დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – დუბლი… ორი…

ჯეინ კლივლენტი მთელი თვე სამუშაოს ეძებდა. უცებ გაზეთში რაღაც განცხადებას წააწყდა: სამუშაოდ იწვევდნენ 25-30 წლის ქალებს მუქი ნაცრისფერი თვალებითა და ჩალისფერი თმით, შავი წარბებითა და წამწამებით, მაღლებს და გამხდრებს, სწორი ცხვირითა და ფრანგული ენის კარგი ცოდნით. ანაზღაურება საკმაოდ დამაკმაყოფილებელიაო – იქვე ეწერა და ჯეინი

აღფრთოვანდა. ახლა მთავარი ის იყო, რამდენი კონკურენტი გამოჩნდებოდა ამ ვაკანტური ადგილის დასაკავებლად და გაუმართლებდა თუ არა მას.

მსურველებს ლონდონის ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარე ფეშენებელურ სასტუმრო

„ჰერიჯში“ იბარებდნენ და ჯეინიც გულმოდგინედ მოემზადა. შორიდანვე დაინახა ქერათმიანთა მთელი არმია და გული შეუქანდა. შანსი დიდი არ ჰქონდა, მაგრამ ბედი მაინც უნდა ეცადა… ოთახში, რომელშიც ის აღმოჩნდა, ძვირფასი ავეჯი იდგა და ფუმფულა ხალიჩები ეფინა. მუხის ხის მძიმე მაგიდას მაღალი, ხანში შესული მამაკაცი უჯდა.

– გრაფი სტრე პეოჩი ვარ, – გაეცნო ჯეინს და მერე ისე გულდასმით დააკვირდა, ქალიშვილმა უხერხულობა იგრძნო. ბოლოს თავი გადააქნია და სახეზე კმაყოფილება აესახა, – მშვენიერია, მშვენიერი… მაგრამ გადაწყვეტილებას მარტო მე არ ვიღებ… უნდა შევათანხმოთ. მოცდა მოგიწევთ, მადმუაზელ.

– იქნებ მითხრათ, რა უნდა გავაკეთო? – ვეღარ მოითმინა ჯეინმა, – განცხადებაში ამის შესახებ არაფერი ეწერა. ანაზღაურებაც მაინტერესებს. კონკრეტული ინფორმაცია ვერც ამაზე მივიღე.

– მადმუაზელ, საკმაოდ ჭკვიანი და წინდახედული ბრძანდებით. ეს კიდევ ერთი პლუსია თქვენ სასარგებლოდ. მიუხედავად ამისა, ამ კითხვებზე მაშინ გიპასუხებთ, როცა საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას, აგიყვანოთ თუ არა.

გრაფი ცოტა ხანს ფიქრობდა. მერე უცებ ადგა და კარს მიღმა გაუჩინარდა. უკან რამდენიმე წუთში დაბრუნდა, შუა ხანს გადაცილებულ, საშინლად შეუხედავ ქალთან ერთად. ეტყობოდა, ძალიან მნიშვნელოვანი ვინმე უნდა ყოფილიყო, რადგან გრაფი, ჯეინისთვის გაუგებარ ენაზე, დიდი მოწიწებით ელაპარაკებოდა, თან ჯეინზე უთითებდა. ქალი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ჯეინს და ჩააშტერდა. მერე გარშემოც შემოუარა.

– კართან მიდით და შემობრუნდით, მადმუაზელ, – თითქოს უბრძანა ჯეინს ფრანგულად.

„ჯანდაბა! მოდელად ხომ არ ვჭირდები, ნეტავი. მგონი, აქ ყველაფერი წესრიგში არ უნდა იყოს“, –

გაიფიქრა ჯეინმა, თუმცა ქალის ბრძანებას მაინც დაემორჩილა.

– არა უშავს. ყოველ შემთხვევაში, დანარჩენებს სჯობია. რაღაც შენიშვნები მაქვს, თუმცა ვფიქრობ, თავს გაართმევს. ფრანგულად ლაპარაკობს?

– არაჩვეულებრივად.

– უკვე უთხარით, რისი გაკეთებაც მოუწევს?

– არა. ამას თქვენ გააკეთებთ.

– კარგი, – ქალმა წვრილი ტუჩები მოპრუწა და ჯეინს გამომცდელი მზერა შეავლო.

– არა. სულელი არ ჩანხართ. რისკიანი თუ ხართ? ორიათასი ფუნტის გამომუშავება შეგიძლიათ ერთ კვირაში და გასაკეთებელიც ბევრი არფერია.

