პოეზია

გოჩა სხილაძე – დღისა და ღამის გათანაბრება

იგი პუდელივით პატარა იყო და მაგიდაზე
სოროსის ნაჩუქარი კომპიუტერი ედგა.
თავი ნესვივივით გაყვითლებ-მოშიშვლებოდა.
მისი საყვარელი ფილმი იყო მაშველები,
მისი საყვარელი მსახიობი –პამელა ანდერსონი
მისი არატრანსცენდენტული ხედვის ჭრილში
ხანდახან გაკრთებოდა სილიკონის ძუძუებიანი ბედნიერება,
იგი კი ოცნებით კიოლნის ტაძრიდან გადმომდგარი
სელინ დიონის გოლფსტრიმივით თბილ ხმას
წამით სხვა სამყაროში გადაჰყავდა,
სადაც სინდისყორემორღვეული ადამიანები
ან გოლფის მოთამაშე მდიდრები
დიდძუძუებიან მდედრს, პამელას ან სინდის, უღიმოდნენ,
მის გონებაში ჯერ კიდევ შერჩენილ ღადარს
შემოდგომა-ზამთრის ტორნადო მოახლოვებოდა
ელვის მკრთომელი ძაბრით.
მისი შავთეთრი დღეების გამხდარი ზებრა
ტკბობის ოქროსფერ ქერის ძნას გარშემო უვლიდა.
არა, ბერობა არ სურდა,
მისი სიცოცხლე ნეგატივი იყო,
რომელსაც სიხარულის ბნელ წყლებში
არასოდეს ეღირსებოდა ჩაშვება.
მისთვის კომპიუტერი ტკივილის დამაწყნარებელი იყო,
სევდას მისი მნათი მონიტორის წინ ტოვებდა
და უსაზღვრო, ვირტუალური ფანტაზიის ოკეანეში მისცურავდა,
სადაც ის ყოველდღე იხრჩობოდა
რათა პამელა ანდერსონს გადაერჩინა.
იგი ჩარლი ჩაპლინის ფილმის გმირი იყო,
მისი ნიღაბი და გრიმი.
მისი ჰობი –დიდ გოეთესთან თავის შედარება,
მის ფიქრებში გოეთეს გოთიკა
მისი სულის უთეთრეს სვეტთან შედარებით მცირე ჩანდა,
ხიბლავდა პასტორი იან გიჩო,
უნდოდა მისი ლიფტებიანი ეკლესია ენახა,
აინტერესებდა პამელას და მადონას ლიფის ზომა
და ჩანჩქერ ვიქტორიას სიმაღლე ზამბეზზე,
აინტერესებდა ზამბახების სიმაღლე
გალაკტიონის დალანდში
იგი მოძრავი ლანდი იყო ბახის ორღანთან მოწრიალე,
მისი ლერწამივით წვრილი მკლავები
წეროს ფრთებივით იშლებოდა.
ამ ქაოსიდან აფრენას ლამობდა,
რომ პამელას უბნელეს ფოსოში პეპელასავით შეფრენილიყო
ან თეთრი ფრანივით ექროლა,
სანამ მისი როლი არ დასრულდებოდა.
მომღერლებიდან მოსწონდა ფრენკ სინატრა,
მასთან შეხვედრას ნატრობდა და მისი ნიუ-იორკით ტროვდებოდა,
თავისი პროგრამა ტროას ცხენივით წარმოედგინა,
რომელსაც დღეს თუ ხვალ ნიუ-იორკში შეათრევდნენ
და თვითონაც შეჰყვებოდა.
სწამდა არისტოტელეს ფორმა,
იცოდა, რომ ფორმა და სუბსტანცია ერთი იყო
და უსასრულო, ურიცხვი ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ქვეშ
განცვიფრებული ჩერდებოდა.
მას ღვთაებაში მშვენიერების ასპექტი ხიბლავდა
მისი ხილაბანდახდილი სახე,
მისთვის, როგორც ჯეონის ნაპირზე მოხეტიალე სუფისტებისათვის,
ქალის სფინქსი და ღვთაების სხივი იყო.
