საკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – წინასიტყვაობა დედაენის გამომცემლობისა

ჯეროვანი ახსნა იმ განსაკუთრებული მიზნისა, რომელიც სახელში გვქონდა ამ წიგნის შედგენის დროს, და ვრცელი განვითარებული დარიგება შესახებ მისი ხმარებისა სახალხო შკოლებში მეტად დიდ ადგილს დაიჭერდა და გადამეტებით გაადიდებდა უიმისოთაც მოზრდილ წიგნსა. ამიტომ ჩვენ ვარჩიეთ აქ ჩაგვერთო მცირე წინასიტყვაობა და მოკლე ხანში გამოგვეცა ცალკე წიგნი ქართველთ მასწავლებელთათვის, რომლის უმთავრესი შინაარსი იქნება განვითარებული და დაწვრილებითი რჩევა და დარიგება შესხებ ამ წიგნის ხმარებისა.

ჩვენი ანბანი არის შედგენილი ანალიტიკურ-სინტეტიურ მეთოდზედ. მაშასადამე იგი წარმოგვიდგენს ერთად დაკავშირებულ მეთოდებს პირველი ჩვენი ანბანისა, რომელიც თორმეტი წლის წინათ გამოიცა და რომელიც ანალიტიკურ მეთოდზე იყო შედგენილი და მეორისას, რომელშიაც მიღებული იყო სინტეტიური მეთოდი. თავის დროზე ჩვენ ავხსენით, რა გარემოებებმა და მოსაზრებებმა გაგვხადა იძულები მიგვეტოვებინა უფრო ძნელი, ანალიტიკური მეთოდი და მიგვეცა უპირატესობა უფრო ადვილი სინტეტიური მეთოდისათვის. ეს მიზეზები იყვნენ: შინაური ხასიათი სწავლების ხელოვნებაში; მცირე რიცხვი შკოლებისა, მათი მოუწყობლობა და მტკნარი უხეირობა მასწავლებელთ პერსონალისა, რომელიც შესდგებოდა პრიჩეტნიკებიდგან და მღვდლებიდგან. ეს საბუთები ეხლა აღარ არსებობენ: სწავლება უმეტეს ნაწილათ გადავიდა სახლებიდან შკოლებში, ამ შკოლებში მასწავლებლობა დაიჭირეს ყმაწვილმა კაცებმა, რომლებიც ბევრათ თუ ცოტათ მომზადებულნი არიან თავისი თანამდებობის ჯეროვანი აღსრულებისათვის და რომელთაც მარჯვე მოხმარება რთული მეთოდიდა ძრიელ არ უნდა გაუჭირდეთ. ამიტომ ჩვენ დროიანათ დავიანხეთ დავბრუნებოდით ანალიტიკურ მეთოდსა და ამასთან იგი დაგვეკავშირებინა სინტეტურ მეთოდთან, მაგრამ რადგანაც სპეციალისტები მაინც თითქმის არ მოიპოვებიან ჩვენ ხალხურ შკოლებში მასწავლებლებათა, ამიტომ ამ ანბანის მეთოდი უნდა მიგვეყვანა სიადვილის უკანასკნელ ხარისხამდის. ამ შემთხვევაში ჩვენ ხელვმძღვანელობდით იმ ჰაზრით, რომ ხარისხი მეთოდის სარგებლობისა პირდაპირ დამოკიდებულია მის მარჯვეთ მოხმარების სიადვილეზედ და უკეთესი მეთოდი უარესზედ მავნებელია და გადამრევი ბავშვების გონებისათვის, თუ მისი ხეირიანი მოხმარება შეუძლებელია სპეციალურათ მოუმზადებელ მასწავლებელთათვის.

