ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

ფიოდორ დოსტოევსკი – ძმები კარამაზოვები

„- ჩემო საყვარელნო, ძვირფასნო, რატომ მემსახურებით, განა ღირსი ვარ რომ მემსახუროთ? ღმერთი თუ შემეწევა და ვიცოცხლებ, მე თვითონ გემსახურებით, იმიტომ რომ ყველანი ერთმანეთს უნდა ვემსახურებოდეთ.
– ჩემო ძვირფასო, ამას ავადმყოფობა გალაპარაკებს.
– დედა, ჩემო სიხარულო, შეუძლებელია, ბატონები და მსახურები რომ არ იყვნენ, მაგრამ, დაე, მე ჩემი მსახურების მსახური ვიყო, ისე, როგორც ისინი ჩემი მსახურნი არიან. დედიკო, ამასაც გეტყვი, რომ ყოველი ჩვენგანი ყველას წინაშე ყველაფრის გამო დამნაშავეა, ხოლო მე ყველაზე მეტად ვარ დამნაშავე.“

„წლები და თვეები რა არის, დღეების თვლა რა საჭიროა, ადამიანს ერთი დღეც ეყოფა, ბედნიერება მთლად რომ შეიგრძნოს. ჩემო კარგებო, რას ვდაობთ, ერთმანეთთან თავს რად ვიქებთ, ერთმანეთზე წყენას გულში რად ვიჩერებთ? გვირჩევნია, ბაღში გავიდეთ, ვისეირნოთ და ვინავარდოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთი ვაქოთ, ერთმანეთს ვკოცნიდეთ და სიცოცხლეს ვლოცავდეთ.“

„ადამიანს მშობლიურ სახლში გატარებული ბავშვობის მოგონებებზე უფრო ძვირფასი არაფერი გააჩნია. ეს ყოველთვის ასეა, თუკი ოჯახში მცირედი სიყვარული და თანხმობა მაინც სუფევს.“

„ახლა ყველა მიისწრაფის, სხვებს რაც კი შეიძლება მეტად გაემიჯნოს, საკუთარ არსებობაში სიცოცხლე სრულად განიცადოს, მაგრამ მისი მცდელობის შედეგი სიცოცხლის სრულად განცდის ნაცვლად მხოლოდ თვითმკვლელობაა, რამეთუ თავისი არსების სრულად განსაზღვრის მაგიერ წილად ხვდება სრული განმარტოება. რადგან ჩვენს საუკუნეში ყოველივე ერთეულებად დანახევრდა, ყველა თავის სოროში განმარტოვდა, ყველანი სხვებს ემიჯნებიან, ერთმანეთს ემალებიან, თუკი რამ გააჩნიათ, მალავენ და იმით ამთავრებენ, რომ ადამიანებისგან თავს განარიდებენ და ადამიანებს განირიდებენ. სიმდიდრეს განცალკევებით იხვეჭენ და ფიქრობენ, ძლიერნი და უზრუნველყოფილნი ვართო, მაგრამ უგუნურებმა არ იციან, რაც მეტს მოიხვეჭენ, მით უფრო ეუფლებათ თვითმომსპობი უძლურება. რამეთუ მხოლოდ თავის იმედად ყოფნას არიან მიჩვეულნი, მთლიანს ერთეულებად გამიჯვნიან, მიჩვეულან, რომ ადამიანთაგან შეწევნის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ადამიანებისა და კაცობრიობის რწმენა დაუკარგავთ და მხოლოდ ფულსა და მოპოვებული უფლებების დაკარგვისა ეშინიათ. ადამიანის დამცინავი გონება ვერ მიმხვდარა, რომ პიროვნების ჭეშმარიტი უზრუნველყოფა ცალკეულ ადამიანების მცდელობით კი არ მიიღწევა, არამედ ადამიანთა ერთიანობით. მაგრმა ამ საშინელ განმარტოებასაც ჟამი უსათუოდ დაუდგება და ყველანი ერთბაშად მიხვდებიან, ერთმანეთს რა არაბუნებრივად გაემიჯნენ. მაშინ დროების ასეთი სიო დაჰქროლებს და გაიკვირვებენ, წყვდიადში დიდხანს რომ ისხდნენ და სინათლეს ვერ ხედავდნენ, მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე… მანამდე კი დროშას უნდა მოვუაროთ და თითო-ოროლა ვინმემ მაინც მაგალითი უეცრად აჩვენოს, განმარტოებას განერიდოს, გმირობა გამოიჩინოს და ძმური სიყვარული თუნდაც შმაგურად გაამჟღავნოს. რათა დიადი აზრი არ ჩაკვდეს…“