იგი უმაღლესი ეონი იყო
მშვენიერების ნაპერწკლების საძიებლად ქვე დაშვებული,
იგი ცვალებადი მოდის სულს დროდადრო იხელთებდა
და თავის გონების ცვილის ეტლით თუ ფაეტონით
დიდი მონადისაკენ ისწრაფოდა.
იგი გალეული მონადირე იყო,
რომელმაც სიხარულის გოლეულს გაუსინჯა გემო,
როცა პამელასაკენ გადადგა მოდურად ნაბიჯი.
ელტონ ჯონს უსმენდა ხოლმე,
ცის ხომლის ნათებას როცა შენიშნავდა ფანჯრიდან,
მისი გრანტული ბედნიერება,
როგორც ჩვენი სიცოცხლე, სასრული იყო.
ზემოდან საცოდავი ეგნატეს სურათი ჩაშტერებოდა,
ცხოვრება შარტრის ქიმერებივით
სულ უფრო ამაზრზენ ფორმებს იძენდა,
ვერავითარი იძინი ვერ უჩვენებდა გამოსავალს,
წინ მილების მბოლავი რეალობა ედგა
და ტოტალიზატორში მადრიდის რეალზე დადო,
მხოლოდ იმედის ალი ათბობდა.
დროდადრო აღელვებდა თებეს დაქცევა
და თავის ოცნების მთებიდან სახეგანათებული
ისტორიის სტერილურ დროებში იმზირებოდა.
ნაცისტებიდან გებელსი ხიბლავდა, მისი ერუდიცია,
ისტორიის ერთ-ერთ გმირად მიაჩნდა ქრისტე,
მის ანტიპოდს მორალში, ლორენს სტერნს,
ახალ მესიად ცნობდა, საგნებს რომანტიკის მზით რომ ანათებდა.
აღაფრთოვანებდა ლუთერი, მისი ოთხმოცდათხუთმეტი თეზისი,
განსაკუთრებით მისი წინადადების ჭედურობა და არა შინაარსი.
მისი კომპიუტერის ჭრილიდან, ღიობიდან
მას ხანდახან ესტუმრებოდა სილიკონის ძუძუებიანი პამელა.
მისი გონების ეიკონ-ხატი საგანთა მშვენიერი კონფიგურაცია იყო.
განსაკუთრებით აშმაგებდა ქალების ფიგურული სრიალი
და იმ ქალების უკანალის მოხაზულობა
თავის აზულად, თავშესაფრად მიაჩნდა.
იგი რამაკრიშნას ანტიპოდი იყო,
მშვენიერება მასზე ანტიბიოტიკივით მოქმედებდა
და მის პროზაულ ოქმებს პოეზიის ოქროდ აქცევდა,
მისი დაქცეული სახლი ესკორიალივით მშვენდებოდა,
ვიღაც ჯადოქარი აცილებდა ჟამის მტრედების გაქვავებულ სკორეს
მის ხავსმოკიდებულ კრამიტებს,
კარტში მოსწონდა ჯოკერის თამაში
განსაკუთრებით მშვენიერი სქესის წარმომადგენლებთან.
კარტებიდან–ქერა დამა ,მას პამელას ამსგავსებდა,
და მოგების ნიშნად მიაჩნდა,
მოსწონდა აფრიკა: ნიგერია და ჩადი,
მოსწონდა ნიაგარა, ცისარტყელებით მორთული,
მოსწონდა ნართების ეპოსი და პიუზოს რომანი ,,ნათლია“
იცოდა მშვენიერი ქალების ფასი და
ჩამტვრეული საძირე კბილის ფესვივით სტკიოდა მშვენიერება.
იგი ვარდების ასაფურცლად აღძრული ზეფირი იყო,
უყვარდა კეფირ-იოგურტი, როცა დანაღვლიანდებოდა.
იგი პამელას იღლიების სიბნელეში
მისამალად გამზადებული მთვარე იყო,
მისი ვნება დემოლიტივით უხმაუროდ ანგრევდა
მისივე სხეულის ქოხს.
