ქართული გვარები

ბოკუჩავათა გვარი

ბოკუჩავა – ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში, ისევე როგორც მრავალი ქართული გვარსახელის ფუძეში, ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი.

ბოკო – მამაკაცის საკუთარი სახელია. ქართველურ ანთროპონიმიკაში გვხვდება ბოკოდან ნაწარმოები სხვადასხვა კნინობით-მოფერებითი ფორმები: ბოკოკა, ბოკოტა, ბოკოჩა, ბოკუ და ბოკუჩა.

KARIBCHE

ბოკუჩავა – გვარის სახელად ქცეულა ბოკუჩას შთამომავალთათვის. ბოკუჩა გვარის ფუძემდებლის ბოკოს კნინობითი ფორმაა.

გვარსახელის სუფიქსაცია “ვა” ქართულ გვარსახელთა მაწარმოებელი ერთ-ერთი კოლხური ფორმაა.

ამრიგად, გვარსახელი ბოკუჩავა შემდეგნაირად დაიშლება: ბოკ-უჩა-ვა. როგორც აღვნიშნეთ, სემანტიკურად იგი ქართულ გვარსახელთა ეპონიმურ ტიპს მიეკუთვნება და ბოკოს, ბოკუჩას შთამომავალს ნიშნავს. ამით შეიძლება დავასრულოთ საუბარი ბოკუჩავათა გვარსახელის ანუ სიტყვა “ბოკუჩავას” ეტიმოლოგიაზე.

რაც შეეხება ბოკუჩავათა გვარმოდენილობას, ანუ ბოკუჩავათა გვარჩამომავლობას, ერთსისხლობას, აქ სალაპარაკო ბევრია. საქართველოში ბოკუჩავების განსახლების არეალის და მასში ამ გვარის წარმომადგენელთა თავმოყრის ადგილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბოკუჩავათა გვარის პირველსაცხოვრისი ქვემო სამეგრელოში, აბაშის მხარეში უნდა ვიგულოთ, საიდანაც დროთა განმავლობაში გვარის გამრავლებასთან ერთად და სხვადასხვა მიზეზის გამო ბოკუჩავათა გვარის ცალკეული შტოები გადასულან ზემო სამეგრელოსა და სამურზაყანოში.

ჩვენს ხელთ არსებული წერილობითი წყაროების მიხედვით, ბოკუჩავათა გვარი პირველად იხსენიება XVI საუკუნის ხელნაწერი წიგნის ერთ-ერთ მინაწერში. წიგნი წარმოადგენს 1560-1578 წლებით დათარიღებულ ხუცურით შესრულებულ “მეტაფრასს” მარტვილის წიგნთსაცავიდან, რომლის 42-ე გვერდზე იკითხება შემდეგი შინაარსის ანდერძ-მინაწერი: “ღმერთო და ამა მეტაფრასთა მადლო, ორსავე ცხოვრებასა დაიცევ კოჩა ბოკუჩავა, ამ წიგნის ჭახრაკი გამიჭედა, ღმერთმან შეუნდოს, ამინ”. კოჩა ბოკუჩავას წიგნის ჭახრაკი (სულხან-საბას მიხედვით – სართავთ საბრუნავი) გაუჭედავს, რისთვისაც მას მადლიერებით იხსენიებს უცნობი დამკვეთი.