ჩვენი მეთოდი მიუცილებელ საჭიროებათა ხდის წინამძღოლ ვარჯიშობებსა. წერა-კითხვის სწავლა, მეტადრე ანალიტიკურ მეთოდით, რთული საქმეა. პირდაპირ მისი დაწყება ბავშვის გონებისათვის ძნელი დასაძლევი და ასატანია: საჭიროა, რომ მისი გონება ამ რთულ საქმის შესათვისებლათ მომზადდეს უფრო მარტივი საგნების გაცნობით. ამ საგნებს უნდა ჰქონდეთ პირდაპირი დამოკიდებულება წერა-კითხვასთან და შეადგენდნენ მის ელემენტებსა. წინამძღოლს ვარჯიშობებს შეადგენენ: დაბიური საუბრები, ხმების გამორკვევა და ხატვა, რომლებიც ერთიერთმანეთს მისდევენ, ერთმანეთსა სცვლიან და ასხვაფერებენ ბავშვის პირველდაწყებით შრომას. სასაუბროებს საგნათ უნდა ჰქონდეთ: ბავშვების ნათესაობა, მათი კარმიდამო, შკოლის რიგი, მისი კუთვნილებანი, ათი რიცხვის თვლა, მათი ერთმანეთზე მითვლა, გამოთვლა, გამრავლება და გაყოფა, და სხვანი. ხმების გარკვევა მდგომარეობს ფრაზების დაყოფაში სიტყვებად, სიტყვების დაყოფაში მარცვლებად და მარცვლების დაყოფაში ხმებად. ეს ვარჯიშობა ადვილი არ არის და კაი სიმარჯვე მართებს მასწავლებელსა, რომ იგი გვარიანათ წაიყვანოს. ხატვა უნდა განისაზღვროს მხოლოდ მდგომარე და მწოლარე ხაზების დასმით, მათი ერთმანეთზედ გადაბმითა ისე, რომ რაიმე ბავშვებისათვის ნაცნობი საგნები გამოდიოდნენ; მაგალითად; ჯოხი, ყავარჯენი, წერაქვი, ჯვარი, ფოცხი, ორთითი, სამთითი, ჩანგალი, სასწორი ფანჯარა, სავარცხელი და სხვანი. შემდეგ მასწავლებელმა უნდა ასწავლოს მრგვალი ხაზის დასმა და შემდეგი საგნების გამოსახვა: რკალისა, გასაღებისა, კვერცხისა, ზარისა, საათისა და კიდევ სხვებისა. ამ წინამძღოლ ვარჯიშობებს ორ კვირაზედ მეტი არ უნდა მოახმაროს მასწავლებელმა და შემდგომ უნდა გადავიდეს წერა-კითხვის სწავლებაზედ.

წერა-კითხვის სწავლა ჩვენ წიგნში დაკავშირებულია სულრათებთანა. ამ სურათების შემწეობით ჯერ საგანი უნდა გაიცნონ ბავშვებმა, მერე მისი სახელი, რომელიც მისი გამოხატულების ქვეშ არის დაბეჭდილი. საგნის შესწავლაში უმთავრესი ყურადღება უნდა მიქცეულიყვეს მის შემდგენელი ნაწილების გამორკვევაზედ. ავიღოთ, მაგალითათ, პირველი სურათი. მასწავლებელი დაუდებს ხელს იის ღეროზედ და ჰკითხავს: ეს რა არის? ღერო. ღეროზედ რა ასხია? ყლორტები. ყლორტებზედ რაღა ასხია? ფოთლები. ფოთლებ შუა რა არის გაშლილი? მიწაში რითი არის დამაგრებული ია? მაშ რამდენი ნაწილი ჰქონია იასა? საგნის სახელი ბავშვებმა უნდა შეისწავლონ ჯერ ხმების მხრივ, მერე ასოების მხრივ. მასწავლებელმა კარგათ უნდა მიახვედროს ბავშვები განსხვავებასა, რომელიც ხმებსა და ასოებს შუა არსებობს. კითხვასთან უნდა შეაერთოს წერაცა და უთუოთ ბეჭდური ხელითა, რადგანაც ჩვენ მეთოდში წერა ერთი მხრით მაშველებელი ღონისძიებაა კითხვისათვის. ბეჭდური ხელით წერა ჩვენთვის არ შეადგენს იმ სიძნელის მეათEდ ნაწილსაც, რომელიც უნდა რუსულ ანბანის სწავლების დროს დაიძლიოს. ამიტომ რომ ჩვენი ბეჭდური შრიფტი ხელთნაწერისაგან ძალიან მცირედ განსხვავდება. წერა-კითხვის სწავლების გასაადვილებლათ ჩვენ ანბანში ასოები იმ რიგზედ მისდევენ ერთი ერთმანეთსა, რომ წინეთ არიან მოქცეულნი უფრო ადვილი ასოები გამოთქმითა და გამოხატულობითა და მათ მისდევენ უფრო ძნელი ასოები. მხოლოდ ერთი ასო “ძ”, რომელიც ადვილია გამოთმითაც და გამოხატულობითაც და რომელსაც ამის გამო უნდა ეჭიროს ადგილი თავშივე, შუაში მოქცეული; ეს მოხდა სურათების სიღარიბის გამო. სიტყვების კითხვის დროს მასწავლებელმა სასტიკი ყურადღება უნდა მიაქციოს მასზედ, რომ ბავშვები სიტყვების ჰაზრს, მნიშვნელობას შინაარსს გონებას ადევნებდნენ, რომ სიტყვები მათ გონებაში აღვიძებდნენ საგნების სახეს, რომ იგინი არ მიეჩვინონ უაზრო, მეხანიკურ კითხვასა. ფრაზების კითხვის დროს იგი უნდა ითხოვდეს ბავშვებისაგან ანგარიშსა, რაზედ არის ლაპარაკი და რა არის ნათქვამი.