იგი დიდი ხატიპეპელა იყო,
რომელიღაც სპირსის თუ ვიქტორიას უკანალზე ამოსვირინგებული.
თავის ცხოვრების რინგზე მუდამ იმარჯვებდა,
სიზმარში ვერცხლისფერ მერსედესს მიაქროლებდა,
როცა პამელასთან მიიჩქაროდა.
რატომღაც აღიზიანებდა იჩქერიის პრეზიდენტი
დუდაევი თუ მასხადოვი,
მაგრამ უყვარდა ტაბაკინის მონასტრის ქვემოთ
დიდი კლდიდან გადმოვარდნილ ჩანჩქერში ბანაობა,
ხახდახან ახსენდებოდა ოშკი და ბანა
და თურქეთს წმინდა გიორგივით თავს შუბით უნგრევდა
იგი სინათლის სხივი იყო,
ბნელმა რომ მოინელა
და თრითინასავით ჩუმად დადიოდა.
იგი სინათლის ათინათი იყო, პატარა უფალი,
მოსწონდა კათოლიკების პატრები ფორმისა და ლათინურის გამო.
ღამღამობით კითხულობდა ტაროს და ტერიარ დე შარდენს,
როგორც სიზმარში ჯოჯოხეთური შარდდენა,
არ სრულდებოდა სიცოცხლე.
მოსწონდა ფეხბურთელი ბაჯო,
იცოდა რა ფერის მაისური და ტრუსი ეცვა
და რომელ რიცხვში გაიტანა გოლი.
უყვარდა ვირტუალურ მწვანე მოლზე თამაში.
მისი კომპიუტერის კლავიშის ყოველ ჩავარდნაზე
ეკრანზე შემოდიოდა ქრისტე და ბუდა, პამელა და სინდი,
მეტროპოლიტენის მუზეუმის გალერეა და ეიფელი.
აქ კომპიუტერი მისთვის სამოთხის ფილიალი იყო
იგი მოთხრობის დავიწყებული პერსონაჟი იყო
მწერალს რომ გამორჩენოდა.
იგი უთვალავბაგეებიანი ჩრჩილი იყო,
პამელასა და სინდის კაბებს შეჩენილი,
იგი ნახევრად დახატული ტილო იყო
აბსტრაქციონისტ-პოსტმოდერნისტის,
იგი ადამიანი იყო სულის გარეშე
და მაინც სასულე არ ეხშობოდა,
იცოდა ბერტრან რასელი,
კემბრიჯში რომ ასწავლიდა ასი წლის წინათ,
იცოდა ჯიპების ყველა სახეობა და ქვესახეობა,
ჰქონდა ცარიელი ჯიბეები
და მოსწონდა შევარდნაძის ეკონომიკური პოლიტიკა.
ცენტრიდანული ძალების მიზიდულობით
ისწრაფვოდა ელიტისაკენ,
ვითარცა ირემს, ეგრე სუროდა მათთან ერთად წყაროი შენი
და არ იცოდა შენდობა მტრების,
ოცნებობდა წაეკითხა ტრისტამ შენდი ინგლისურად.
ტანსაცმლის ფირმებიდან უყვარდა პიერ კარდენი,
ოცნებობდა მუდმივად ჰქონოდა უფასო დენი,
უყვარდა დემის რუსოს სიმღერები და პამელა,
რომელსაც ძუძუს ღარი მუდამ მოშიშვლებული ჰქონდა.
ოცნებობდა თინეიჯერ გოგონებს
ტრუსების არშიაზე ლაზერით გადაეტანათ
მისი იულიუსის მსგავსი პროფილი,
მოსწონდა კოფი ანანის თეთრკანიანი ცოლი
და სურდა მის ქათქათა ტანზე მასაც წაეზულუსებინა.
მისი ტვინის ასიმეტრიულ ნახევარსფეროებში
შემთხვევითი ფიქრის ციცინათელები
პატარა სინათლეებს ბნელში ასუსურებდნენ,
ცხოვრების ტექსტის სტიდან გადავარდნილს
ზარავდა უზნეობა და სისასტიკე.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button