ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

ფიოდორ დოსტოევსკი – იდიოტი

„ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ მშვენირნი და ბედნიერნი და არ დაკარგონ დედამიწაზე ცხოვრების უნარი. მე არ მინდა და არ შემიძლია დავიჯერო, რომ ბოროტება შეიძლება იყოს ადამიანის ნორმალური მდგომარეობა.“

„სიღარიბე ცოდვად არ ჩაითვლება.“

„აბა, განსაჯეთ: ვთქვათ, კაცს აწამებენ; ამ დროს ტანჯვა, ჭრილობები, ხორციელი ტკივილი აწუხებს, ეს ყველაფერი კი სულიერ ტანჯვას ავიწყებს, ასე რომ სულის ამოხდამდე მხოლოდ ჭრილობები ტანჯავს. მაგრამ ყველაზე დიდი, ყველაზე გაუსაძლისი ტკივილი იქნებ ჭრილობა არც იყოს, იქნებ ის არის, რომ დანამდვილებით იცი, აგერ ერთი საათის, მერე ათი წუთის, მერე ნახევარი წუთის, მერე, აი, ამ წუთს სიცოცხლეს გამოესალმები, ადამიანი აღარ იქნები და ეს უეჭველია. სწორედ ესაა მთავარი, რომ უეჭველია. აი, თავს რომ დადებ დანის ქვეშ, გესმის, როგორ დაცურდება ის შენს თავზე, სწორედ ეს მეოთხედი წამია ყველაზე საშინელი. მაგრამ იცით, რომ ეს მარტო ჩემი ფანტაზია არ არის და ბევრი იძახის ამას? იმდენად მწამს ეს, რომ პირდაპირ გეტყვით ჩემს აზრს. მკვლელობისთვის კაცის მოკვლა დანაშაულს აჭარბებს სისასტიკით. კანონიერი სიკვდილით დასჯა უფრო საშინელია, ვინემ ყაჩაღურად კაცის მოკვლა. ის, ვისაც ყაჩაღები ღამით ჭრიან ყელს ტყეში, ანდა სადმე, გადარჩენის იმედს მაინც არ ჰკარგავს სულ უკანასკნელ წუთამდე. მაგალითები ყოფილა იმისი, რომ ყელგამოღადრულ კაცს მაინც იმედი აქვს, ან გარბის სადმე, ან იხვეწება და ივედრება. აქ კი ამ უკანასკნელ იმედს, რაც ათჯერ უფრო აიოლებს სიკვდილს, გადაჭრით უსპობენ. აქ განაჩენი გამოტანილი გაქვს. ჰოდა, ყველაზე საშინელი საწამებელიც ის არის, რომ იცი, ამას ნამდვილად ვერ ასცდები. ამაზე მეტი ტანჯვა კი რა უნდა იყოს ამქვეყნად. მოიყვანეთ ჯარისკაცი და ბრძოლის ველზე ზედ ზარბაზანს დაუყენეთ პირდაპირ, გინდაც ესროლეთ, იმას მაინც იმედი ექნება გადარჩენის, მაგრამ ამავე ჯარისკაცს რომ სიკვდილის მისჯის განაჩენი წაუკითხოთ, ის ან ჭკუაზე შეცდება, ან ატირდება. ვინ თქვა, რომ ადამიანის ბუნებას შეუძლია ეს აიტანოს და ჭკუაზე არ შეცდეს? რა საჭიროა ადამიანის სულის ასეთი შებღალვა, ასე უგვანოდ, ასე ტყუილ-უბრალოდ? იქნებ იყოს ისეთი კაცი, ვისაც განაჩენი გამოუტანეს, დატანჯეს, გააწამეს და მერე უთხრეს: „წადი, გეპატიოს ბრალიო“ (დოსტოევსკი აქ, უპირველეს ყოვლისა ლაპარაკობს თავის თავზე და სხვა პეტრაშევილებზე, რომელთაც შეწყნარების შესახებ გამოეცხადათ იმის შემდეგ, როცა მათ უკვე მოისმინეს განაჩენი სიკვდილით დასჯის შესახებ და მზად იყვნენ დასახვრეტად). აი ამ კაცს იქნებ ეამბნა მართალი. ამ წამებასა და საშინელებაზე გვეუბნება ქრისტეც. არა, ადამიანს არ შეიძლება ასე მოექცე!“