რაც შეეხება პირველ საკითხავ წიგნსა, ჩვენა ვცდილობდით ერთი მხრით იმასა, რომ მასა ჰქონდა, რაც კი შეიძლება, მომეტებული მიმზიდველი ძალა ბავშვებისათვის, რომ იგი ყოფილიყო მათთვის სავსე ინტერესითა და მეორეს მხრით – მის შინაარს წარმოედგინა არა ღარიბი მასალა ბავშვის გონების გახნისათვის და განვითარებისათვის, ერთი სიტყვით ჩვენ ვცდილობდით შეგვეერთებინა ერთათ სასიამოვნო სასარგელობსთანა.

პირველი ადგილი წიგნში უჭირავს ზღაპრებსა. იგინი არიან ან ხალხური, ჩვენგანვე შეკრეფილნი, შეუცვლელათ, ან ცვლილებით შეტანილნი წიგნში, ან ეკუთვნიან წარსული საუკუნის ჩვენ მწერალ საბა ორბელიანს და ამორჩეულნი არიან მისი შესანიშნავი თხზულებიდგან “სიბრძნე სიცურვის წიგნი”, ან კიდევ რუსულიდგან არიან გადმოღებულნი და გადმოკეთებულნი. ზღაპრების კითხვას კლასში მხოლოდ მაშინ მოითხოვს მასწავლებელი მოწაფეთაგან, როცა ესენი კითხვაში გაიმართებიან. მანამდის კი ეს ზღაპრები სიტყვით უნდა უანბოს და წიგნში მათი კითხვა მიანდოს ბავშვების სურვილს კლასის გარეთ, თავისუფალ დროსა. ზღაპრებს მისდევენ პაწაწ-პაწაწა მოთხორბები, იუმორიულნი, ზნეობითნი და სხვა ბევრ-გვარი შინაარსისანი. ესენი თავდაპირველათვე უნდა კლასში იკითხებოდნენ და მათი კითხვის დროს მასწავლებელმა უნდა მოითხოვოს მოწაფეთაგან გვარიანი კითხვის კანონების სასტიკი დაცვა.

პატარა მოთხრობებს მისდევენ იგავ-არაკები, ესენი, უმეტეს ნაწილათ, ეკუთვნიან (მხოლოდ სიუჟეტით) ეზოპოსსა, მცირე ნაწილი კი ხალხურია, ან კრილოვიდგან არის გადმოღებული. მათი კითხვა ბავშვებისათვის არც კლასში იქნება ძნელი, არც გარეთ, რადგანაც ესენი პატარები არიან და მარტივნი შინაარსით და გამოხატულებით. ლექსებს ამ წიგნში დიდი ადგილი უჭირავთ. ისინი არიან უმეტეს ნაწილათ ხალურნი, რომლებიც ზოგნი პეტრე უმიკაშვილის ჯერ დაუბეჭდელი კრებულიდგან ამოვსწრეთ, ზოგნი თვითონ შევკრიბეთ და ზოგნი ამოვარჩიეთ ახალციხური ლექსების კრებიდგან, რომლებიც შეგროვილნი არიან უკანასკნელ დროს ერთი პატივცემული ფრანგების მღვდლისაგან, ნიკ. მესხიევის თაოსნობით, და რომლებიც დაბეჭდვას მოელიან. მცირე ნაწილი ლექსებისა არ არის ხალხური და უმეტეს ნაწილათ ჩვენგნივ არის შედგენილი. კარგად ვიცით, რომ უკეთესი იქნებოდა მათ მაგივრათ რომ ჩვენი გამოჩენილი პოეტების ლექსები ყოფილიყო ჩართული, მაგრამ, სამწუხაროთ, მათ ნაწარმოებში სრულიად არ მოიძებნება საბავშვო ლექსები. ლექსები, მეტადრე უკეთესნი, ყმაწვილებმა უთუოთ ზეპირათ უნდა ისწავლონ.

