვეძებდი. მერე უცბად დაიკარგა, აღარ მხვდებოდა. დავიწყე მასზე ფიქრი, სად უნდა წასულიყო. ერთი კვირის თავზე გამოჩნდა
– მიყვარხარ, თუ უარს მეტყვი, წავალ და ცხოვრებაში ვეღარ მნახავო!
– მე ქმარი მყავსო!
– ესე იგი უარიო?
– აღარ დამხვდეო! – ვუთხარი. შეტრიალდა და წავიდა. ამოუვსებელი სიცარიელე ვიგრძენი გულში. მაშინ მივხვდი, რომ ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა. ის დღეები გული გახეთქვაზე მქონდა, სულ მასზე ვფიქრობდი, სიცოცხლე ჯოჯოხეთად მექცა, ვეღარ ვუძლებდი. ერთი კვირაში გამოჩნდა, იგივე გამიმეორა:
– მიყვარხარ, თუ უარს მეტყვი, წავალ და ცხოვრებაში ვეღარ მნახავო! – მის წასვლას ვეღარ გადავიტანდი.
– მეც მიყვარხარო! – ვუთხარი.
რამდენჯერმე მინდოდა ლევანთან დალაპარაკება, მაგრამ ვერ ვბედავდი. ლევანი მეცოდებოდა. მისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა. მეშინოდა თავისთვის რამე შარი არ აეტეხა. როგოც იქნა, გუშინწინ გავბედე. გადაირია. მე ვუთხარი:
– დამნაშავე მე ვარ, მთელ ქონებას შენზე ვაფორმებ და მივდივარო! – გუშინ გადავუფორმე ბინა, ფირმის მთლიანი წილი, მანქანა და გაყრაზე შევიტანეთ განცხადება. მიხარია, რომ ასე უცბად მოგვარდა ყველაფერი, თუმცა ლევანთან დამნაშავე ვარ!


გუგა: – მაკო, დაბადების დღეზე გავიცანი. ვიცეკვეთ, მერე გავაცილე. მომეწონა და დავუწყე შებმა. მე შებმის ჩემი მეთოდი მაქვს: – ქალს კი არა, ეშმაკსაც შევაცდენ. ყოველდღე ვხვდები. რომ შევატყობ, შემეჩვია და თვალებით მიწყებს ძებნას, ერთი კვირა აღარ გამოვჩნდები. ერთი კვირის თავზე, უკვე მზადაა. მივდივარ და ვეუბნები:
– ან ხო, ან არაო! – როგორც წესი, მთანხმდებიან. ზოგს ერთი თვე სჭირდება დევნა, ზოგს ცოტა მეტი. მაგდენი არავისთვის მიდევნია – სამი თვე მაწვალა. ბოლოს დამთანხმდა. ბინა ვიქირავეთ და იქ ვხვდებოდით. გუშინწინ უნდა ეთქვა ქმრისთვის. არც კი ვიცი, როგორ დამთავრდა.


– გამარჯობა ლევან, შეიძლებაო? – სამსახურში მიაკითხა გუგამ.
– შემოდი გუგაო!
– ჰა, როგორაა საქმეო? – ჰკითხა გუგამ.
– გუშინ გაყრაზე შევიტანეთ განცხადებაო!
– ქონებაო?
– ყველაფერი გადმომიფორმა, აჰა, შენ “მაღარიჩიო!” – ლევანმა ასდოლარიანების შეკვრა გაუწოდა. გუგამ შეკვრა ჯიბეში ჩაიდო.
– ახლა რას იზამო? – ჰკითხა ლევანმა.
– რა უნდა ვქნა, აღარ შევხვდებიო! – უპასუხა გუგამ.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button