პოეზია

ნათია გიორგაძე – ლექსები

* * *

გამოიგონე ახალი ენა,
პურის თავთავებთან
და ეგვიპტელებთან სასაუბროდ,
როგორც იოსებს მანასეთი
ღმერთი დაგავიწყებს
ტკივილს და მამას
გაგახსენებს, რადგან
ის ღმერთია,
ხოლო მე ვიქნები
შენთვის სხვა ასული,
მე ვერ დამივიწყებ,
სამხრეთი ვრცელია,
ცელი ვერ მოიცლის
ჩემი ფეხებისთვის
და სისხლის წვეთები
წვივებს ვერ აფოთლავს.
ჩემო ფარაონო,
სიზმრებს ვერ იმეტებთ
ჩემთან გასამხელად,
მე არ ვარ ივლიტე,
რომლის წარმოშობა,
დღემდე უცნობია.
მე ვარ ქანაანი და მე ვარ
გულწრფელი ქვეყანა ქამისა
ნოე კი მთვრალია.

***

მკვლელობა გეთსიმანიის ბაღში

ავდრის მკერავო, უფალია
შენი მფარველი, შენი ნემსის
ყუნწი ერთხელაც გატყდება.
დავტოვებ ამ სახლს და სხვას
ვნახავ სასახლეს, ჯვრით, ჯვარზე
წარწერით, თითქოს მემანქანე
ძველ დროში დაბრუნდა და თითებს
დახედა და ქაღალდს კაკუნით ახადა
სითეთრე და ლექსით გაუვსო
ცას ბრმა ქალღმერთები:
_ რაც მეტად გიყვარდე, მით
უფრო მემძიმოს მე შენთვის სათქმელი,
სიტყვები ჰო, არა … იყოს და არც იყოს
ჩვენს შორის მესამე.
თქვა ალიმ: გიყვარდეთ,
თქვა ქრისტემ ალიმდე.
მე მქონდა ალიბი,
ჩემში და ჩემიდან შენამდე
არ მსურდა დარჩენა.

***

ერთად ყოფნა

შენი წარმოდგენა ცხოველებზე

შენი წარმოდგენა ჩემზე:
ციგანი, მაიმუნი გოგო,
გორილაზე და შიმპანზეზე
უფრო საყვარელი,
ორანგუტანგზე უფრო საყვარელი,
პანკი, გალიიდან არ გავუშვებ.
და შენი შიში უსასრულო
ხელების რგოლი,
გამექცევა…
რომ გახსნას კარი,
რომ დაიკარგოს?
მზე რად არ არის?
და რად არის თხემით ტერფამდე
ჩემი ერთგული?
ჩაკეტილი და ღია ფრჩხილები
სოფუს ლი,
_ ცაში შემაბრუნე, მიყვარხარ!
მინდა დიდხანს, დიდხანს
გიყურო.
* * * N

ეს მხარე სამხრეთის არაა,
და ეს ცა დამრეცი ჩრდილების
გოია და მცირე ეფრემი……
დავმარცვლე გოლგოთა
და ისე დამძიმდა სამივე მარცვალი
რომ ფრთები დაკეცა მოხუცმა ღამურამ.
უფალო შენა ხარ? გეძებდი,
მიხსენი. . .
ვერ შევძელ მელოცა,
ვერც გული გაგიღე სხვაგვარად,
მეგონა ლექსებს რომ ვამბობდი,
გესმოდა და ახლაც
სიზმრები გადავლენ თუ არა
მგონია, სიცოცხლე
არ კმარა განცდისთვის
და რას არ ვიგონებ,
რომ მკვდარმაც ვიცოცხლო,
ჩემში და ჩემ გარეთ
სიტყვაა,
დუმილის შიშისგან,
უფალო მიხსენი.

