ლიტერატურანოველა

არდაშელ თაქთირიძე –ნადარბაზევის ტბა

– ეს აქ საიდან მოვიდაო? – იკითხა ბიჭმა ანკესის ტივტივასთან მოცურავე განავალზე.
– ხო, მაგაზე კარგ ამბავს მოგიყვებითო! – თქვა მამამ და დაიწყო:
„უხსოვარ დროში, ამ ტბის აღმოსავლეთით, ორი მეომარი სახელმწიფო მდებარეობდა – ქვემო რენე და ზემო რენე.
ქვემო რენეში ქვემორენელების ტომი ბინადრობდა მეფე-დედოფლით, პატარა მეფისწულით, შუბებით შეიარაღებული ჯარით, გალავნის გარშემო ჩაყენებული ცეცხლსასროლებითა და გალავნის ქონგურებზე განლაგებული კუპრის ქვაბებით.
ვაჟკაცი ხალხი იყო ქვემორენელები, მომხვდურს კომბლებით ხვდებოდნენ, მოყვარეს ღვინით.
ზემო რენეში კი ზემორენელების ტომი ბინადრობდა მეფე-დედოფლით, პატარა მეფის ასულით, მშვილდ-ისრებით შეიარაღებული ჯარით, გალავნის გარშემო ჩაყენებული ქვებსასროლებით და გალავნის ქონგურებზე განლაგებული კუპრის ქვაბებით.
ვაჟკაცი ხალხი იყო ზემორენელებიც, მომხვდურს კეტებით ხვდებოდნენ, მოყვარეს – ლუდით, მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, ქვემორენელები რომ ამოვიდნენ ზემო რენეში, მოყვრულად სუფრა რომ გაუშალეს ზემორენელებმა და რომ დალიეს და დათვრნენ, მაინც ჩხუბით დაამთავრეს მოყვრობა, კეტებით გაირეკეს წინ ქვემორენელები და უკნიდან ქვებიც მიაყოლეს.
ერთი წლით ადრე ზუსტად იგივე შემთხვევა მოსვლიათ ზემორენელებს სტუმრად ამოსულ იგოეთელებთან. მართალია, იგოეთის სახელმწიფოს მეფე ბოღმისგან ცოფებს ყრიდა და ნერვიულობისგან ცალი თვალის პაჭუნი დასჩემდა, მაგრამ ომს მაინც ვერ ბედავდა, რადგან იგოეთში ახლაც კარტოფილის მეტი არაფერი მოდის და, მაშინ, როცა ჯერ კიდევ ამერიკა არ იყო აღმოჩენილი და კარტოფილი შემოტანილი, ჯარისთვის რა უნდა ეჭმია. ამიტომ იყო გაჩუმებული – ვითომ ზემორენელებს აპატია, გამალებულ შეიარაღებაზე გადავიდა და თავის დროს ელოდებოდა.
ქვემორენელემა კი, რადგან მათთან ხილიც მოდიოდა, ბოსტნეულიც და ცხვარიც ბევრი ჰყავდათ, სასწრაოდ აფრინეს შიკრიკი იგოეთში და დახმარება სთხოვეს, გამარჯვების შემთხვევაში კი ზემო რენეს თანაბრად გაყოფას ჰპირდებოდნენ, რაზეც იგოეთელები სიხარულით დათანხმდნენ და, ვინაიდან ქვემორენელების ჯარი შუბებით იყო შეიარაღებული და შორს ბრძოლაში უპირატესობა მშვილდ-ისრებით შეიარაღებულ ზემორენელებს ჰქონდათ, მთელი ჯარის სამყოფი მშვილდ-ისრები გადასცეს და სროლის სპეციალისტი ორი ინსტრუქტორიც გაუგზავნეს.
შვიდ დღეს გაგრძელდა ომი, შვიდი დღე იღვრებოდა სისხლი. მართალია, ქვემორენელები და იგოეთელები რიცხობრივად მეტნი იყვნენ, სამაგიეროდ, ზემორენელები ზევით იყვნენ განლაგებულები და თან კარგად ამუშავებდნენ ქვებსასროლებსა და კუპრის ქვაბებს, რითაც ისრის სასროლ მანძილზე არ უშვებდნენ მტერს.
სულზე მოუსწრო ქვემორენელებსა და იგოეთელებს გალავნიდან ზავის სათხოვნელად თეთრი დროშით გამოსულმა ზემო რენეს დესპანმა, თორემ, ალყის მოხსნასა და უკან გაბრუნებას აპირებდნენ. დაიდო ზავი. ზავის პირობებით, ქეიფში მოჩხუბარი ზემორენელები გააშიშვლეს და სახალხოდ გაროზგეს, ხოლო ცემის საკომპენსაციოდ, ორას-ორასი კვადრატული არშინი სათიბი მიწა გადაეცათ ქვემო რენესა და იგოეთს. სამართალმა პური ჭამა, დროებით მტრობა დაივიწყეს და ურთიერთობები აღადგინეს.