„ადამიანებს ეს სიზარმაცით მოსდით, ერთმანეთს რომ ერთი შემთხვევით ახარისხებენ და ვერაფერს პოულობენ საერთოს…“

„ვნებით თავბრუდახვეული კაცი, ისიც ხანში შესული, პირწმინდად ბრმავდება და, საიმედო რომც არაფერი ჰქონდეს, იმედს მაინც არ ეშვება. კიდევ მეტი, გონებას ჰკარგავს და რა ჭკუის კოლოფიც უნდა იყოს, ბრიყვი ბალღივით იქცევა“

„შარშან მე ერთ კაცს შევხვდი. აქ ერთ უცნაურ გარემოებას ჰქონდა ადგილი, უცნაურს-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ასეთი შემთხვევა ძალზედ იშვიათად ხდება. ეს კაცი ერთხელ ეშაფოტზე აიყვანეს (დოსტოევსკი გვიამბობს თავის განცდებზე, რაც მან 1849 წლის 22 დეკემბერს, პეტრაშეველთა სიკვდილის დასჯის წუთებში განიცადა) და პოლიტიკური დანაშაულისათვის სასიკვდილო განაჩენი წაუკითხეს. ოციოდე წუთის შემდეგ კი შეწყალება გამოუცხადეს და სასჯელი შეუცვალეს. მაგრამ ამ ორი განაჩენის შუალედში, მთელი ოცი თუ, ყოველ შემთხვევაში, თხუთმეტი წუთი იმ უეჭველი რწმენით გაატარა, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ უნდა მომკვდარიყო. იმდენად დამაინტერესა ამ ამბავმა, რომ რამდენჯერმე გავამეორებინე ის თავისი შთაბეჭდილებანი. საოცარი სიცხადით ახსოვდა ყველაფერი და კიდეც ამბობდა, იმ წუთებიდან თავის დღეში არაფერი დამავიწყდებაო. ეშაფოტიდან ოციოდე ნაბიჯზე, სადაც ხალხი და ჯარისკაცები იდგნენ, თურმე სამი ბოძი ერჭო, რადგან დასასჯელი რამდენიმე კაცი ყოფილა. პირველი სამი კაცი ამ ბოძებთან მიუყვანიათ. თოკებით მიუბამთ. სასიკვდილო ტანსაცმელი (თეთრი გრძელი ხალათები) გადაუცვამთ, თვალებზე კი თეთრი ჩაჩი ჩამოუფხატავთ, რომ თოფები არ დაენახათ. შემდეგ ყოველი ბოძის წინ რამდენიმე ჯარისკაცისაგან შემდგარი რაზმი ჩამწკრივებულა. ჩემი ნაცნობი რიგში მერვე ყოფილა და ბოძებთან მესამე წყობაში მოუხდებოდა გასვლა. მღვდელმა თურმე ყველას ჯვრით ჩამოუარა. ასე რო, ხუთიოდე წუთზე მეტი სიცოცხლე არ დარჩენოდა. ჰოდა, მითხრა, რომ ეს ხუთი წუთი უსაზღვრო დროდ, წარმოუდგენელ სიმდიდრედ მეჩვენება, მეგონა, ამ ხუთ წუთის მანძილზე იმდენ სიცოცხლეს განვიცდი, რომ ახლა უკანასკნელ წამზე ფიქრი არც ღირს-მეთქი. ამიტომაც სხვადასხვა თადარიგი დავიჭირე: გამოვიანგარიშე, რამდენი დრო დამჭირდებოდა ამხანაგებთან გამოთხოვებაზე, და საამისოდ ორი წუთი გადავდე, მერე ორი წუთი ჩემს უკანასკნელ ფიქრებზე შემოვინახე, ერთ წუთს კიდევ ირგვლივ მოთვალიერებას მოვანდომებდიო. ძალიან კარგად მახსოვს, რომ სწორედ ეს სამი თადარიგი დავიჭირე და სწორედ ეს გამოვიანგარიშეო. ოცდაშვიდი წლის, საღ-სალამათი, ჯან-ღონით სავსე კაცი ესალმებოდა სიცოცხლეს (დოსტოევსკი 1849 წელს თითქმის იმავე ხნის იყო – ოცდარვა წლის). როცა ამხანაგებს ვეთხოვებოდიო, მახსოვს, ერთ-ერთს რაღაც საკმაოდ გარეშე კითხვა მივეცი და პასუხმაც ფრიად დამაინტერესაო. მერე, ამხანაგებთან დამშვიდობების შემდეგ ის ორი წუთი დადგა, რომელიც ჩემს ფიქრებზე შემოვინახეო. ისიც წინასწარ ვიცოდი, რაზე ვიფიქრებდიო: მინდოდა, რაც შეიძლება მალე წარმომედგინა, ეს როგორ იქნება, ახლა ვარსებობ და სული მიდგას, სამიოდე წუთის შემდეგ კი არარაობად ვიქცევი. მაშ, ნეტავ რა დარჩება ჩემგან? ან სად წავალო? ამ ორ წუთში სურდა ეს ყველაფერი გადაეწყვიტა! შორიახლოს თურმე ტაძარი იდგა. ტაძრის მოოქროვილ გუმბათს მზე აბრჭყვიალებდა. მახსოვს, დაჟინებით მივჩერებოდიო სახურავსა და მასზე აციალებულ სხივებს. თვალი ვერ მომეწყვიტა სხივებისთვისო. მეჩვენებოდა, თითქოს სხივები იყო ჩემი ახალი ბუნებაო, სამიოდე წუთის შემდეგ როგორღაც მათ შევერწყმებოდიო… ის ახალი, რაც მას მოელოდა და რაც უცნობი იყო, საოცარი ზიზღით ავსებდა თურმე, მაგრამ იმ წუთშიო, ამბობდა: ყველაზე მძიმე მაინც ეს აკვიატებული ფიქრი იყო: რა იქნება, არ მოვკვდე! რა იქნება ცოცხალი დავრჩე! ო, რა უსასრულო სიცოცხლე მელის! ეს ყველაფერი ჩემი იქნება! მაშინ ყოველ წუთს მთელ საუკუნედ ვაქცევ, არაფერს დავკარგავ, ყოველი წუთის ანგარიშს ვიქონიებ, ერთ წუთს ტყუილად არ გავაცდენო! ისიც თქვა, ამ ფიქრმა ბოლოს ისე გამაბოროტა, უკვე ვნატრობდი, მალე მესროლონო ტყვია.“