***

დალტონი

როცა მთავრდება მთვარის ქალაქი,
ეძებ სინთლეს
და შუქნიშნები გაბრმავებენ,
გვირაბი გებრძვის
სუნით და სიგრძით და თავის ქალას,
როგორც მთავარ ციხესიმაგრეს
ესევიან და ესევიან და
ესევიან მოგონებები,
“შენმა გონებამ მიმასგავსა ” . . . მედიტაცია
მე ლექსებს ვწერდი,
ის არ იყო პოლიტიკოსი
და გველის ტყავის ფეხსაცმელზე
ქალს, მისას შურდა, რომ ვირწეოდი
სიმაღლეში წასული ადრე.
სიტყვები მიყვარს
უსინათლოს და მენატრება
რაც არ მინახავს.
გაიმეორე შენი თავი
შენსავე სულში,
როგორც მოშლილი მექანიზმი
კედლის საათის და ხმა
იგივე სისხლის წნევა,
ჰიპერტონიკი და მიმოქცევა
იგივე სისხლის და უხმაურო, უმეტყველო,
სწორ გზაზე მდგარი სექსი,
რომელიც არ იკრძალება,
ანუ ტკივილი,
ჩემს ქვეყანაში მომრავლდა წესი,
მე მინდა ვიყო ერთადერთი და ვარ უწესო,
ვით მიმოქცევა
სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.

* * *
მიწა რომელსაც ვერ მომაყრი,
წყალი რომლითაც ვერ წამიღებ,
დიდება რამაც ვერასოდეს
წამართვა თავი და დანარჩენი
რაც შენ გიძღვენი
გიცავდეს შვილო,
გიცავდეს ქართაგან,
ისართა შხამისგან,
ქვეყნისგან რომელიც
იმ ქვეყნის არაა
რომელზეც დავდივართ,
წუთისგან, ხიბლისგან,
უშიშრად ყოფნისგან,
მე მინდა მოხვიდე წლებს მერე
მართალი, შეგხედო, მომინდეს
მე შენი შეხედვა,
თქვა კაცმა რომელიც
მეკუთვნის ან პაპად
ან კიდევ პოეტად.

* * *

ჩემში ვეძებ წელთაღრიცხვას,
წყლის წისქვილს და ქარის წისქვილს,
ვეძებ ჩემი საფლავის ქვას,
მარცვალ – მარცვალ ვეძებ სიკვდილს,
სად იშოვი ამდენ სიზმარს?
საშობაო ნაძვის ხეებს,
მამას, ისევ შუბლგახსნილს და
დედას, ისევ შუახნისას,
ხოლო შვილებს: “ჰაოსს,
ქართლოსს, ბარდოსს,
მოვაკანს და ლეკსს და
ჰეროსს, კავკასს, ეგროსს
და მე ისევ
რადგან ჩემში მდინარეა:
ვეძებ… ვარსკვლავს შუადღისას.

* * *

როცა გეძებენ და ვერ ხედავ, როგორ გეძებენ?
როცა გმალავენ და ვერ ხედავ, როგორ გმალავენ?
როცა გათბობენ და ვერ ხედავ. როგორ გათბობენ?
როცა არ გსვამენ, რადგან წყაროს წყალი აღარ ხარ.
უკვდავებისთვის სწორფერობა გამოიგონეს,
არ ხუნდებიან სურვილები ცხრა მთას გადაღმა
და ხელებს, როგორც საშენ მასალას ყიდულობ თითქმის
ყოველ ღამეში და შვილებს არქმევ ერთ ფუძეში
გაზრდილ სახელებს, გადაივიწყე მერცხლები და
აღარ ცხოვრობენ ისტერიით, მეც აღარ მახსოვს აივნები,
სადაც დანგრეულ ბუდეებს ვწვავდი და მკვდარ პატარებს
ვაძინებდი და იავნანა ჯადოსნური სიტყვა მეგონა,
ჩემმა ხმის სითბომ ამადევნა ამდენი თვალი,
მათ შორის მხოლოდ ერთი განვკურნე
და ისიც მხოლოდ რამდენიმე დღით,
მერე ძაღლების ყეფასავით მოუსვენარ
და მართალ დარდში სული დამექცა.

* * *
ის ვინც ვერ მოვიდა შენამდე დაბრკოლდა
ქარით და წვიმით და თოვლით და ამბორით,
და კიდევ რამდენი სიტყვაა რომელსაც
ამბობენ,
მე ვიცი რომ სიტყვებს არ უნდა ვუსმინო,
რომ ზღაპრებს სჩვევიათ გმირების არ მოკვლა,
რომ მთების უსიერ ღამეებს დაღლილი
მივაგდებ,
რომ იმ ორ პარასკევს არასდროს დავზოგავ,
მე ვიცი და მინდა ჩემსავით იცოდე
რას ნიშნავს, თავს ექცე ნადირთა პატრონად,
ცხრა ტყავი გაგაძრონ, მეათე დატოვო,
ვით კვალი, რომელსაც ვიღაცა მიაგნებს. . .