გავიდა ხანი. ქვემო რენეს მეფისწული ბადრი თექვსმეტი წლის გახდა, გაიზარდა, დავაჟკაცდა, წვერ-ულვაში დაიყენა. ხშირად გამოდიოდა ორ სახელმწიფოს შორის მინდორზე და თანატოლებს ეჯიბრებოდა ისრის სროლასა თუ შუბის ტყორცნაში.
ზემო რენეს მეფის ასული მზიაც თექვსმეტი წლის გახდა, გაიზარდა, დაქალდა, მკერდი დაიყენა. ისიც ხშირად გამოდიოდა საზიარო მინდორზე და თანატოლებთან ერთად ხან ქსოვდა, ხან ბიჭების შეჯიბრებას ადევნებდა თვალს.
რატომღაც, თუ მზია უყურებდა, ბადრი უფრო მონდომებით ისროდა ისარს ან ტყორცნიდა შუბს. მზია კი, თუ ბადრი ვარჯიშობდა, აუცილებლად თავს ანებებდა ქსოვას და მას შესცქეროდა. ვერ გაეგოთ, ერთმანეთის დანახვაზე რატომ უჩქარდებოდათ სუნთქვა და გული ამოვარდნას რად ცდილობდა.
ბოლოს ორივე მიხვდა, რომ ეს სიყვარულის გრძნობა უნდა ყოფილიყო. შეხედეს ერთმანეთს, გაუღიმეს, ხელი ჩაჰკიდეს და, იმ დღის მერე, გაეცლებოდნენ ხოლმე ყველას და ყველაფერს და ხელჩაკიდებულები დადიოდნენ. სალაპარაკოს რა გამოულევდათ, ლაპარაკობდნენ ყველაფერზე, უზომოდ ბედნიერები.
თივის ზვინში შეერწყნენ და შეჰფიცეს ერთმანეთს ერთგულება სიცოცხლის ბოლომდე. იქვე დაეძინათ.
– სად არის ჩემი გოგოო?! – ჩამოეჭრა ზემო რენეს მეფე ამალით, ქვემო რენეს მეფეს.
– სად არის ჩემი ბიჭიო?! – უპასუხა ქვემო რენეს მეფემ.
– შენ გადამალე ჩემი გოგოო! – შეუტია ზემო რენეს მეფემ.
– შენ გადამალე ჩემი ბიჭიო! – არ დაუთმო ქვემო რენეს მეფემ.
– აბა, კომბლებიო!
– მე დავბრუნდები და გაგანადგურებო!
– შუა მინდორზე შევხვდეთო!
– კარგი, ეგრე იყოსო!
რომ გაეღვიძათ, ბრძოლა უკვე დამთავრებული იყო. მინდორი, სადაც გაიცნეს ერთმანეთი და სადაც ხელჩაკიდებული დადიოდნენ, გვამებით იყო მოფენილი. ერთმანეთს თვალებში ჩახედეს – სამშობლოსთან დადებული ფიცი ერთმანეთის მტრობას აიძულებდა, თივის ზვინში დადებული ფიცი კი – სამუდამო სიყვარულს. ფიცის გატეხა? არა, ფიცის გატეხა არ შეიძლებოდა!…
იმ მთაზე ავიდნენ. დაღამდა, მთის იქიდან ბადრი მთვარე ამოვიდა და არემარე მზესავით გაანათა. ასე იდგნენ ერთხანს ხელჩაკიდებულები, მერე თითქოს ნიშანი მისცესო – ფრთებგაშლილი ანგელოზებივით გადმოფრინდნენ მთვარის შუქით განათებულები, სანამ უფსკრულში არ ჩაიძირნენ…”


– ეხლა მე მომისმინეთო! – და მოყვა ბიძა ამბავს:
„უხსოვარ დროში, რენესანსის პერიოდში, როცა ორივე რენე ბადრისა და მზიას სიყვარულის ძალით გაერთიანდა, ცხოვრობდა ერთი ბრძენი, სახელად სამსონი. ექვს ენაზე ლაპარაკობდა სამსონი, ათ მეცნიერებას იყო დაუფლებული, არავინ იცოდა სადაური იყო: ერთნი ამბობდნენ – სპარსიაო, მეორენი – ბერძენიაო, მესამენი – ჰურიააო, მეოთხენი – ეგვიპტელიაო. ქართველს არავინ ამბობდა, არადა, ნამდვილი ქართველი იყო – გორის იმპერიიდან.
მარტო რენეელები კი არა, იგოეთელები, სამთავისელები, ოკამელები და თვით კასპიდანაც კი მოდიოდნენ მასთან ჭკუის საკითხავად. ისიც უანგაროდ, ანაზღაურების გარეშე არიგებდა ჭკუას, ასწავლიდა სწავლის მსურველთ და კურნავდა ავადმყოფებს.
ერთი ქალი მივიდა სამსონთან სამკურნალოდ:
– ამა და ამ კაცისგან ორსულად ვარ და მუცელი მომიშალეო!