შემდეგი ცნობა ბოკუჩავათა შესახებ უკვე XVII საუკუნით თარიღდება. 1667 წლის 31 მარტს ხელნაწერი “კურთხევანის” ბოლო გვერდზე მღვდელ გაბრიელ ბოკუჩავას საკუთარი ხელით შემდეგი ანდერძი მიუწერია: “დიდება ღმერთსა და ყოვლისა მფლობელსა, სამგუამოვნად ცნობილსა და ერთ არსებით აღსაარებულსა, რომლისა შეწევნითა სრულ იქმნეს წმიდანი ესე და სულითა განმანათლებელი წიგნი კურთხევანი ბრძანებითა ღვთისათა და მოძღურისა წალენჯიხელისა ილარიონისითა ქუეყანასა ოდიშსა და მონასტერსა წალენჯიხისასა. სრულ იქმნა თვესა მარტსა ლა, ქორონიკონსა დასაბამითგან წელთა შვიდი ათას ას სამოცდათხუთმეტსა, ჯუარცმითგან ათას ექუსას სამოცდაშვიდსა. აწ გევედრები ყოველთა, რომელიცა შემდგომად ჩემსა მიემთხუვნეთ წიგნსა ამას უცბად ნაჩხრეკსა, წყევას ნუ შემამთხუევთ ამად, რომე აჩქარებით ვჩხრეკი. ჩემი კურთხევანი დამეკარგა და მართალი დედა ვერ ვიშოვე. ზოგი აქით, ზოგი იქით გამოვძებნე რამე, მეჭირებოდა და ამისთვის დიდად ამის სიკეთეს ვეღარას გამოვეკიდე. ხოლო აწ, წმიდანო მამანო და ძმანო, უკუეთუ ვისმე სახმარ გიჩნდეს და იხმარებდეთ, ღმერთმან დაგიჯერენ, ლოცვაი ყავთ ჩემ უღირსისათვის, გევედრები, თქუთ სიყვარულისთვის ღვთისაი, ვითარმედ დაღაცათუ უნდო არს ნაწილი ესე, წალენჯიხელი ილარიონ შეიწყალოს, ხოლო უკუეთუ არა გთნდეს წყევლასა, მაშინც არას მემართლებით. უწყის ღმერთმან, ჩემთვის დამიწერია სახმარებლად, არა საფასოდ და არა უწყი, ვითარი არს. ამის უცბად მჩხრიკელსა, უგუნურსა და დიდად ცოდვილსა, გაბრიელ მღვდელსა ბოკუჩავას ცოდვანი მისნი შეუნდოს ღმერთმან. დედ-მამათა მისთა და მეუღლეთაი თვისნი ცოდვანი შეუნდოს ღმერთმან. შვილები ღმერთმან აღუზარდოს კეთილსა შინა. ვინცა ჩვენთვის შენდობაი ბძანოთცა, შეგინდვენ ღმერთმან თქვენნი ცოდვანი, ამინ, კირიელეისონ”.

აქ მოხსენიებული გაბრიელ ბოკუჩავა მღვდელი ყოფილა. მას “ოდიშის ქვეყანაში” ანუ სამეგრელოში, წალენჯიხის მონასტერში უმსახურია. ბოკუჩავათა გვარის წარმომადგენელი XVII საუკუნის II ნახევარში ღვთის სამსახურში მდგარა.

XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ერთი ქრონოლოგიური ნუსხა “ჟამ-გულანი”, რომლის 129-ე გვერდზე შემორჩენილი მინაწერიდან ირკვევა, ბედიის მიტროპოლიტს, ნიკოლოზ მხეიძეს ბედიის ღვთისმშობლის ეკლესიისთვის შეუწირავს: “ბოკუჩავა თავისი ცოლ-შვილითა და ყმითა”. ეკლესიისთვის შეწირვა იმას ნიშნავდა, რომ შეწირული ეკლესიის ყმა ხდებოდა და გადასახადებს ამიერიდან ეკლესიას გადაუხდიდა, ნაცვლად რომელიმე ბატონისა. შეწირულობა არ გულისხმობს მამულიდან აუცილებელ აყრას და სხვა ადგილზე გადასახლებას. ეკლესიისთვის შეწირულს ეკლესიის მსახურება თავისივე საცხოვრებელი ადგილიდან შეეძლო. ყურადღებას იქცევს შეწირულობის ტექსტის ბოლო სიტყვა. ბოკუჩავა ბედიის ღვთისმშობლისადმი შეუწირავთ “ცოლ-შვილითა და ყმითა”, ესე იგი ეს საეკლესიო ყმა ბოკუჩავა თავად ყოფილა ყმის პატრონი. ამ შეწირულობით ბოკუჩავას ყმებიც საეკლესიო გლეხები გახდნენ, ხოლო ბოკუჩავა, როგორც ყმის პატრონი, ალბათ მანამდეც აზნაურის ხარისხში გახლდათ, ახლა კი საეკლესიო აზნაურთა კატეგორიაში უნდა ვივარაუდოთ.