* * *
ნუ დამპირდები,
ვინც პირველი მივიდა ზღვასთან,
ვინც ნახა მისი მკვდარი სიმწვანე,
ვინც სასაფლაო აუგო და ჯვრები
აღმართა მეგობრებისთვის
ჩემი ძმა იყო,
მისგან წასვლას ნუ დამპირდები,
ნუ დამპირდები მსოფლიოში
განთქმულ ქალაქებს, არხეინ გემებს,
ახლა ბავშობის თამაშებია
ჩემი ყველაზე სანატრელი მოგზაურობა,
ხშირად ვიხსენებ:
ძილში ჩაწყნარდა მისი სუნთქვა და
წყალი არ დარჩა, რომ მის თვალებს
არ დაენახა, იგი არასდროს საუბრობდა
წაგებულ ომზე, ცუდი დრო დადგა,
სარდაფებში ობის სუნმა და ნესტმა
იმატა, ხოლო ძვლებს იქეთ თითქმის არავინ
არ დამკლებია,
ნუ დამპირდები.…

მეგაჰიმნი

ჩვეულებრივად მიდის ცხოვრება,
წონასწორობას ინარჩუნებს ავანჩავანი
და მოედანი ქალაქისთვის ისევ მოგვების
ჩირაღდანია, ჩვენ არ ვკითხულობთ
რა მოგველის? _ არ სჩანს არავინ.

სიტყვა მძიმეა როგორც ტექნიკა,
არტილერია თუ მისთანანი,
წითელჯვრიანი მანქანებიდან
გადმოსულები, გისინჯავენ პულსის
სიხშირეს, შენ არ გინახავს შვეიცარია
არც მშიერი და არც მოშიმშილე,

აღარ კვდებიან ეპილეფსიით
და აღარც შავი საფარველით იკურნებიან,
ნება მომეცი, რადგან არ მაქვს მე ნებისყოფა
ყველა დაგებულ მახეს გავება,

ზოგჯერ მზის სხივი მამულია
და ვერასოდეს მოიხდი სასჯელს
შენი ფანჯარა ემგვანება დღიურ ულუფას
და გადაშენდა მტრედი საფოსტო,

წერილებს შორის რომ ამტვერდები,
როგორც პოეტის თავისუფლება,
მზად ხარ დაკეტონ ყველა სარქველი?
_ მზად… არასოდეს აღარ ვიქნები.…

სარისკო –(იუმორესკა)

მინდა ევროკავშირში,
მინდა თორმეტ ვარსკვლავში,
უნდა ვთხოვო ოლიმპიურ ღმერთს
და მისტერ ტოპოლანეკს
ჩემი დღეა 9 მაისი
და ჩემამდე იყო სხვისი
გავხდი ცისფერსისხლიანი
არც ჟღალი ვარ, არც წითელი
მყავდა ნოე ჟორდანია
და მანამდე მთაწმინდელი,
კიდევ ჩემი მეფეები
U.S.A ბრწყინვალენი:
თამარები, დავითები,
მირიან და არჩილები
ზღვა მქონდა და ზღვასთან
კოვზი არ მიმქონდა
არ დაშრეს _ თქო,
ჩამოსულებს ვაფრთხილებდი
ტარანი არ გაძვირდეს _ თქო.
წამართვეს და
ჩემი სკოლაც დაამთავრეს წარჩინებით
მისტერ მირეკ, მტერმა დახრა
ჩემი ოქროს ტაშირები,
შენთან უნდა შემოვიდე,
ეგებ, მოვკვდე დამშვიდებით.

* * *
არავითარი პრეისკურანტი,
ჩვენ ვიყიდებით ყავის მარცვლებით,
ჩვენ ვიყიდებით კირქვის და
ლერწმის, ქერის და ფეტვის
გადანაცვლებით, სიტყვა
რომელიც არ შეიცვლება,
რომელსაც ყავდა ქვაზე დამწერი
ან ჰამურაბი, ან სოლომონი,
ან ხუთი მუხლი იამბიკოთა
და იოანე ერთხელ, მეორედ
თუნდაც ათასჯერ დაბადებული,
როგორც მარჯანი ზღვაში და ხელზე
და მოლუსკებში მარგალიტები,
ფეხმძიმე ქალი იოანეზე
და ზამთრის ღამე გახვეული
მილიარდობით სეტყვის მარცვალში,
ცამ პირი გვიყო მიწის მაგიერ,
ჩვენ ვცოტავდებით
და ჩვენი ქვიშა მიდის ტაატით.