„ხანდახან ხუთი წუთი კაცს მთელ საუნჯეს ურჩევნია.“

„იცით, აქ უნდა ყველაფერი წარმოიდგინოთ, რაც წინასწარ მოხდა, ყველაფერი. ის ციხეში იყო და სიკვდილს, ყოველ შემთხვევაში, ერთ კვირამდე ადრე არ ელოდა. რატომღაც ჩვეულებრივ ფორმალობის იმედი ჰქონდა, რომ განაჩენის ქაღალდს ჯერ სადღაც გააგზავნიდნენ და მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მობრუნდებოდა უკან, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე. უცბად, რაღაც შემთხვევის წყალობით, საქმე მალე დაასრულეს. დილის ხუთ საათზე პატიმარს ეძინა. ოქტომბრის მიწურული იყო; ხუთზე ჯერ კიდევ ცივა და ბნელა. ციხის ბოქაული ჩუმად შემოვიდა, ყარაული შემოიყვანა და მისჯილს ფრთხილად შეახო მხარზე ხელი. იგი წამოიწია, იდაყვს დაეყრდნო, სინათლე დაინახა და იკითხა: რა მბავიაო? – დასჯა ათ საათზეაო. ახალ ნამძინარევზე არ დაიჯერა, შეედავა, ქაღალდი ერთი კვირის მერე მოვაო, მაგრა მროცა სულ გამოფხიზლდა, კამათი შეწყვიტა და დადუმდა, ასე ჰყვებოდნენ. მერე უთქვამს, მაინც მზიმეა ასე უცებო… – და ისევ დადუმებულა, არც ამოუღია შემდეგ ხმა. აქ სამი-ოთხი საათი, მოგეხსენებათ, რასაც უნდება. მღვდელი, საუზმე, ღვინო, ყავა, ძროხის ხორცითაც უმასპინძლდებიან. განა დაცინვა არაა? ტყვი, რა სიმხეცეაო, მაგრამ მეორე მხრივ, ღმერთმანი, ეს აჯამი ხალხი წმინდა გულით ჩადის ამას და სწამთ კიდეც, კაცთმოყვარეობას ვიჩენთო. მერე ტუალეტიც (მოგეხსენებათ, მისჯილის ტუალეტს რა წარმოადგენს), ბოლოს ქალაქში გამოატარებენ ეშაფოტზე წასაყვანად… მე მგონი, გზაშიც უთუოდ ამას ფიქრობდა: „ჯერ კიდევ დიდი დრო მაქვს, ჯერ კიდევ სამი ქუჩა დამრჩენია, აგერ ამას გავივლი, მერე კიდევ ის დამრჩება, მერე კიდევ ის, იქ მარჯვნივ მეფუნთუშეა… იმ მეფუნთუშემდე კიდევ კარგა შორსაა!“ ირგვლივ ხალხი ირევა, ერთი ღრიანცელი და ხმაურია, ათი ათას ისახეა, ათი ათასი თვალი, – ყოველივე ეს უნდა გადაიტანოს. რაც მთავარია, იმ ფიქრს გაუძლოს: „აგერ, ესენი ათი ათასნი არიან, ამათ არავინ კლავს, მე კი უნდა მომკლან!