რეალურ ელემენტს წიგნისას შეადგენენ სასაუბრონი, რომლებიც შეიცავენ თითქმის მთელ ბავშვისთვის მისაწვდომ სფეროს საგნებისას. მასწავლებელს უნდა ახსოვდეს პირველად ის, რომ სასაუბროები, თავის უმეტესი ნაწილით, აჩვენებენ მხოლოდ შინაარსს საუბრისასა და არა დიდაქტიურ ღონისძიებებს და ხერხებს, მეორეთ ის, რომ საუბრის დროს უთუოთ თვალწინ უნდა ჰქონდეთ მოსწავლეებს ან სგნები, რომლებზედაც არის ლაპარაკი და ან მათი სურათები. უამისოთ სასაუბროები მეათედ სარგებლობასაც არ მოუტანენ ბავშვსა. ის მასწავლებელი უბრალო მოჯამაგირეა და არა მასწავლებელი, რომელიც, მაგალითად, ბავშვებს ბალახებზედ ელაპარაკება და კლასში კი არა აქვს ბალახების კოლლეკცია, წინათვე შეგროვილი. სასაუბროებს მისდევენ ანდაზები, რომელთაც პირდაპირი კავშირი აქვთ მათთანა. თითქმის ყველა ანდაზას აქვს ორი ჰაზრი: პირდაპირი და ზნეობითი. ზოგი ერთა ანდაზებისა ორივე ჰაზრი გასაგებია ბავშვებისათვის, ზოგისა კი მარტო პირდაპირი და ზნეობითი მნიშვნელობა კი მიუწდომელია მათთვის. უკანასკნელ შემთხვევაში ზნეობით ჰაზრს სრულიადაც არ უნდა შეეხოს მასწავლებელი. გამოცანებსაც მტკიცე კავშირი აქვთ სასაუბროს საგნებთანა. იგინი არიან ან ხალხურნი, ან რუსულიდგან გადმოკეთებულნი, ან ჩვენგნივ შედგენილნი. გამოცანები შეადგენენ კარტინულ აღწერას საგნებისასა და დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის გონების გახსნაში, თუ კი მასწავლებელი ხელოვნურად წაიყვანს მათ ახსნასა.

საღმრთო ნაწილი სწორეთ იმ რიგზედ უნდა ისწავლონ ბავშვებმა, რა რიგზედაც არიან დაწყობილნი სტატიები. პირველ წელიწადს ყმაწვილები სურათების შემწეობით გაიცნობენ უმთავრესს მომენტებს იესო ქრისტეს ცხოვრებისას. ამ დროს სრულიად საკმარისია, თუ მათ ეცოდინებათ ორი მოკლე ლოცვა, ადვილათ გასაგები ჰაზრის მხრივ და კიდევ უფრო ადვილად დასახსომი სიპატარავის გამო. ეს ლოცვები არიან: უფალო შეგვიწყალე და მოგვმადლე უფალო. ყოველ დღე სათქმელი ლოცვების ახსნას, მათი შინაარსის გაგებას და ბოლოს ზეპირათ დასწავლას კლასი შეუდგება მხოლოდ მეორე წელიწადსა. ისე არაფერი ამახინჯებს, აშრობს და ჰკლავს კაცის გულში რელიგიურ გრძნობასა, როგორც უაზროთ, გაუგებრად, თუთიყუშივით გაზეპირება ლოცვებისა სიპატარავის დროს. გონებითი ვნება ამ პედაგოგიის წინააღმდეგი ჩვეულების ხომ კიდევ მომატებულია.

