ბიოგრაფიაისტორია

ფარნავაზ I – Pharnavaz I of Iberia – ბიოგრაფია

356-264

პირველი ქართველი მეფე; საქართველოს პირველი გამაერთიანებელი; ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი.

ფარნავაზი იყო ქართლის მეფე, რომელმაც შექმნა ერთიანი სამეფო, დაამკვიდრა ქართული ანბანი, დააარსა ქალაქი მცხეთა, საფუძველი ჩაუყარა ფარნავაზიანთა დინასტიას და სხვ. იგი იყო ქართლის მამასახლისის, სამარას ძმისწული,  მამით ქართლოსიანი, დედით – სპარსელი. ფარნავაზის მეფობის თარიღის ზუსტი განსაზღვრა ძნელია. სამეფო ტახტი მას ძველი წელთაღრიცხვის III საუკნის 90-80დიან წლებში უნდა დაეკავებინა.

ძვ. წ. 334 წელს მცირე აზიაში ალექსანდრე მაკედონელის კარგად ორგანიზებული არმია გამოჩნდა. „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით, ალექსანდრე მაკედონელმა ქართლში ციხედქალაქები დაიკავა და თავად ნასტაკისში გამაგრდა. „მოქცევაი ქართლისაი“ კი აღნიშნავს, რომ ალექსანდრეს თან ახლდა აზო, არიან ქართლის მეფის ძე. ალექსანდრემ მას უბოძა სატახტო ქალაქი მცხეთა და სამეფოს საზღვრად ჰერეთი და ეგრისის წყალნი დაადგინა. ბერძენთა ლაშქრით გულმოცემულმა აზომ მოკლა ქართლის მამასახლისი სამარა, ხოლო მისი ძმისწული ფარნავაზი დედამ კავკასიის მთებში გადამალა. ცნობილია, რომ ალექსანდრე მაკედონელს სინამდვილეში ქართლი არ დაულაშქრავს, მაგრამ   მისი მხარდაჭერით კავკასია  ერთდერთი ქართველური გაერთიანების, არიან-ქართლის ხელმძღვანელმა, აზონმა მართლაც დალაშქრა და მას შემდეგ, რაც ციხედქალაქი სარკინე აიღო, ქართველური მოდგმის გაერთიანებებს შორის ქიშპობა დასრულდა. ქართლში მაკედონელთა მიერ აღზევებულმა აზონმა ხელთ იგდო ძალაუფლება, ცალკეულ წარჩინებულთა მიმართ უმკაცრესი ღონისძიებები გაატარა და მმართველობის ახალი ფორმები შემოიღო. აზონის ხელისუფლებას ასი ათასი კაცი იცავდა.

აზონს დაუპირისპირდა მცხეთელი წარჩინებული ფარნავაზი თავისი მომხრეებით. ამ დაპირისპირებას აზონის ხელისუფლების დამხობა მოჰყვა. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ფარნავაზმა დიღმის ტყეში ნადირობისას განძი იპოვა.  ამ განძს დებთან ერთად ხუთი ღამე ფარულად ეზიდებოდა   და საიმედო ადგილზე შეინახა. ნაპოვნი განძით იგი აზონთან ბრძოლისათვის მოემზადა: აღჭურვა ლაშქარი და დაიქირავა ჩრდილოკავკასიელი მთიელები, თუმცა ძალები მაინც არათანაბარი იყო, ამიტომ ფარნავაზი დაუკავშირდა დასავლეთ საქართველოს მმართველს ქუჯის და მათ ერთობლივად შეუტიეს აზონს. ბრძოლა რამდენიმე ეტაპად წარიმართა. ბოლოს, დამარცხებულმა აზონმა კლარჯეთში, მდ. ჭოროხისა და მტკვრის სათავეებისკენ დაიხია და იქ თავის სამემკვიდრეო მამულში გამაგრდა. „ქართლის ცხოვრებაში“ აღნიშნულია, რომ გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ქალაქ არტაანთან. ფარნავაზმა სძლია აზოს, რომელიც ბრძოლის დროს  დაიღუპა.

გამარჯვებულმა ფარნავაზმა დაიწყო სახელმწიფო რეფორმების გატარება.  ქართლი დაიყო ადმინისტრაციულ ერთეულებად დ საერისთავოებად. ერისთავებს ევალებოდათ საერისთავოში ჯარის შეკრება და მისი სარდლობა, ხარკის აკრეფა, სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხის გადაწყვეტა. სულ შეიქმნა რვა საერისთავო. მათ რიცხვში შედიოდა ეგრისიც, რომელსაც ქუჯი განაგებდა. სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი პროვინცია – შიდა ქართლი, დაექვემდებარა სპასპეტს. სპასპეტი მეფის შემდეგ მეორე პირი იყო სამეფოში და ერისთავებიც პირადად მას ემორჩილებოდნენ.

ქუჯის, ნიშნად იმ დიდი დამსახურებისა, რომელიც მას მიუძღოდა ფარნავაზის წინაშე და ალბათ, ეგრისის მტკიცედ შემოერთების მიზნითაც, ქართლის მეფე ფარნავაზმა ცოლად მიათხოვა თავისი და. მეორე და ოვსთა ხელმწიფემ ითხოვა, თავად კი ცოლად ჩრდილოკავკასიელი (დურძუკი) ქალი მოიყვანა.

ფარნავაზმა შემოიღო ახალი კერპი:  „ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელისა ზედა თვისისა. ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქვა“. არმაზი საერთო ქართული უზენაესი ღვთაება გახდა, ამასთანავე ფარნავაზმა შეინარჩუნა აზოს მიერ მოტანილი კერპები – გაც და გაიმ.

XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი ფარნავაზს მიაწერს ქართული ანბანის შექმნასა და ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას: „ამან განავრცო ენა ქართული და არღა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა“. მანამდე ქართლში ექვს ენაზე საუბრობდა ხალხი:   ქართულ, სომხურ, ებრაულ, ბერძნულ, ხაზარულ და ასურულ ენებზე. ფარნავაზმა ააგო არმაზის ციხე და მცხეთას გალავანი შემოარტყა. გამეფდა 27 წლის ასაკში და მეფობდა 65 წლის მანძილზე. მემატიანე შემდეგი სიტყვებით აღწერს მის მოღვაწეობას: „მეფობდა ნებიერ, და ყოველნი დღენი მისნი  რაი დაჯდა, მშვიდობით დაყვნა და აღაშენა და განავსო ქართლი… იყო განსვენება და სიხარული ყოველსა ქართლსა ზედა…მოკვდა ფარნავაზ და დაფლეს წინაშე არმაზის კერპისა.“ ფარნავაზის სიკვდილის შემდეგ ქართლში სამეფო დინასტია მისმა  შვილმა საურმაგმა გააგრძელა.

Related Articles

One Comment

კომენტარის დამატება

Back to top button