– ანაზღაურებამ მომხიბლა. მშიშარა არ ვარ. პირიქით, რისკი თავდაჯერებულობას მმატებს. მითხარით, რა უნდა გავაკეთო.

ქალმა პირქუშად ახედ-დახედა, თითქოს ცოტას ყოყმანობდა. მერე გადაჭრით თქვა:

– გამომყევით.

ჯეინი მექანიკურად გაჰყვა. ორი მდიდრულად მორთული ოთახი გაიარეს და პატარა ბუდუარში შევიდნენ. სარკესთან, პუფზე ახალგაზრდა ქალი იჯდა. ფეხის ხმაზე შემობრუნდა. ქერა იყო, მუქი წამწამებით და წარბებით. სწორი ცხვირითა და ნაცრისფერი თვალებით… ჯეინი რაღაცას მიხვდა…

– ეს მისი ბრწყინვალება მარკიზა ფეოდორა პოლინეზსკაიაა. ამ დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, – წარუდგინა ჯეინს ქალმა ქალიშვილი.

– თქვენო ბრწყინვალებავ, მგონი, გაგვიმართლა. მარკიზა მკვირცხლად წამოხტა და ჯეინს მიეგება.

– მშვენიერია, მშვენიერი… მგონი, მართლაც მგავს. შეხედეთ, პოლინა, თმა რომ ჩემსავით დავვარცხნოთ და კაბაც ჩემნაირი ჩავაცვათ, ვერავინ მიხვდება, მე რომ არ ვარ.

– დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ. ერთადერთი, რაც მაფიქრებს, ის არის, რომ ცოტა დაბალია.

– ეგ მოგვარდება, – საუბარში ჩაერთო ჯეინი, რომელმაც სიტუაციას სწრაფად აუღო ალღო. როგორც მივხვდი, მისი ბრწყინვალების ორეული გჭირდებათ. თქვენ უნდა შეგცვალოთ. ასეა? მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ჩავიცვამ.

მარკიზამ ხელი ხელს შემოჰკრა და გაიცინა.

– ძალიან ჭკვიანია. ძალიან… პოლინა, მე ის ძალიან მომწონს. ჩემო კარგო, მე ჩემი გვარის ერთადერთი და უკანასკნელი წარმომადგენელი ვარ. ერთადერთი გამოსავალი პოლინეზსკაიების გვარის გადასარჩენად ისაა, რომ გავთხოვდე და ორი ვაჟი მაინც გავაჩინო, მაგრამ ერთ კვირაში ნამდვილად ვერ მოვასწრებ ამას. მტრები მყავს. საზოგადოებაში იშვიათად ვჩნდები, მხოლოდ მაშინ, როცა ამას აუცილებლობა მოითხოვს. ახლა სწორედ ასეთი შემთხვევაა. გრაფინია ანჩესტერი საქველმოქმედო წვეულებას მართავს მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის. ცნობილი ქალბატონები საკუთარ სამკაულებს გამოფენენ და გაყიდიან. მთელი თანხა ბავშვებს გადაეცემათ. გრაფინიასთან ვალში ვარ. თან, მინდა, ბავშვებს მეც დავეხმარო და საგვარეულო მარგალიტები აუქციონზე გავიტანო. პრობლემა ის არის, რომ ჩვენმა ინფორმატორებმა გვაცნობეს, შეიძლება, გატაცება იგეგმებოდეს… თქვენ უნდა შემცვალოთ. ხომ დამთანხმდებით?

– დიახ, – ჯეინმა თავი დააქნია, – რისკი არის, მაგრამ ეს პრობლემა არ არის.

– პოლინა, მადმუაზელს ჩემი ფეხსაცმელები აჩვენე და ფულიც მიეცით, რომ ზუსტად ასეთები შეუკვეთოს, ოღონდ მაღალ ქუსლზე. ჩვენ უკვე ყველაფერი მოვიფიქრეთ. თქვენ სასტუმროში

დაბინავდებით, ამერიკელ ჟურნალისტად გაასაღებთ თავს და რაღაცნაირად იმიჯს შეიცვლით. ალბათ, დიდი სათვალე კარგი იქნება.

– მეც მაგას ვფიქრობდი, – თავი დაუქნია ჯეინმა, – ასეთი სათვალე სახეს ძალიან ცვლის.

– კარგი იქნებოდა, თუ მკვეთრი ფერის, თვალშისაცემ კაბასაც შეუკვეთავდით. როცა ადგილებს გავცვლით, ეს ნაკლებად შესამჩნევი იქნებოდა.