„- ჯოჯოხეთი რა არის?
ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული უკვე შეუძლებელია.“

„ადამიანი მართალთა დამდაბლებისა და შერცხვენის მოყვარულია.“

„ცხოვრება ცრემლიანი მორჩილება კი არა, დიადი სიხარულია.

„- ო, მერწმუნეთ, რომ გამოცდილი მკურნალი ვარ სულისა.
– ქალბატონო, თუ თქვენ გამოცდილი მკურნალი ხართ, სამაგიეროდ, მე გამოცდილი სნეული ვარ.“

„ძნელად სატვირთველი ტვირთი ყველას კუთვნილი ვერ იქნება, ზოგნი ვერ გაუძლებენ.“

„სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია.“

„რეალისტი, სწორედ თავისი რეალისტობის გამო, აუცილებლად დაუშვებს სასწაულის არსებობასაც.“

„სიყვარული ისეთი შეუფასებელი საგანძურია, მთელ სამყაროს შეგაძენინებს.“

„თუ ეშმაკი არ არსებობს და ადამიანმა შექმნა, თავის ხატად და სახედ შეუქმნია.“

„უფალი ჭეშმარიტებაა და არა ძალა!“

„ყველა ჩვენგანი, ყველაფრის გამო, ყველას წინაშეა დამნაშავეა.“

„თუ მსჯავრს დამდებთ ამ მსჯავრისთვისაც მადლობელი ვიქნები! მაგრამ დამინდეთ, ღმერთს ნუ წამართმევთ, რადგან ვიცი, ბედს დავემდურები, ჩემს სულს უმძიმს, ბატონებო!“

„მე ღმერთს კი არა, მის მიერ შექმნილ ღვთიურ სამყაროს არ ვაღიარებ.“

„სისულელეები სჭირდება დედამიწას, სისულელეებზე დგას მსოფლიო, ამის გარეშე იქნებ არც არაფერი მომხდარიყო ამქვეყნად.“

„მთელი სიცოცხლე ის მაწამებდა მხოლოდ, რომ კეთილშობილება მწყუროდა. ფარნით ვეძებდი, დიოგენეს ფარნით, და მიუხედავად ამისა, მთელი სიცოცხლე მაინც მხოლოდ სისაძაგლეებს ჩავდიოდი.“

„შენ თავისუფალი ადამინის რწმენა გჭირდებოდა და არა სასწაულებით დამონებულის.“

„მე ვარ და მე მიყვარს.“

„ცხოვრება მინდა და ვცხოვრობ, ლოგიკის მიუხედავადაც კი. შეიძლება არც მჯეროდეს ცხოვრებისეული წესრიგის, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს გაზაფხულზე კვირტიდან ახალამომსკდარი, წებოვანი, თხელი ფოთლები, აქ არც ლოგიკა და არც გონება არ გჭირდება, შიგნეულით, გულ-ღვიძლით გიყვარს; მიყვარს ცისფერი ცა, მიყვარს ზოოგიერთი ადამიანი, ხანდახან, არც კი ვიცი რატომ, მაგრამ დამიჯერე, მიყვარს.“