დასავლეთ საქართველოს საფეოდალოთა ცნობილი მკვლევარი ისტორიკოსი ოლღა სოსელია სამეგრელოს ეთნოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მარტვილის მხარის სოფელ ალერტში მცხოვრები ბოკუჩავები თავად ჯაიანთა სამსახურში მდგომი აზნაურები ყოფილან.

ბოკუჩავათა გვარის ერთი ნაწილის აზნაურთა წოდებისადმი კუთვნილება კიდევ ერთხელ დასტურდება 1742-1750 წლების კათოლიკოს ბესარიონისთვის ბოძებული ერთი პირობის წიგნის მიხედვითაც: “თქვენ ზესთა აღმატებულსა წმიდასა და ყოვლად სანატრელს აფხაზეთის კათოლიკოზს უფლის ბატონს ბესარიონს ესე სათავდებო წიგნი და პირობა მოგართვით ჩვენ ქუჩუჩიამ გოგიბერიამ, გოგიტამ გიგბერიამ, ძღინკიმ გიგბერიამ, ტატუმ გულარიამ, ჯაბესია გულარიამ, მამუკა ბოკუჩავამ… ნაარტია აბრამიას თქვენი დიდი შეცოდება დაედვა თავს და გარდასახადი ვეღარ შეიძლო და თავადმა მისმა ბატონმა ჯაიანმა გიორგიმ და ბატონის მაგიერმა ბოქაულმან ჩიქოვანმან გიორგიმ და გვალიამ გიორგიმ ეს ნაარტია აბრამია სამართლის დღემდის მოგართვეს მისის ყოფა-ცხოვრებით და ჩვენ ეს სათავდებო წიგნი მოგართვით”. ნაარტია აბრამია ჯაიანის ყმა ყოფილა ამავე საბუთის მიხედვით. ამიტომაც მას თავდებად ასევე ჯაიანის აზნაურები დასდგომიან.

უთუოდ ჯაიანის აზნაურად უნდა მივიჩნიოთ მამუკა ბოკუჩავაც. ზემოთ დასახელებულ სოფელ ალერტში ხომ მართლაც ცხოვრობდნენ ჯაიანის აზნაური ბოკუჩავები. შესაძლოა, ეს მამუკა ბოკუჩავა ალერტელი აზნაური იყოს, თუმცა ცნობილია, რომ ბოკუჩავათა მრავალრიცხოვანი გვარის აზნაურული შტოს წარმომადგენლები სამეგრელოს სხვა სოფლებშიც სახლობდნენ. მაგალითად: ახუთში, ნოღაში, გურძემში და უსაფათში, შესაძლოა, სხვაგანაც.

სამეგრელოში ბოკუჩავათა გვარის როგორც გლეხური, ასევე აზნაურული შტოს ფართოდ გავრცელების, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, საერთოდ მეგრულ გვართა განსახლების ერთგვარი თავისებურებების შედეგად უნდა მივიჩნიოთ ბოკუჩავათა გვარსახელის ასახვა მეგრულ ტოპონიმიკაში. მაგალითად, გვხვდება მიკროტოპონიმები: საბოკუჩაო უბანი სოფელ აბაშაში და სოფელ სუჯუნაში, ლებოკუჩე – უბანი სოფელ ბეტლემში, ნაბოკუჩუ – ტყე და სახნავი ადგილი სოფელ ცხორიაში და სხვა. ამ მხრივ ბოკუჩავათა გვარი გამონაკლისს არ წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ მეგრულ ტოპონიმიკაში ნათლად აისახა სამეგრელოში მოსახლეობის განსახლების გვაროვნული პრინციპი. ძველ კოლხეთში და შემდგომ ოდიშში გვარები უფრო კომპაქტურად ყოფილან დასახლებულნი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბოკუჩავათა გვარის მეომრები – გლეხნი კომლზე კაცად და აზნაურნი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში მთავარ დადიანთა დროშის ქვეშ. აქ სწორედ ღმერთისა და საქართველოსათვის წარმოებული ომები იგულისხმება და არა ძმათაშორისი შინაომები, თუმცა ესეც ჩვენი ისტორიის სამწუხარო რეალობაა.