“ აი რა უძღვის წინ უკანასკნელ წუთებს. ეშაფოტზე კიბე ადის, სწორედ ამ კიბის წინ აუვარდა უეცრად ტირილი. მერე რა მაგარი ვაჟკაცი იყო, რა დიდ იავაზაკი, როგორც ამბობდნენ. მღვდელი გვერდიდან არ შორდებოდა, სულ ელაპარაკებოდა, – იმას კი, არა მგონია, ერთ ისიტყვა გაეგონოს. ყურს დაუგდებდა და მესამე სიტყვიდან, ალბათ, აღარაფერი ესმოდა. ასეც უნდა ყოფილიყო. ბოლოს, კიბეს აუყვა. ფეხები დაბორკილი ჰქონდა და პატარ-პატარა ნაბიჯებს ადგამდა. მღვდელმა, ეტყობა, ჭკვიანი კაცი იყო, ლაპარაკს თავი ანება, ჯვარს წარამარა აჩრიდა საკოცნელად. კიბეზე ასვლამდე ხომ ფერმიხდილი იყო, ეშაფოტზე რომ ავიდა და დადგა, მიტკალივით გაუხდა სახე, ალბათ ფეხებიც ეკეცებოდა, გულიც ერეოდა ეგებ – თითქოს ყელში უჭერდნენ ხელს და უღიტინებდნენ – არ გამოგიცდიათ განა ასეთი რამ შიშისა თუ საშინელების წუთებში, როცა გონი გაქვთ, მაგრამ თავის დამორჩილება არ ძალგიძთ? მე მგონი, მაგალითად, თუ დაღუპვა გელის, ვთქვატ, სახლი გენგრევა თავზე, უცბად საოცრად მოგინდება, ალბათ, დაჯდე, თვალები დახუჭო და, დაე, რახ მოსახდენია მოხდეს!.. სწორედ ამ დროს, როცა ეს სიძაბუნე დაეტყობოდა, მღვდელი კვლავ საჩქაროდ, უსიტყვოდ მიაჩეჩებდა ხოლმე ვერცხლის პატარა ოთხბოლოიან ჯვარს, მალი-მალ ყოველ წუთს აჩრიდა. როგორც კი ჯვარი ტუჩზე მოხვდებოდა, ისიც თვალებს გაახელდა, რამდენიმე წამს თითქოს მოცოცხლდებოდა და ფეხსაც გადადგამდა. ჯვარს ხარბად ჰკოცნიდა, პირდაპირ ეწაფებოდა, თითქოს ეშურებოდა რაიმე თან წაეღო საგზლად, ყოველი შემთხვევისთვის მაინც. თუმცა იმ წუთს, არა მგონია, რელიგიური რამე გრძნობა ჰქონოდა. ფიცარზე დაწოლამდე სულ ასე იყო… საოცარია, რომ ამ უკანასკნელ წამებში იშვიათად მისდით ხოლმე გული! პირიქით, თავი საოცარი სიძლიერით, მანქანასავით უმუშავებთ, ალბატ, სხავდასხავ ფიქრები ჩაქუჩივიტ ურტყამს თავს, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, იქნებ სასაცილოც: „აგერ ის კაცი მიყურებს – შუბლზე მეჭეჭი აზის, აგერ ჯალათს ერთი, ბოლო ღილ იდაჟანგებია“… ფიქრობ ასეთ რამეებზე და მაინც ყველაფერი იცი და ყველაფერი გახსოვს. ერთი წერტილი ჩაგჭედვია თავში, რომელსაც ვერასგზით ვერ დაივიწყებ, არც გული მიგდის, ყველაფერი ამ წერტილს უვლის ირგვლივ და უტრიალებს. ალბათ, წამის უკანასკნელ მეოთხედამდე სულ ასეა, თავი უკვე კუნძზე უდევს, ელის… იცის… და უეცრივ გაიჟღრიალებს რკინა! ამას უთუოდ გაიგონებს! მეც რომ ვწოლილიყავ, განგებ მივაყურადებდ იდა გავიგონებდი… იქნებ ეს მეათედი წუთიც არ გაგრძელდეს, მაგრამ უთუოდ გაიგონებ! იცით კი, რომ აქამდე საკამათოდ აქვთ, თავი რომ წააეცლება, ერთი წამი კიდევ რჩება შეგნება, თავი წამეცალაო – თუმცა იქნებ ხუთ წამსაც რჩება!..“