„თუ ბედნიერებას ვერ მიაღწევთ, მუდამ გახსოვდეთ, რომ სწორ გზას ადგახართ და ამ გზას არ გადაუხვიოთ. რაც მთავარია, სიცრუეს განერიდეთ, ყოველგვარ სიცრუეს, განსაკუთრებით საკუთარ სიცრუეს. დააკვირდით თქვენს სიცრუეს და შეეცადეთ ყოველ საათს, ყოველ წუთს, ჩასწვდეთ. ზიზღიც განიშორეთ, როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის მიმართ. ის, რაც საკუთარ არსებობაში სიბილწედ მიგაჩნიათ, უკვე განიწმინდება, თუნდაც მხოლოდ იმით, რაკიღა შეამჩნიეთ. შიშსაც განერიდეთ, თუმცაღა შიში მხოლოდ შედეგია ყოველგვარი სიცრუისა. სიყვარულის ძიებისას ნურასოდეს შეგათრობთ საკუთარი სულმოკლეობა, თქვენივე ცუდი საქციელიც ძალიან ნუ შეგაშინებთ. ვწუხვარ, რომ სანუგეშოს ვერაფერს გეუბნებით, რამეთუ ოცნებით წარმოსახული სიყვარულისაგან განსხვავებით, ქმედითი სიყვარული სასტიკი და შემაძრწუნებელი რამ გახლავთ. ოცნებით წარმოსახულ სიყვარულს კმაყოფილების მსწრაფად მომნიჭებელი, მყისიერი, თანაც ყველასთვის საჩინო გმირობა სწყურია. ამგვარი მისწრაფებათა შედეგად მართლა შეიძლება, თავიც გაწირონ, თუკი ეს დიდხანს არ გასტანს, სწრაფად მოხდება, როგორც სცენაზე, ყველა ნახავს და ხოტბას შეასხამს. ქმედითი სიყვარული კი შრომა და თავშეკავებულობაა, ხოლო ზოგთათვის კი მთელი მეცნიერებაა. მაგრამ აი, რას გიწინასწარმეტყველებთ: შესაძლოა ზუსტად იმ წუთს, როცა შეძრწუნებული იქნებით იმით, რომ თუმცა ბევრს ეცადეთ, მიზანს არათუ მიუახლოვდით, არამედ თითქოს დაშორდით კიდევაც, – გიწინასწარმეტყველებთ, რომ იმ წუთს მიზანს უეცრად მიაღწევთ და აშკარად იხილავთ თქვენზე გარდმოვლენილ სასწაულმოქმედ ძალას ღმერთისას, ვისაც ნიადაგ უყვარხართ და ვინც ნიადაგ იდუმალად წაგმართავთ.“

„შეეცადეთ, მოყვასნი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, მით უფრო ირწმუნებთ ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას. თუ მოყვასთა თქვენთა თავგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია.“

„ბებერ მოთამაშეთ, ვისაც მთელი სიცოცხლე უმსახიობიათ, აქვთ წუთები, როცა თამაშით ისე გაერთობიან, მღელვარებით მართლა თრთიან და ტირიან, თუმცა იმ წამს (ანდა სულ ერთი წამის შემდეგ) შეუძლიათ, საკუთარ თავს ჩასჩურჩულონ: ცრუობ, უსირცხვილოვ, შენ ხომ ახლაც მსახიობობ, მთელი შენი „წმინდა“ მრისხანებისა და მრისხანებიის „წმინდა“ წუთის მიუხედავად.“

„ვისაც ადამიანი უყვარს, მას მათი სიხარულიც უნდა უყვარდეს.“

„ქრისტე ადამიანთა მწუხარებას კი არა, სიხარულს ეწვია, პირველი სასწაულის ქმნით ადამიანთა სიხარულს შეეწია.“