* * *

სამყარო – სიცოცხლის ნახევარი,
შენი ყოფნა სამყაროში,
ჩემი არყოფნა შენთან,
შეგრძნება უსამყარობის,
შეგრძნება უხელისგულობის,
შეგრძნების დაყვანა ნულამდე,
ტკივილის გაყუჩება,
მორფინი – ცაზე ნახევარმთვარე,
ცის მოჩითული ანაფორა,
მამა მოტირალი უხმოდ
და დედის არეული ორფეოსი.
შენ – ჩემი მარგინალი,
მეცხრე და მეშვიდე ცა,
ზუსტად ასარკული ცისფერი ეკრანი,
იგივე არხები და იგივე ხმა.
მოდი ჩემთან, მოდი სიზმრად,
მოდი ზამთრის გადაცემებში,
დილის გამამხნევებელ ვარჯიშებამდე
და ყველა დროში დააზამთრე
თოვლის დრო და ნუ მექცევი მე სასჯელად,
როგორც იმ ლექსში თინიბექაის ციხეს,
მოდი ჩემთან და ვიყოთ როგორც
ყრუ-მუნჯები და ვიყოთ როგორც
ბრმები არიან და საუკუნოდ ვიყოთ.

* * *
უთხარი შენს მეწყვილეს, ჰო…
და უთხარი არა გზას შენი მეწყვილისას,
რადგან ის დადგა სულ სხვა მხარეს,
რადგან დაკარგა წონასწორობა
და მის თვალებში მეწყერივით დაეშვა
დარდი, შენი ხელების არ მქონე იყო,
შენი ღიმილის არ მქონე იყო
და ვერ მოვიდა შენს სანახავად,…
ისე დავარდა,
ვერ ისიზმრა მზე და კომეტა,
რომელსაც შენი ტყვეობიდან არ დაიხსნიდა,
და თუ ღამეში კვალს არ ტოვებდა
მარტო იმიტომ რომ ეგონა, აღარ გიყვარდა.
უთხარი… ახლა ათს რომ ათი წუთი უკლია
და საუკუნო იმედივით მოდის სიკვდილი,
უთხარი … რადგან არ დაივიწყოს,
ვინც სამუდამოდ შენს გვერდით დაწვა,
მისი ხმა იყო და მოლოდინი.

* * *
ჩვეულებრივი მარში:
არა მენდელსონი,
არა ვაგნერი
არც ბეთხოვენი
სამივე ერთად,
ჩემი უარი მტკიცეა,
როგორც ქვის ხანა
და გამოვქვაბე სული
ჯიხვის და მარტორქის
ძვლებით და სურვილები
ჩემთან ჯოგებად ცხოვრობენ
და სურვილები ჩემში სწავლობენ
ცეცხლის გაჩენას,
სწავლობენ ცეცხლში მეტყველებას
ცეცხლში სიარულს,
რასაც თამაში
უნდა დავარქვა.
აქ არ არსებობს რამე
უფრო პირველყოფილი,
ვიდრე ძახილი
გაბმული ხმოვნები:
აეიოუაეეე. . .
გახშირდა ცოდვა ჯოჯოხეთში
გაწვიმდება გავიხარებ.
აეიოუაეეე. . .
მე ვიცი
რომ არ არსებობენ მექორწილენი,
რომ არ არსებობს საიდუმლო,
რადგან ჩვენი ჯოგი
ჯერ ტომიც არაა
და დანტეს მედალი
დაკიდეს ელიოტს,
მე მას ვცემ დიდ პატივს
და მისი სიღერა
მისი ლოცვა სასიყვარულო,
ჩემთვის გზა არის
სიკვდილამდე ვიყო შეთქმული.