თუმცა ამ წიგნის შედგენაზედ ერთგულათ და კაი ხანია ვისრომეთ, მაგრამ ყოველგვარი სისრულით მაინც ვერ შევამკეთ და ზოგიერთა ნაკლოვანებანი მაინც ვერ ავიცილეთ, ანბანის წინეთ საჭირონი იყვნენ სახატავი ფიგურები, მაგრამ წიგნს იგინი აკლიან; რათა? რომელსამე თბილისის ლიტოგრაფიაში მათი დაბეჭდვა შეუძლებელი დარჩა სიძვირის გამო და ხეზედ ამოჭრილებმა ვერ ივარგეს. ამ ნაკლულევანების შესამსებლათ ჩვენ მოკლე ხანში გამოვცემთ ცალკე ხატვის და წერის რვეულსა. – სურათები, უმეტეს ნაწილათ, მდინარენი არიან; მიზეზი ამისა: თბილისში უკეთესი ვერ ამოსჭრეს და უცხო ქვეყნიდგან დაბარება ამ გამოცემისათვის ვერ მოვასწარით. შემდგომ გამოცემებში ამ ნაკლულევანებას ადგილი აღარ ექნება. – ზოგი ერთა სტატიები საშუალონი არიან; ეს მოხდა მასალების ნაკლულობის გამო. მეორე გამოცემაში მათ ადგილს დაიჭერენ უკეთესი სტატიები. – რამდენიმე სასაუბრონი გადამეტებით რთულნი მოვიდნენ. ეს ნაკლულევანება დაბადა ჩვენმა სურვილმა, რომ ამ წიგნის რიგების რიცხვი არ გამრავლებულიყო და წიგნი ამაზედ მომეტებულათ არ გადიდებულიყო. შემდგომისათვის ეს სასაუბროები ნაწილებათ იქნებიან დაყოფილნი, მაგრამ ისე კი, რომ წიგნის სივრცეს არაფერი მოემატოს. ამ მოსასპობელი ნაკლულევანებაების გარდა წიგნს აქვს ერთი მოუსპობელი ნაკლულოვანება, თუ კი შეიძლება მას ნამდვილი ნაკლულევანება დავარქვათ: სტატიებს, ნახევრობით მაინც, არა აქვთ კავშირი სასაუბროებთან და ამიტომ მთელი რიგი წიგნისა არ შეადგენს ერთ ორგანულ განყოფილებასა. ჩვენ ეს ნაკლულოვანება მიგვაჩნია მოუსპობელათ, იმიტომ რომ მის გასაუქმებლად საჭიროა იმოდენა სიმდიდრე მასალისა, რომელსაც არ წარმოგვიდგენს არამცთუ ჩვენი ხალხის და საზოგადოების გონებითი ნაწარმოები, არამედ იმ ხალხებისაცა, რომლებიც გონებითი საუნჯის რაოდენობით და თვისებით ჩვენზედ გაუზომელათ მაღლა დგანან. ამ ნაკლულოვანებას ჩვენ მაინც მაგდენს მნიშვნელობას არ მივსცემთ, გავიხსენებთ ბავშვის გონების ხასიათს, იმ ხასიათსა, რომელიც მისთვის მიუწვდომლათ ხდის კავშირსა ბევრ გვარ საგნებს შორის და ნებას აძლევს მხოლოდ ცალკე, განმარტოებული საგნების შესწავლისასა.

ვინც ამ წიგნის ნაკლულევანებაებს ჩვენთვის სასაყვედურო საგნათ ჩასთვლის, იმას ჩვენ მოვაგონებთ, რომ გამოჩენილი პედაგოგები ერთმხრივ სთვლიან პირველი საბავშვო წიგნის შედგენას უძნელეს საქმეთ მთელ პედაგოგიაში, მაშინაც კი, როდესაც ხალხური ლიტერატურა შეიცავს მზა-მზარეულ მასალას ამ წიგნისათვის. რამდენათ მომატებული უნდა იყვეს ეს სიძნელე იქ, სადაც ამგვარი მასალის დამზადებით თავი არავის შეუწუხებია და სადაც კაცმა თითქმის არაფრიდგან უნდა დაბადოს წიგნი!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button