„მიწა სიხარულის ცრემლებით დანამე და შეიყვარე ცრემლები შენი.“

„რა შემზარავ ტრაგედიებს უწყობს ადამიანებს რეალიზმი.“

„ადამიანს სიარულზეც შეატყობთ რა ხასიათისაა.“

– ზუსტად ასეთივე რამ, თუმცა დიდი ხნის წინ, მითხრა ერთმა ექიმმა, უკვე ხნიერმა და უდავოდ ჭკვიანმა კაცმა. ისიც თქვენსავით გულწრფელად ლაპარაკობდა, მაგრამ სევდიანად ხუმრობდა. ამბობდა, კაცობრიობა მიყვარს, მაგრამ ჩემი თავისა მევე მიკვირსო: რაც უფრო მეტად მიყვარს კაცობრიობა ზოგადად, მით უფრო ნაკლებად მიყვარს ადამიანი კერძოდ, ანუ ცალ-ცალკე, როგორც განცალკევებული პიროვნებანი. ოცნება ხშირად კაცობრიობის მსახურების მგზნებარე წადილით აღმავსებდა და, შესაძლოა, ხალხის გულისთვის თავიც გამეწირა, თუკი უეცრად ეს საჭირო გახდებოდა. ამავე დროს, ერთ ოთახში ვინმესთან ერთად ორ დღესაც კი ვერ გავძლებ; ეს გამოცდილებით ვიცი. ოდნავი სიახლოვეც კი ვინმესი თავმოყვარეობას მილახავს, თავისუფლებას მიბორკავს. საუკეთესო ადამიანსაც კი ერთ დღეში შევიძულებ: ერთს იმის გამო, რომ სადილობისას ჭამა ვერა და ვეღარ მოათავა, მეორეს იმის გამო, რომ სურდო აქვს და ცხვირს წარამარა იხოცავს. გამეკარება თუ არა ვინმე, უმალ მის მტრად გადავიქცევი. სამაგიეროდ, აი, ნიადაგ რა მემართება: ცალკეულ ადამიანებს რაც უფრო მეტად შევიძულებ, კაცობრიობის მიმართ ჩემი სიყვარული მით უფრო მგზნებარებას იძენსო.
– მაშ რა უნდა ქნა? ასეთ დროს რა უნდა ქნა? სასოწარკვეთას უნდა მიეცე?
– არა, რამეთუ ისიც კმარა, რომ ამის გამო წუხილი გიპყრობთ. ის ჰქმენით, რაც შეგიძლიათ, რადგან საკუთარ თავს ასე გულწრფელად და ღრმად ჩაუკვირდით! ოღონდ თუ ახლა ასე გულწრფელად მხოლოდ იმიტომ მელაპარაკებოდით, რომ ჩემგან შექება დაგემსახურებინათ, მაშინ, რაღა თქმა უნდა, ქმედითი სიყვარულის ასპარეზზე ვერაფერს მიაღწევთ. ყოველივე მხოლოდ ოცნებად დაგრჩებათ და მთელი თქვენი ცხოვრება მოჩვენებასავით გაიელვებს და გაქრება. ასე, რა თქმა უნდა, მომავალ ცხოვრებასაც დაივიწყებთ და ბოლოს როგორღაც დამშვიდდებით.

„მე ვეყრდნობი დებულებას, რომ ელემენტთა ანუ ეკლესიისა და სახელმწიფოს ცალკეულად აღებულ არსთა ამგვარი შერევა, რა თქმა უნდა, მუდმივად იქნება, თუმცაღა ეს შეუძლებელია და ვერასოდეს მიაღწევს არათუ ნორმალურ, არამედ რამდენამდე შეწონასწორებულ მდგომარეობას, რამეთუ საქმის თვით საფუძველშივე დევს სიცრუე. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კომპრომისი ისეთ საკითხებში, როგორც, მაგალითად, სასამართლოს საკითხია, მე მგონი, სრულყოფილი და წმინდა არსით შეუძლებელია. სასულიერო პირი, რომელსაც შევედავე, ამტკიცებს, რომ ეკლესიას სახელმწიფოში ზუსტი და განსაზღვრული ადგილი უჭირავს, ხოლო მე ვეკამათები, რომ ეკლესიას სახელმწიფოში მხოლოდ რაღაც კი არ უნდა განეკუთვნებოდეს, პირიქით, თვით ეკლესიამ უნდა შეითავსოს მთელი სახელმწიფო, და თუ ეს ამჟამად რატომღაც შეუძლებელია, ქრისტიანულმა საზოგადოებამ, არსებითად, მთელი შემდგომი განვითარების პირდაპირ და უმთავრეს მიზნად უდნა დაისახოს.“

