ისტორიასურათებიუცნაური

დოგუს ფიგურები

დოგუ არის თიხისგან დამზადებული პატარა იაპონური ჰუმანოიდური ფიგურები, რომლებიც ჯომონის პერიოდს (ქრისტეს შობამდე 14000 – 400 წლები) მიეკუთვნება. ყველაზე ძველი 10 000 წლისაა, ყველაზე ახალი – 2300-ის. ბევრ მათგანს აქვს აბჯარი, მუზარადი, დიდი სათვალეები, უცნაური ნიშნები სხეულზე.

იაპონიის სახელმწიფო მუზეუმის განცხადებით, ასეთი ფიგურები მთელ იაპონიაში 15 000-მდეა. მათი უმეტესობა აღმოჩენილია ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ იაპონიაში, განსაკუთრებით ტოჰოკუს რეგიონში. დასავლეთში კი საკმაოდ იშვიათია. ხშირად ეს თოჯინები დანაწევრებულია, უკეთეს შემთხვევაში კი მხოლოდ ერთი-ორი კიდური აკლიათ ხოლმე.

ფიგურების პრეზენტაცია რამდენჯერმე მოხდა ტოკიოსა და ლონდონის მუზეუმებში, შემდეგ კი რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც.

ისტორიკოსებისთვის დღემდე უცნობია დოგუების დანიშნულება. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი მაგიურ ფიგურებს წარმოადგენდნენ – შესაძლებელი იყო, ავადმყოფობა დოგუში გადაეტანათ, შემდეგ დოგუს გაანადგურებდნენ და ავადმყოფობაც ჩაივლიდა. სხვა ვერსიით, დოგუები იყვნენ ქალღმერთები, რომელთაც ჯანმრთელობას და ბარაქას სთხოვდნენ. ბევრი ფიგურას აქვს გამოზნექილი და დიდი მუცელი, რაც სავარაუდოდ ორსულობაზე [და შესაბამისად, ნაყოფიერებაზე] მიანიშნებს. შესაძლო ვარიანტებში მათ ფუნქციად ასევე დასახელდა ბავშვების სათამაშო, დაკრძალვის ატრიბუტი და რაიმე უცნობი რიტუალის შემადგენელი ნაწილი.

რა თქმა უნდა, აღმოჩნდნენ ადამიანებიც, ვინც იფიქრა, რომ ეს თოჯინები შესაძლოა უცხოპლანეტელების პატივსაცემად შექმნეს. მათი აზრით, დოგუების ასეთი გარეგნობა იმით აიხსნებოდა, რომ უცხოპლანეტელები სკაფანდრებით ეცხადებოდნენ ადამიანებს. ასევე ფაქტია, რომ დოგუები აღნაგობით განსხვავდებიან ტრადიციული ადამიანებისგან – განიერი სახე, პატარა ხელები, მსხვილი ბარძაყები და ა.შ. აღსანიშნავია დოგუების მსგავსება სხვა კულტურებთან, მაგალითად ისინი ჩამოგავნან ეკვადორში აღმოჩენილ ვალდივიის კულტურის ნიმუშებს.

ზოგიერთი მკვლევარი დოგუებს ერთ-ერთ ინდონეზიურ მითთან აკავშირებს. ვემალის ხალხს (ინდონეზიის აბორიგენი ტომი, 9 000-მდე სული) აქვს თქმულება, რომლის მიხედვითაც ცხოველები და ფრინველები ჰაინუველის მსხვერპლად შეწირვის შედეგად გაჩნდნენ. ერთმა კაცმა, სახელად ამეტამ უცნაური ჯიშის ქოქოსი იპოვა, მანამდე რომ არასდროს ენახა სერამში (ინდონეზიის ერთ-ერთი კუნძული). ღამით მას ძილში ჩაესმა, რომ ჯობდა ეს ქოქოსი დაერგო და ხე გაეზარდა. ამეტა ასეც მოიქცა. რამდენიმე დღეში ხე გაიხარდა და ნაყოფი გამოიღო. ამეტამ ქოქოსის კაკლების მოწყვეტა გადაწყვიტა, მაგრამ როგორც კი დაიწყო, თითი გაიჭრა და სისხლი ხის ერთ-ერთ ყვავილს დაეცა. რამდენიმე დღეში ამეტამ იმ ყვავილის ადგილას გოგონა დაინახა, რომელსაც დაარქვა ჰაინუველი, ანუ “ქოქოსის გოგონა”. ჰაინუველი საოცრად მალე გაიზარდა და მას უცნაური ნიჭი ამოაჩნდა – შეეძლო ძვირფასი ნივთები გაეჩინა. ამის წყალობით ამეტა მალე გამდიდრდა.

სერამში ადგილობრივი გოგონები ასრულებდნენ ცეკვას, რომლის დროსაც კაცებს ქოქოსის ნაყოფს აძლევდნენ. ჰაინუველმაც მიიღო მონაწილეობა ამ რიტუალში, მაგრამ ქოქოსის ნაცვლად ის ხან ოქროს საყურეებს გააჩენდა, ხან ფაიფურის თეფშებს, ძვირფასი მასალის დანებს, სპილენძის ყუთებს და ა.შ. ხალხმა გადაწყვიტა, რომ ის კუდიანი იყო და მისი მოკვლა განიზრახეს. ამოთხარეს ორმო და ერთხელაც ცეკვის დროს ჰანივუელი შეიპყრეს, ჩააგდეს და მიწა მიაყარეს სანამ ყვირილს დაიწყებდა. ეს იყო პირველი სიკვდილი კაცობრიობის ისტორიაში. ამეტას მალე მოენატრა მისი ქალიშვილი და როცა გაიგო, რომ ცოცხლად დამარხეს, მივიდა იმ ადგილას, ამოთხარა მისი სხეული და ნაწილ-ნაწილ დამარხა კუნძულის სხვადასხვა მხარეს. თითოეულ ამ ადგილას ქოქოსის ხე გაიზარდა.

ქალღმერთი მულუა სატენი განრისხდა ადამიანების საქციელის გამო და ვინც ჰაინუველის მოკვლაში მონაწილეობა მიიღო, სხვადასხვა არსებებად აქცია. აქედან გაჩნდნენ ცხოველები, ფრინველები, ამ დროიდან შემოვიდა სიკვდილი და ავადმყოფობებიც. დოგუს თოჯინაც სავარაუდოდ ჰაინუველს წარმოადგენს და დანაწილებულიც ამიტომაა – ჰაინუველის მსგავსად მის ნაწილებს გლეხები სხვადასხვა ადგილებში მარხავდნენ ნაყოფიერების მიზნით.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button