* * *

მამაჩემი გიორგია,
მისი გული გაჩერდა,
ჩემი კარი ღიაა,
ჩემი თვალი – დახურული
კარიბჭე,
ვჭამ საკუთარ სხეულში
გამალებულ ხერხემალს,
ვმალავ დისკის თიაქარს,
ქარმა უნდა იქროლოს,
ქარმა უნდა წაიღოს
ჩემი სიტყვის ქვა-ღორღი,
რომ ვერ ვუთხრა მშვიდობით
ჩემს მეორე გიორგის
კაცთა შორის უგულოს,
და ბრმას უკიდეგანოდ.
ოქრო-ვერცხლი გაწმინდე
ცეცხლო შენი მოდებით,
ოქრო-ვერცხლმა ატაროს
ჩემი ცოდვით დაცემა,
ათმა დაწვას ათთაგან
ერთადერთი უფსკრული
იყოს ჩემი სიმართლე:
თითებს შორის გაშვება
წყლის და ქვიშის
და სისხლის
გზად ნუ ამერიდები,
ანგელოზი ფასობდეს
უმანკოთა არსებით,
მე კი ხელისგულები
შემრჩეს, როგორც დიდება.

* * *

მძიმე და ფერადი შევდივარ
აზოტთან, გოგირდთან, ფოსფორთან
და ვისაც აზრად არ მოსვლია
და დღემდე უბრწყინავს თვალები
ვთხოვ, როგორც ფირუზის ტარება
ან როგორც ფირუზის დაკარგვა,
ან როგორც უძილო ღამეში
დევნა და ძიება ფირუზის
შეწყვიტოს, საწყენი იქნება
მიყვე და დანებდე პოეტის,
არც ისე დაწყობილ ბუნებას,
მით უფრო საშინელ ხასიათს,
ვთხოვ, მისი ხელები მაშოროს
და როგორც მაისის ხოჭოებს,
და როგორც გასისხლულ იატაკს,
(წასულან დღეები სიცოცხლის),
მჭირდება წყალი და ღრუბელი
და არა სიზმრების მჭედლობა
და არა სიმღერა ერთ ჭერქვეშ
და არა ღიმილით ნათქვამი
_ იყავი ჭკვიანად…
ვიქნები, ფიცს გავტეხ,
გადავალ შენს წესებს
და მერე თავდაღმა დავწვები,
თავდაღმა, რომ თვალი ვერ მომჭრას
მზემ.

* * *
შემოგეპარე თვალის ნაპრალში
და მთელი ღამე შენთან ვათენე,
შენ მწვანე ხარ და მე თაფლისფერი
ჩვენი მდუმარე სიტყვებია:
– მე მინდა შენთან
და ეს არის შეუძლებელი,
ისე ვით თავის ჩამოღრჩობა
ქალაქის ყოფილ მერიასთან,
შუა ქუჩაზე,
და ჩემი თავის მოძრაობა. . .
ვით შუქნიშანი მე ვინთები,
და მე ვარ მხსნელი, სანამ მანქანის
საბურავებს რეზინის სუნი –
ჩვენ მწველი მზერა ავგდის,
გავჩერდეთ სტარტთან,
და ვიტყვი ასე: რადგან ვცხოვრეთ
სტანდარტული, ავანგარდული,
ხელმოწერილი ბლანკის ცხოვრებით,
რადგან პოსტმოდერნს დიდი ხანი
ვთვლიდით სიახლედ, რადგან ჩემსას
და რადგან შენსას
ტაბუ დაედოთ გენიტალიებს,
რადგან გვაჯობეს
ადამმა და ევამ ქმნადობით,
დასაჯა ღმერთმა. . .
ვის აპატია?
რას ფიქრობ ღმერთზე?
და რას ფიქრობენ
თამამები, გაბედულები
ან თვითონ, ღმერთი
რას ფიქრობს ნეტავ?

* * *
მთა შორსაა საყვარელო,
შენ მომწერე რაც გინდოდეს,
გავიღვიძებ, გავიგონებ, თითქოს
კარმა გულისკარი მომიხურა,
ჩუმად, ჩუმად ჩემო თვალო,
არ იადრო სიზმრებიდან
თავის დახსნა, გზა ითრევდა
ვისაც უცხო მგზავრობაში,
გადახსნილი მაჯის დენა
ვინც ვერ ნახა,
და მდინარე
ვერ ისმინა ისე ლურჯი,
ვით შენი ხმა,
მე სასწაულს დავუჯერე,
ჯავრმა დახრა ქვა და ძვალი,
გაიხარა ქვის მკოდავმა,
მერე ზარი შემომესმა,
შენ იდექი და ხელებში მნათესავით
ჩემი მზერა გერწეოდა,
სული სულის წილ და თვალი…
არასოდეს მომაცილო.