– ყოველივე თუ ეკლესიად იქცევა, მაშინ ეკლესია დამნაშავესა და ურჩს თავს კი არ მოკვეთდა, თავისი წიაღიდან განკვეთდა, – განაგრძო ივან ფიოდოროვიჩმა. ახლა გეკითხებით, განკვეთილი სად წავიდოდა? მაშინ ხომ იგი არა მხოლოდ ხალხს, როგორც ამჟამადაა, არამედ ქრისტესაც უნდა განშორებოდა. მისი დანაშაული არა მხოლოდ ხალხის, არამედ ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხიც იქნებოდა. მკაცრად თუ ვიმსჯელებთ, ეს ამჟამადაც ასეა, მაგრამ განცხადებული ხომ მაინც არ არის და ამჟამინდელი დამნაშავის სინდისი ძალზე ხშირად თავის თავთან გარიგებას იწყებს: „მოვიპარე, მაგრამ ეკლესიას არ ვეწინააღმდეგები, ქრისტეს მტერი არ ვარო,“ – აი, რას ეუბნებიან ამჟამინდელი დამნაშავენი საკუთარ თავს ერთპირად, ხოლო როცა ეკლესია სახელმწიფოს ადგილს დაიკავებს, მაშინ ამას ისე ვეღარ იტყოდა, თუ ამქვეყნად არსებულ მთელ ეკლესიას არ უარყოფდა: „ყველანი ცდებიან, ყველა განდგომილია, ყველა ცრუ ეკლესიაა და მხოლოდ მე, ქურდი და მკვლელი ვარ სამართლიანი ქრისტიანული ეკლესიაო.“ ეს ხომ ძალზე ძნელი სათქმელია, უზარმაზარ პირობებს და გარემოებებს საჭიროებს, რაც არც ისე ხშირად არსებობს. ახლა, მეორე მხრივ, ავიღოთ თვით ეკლესიის შეხედულება დანაშაულის თაობაზე: განა, არ უნდა შეიცვალოს ამჟამინდელი, თითქმის წარმართული შეხედულების საპირისპიროდ და ნაცვლად დასნებოვნებული წევრის მექანიკური განკვეთისა, როგორც ამჟამად საზოგადოების დასაცავად ხდება. არ უნდა გარდაიქმნას და სრულად, სიყალბის გარეშე, ადამიანის აღორძინების, მისი აღდგომისა და ხსნის იდეად არ უნდა იქცეს?
– მაინც რა არის ეს? ახლაც ვერ გამიგია, – შეაწყვეტინა მიუსოვმა, – ისევ რაღაც ოცნებაა. უფორმო რაღაცაა და გაგება შეუძლებელია. რა განკვეთა, როგორი განკვეთა? მე მგონი, უბრალოდ, თავის შესაქცევად ლაპარაკობთ, ივან ფიოდოროვიჩ.
– ახლაც ხომ სინამდვილეში იგივე ხდება, – უეცრად წამოიწყო ბერ-მოძღვარმა და უკლებლივ ყველა მას მიაჩერდა, – ახლა ქრისტიანული ეკლესია რომ არ არსებობდეს, დამნაშავეს ხომ მაშინ ბოროტმოქმედებისგან ვეღარაფერი შეაკავებდა და აღარც მსჯავრი იქნებოდა შემდგომში, ანუ ნამდვილი მსჯავრი, მექანიკური კი არა, როგორც ახლა ბრძანეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ გულს ახელებს, არამედ ნამდვილი მსჯავრი, ერთადერთი ქმედითი, ერთადერთი შიშის მომგვრელი და დამაოკებელი მსჯავრი, საკუთარ ცნობიერებასა და სინდისს რომ ეუფლება.
– ნება მიბოძეთ, გკითხოთ, რანაირად? – უსაზღვრო ცნობისმოყვარეობით ჰკითხა მიუსოვმა.
– აი, ამნაირად, – წამოიწყო ბერ-მოძღვარმა. – ყოველგვარი სამუშაოებზე გადასახლებანი წინასწარ გაროზგვით ვერავის გამოასწორებს და, რაც მთავარია, თითქმის არცერთ დამნაშავეს არ აშინებს, ჰოდა, დანაშაულთა რიცხვი კი არ მცირდება, თანდათან უფრო იზრდება. ამაზე უნდა დამეთანხმოთ. ამგვარად, საზოგადოება სრულიად დაუცველია, რამეთუ მავნე წევრი თუმცა მექანიკურად მოკვეთილი და შორს გადასახლებულია, თვალთაგან განრიდებულია, მაგრამ მის ადგილს