– ბუნების წინააღმდეგ ვერ წახვალ, უნდა გააჩინოო!
– მერე, როგორც კი მუცელი შემეტყობა, რენეს უზენაესი სასამართლო ჩემი წაბილწვისთვის ჩემს კაცს რომ სიკვდილს მიუსჯისო?
– რას იზამ, ეგეთი ხვედრი ჰქონიაო!
შეეტყო მუცელი…
– ბავშვის მამა ვინ არისო?
– ბრძენი სამსონიო!
მოიწვიეს უზენაესი სასამართლო…
– შე გათახსირებულოო!
– შე გაფუჭებულოო!
– ბრძენი არა, მთხლეო!
არ უთქვამს სამსონს, რომ იცოდა, ვინ იყო მამა. არც ის უთქვამს, რომ ქალის დაორსულება არ შეეძლო, რადგან ბავშვობაში დაასაჭურისეს.
– სიკვდილით დასჯაო!
– კარგიო! – თქვა სამსონმა.
– არა, ბევრი კარგი აქვს გაკეთებული, სახელმწიფოდან გასახლებაო!
– კარგიო! – თქვა სამსონმა.
მტკვრის პირას გაასახლეს ჭალაში.
– შენთან არავინ მოვაო!
– კარგიო! – თქვა სამსონმა.
პატარა ქოხი ჩადგა, ისლით დახურული. ქოხის გვერდით ბოსტანი გააკეთა, მტკვარში თევზს იჭერდა და როგორღაც გაჰქონდა თავი.
რამდენიმე თვეში მოადგნენ:
– შენი ნაბიჭვარი შენა გყავდესო!
– კარგიო! – თქვა სამსონმა.
– ავადმყოფია, მაინც ვერ იცოცხლებსო!
– რომ მოკვდება, მტკვარში არ გადააგდო, თორემ დაგსჯითო!
– კარგიო! – თქვა სამსონმა.
მოუარა, გადაარჩინა, სიკვდილს ხელიდან გამოსტაცა, გამოაჯანმრთელა, ლელა დაარქვა…
იზრდებოდა ლელა, მამა-შვილი ლუკმას იყოფდა, ერთმანეთის მზეს იფიცებდა, ბედნიერებისათვის ღმერთს მადლობას სწირავდა.
ასწავლიდა უცხო ენებს, საბუნებისმეტყველო საგნებს, იურისპრუდენციას…
ისევ მოადგნენ:
– ის კაცი ქვეყნიდან წავიდაო!
– ქალმა, რომ დაინახა, კაცს ხელს ვეღარ ვახლებდით, ყველაფერი აღიარაო!
– მამა ის კაცი ყოფილაო!
– შენ თვისუფალი ხარ, შეგიძლია, სახელმწიფოში დაბრუნდეო!
– კარგიო! – თქვა სამსონმა.
არ დაბრუნდა, იქვე დარჩა თავის შვილთან ერთად, იმ ბედნიერ ქოხში.
გაიზარდა ლელა, თოთხმეტი წლის გახდა. უკვე ფიქრობდა სამსონი – რომ გათხოვდება, რა მეშველება, დარდით მოვკვდებიო! ავდგები და ბიჭს ზედსიძედ მოვიყვანო!…
ისევ მოადგნენ:
– ის კაცი ჩამოვიდა, ქალი ცოლად მოიყვანა და ბავშვს ითხოვენო!
– არაო! – თქვა სამსონმა და ჩასისხლიანებული თვალები გადმოეკარკლა.
– როგორ არა, შენ გაამზადე, ამ საღამოს მოვალთ და წავიყვანთო!…
ქოხში რომ შევიდნენ, სამსონი იქ არ დახვდათ. საწოლზე ჯერ კიდევ ხრიალებდა ყელგამოღადრული ლელა…
ხარხარის ხმა გაიგონეს და გარეთ გამოცვივდნენ. მთის იქიდან ბადრი მთვარე ამოსულიყო და არემარეს მზესავით ანათებდა, რომელსაც გაბმულად შეჰყმუოდა მგელი…
ამბობდნენ, ხან ადამიანია და ხარხარებს, სავსე მთვარეზე კი მგლად გადაიქცევა და ყმუისო…”
– ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, ეს განავალი საიდანო?
– რა ვიცი, შვილო, ალბათ ქნა ვიღაცამო!…


ამასობაში დაბნელდა და მანათობლიანი ტივტივებით გააგრძელეს თევზაობა. ანკესის ზარმა დაიწკარუნა.
– ბიჭო, მიდი, მოჩხრიკეო! – თავი ასწია და დაინახა, ზუსტად იმ მთის იქიდან ამოგორებულიყო დიდი, სავსე მთვარე. გაისმა ქორქალას კისკისი და აჰყვა მგელი გაბმული ყმუილით, მთვარით განათებულ მთის წვერზე კი გადმოსაფრენად გამზადებული, ხელჩაკიდებული ბიჭისა და გოგოს სილუეტები გამოისახა.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button