წყურვილის შესახებ

ესაა ის რაც არაა: შენი, საშენო
შენსავით მცხოვრები სხვისი ქალაქის
და სხვისი ქუჩის სხვის სახლში,
ესაა ის რაც დილამდე თვალწინ
გაქვს, ღამეს იწვეთებ თვალებში
ერთი შეხედვით უმწეო,
ესაა ის რაც თანდაგყვა
როგორც ქვას ძვირფასს
ლითონი, როგორც
ზღვას გემი საზღვაო,
გზას გზის ნიშნები,
თევზებს შიში
მათზე უფრო დიდი თევზების,
ღარიბს მდიდრის და მდიდარს შიმშილის,
ესაა ის რაც შენი არაა,
ნუ გწყურის
გახმი:
ჩემს მეგობარს სიმართლე უყვარს,
მე მიყვარს მისი თვალის ფსკერზე
გაშლილი დარდი.

* * *

გადამიშალე ხელისგული
ვერ შემაშინებ,
ჩემი გზა უფრო მოკლეა
ვიცი, დაგიცდი ყველგან
და ყოველთვის მემახსოვრება,
რომ ვარსკვლავები იქმნებიან
სამკუთხედებით.
გადამიშალე ხელისგული,
რომ ამოვკენკო ცოტა სინათლე,
თორემ დავბრმავდი და ნისკარტით
ვწერ და ვკითხულობ
და ნეტავ მართლა ბეღურა ვიყო.
მაშინ არასდროს მიმატოვებდი,
რადგან უმწეო ჩიტს ვერ დატოვებ.
ჩიტმა რა იცის, ცის გარეშე როგორ მოიქცეს?
ან მე რად მითხარ, საყვარელო,
რომ . . .
ფრთები არ მაქვს.

* * *
როგორც მდინარის მოძრაობა სინამდვილეში,
როგორც ძახილი დროული და მაინც გვიანი,
ჩემი თვალები მიწისქვეშა, ვეღარ წყლიანობს,
ხოლო წამწამებს ნილოსიდან ამაზონამდე
და სუდანიდან ბრაზილიამდე მზეს ვაწებებდი,
ვთქვი: მზეს ხომ მაინც დაინახავს და რადგან
მე არ მელოდება, რადგან არიგებს ღიმილს უცხო
ქალბატონებზე, მივალ, ვიმღერებ, არასოდეს
არ გავიხსენებ, რომ ზევსი ჰერას ღალატობდა,
და რომ არესი გულფიცხია დღესაც თებეში
და რომ ჩემს თავზე წისქვილის ქვა ვერ მობრუნდება,
ეს საიდუმლოდ მქონდა ყოველთვის.
მამაჩემია მეწისქვილე,…
მამაჩემია,…
მამაჩემია…
და მან იცის, რომ წამოვედი.

* * *
თუ დაფარული უნდა გაცხადდეს
ათასმარცვლიან მდინარეში მე
როგორც მძივი, სათავიდან ამონარიდი,
როგორც შემხვედრი თვალის სიმწვანე,
არც იაგუნდი, არც ტოპაზი, არც მარგალიტი,
მე შენ მიყვარხარ, სულ ესაა, რაც ავაშენე,
ღმერთმა ძირს დასცა ბაბილონი,
რომ ტიგროსსა და ევფრატს ედინა.
ჩემი სიტყვები კასკადია, სინათლეს
მეფე ულულაი ვეღარ შეხედავს,
შენ მომისმინე, სანამ გული მიცემს სხვაგვარად,
სანამ ხელებში სითბო მიდგას, სანამ სიბერე
არ მომდებია…და სანამ მზეა ჩემი იმედი,
მე შენ მიყვარხარ.…

