ჰენრი დევიდ თორო
- განხილვა
ჰენრი დევიდ თორო “უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება” – განხილვა
ჰენრი დევიდ თორო (1817-1862) ამერიკელი მწერალი, მოაზროვნე, აბოლიციონისტი, ნატურალისტი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ. დაიბადა კონკორდში, დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი. 1845-1847 წლებში ის კონკორდთან ახლოს, უოლდენის ტბის სანაპიროზე თავის აშენებულ ქოხში ცხოვრობდა და დამოუკიდებლად უზრუნველყოფდა საკუთარ თავს ყველაფრით: თევზაობდა, გააშენა ბოსტანი, კითხულობდა კლასიკოსებს, ცურავდა ტბაში. საზოგადოებისგან განცალკევების სწორედ ეს ექსპერიმენტი ასახა თორომ 1854 წელს დაწერილ წიგნში “უოლდენი, ანუ ტყეში ცხოვრება.”წიგნი 18 ესესგან შედგება. მათში თორო საკუთარ დაკვირვებებს უზიარებს მკითხველს და ცდილობს დააჯეროს თანამედროვეები, რომ “კარგად და ბედნიერად ცხოვრება” საზოგადოების გარეშეც შესაძლებელია, რომ მატერიალური წარმატება არაა მთავარი და ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება საკუთარი შრომითაც შესაძლებელია. სამრეწველო რევოლუციას მან დაუპირისპირა მატერიალური ზრუნვისგან გათავისუფლება, განმარტოვება, მცირედით კმაყოფილება, ბუნებასთან სიახლოვე და სიცოცხლით ტკბობა. „უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება“ იმ წიგნთაგანია, რომლის აღმოჩენისა და პირველივე ფურცლების წაკითხვის შემდეგ, იმ არქეოლოგის განცდა გეუფლება, რომელიც მოულოდნელად გადააწყდება რაიმე უძველეს ნივთს, რომელმაც შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს წარმოდგენები გარკვეულ ისტორიულ ეპოქაზე. ენობრივი სიზუსტითა და უბრალოებით, თორო ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია ამერიკული რეალისტური პროზისა. 2007 წელს შონ პენმა გადაიღო ფილმი „ველურ პირობებში“ (Into the wild) კრისტოფერ მაკკენდლესის რეალურ ისტორიაზე, ყველაფრით უზრუნველყოფილ ახალგაზრდაზე, რომელმაც უარყო თანამედროვე საზოგადოების მატერიალური ღირებულებები, მთელი თავისი ფული ქველმოქმედებაში დახარჯა, გახდა სუპერმაწანწალა და სიცოცხლე ალიასკაზე, მიტოვებულ ძველ ავტობუსში დაასრულა.ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ეს ფილმი ჰენრი დევიდ თოროს წიგნის პირდაპირ „გაგრძელებას“ წარმოადგენს, თუმცა კი რეალურ ფაქტებს ეფუძნება. თოროს გარდაცვალების შემდეგ მისი ძეგლი უოლდენის ტბის მახლობლად დადგეს.წიგნი გამოსცა გამომცემლობა „სიესტამ“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ. ცხელი შოკოლადი24 საათი
Read More »