„ბავშვებს ყველაფერი შეგიძლია უამბო. სულ მიკვირდა, მოზრდილები რა ცუდად სცნობენ-მეთქი ბავშვებს. არც დედ-მამამ იცის თავისი შვილების ამბავი. ბავშვებს კაცმა არაფერი უნდა დაუმალოს; ვითომც პატარები არიან და მათთვის ადრეა ყველაფრის ცოდნაო. რა უბადრუკი მოსაზრებაა! იცით, ბავშვები მშვენივრად ამჩნევენ მშობლებს პატარები ვგონივართ და ისე ფიქრობენ, ვერაფერს მივხვდებითო. სინამდვილეში კი ძნელად გამოაპარებთ რასმე. აბა, ვინ წარმოიდგენს, რომ რა თავსამტვრევი საქმეც არ უნდა იყოს, ბალღი საოცრად გონივრულ რჩევას მოგცემს. ღმერთო ჩემო! როცა ეს პატარა ჩიტუნები მიამიტად მოგაპყრობენ გაბრწყინებულ თვალებს, რა სინდისით უნდა მოატყუო ისინი! ჩიტუნები-მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ ჩიტზე წმინდა ამ ქვეყნად არ არის რა.“

„ახლა ხალხში უნდა გავერიო; იქნებ ბევრი არაფერი ვიცი და გამეგება, მაგრამ ახლა ხანა კი დამიდგა. გადავწყვიტე, პატიოსნად და პირნათლად შევასრულო ჩემი საქმე. ადამიანებთან შესაძლოა მომწყინდეს და გამიჭირდეს კიდეც. ყოველ შემთხვევაში, გადავწყვიტე ყველას ზრდილობით მოვექცე და არაფერი დავუმალო; მეტს ხომ არავინ მომთხოვს. იქნებ აქაც ბალღად ჩამთვალონ, – რა ვუყოთ მერე! რატომღაც ყველა იდიოტად მნათლავს, მართალია, ოდესღაც კი ვიყავ ისე ავად, რომ იდიოტს ვგავდი; მაგრამ ახლა სადაური იდიოტი ვარ, თუკი ვამჩნევ, რომ იდიოტად მთვლიან.“