* * *

შენ იცი ჩემი სახელი და მე ველი, როდის დამიძახებ,
ჩემი ქალაქი იერუსალიმია და ჩემი თავის ქალა
უბნებად დაშლილი ხსოვნის ზეთისხილი,
მარადმწვანეა და ყვავივით მარადშავია,
რა დიდხანს ვცოცხლობთ უსიზმრებოდ?
რა დიდხანს გვამშვენებენ ფრთები და ფოთლები?
მე ვიცი, შენი სიყვარული აკრძალულია,
როგორც ლარსის და სტეფანწმინდის გზის მონაკვეთზე
თოვლს შეუძლია ჩამოწვეს და ვერ ვამოძრაოთ თოვლში თითები.
თოვლმა ჩახერგოს ყველა მგზავრი ვინც იჩქაროდა,
ჩვენ კი სხივების თვლამდე შევყვეთ მძიმე საუბარს.
მე ვერასოდეს ავხსნი გულში როგორ ხმაურობ?
მე ვერასოდეს გამოვიგნებ მზერას შენამდე,
ჩემი ქალაქი იერუსალიმია და როცა ვნახავ,
გამახსენე, რომ უსიკვდილოდ
მხოლოდ ელია და ენოქი დარჩა იმათგან.
გთხოვ გამახსენე, რადგან მინდა
ვიყო პირველი.…

* * *

ავად გავხდები
დიდი სიცხით ან რომელიმე ანდაზით,
ძალიან მომწონს “… აბრამს არქმევდნენო”
რომ გამჩენოდი
მეც სხვა სახელს არ დაგარქმევდი
და ქრისტეშობის წინა კვირას
ჩვენ წავიდოდით ქანაანში,
რომ ცა ურიცხვი ქვიშასავით
ერთად გვეხილა,
მეც გიმღერებდი ზღვის მაგიერ
და ზვიგენები როცა გემებს უკუაქცევდნენ,
შენ ალბათ უკვე იკითხავდი. . .…
და მეც… ჩემს ცოდნას არ დაგაკლებდი
და მოვყვებოდი ალან გინსბერგზე
და შენ იტყოდი, რა გიჟია ეს დედაჩემი?
ღმერთო უშველე…
ხოლო მანამდე უდაბნოდან სიცხის მპარავი
როცა ვწევარ და უშენობას როცა დავტირი,
როცა ავყვები ცალმხრივ ფიქრებს,
როგორც ცალმხრივად მოძრავ მანქანებს
როგორც სიყვარულს რომლის ბოლო
მთაზე დაკლული ცხვარი არ არის,
შენ შეგიძლია ჩემ გარეშე იპოვო ლოტი
და ქალაქიდან გაიყვანო
და არ აუხსნა
ვინ გადარჩა საკუთარ ფერფლში.

* * *

მზე ინკების ღმერთი იყო,
იაგუნდი ან წითელი, ან ლურჯია,
ისე როგორც სიზმრის წიგნი,
ავი სული წყალს გაყვება,
წყევლას ვგრძნობდი ბავშვობიდან,
ახლა შენი თვალის ფსკერი
წყანარია და ისე მყიფე,
რომ საცაა დაიმსხვრევა.

მეშინია ქურუმების,
ხომ გიყვარვარ?
მათ ტაძრებში სისხლის ტბაა,
ჩემს თოჯინას დააძინებს ცივი ხელი,
ცხედრებიდან ვიღაც იცვლის გვერდს
და ვიღაც გაიღვიძებს,
მომიყევი, რა ხდებოდა
მაშინ, როცა მე ვიყავი ემბრიონი
და შენ ჩემზე აშენებდი ქვეყნის იმედს.

* * *

ორ ადამიანს შეუძლია კარის გაღება,
ორ ადამიანს შეუძლია კარის დაკეტვა,
ორ ადამიანს, ორი წყვილი თვალით და ხელით,
როცა თვალები და ხელები მართალს მალავენ,
ორ ადამიანს შეუძლია იმაზე მეტი
ვიდრე მზეს – ცაზე ან ვარსკვლავებს
ციდან მოწყვეტილს,…
ორ ადამიანს თუ ისინი მზერას კარგავენ
და თუ ერთმანეთს გაურბიან, ვით მგლები ყმუილს,
თუ იმეტებენ ერთმანეთის სახსრებს ქარისთვის,
თუ უყვართ ის რაც თავს აუკრძალეს,
მაშინ მათ აღარ შეუძლიათ კარის გაღება
და მერე ისე, როგორც არის ხოლმე ზღაპრებში,
ვიღაცამ იცის, მკვდარ წიქარას როგორ უშველოს,
ვიღაცამ სივრცის ნაპრალი იცის
და ბოლოს, როცა ერთმანეთის ხმა აღარ ესმით,
ეძებენ სიზმარს დამხობილი სამოთხის მაგვარს
და არ ასვენებთ მოლოდინი ისევ რაღაცის,
ორ ადამიანს, ორ სამიზნეს, ორ გზას და ზამთარს.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button