პოეზია

რევაზ კახიძე – მხატვარი (ფიროსმანს)

გულგასენილი იანვრის ქარი
მესტვირესავით იბრუნებს ტუჩებს,
სადღაც სარდაფში ქვითინებს თარი
და კაეშანი ატყვია ქუჩებს.
მწუხრი გვიწყობდა ღამის რვიანებს,
ვჭრიდით დღეებით – თეთრი ტუზებით,
დღეს კი ის კაცი დაიგვიანებს
დიდი ოცნების ლურჯი ღუზებით.
გული ბუდიდან არ ამომხტარა,
არ წაქცეულა თოვლში ჭადარი,
უბრალოდ, დიდი არა მოხდა რა –
მოლბერტით ხელში მოკვდა მხატვარი.
გაქრა ძლიერთა ფერთა მწერალი
და გულს მისერავს ფიქრთა ქაოსი…
მან გააცოცხლა სხივთა ჩქერალით
კოლხის სული და სუნთქვა ტაოსი,
აახლა ფრესკა და ნახატარი,
გვასმინა ღრუბელთ თეთრი გალობა
და დიდ ტილოებს შერჩა მხატვარი
ვით უკვდავების გარდუვალობა!
ქვეყნის ტკივილი ფუნჯით ატარა,
მაგრამ სიკვდილი არის უხათრო…
მე მეცოდება განა მხატვარი –
მე მებრალება ქუჩა უმხატვროდ!..

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button