სხვა დამნაშავე, ანდა, შესაძლოა, ორი სხვა დამნაშავე იკავებს. ჩვენს დროშიც კი თუ საზოგადოებას რაიმე იცავს, თვით დამნაშავეს გამოასწორებს და სხვა ადამიანად გადააქცევს, კვლავ და კვლავ, მარტოოდენ ქრისტეს კანონია, რაც თავს იჩენს მის სინდისსა და ცნობიერებაში. თუ იგი დანაშაულს შეიმეცნებს როგორც ძე ქრისტეს საზოგადოებისა, ანუ ეკლესიის წინაშე. ამგვარად, თანამედროვე დამნაშავე დანაშაულს მხოლოდ ეკლესიის წინაშე აღიარებს და არა სახელმწიფოს წინაშე. აი, სასამართლო საზოგადოებას, ეკლესიას წარმოდგენილს რომ ეკუთვნოდეს, მაშინ ამ საზოგადოებას ეცოდინებოდა, მოკვეთილთაგან ვინ დაებრუნებინა თავის წიაღში და კვლავ თავის წევრად ვინ გაეხადა. ხოლო ამჟამად, რაკიღა არავითარი ქმედითი სასამართლო არ გააჩნია და მხოლოდ ზნეობრივი მსჯავრდადების შესაძლებლობა აქვს, ეკლესია დამნაშავის ქმედით მსჯავრს თავადვე ემიჯნება. იგი მას თავისგან არ განკვეთს, მხოლოდ მამობრივი დარიგებით იფარგლება. ის კი არა, იმასაც ცდილობს, დამნაშავესთან ყოველნაირი საეკლესიო ქრისტიანული ურთიერთობა შეინარჩუნოს: ნებას რთავს, წირვას დაესწროს, წმინდა ნაწილებს ეზიაროს, მოწყალებას აძლევს და ისე ეპყრობა, როგორც ტყვეს და არა როგორც დამნაშავეს. დამნაშავეს რა დაემართებოდა, ო, უფალო! თუ ქრისტიანული საზოგადოებაც, ანუ ეკლესიაც, მას ისევე განირიდებდა, როგორც სამოქალაქო კანონი განირიდებს და მოიკვეთს? რა მოხდებოდა, თუ სახელმწიფო კანონით მსჯავრდადების შემდეგ, მას ეკლესიაც უმალვე თავისგან განკვეთით დასჯიდა? უმეტესი სასოწარკვეთა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, რუსი დამნაშავისთვის, რამეთუ რუსი დამნაშავენი ჯერ კიდევ მორწმუნენი არიან. თუმცაღა, ვინ იცის: მაშინ იქნებ საშინელი რამ მოხდებოდა – დამნაშავის სასომიხდილი გული რწმენას დაკარგავდა და მაშინ? მაგრამ ეკლესია, როგორც ნაზი და მოყვარული დედა, ქმედით სასჯელს თავად ემიჯნება, რამეთუ დამნაშავე მისი სასჯელის გარეშეც სახელმწიფო სასამართლოს მიერ ძალზე მწარედ დასჯილია და ვინმემ მაინც ხომ უნდა შეიბრალოს. უმთავრესად კი იმიტომ ემიჯნება, რომ ეკლესიის სამსჯავრო ჭეშმარიტების შემცველი ერთადერთი სამსჯავროა, რის გამოც სხვა რაიმე სამსჯავროსთან მისი თუნდაც დროებით კომპრომისი არსებითად და ზნეობრივად შეუთავსებელია. აქ გარიგება შეუძლებელია. ამბობენ, უცხოელი დამნაშავე იშვიათად ინანიებსო, რამეთუ ყველაზე თანამედროვე მოძღვრებანი იმ აზრს განუმტკიცებს, რომ მისი დანაშაული დანაშაული კი არ არის, მარტოოდენ უსამართლოდ დამთრგუნველი ძალის წინააღმდეგ ამბოხია. საზოგადოება მას მექანიკურად მოიკვეთს დამჯაბნელი ძალით და განკვეთას თან ახლავს სიძულვილი (ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობენ ევროპაში საკუთარ თავზე) – სიძულვილი და მოძმის შემდგომი ბედ-იღბლის მიმართ სრული გულგრილობა და მივიწყება. ამგვარად, ყოველივე უმცირესი ეკლესიური შემბრალებლობის გარეშე ხდება, რამეთუ იქ უმეტესად ეკლესიები საერთოდ აღარც არის, დარჩნენ მხოლოდღა