– ეკლესიის ცალკეულ წარმომადგენლებზე არც არასოდეს მითქვამს რამე. მე რომის კათოლიციზმის არსზე ვამბობდი, რომზე ვამბობდი. განა შეიძლება ეკლესია სავსებით მოისპოს? ეს მე არასოდეს მითქვამს!
– გეთანხმებით, მაგრამ ეგ ყოველივე უკვე ცნობილია და არცაა… სალაპარაკო, ეგ ღვთისმეტყველების საქმეა…
– ო, არა, არა! მარტო ღვთისმეტყველებისა არა, მერწმუნეთ, არა! ეს გაცილებით უფრო მეტად გვეხება ჩვენ, ვინემ თქვენ გგონიათ. სწორედ ეგაა ჩვენი შეცდომა, რომ ჯერ კიდევ ვერ გვიგრძვნია, ეს რომ მხოლოდ ღვთისმეტყველების საქმე არ არის! სოციალიზმიც ხომ კათოლიციზმის და კათოლიკური არსის ნაყოფია! როგორც მისი ძმა ათეიზმი, ისიც სასოწარკვეთილებამ წარმოშვა, კათოლიციზმის საპირისპიროდ, რა არის, თავისით შეეცვალა რელიგიის დაკარგული ზნეობრივი ძალა, რა არის მოწყურებული კაცობრიობისთვის სულიერი წყურვილი მოეკლა და ქრისტეს მეოხებით კი არა, იგივე ძალადობით ეხსნა იგი! ესეც თავისუფლება გახლავთ, ძალადობით მოპოვებული, ესეც გაერთიანებაა მახვილისა და სისხლის საშუალებით! „არ იწამო ღმერთი, არ იქონიო საკუთრება, არ იქონიო შენი მე, fraternite ou la mort!“ ნათქვამია, საქმენი მათი გიმხილებენ მათ! ნუ გგონიათ, რომ ასე უბრალო და უვნებელი იყოს ეს ჩვენთვის; ო, ჩვენ გამკლავება გვჭირდება და რაც შეიძლება მალე! დასავლეთის საპირისპიროდ უნდა აღმობრწყინდეს ჩვენი ქრისტე, ვინც ჩვენ შევინარჩუნეთ და ვისაც ისინი არ იცნობენ! იეზუიტების ანკესს მონურად კი არ უნდა წამოვეგოთ, ჩვენ რუსული ცივილიზაცია უნდა მივაგებოთ, უნდა დავუდგეთ წინ, და ნურც იმას იტყვიან ჩვენში, მათი ქადაგება მშვენიერიაო.