– ყაყაჩოსფერ კოსტიუმს შევუკვეთავ…

– მშვენიერია, – გახალისდა მარკიზა, რომელსაც აშკარად კარგი ხასიათი ჰქონდა, – სულ უფრო მომწონხართ და გრაფს ვეტყვი, სამი ათასი ფუნტი გადაგიხადოთ…

ორიონ-ჰაუზში, სადაც საქველმოქმედო ბაზრობა-აუქციონი იმართებოდა, უამრავი ხალხი შეიკრიბა. გამოფენილი სამკაულები მზეზე თვალს ჭრიდა მნახველს. მარკიზა პოლინეზსკაიას ულამაზესი, ჰაეროვანი, თეთრი კაბა ეცვა, შავი ნაქარგებით. ის საგანგებოდ წარუდგინეს ამერიკელ ჟურნალისტს, რომელსაც დიდი სათვალე და ალისფერი კაბა ემოსა. მარკიზას სახეს ნაზი ვუალი უფარავდა… წარდგენა მარკიზას მარჯვენა ხელის, პოლინას დახმარებით მოხდა. მან მოასწრო და ჯეინს წასჩურჩულა: „გატაცება უკანა გზაზე იგეგმება. ადგილები ახლა უნდა გაცვალოთ“… ინტერვიუს მისაცემად მარკიზა და ამერიკელი ჟურნალისტი სახელდახელოდ მოწყობილ საზაფხულო კარავში განმარტოვდნენ. იქიდან გამოსულმა მარკიზამ აუქციონი მალევე დატოვა. ჟურნალისტი კი სტუმრებს შეერია…

… ჯეინმა მანქანაში ვუალი მოიხსნა და პოლინას მიუბრუნდა.

– მარკიზა ხომ კარგად იქნება? მგონი, გრაფი დარჩა მასთან, რაღაც ვერ შევნიშნე…

პასუხად პოლინამ სწრაფად ამოიღო ხელჩანთიდან ცხვირსახოცი და ჯეინს სახეზე ააფარა… ქალიშვილმა გონება დაკარგა… თვალი რომ გაახილა, პოლიციის განყოფილებაში მაგარ ტახტზე იწვა და რამაც კიდევ უფრო გააკვირვა. ტანთ თეთრი კი არა, ცისფერი კაბა ემოსა.

– ღმერთო ჩემო, ეს რას ნიშნავს?

– იმას, რომ ორივე ფეხით გაებით, მის. ნახეთ, რას წერენ დილის გაზეთები, – ოთახში მყოფმა ახალგაზრდა, სიმპათიურმა მამაკაცმა გაოგნებულ ჯეინს გაზეთი გაუწოდა.

„ამერიკელი განგსტერი ინგლისში… ქალიშვილი წითელ კაბაში. თავხედური ძარცვა ორიონ- ჰაუზის აუქციონზე“. სტატიაში მოთხრობილი იყო, თუ როგორ იძრეს რევოლვერები ქერა, წითელკაბიანმა, სათვალიანმა ქალიშვილმა და მისმა თანმხლებმა მამაკაცმა და გაიტაცეს რამდენიმე ასეული ათასი ფუნტი სტერლინგის ძვირფასეულობა…

ჯეინს შეაჟრჟოლა.

– ესე იგი, გავები. ის ქალიშვილი მე გგონივართ, ვინ დამიჯერებს, რომ ოსტატურად გამაცურეს. გამომძიებელს გაეღიმა.

– ნამდვილად, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იქნებოდით მის, რომ არა თქვენი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. მამაჩემი და ბაბუაჩემი მთელი ცხოვრება ამ საქმით იყვნენ დაკავებულნი. ანუ, ფეხსაცმელებს კერავდნენ. მეც ინსტინქტურად ყველას ფეხსაცმელებზე ვუყურებ. ჩვენმა აგენტებმა გვაცნობეს, რომ ნამდვილ მარკიზას თავისი პარიზის მამულიდან ფეხი არ გამოუდგამს. ამიტომ, მადმუაზელ პოლინეზსკაია განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავდა. მისმა ნიანგის ტყავის გრაციოზულმა ფეხსაცმელმა მაშინვე მომხიბლა. მაგრამ შევამჩნიე, რომ ფაქტობრივად, უქუსლო იყო. კარვიდან გამოსულს კი იგივე ფეხსაცმელი ეცვა, ოღონდ, საკმაოდ მაღალ ქუსლზე. ეჭვი გამიჩნდა და მანქანას, რომლითაც მარკიზა გაემგზავრა, უკან გამოვყევი… ჰოდა, თქვენ გიპოვეთ გონდაკარგული და გზის პირას, ხის ძირში მიტოვებული მაღალი ქუსლები, აი, თქვენი ალიბი, მის…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button