აგერ, ღობიდან გიცქერს კამური,
გზები თეთრია, ღამეც თეთრია,
გურიის მთებში მე შემხვედრია
იგი, ლამაზი და საამური.
მდინარით რბოდა სიასამური,
ჰქრებოდა მყისვე, რაც სიმკვეთრეა.
წლები რაღაცას არეს ჰყვედრიან,
ცხრაას რვა – მწარე და უჟამური.
გურიის გზებზე მივდივართ ორნი,
ვიგრძენით მაღლა აფრენა ყორნის,
სადმე სიმშვიდე ვიგრძნო – მწყურია…
რომ არ ვისმენდე გარშემო ჭოტებს,
რომ შესაფერად გვაფენდეს ტოტებს
ამ არემარედ, რაც კამურია.