ეკლესიის მსახურნი და ეკლესიათა დიდებული შენობები, ხოლო თვით ეკლესიები იქ უკვე, დიდი ხანია, ესწრაფვიან, უმდაბლესი სახეობა, ეკლესია, გარდააქციონ უმაღლეს სახეობად, სახელმწიფოდ, რათა მასში სრულიად გაქრნენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ შეიმჩნევა ლუთერანულ ქვეყნებში. რომში ხომ უკვე ათასი წელია, ეკლესიის ნაცვლად სახელმწიფოა გამოცხადებული. ამის გამო თვით დამნაშავე თავს ეკლესიის წევრად არც მიიჩნევს და განკვეთილი სასოწარკვეთას ეძლევა. ხოლო თუ საზოგადოებაში ბრუნდება, არცთუ იშვიათად ისეთი სიძულვილით ბრუნდება, რომ თვით საზოგადოება მოიკვეთს. ეს რით დასრულდება, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. ბევრ შემთხვევაში ჩვენთანაც თითქოს ასევეა. მაგრამ საქმე ისაა, რომ დაწესებულ სასამართლოთა გარდა ჩვენში ეკლესიაც არის, რომელიც ურთიერთობას არასოდეს წყვეტს დამნაშავესთან, როგორც საყვარელ და ჯერ კიდევ ძვირფას შვილთან, ამას გარდა, არის და შენარჩუნებულია, თუნდაც მხოლოდ გონებაში, საეკლესიო სამსჯავროც, თუმცა ამჟამად არაქმედითი, მაგრამ, თუნდაც ოცნებით, მომავლისთვის მაინც არსებული, და აღიარებული თვით დამნაშავისგან, მისი სულის ინსტინქტისგან. სამართლიანია ისიც, რაც ახლა აქ ითქვა, რომ საეკლესიო სასამართლო თუ ნამდვილად წარმოჩინდება, თანაც სრული ძალის მქონე სასამართლო, ანუ მთელი საზოგადოება მხოლოდ ეკლესიად თუ გადაიქცა, მაშინ ეკლესიის მსჯავრი არამარტო დამნაშავის გამოსწორებაზე იმოქმედებს ისე, როგორც არასდროს არ მოქმედებს ამჟამად, არამედ, შესაძლოა, თვით დანაშაულობანი მართლაც წარმოუდგენელი ოდენობით შემცირდეს. თვით ეკლესიაც, ეჭვგარეშე, მომავალ დამნაშავეს და მომავალ დანაშაულს მრავალ შემთხვევაში სულ სხვაგვარად შეიმეცნებს, ვიდრე ამჟამად, და შეძლებდა განკვეთილის დაბრუნებას, განმზრახველს დანაშაულისგან განარიდებდა და დაცემულს აღადგენდა. თუმცა, – ქრისტიანული საზოგადოება ამჟამად თავადაც არ არის მზად და მარტოოდენ შვიდ წმინდანს ემყარება; მაგრამ რაკიღა ისინი არ კნინდებიან, მაინც მყარად დგას და ელის, ჯერაც თითქმის წარმართული კავშირის მსგავსი საზოგადოებიდან სრულად როდის გარდაიქმნება მსოფლიო, ერთიან და გაბატონებულ ეკლესიად. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე, თუნდაც საუკუნეთა დასასრულს, რამეთუ მხოლოდ ამას უწერია აღსრულება! ხოლო დროისა და ვადების გამო წუხილს ნუ მივეცემით, რამეთუ დროისა და ვადების საიდუმლო ღვთის სიბრძნესა, წინასწარ განჭვრეტასა და სიყვარულშია. ის, რაც ადამიანის ვარაუდით, შეიძლება, ჯერ კიდევ ძალზე შორს იყოს, ღვთის განგებით იქნებ უკვე კარს იყოს მომდგარი. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე.

„ეკლესია არ გადიქცევა სახელმწიფოდ! ეს რომია და მისი ოცნება. ეს ეშმაკის მესამე ცდუნებაა! პირიქით, სახელმწიფო გარდაიქცევა ეკლესიად, ეკლესიამდე აღმაღლდება და ეკლესია იქნება მომცველი მთელი ქვეყნიერებისა.“

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button