„ჩვენში თუ ვინმემ კათოლიკობა იწამა, უთუოდ იეზუიტიც გახდება, ისიც ყველაზე ქვებუდანი; თუ ათეისტი გახდა, უთუოდ ძალადობით მოითხოვს რწმენის აღმოფხვრას, მაშასადამე, მახვილით! რისი ბრალია, რისგან წარმოსდგება ერთბაშად ასეთი სიშმაგე? ნუთუ არ იცით? იმიტომ რომ მან სამშობლო ჰპოვა, რომელიც აქ ვერ ნახა, და გაიხარა; ნაპირი, მიწა ნახა და საკოცნელად დაეწაფა! განა მარტო პატივმოყვარეობამ, მარტო საძრახისმა პატივმოყვარე გრძნობებმა წარმოშვა რუსი ათეისტები და რუსი იეზუიტები, არამედ სულიერმა გამწარებამ, სულიერმა წყურვილმა, ზენაარი საქმის, მყარი ნაპირის, სამშობლოს გულის შემჭმელმა ნატვრამ, ვინაიდან აღარ სწამთ სამშობლოსი, რამეთუ არც არასოდეს ჰქონიათ იგი! მერე და რა იოლია რუსი კაცისთვის ათეისტობა, უფრო იოლი, ვინემ სხვა დანარჩენებისათვის დედამიწის ზურგზე! ჩვენები განა უბრალოდ ათეისტები ხდებიან, არა, უთუოდ უნდა იწამონ ათეიზმი, ვითარც ახალი რწმენა, და სულაც ვერ ამჩნევენ, რომ იწამეს ნული. აი, რარიგ მოწყურებულნი ვართ! „ვინც თავისი მშობელი მიწა დაგმო, იმან თავისი ღმერთიც დაგმო“. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენში უგანათლებულესი ხალხი თვითგვემასაც კი მიმართავდა… თუმცა ამ შემთხვევაში თვითმგვემელობა რითაა უარესი ნიჰილიზმზე, იეზუიტიზმზე და ათეიზმზე? ვინ იცის, შინაარსით იმაზე ღრმაც იყოს! მაგრამ ნაღველსა და ნატვრას აი სადამდე მიჰყავდა კაცი!.. დაანახეთ კოლუმბის მოწყურებულ თანამგზავრებს „ახალი ქვეყნის“ ნაპირი, დაანახეთ რუს კაცს რუსული „ქვეყანა“, მიეცით საშუალება აღმოაჩინოს ეს ოქრო, ეს განძი, მისგან მიწაში ჩაფლული! აჩვენეთ მას მომავალში მთელი კაცობრიობის განახლება და მკვდრეთით აღდგომა ვინძლო მხოლოდ ერთი რუსული აზრის, რუსული ღმერთისა და ქრისტეს მეოხებით და ნახავთ, რა გოლიათი ბუმბერაზი, ალალი, ბრძენი და სათნო აღიმართება განცვიფრებული მსოფლიოს წინაშე, განცვიფრებულისა და შეშინებულის, ვინაიდან ჩვენგან ისინი მხოლოდ მახვილს, მახვილსა და ძალმომრეობას გამოელიან, ვინაიდან, საკუთარი თავის მაგალითით, ჩვენ ბარბაროსებად გვსახავენ. ასეა დღემდე, რაც ხანი მიდის, უფრო მეტად!“

„ეგ მახარებს სწორედ, რომ დავრწმუნდი, აუარება კი არა და ყველა ცოცხალ მასალას წარმოადგენთ. ან რა სასირცხოა, სასაცილონი თუ ვართ! ჩვენ ხომ მართლაც სასაცილო, ქარაფშუტა ხალხი ვართ, ცუდი ჩვევების პატრონი, არაფერი გვახარებს, არც თვალი გვიჭრის, არც გაგება გვაქვს, ყველა ერთმანეთს ვგავართ ამაში, თქვენც, მეც, ისინიც! ხომ არ გწყინთ, პირში რომ გეუბნებით, სასაცილო ხართ-მეთქი? ხოლო თუ არ გწყინთ, მაშ განა მასალა არა ხართ? იცით, ჩემის აზრით, სასაცილო კაცობა ზოგჯერ უკეთესიც კია: უფრო იოლად შევუნდობთ ერთმანეთს და უფრო იოლად მოვიდრეკთ ქედს; ვის შეუძლია ერთბაშად ჩაწვდეს ყველაფერს, სრულყოფილი ვინ დაბადებულა? სრულყოფილი რომ გახდე, ჯერ ბევრი რამ უნდა არ გესმოდეს! მალე გაგება კი, ვინძლო, ცუდად გაგებას ნიშნავს. ამას თქვენ გეუბნებით, ვინც ამდენის გაგება და… არ გაგება შესძელით.“

„ვინა თქვა, ადამიანი უბედური შეიძლება იყოსო? რა ბედენაა ჩემი დარდი და გაჭირვება, თუკი ბედნიერი შემიძლია ვიყო? იცით, ვერ გამიგია, რა გულით უნდა ჩაუარო ხეს, შეხედო და ბედნიერება არ იგრძნო? ელაპარაკო კაცს, გიყვარდეს იგი და ამან არ გაგაბედნიეროს! რამდენი მშვენიერი საგანი კი გვხვდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე, რაიც ყველაზე გზადაკარგულ ადამიანსაც თვალს მოსტაცებს? შეხეთ ბავშვს, შეხეთ დალოცვილ განთიადს, ბალახს, როგორ იზრდება იგი, თვალებს, რომ გიცქერიან და უყვარხართ…“

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button