ბოკუჩავათა გვარის წარმომადგენლები იარაღით ხელში იბრძოდნენ საქართველოში რუსთა ბატონობის დამყარების, როგორც ცარიზმის, ასევე ბოლშევიზმის წინააღმდეგ.

სამეგრელოში რუსებმა 1856 წლიდან მოიკიდეს ფეხი. მათ გააუქმეს დამოუკიდებელი ოდიშის სამთავრო და იმპერიას დაუქვემდებარეს. 1857 წლის სამეგრელოს გლეხთა აჯანყების მრისხანე დღეებში სამურზაყანოს გლეხთა ლაშქარს წინ უძღოდა სამურზაყანოელი გლეხი მერაბ ბოკუჩავა.

1918 წელს საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა და ბოლშევიკურმა რუსეთმაც თვალთმაქცურად ცნო ეს დროებითი დამოუკიდებლობა. მაგრამ სულ მალე რუსეთის ჯარები ომის გამოუცხადებლად მუხანათურად დაესხნენ თავს საქართველოს საზღვრებს და პირდაპირ თბილისს შემოუტიეს.

1921 წლის თებერვლის საბედისწერო დღეებში ჩვენთვის მეორე კრწანისად ქცეული კოჯორ-ტაბახმელის პოზიციებზე გმირულად იბრძოდა ახალგაზრდა იუნკერი გრიგოლ ბოკუჩავა. ასეთი სახელებით უნდა იამაყოს გვარმა და ერმა.

ბოკუჩავათა გვარმა ბოლშევიკური ოკუპაციის წლებშიც არ დაიშალა ერისა და მამულის სამსახური. ღვთის ნებით, 1991 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელს აწერს ბოკუჩავათა გვარის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის წევრი, იმჟამინდელი უზენაესი საბჭოს დეპუტატი ზვიად ბოკუჩავა.

ნიჭით და ღვაწლით გამოჩნდნენ ბოკუჩავათა გვარის შვილნი: მოძღვარი ბესარიონ ბოკუჩავა, პროფესორები სერგო და გივი ბოკუჩავები, აკადემიკოსი მიხეილ ბოკუჩავა, პოლკოვნიკები ბენიამინ და მიხეილ ბოკუჩავები, ისტორიკოსი ბეჟან ბოკუჩავა, ეთნოგრაფი მარინე ბოკუჩავა, დამსახურებული პედაგოგები ვლადიმერ და ნათელა ბოკუჩავები, მომღერალი და პედაგოგი ნიკოლოზ ბოკუჩავა, მსახიობი აკაკი ბოკუჩავა, თეატრმცოდნე თამარ ბოკუჩავა, ხელოვნებათმცოდნე ნანა ბოკუჩავა, მხატვარი ხელოვნებათმცოდნე ნუგზარ ბოკუჩავა…

XX საუკუნის მიწურულს ბოკუჩავათა გვარის წარმომადგენლებმა რამდენიმე საგვარეულო შეკრება ჩაატარეს. შექმნეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ბოკუჩავათა საგვარეულო კავშირი” საკუთარი ფონდით, რომლის მიზანია ბოკუჩავათა მრავალრიცხოვანი გვარის საერთო ძალისხმევის წარმართვა ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოს სამსახურში.

დღეისთვის ბოკუჩავების გვარის დიდი უმრავლესობა ისევ ოდიშ-სამურზაყანოს მხარეში ცხოვრობს, მცირე რაოდენობით გურიასა და იმერეთშიც არიან განსახლებულნი. განსაკუთრებით მრავლად არიან აბაშის რაიონის სოფლებში (დაახლოებით 160 კომლი) და ჩხოროწყუს მხარეში (დაახლოებით 40 კომლი), სახლობენ სენაკის, მარტვილისა და გალის რაონის სოფლებშიც, ქალაქ ფოთში (დაახლოებით 40 კომლი). თბილისში ბოკუჩავათა დაახლოებით 150 კომლი ცხოვრობს. ბოკუჩავათა გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ: რუსეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოში ბოკუჩავათა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი ორი ათას ექვსასს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბოკუჩავათა!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button