ენიგმამეცნიერებაუცნაურიუცხოპლანეტელები

მიჩიო კაკუ უცხოპლანეტელების შესახებ

ამერიკელი მეცნიერი, თანამედროვე თეორეტიკოსი ფიზიკოსი, მიჩიო კაკუ ხსნის უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ საკითხებს, მათი არსებობის შესაძლებლობასა და კონტაქტის ვარიანტებს.

– ბევრი მეცნიერი, უყურებს რა სეტის პროგრამას, ამბობს: “ხედავ, ჩვენ გამოვიკვლიეთ სამყარო და ვერ ვიპოვეთ მტკიცებულება დედამიწის გარეთ ინტელექტუალური სიცოცხლის არსებობის შესახებ.” მე ასე არ ვფიქრობ. არც ის მგონია, რომ მომავალ საუკუნეში კოსმოსიდან მომავალ რაიმე მნიშვნელოვან სიგნალს დავიჭერთ.

ჯერ ერთი, ჩვენ დედამიწის მიღმა მხოლოდ 100 სინათლის წელიწადის არეალი დავათვალიერეთ გარკვეულ დეტალებში. ჩვენი გალაქტიკა კი 100 000 სინათლის წელიწადის სიგრძისაა. ხოლო სხვა გალაქტიკები ათობით მილიონი სინათლის წლით არიან დაშორებულნი. ასე რომ ჩვენ ჩვენი გალაქტიკის მხოლოდ მახლობელი სამეზობლო გამოვიკვლიეთ. მეორეც, ჩვენ ვეძებდით მხოლოდ წყალბადის სიხშირესთან ახლოს მყოფ სიხშირეებს. ეს კი სისულელეა. ეს იმ შემთხვევას ჰგავს, როცა ადამიანი დაკარგავს გასაღებს და მის ძებნას ნათურასთან ახლოს იწყებს. თუკი ჰკითხავ: “რატომ ეძებ გასაღებს ნათურასთან, ის ხომ სხვაგან დავარდა?” ის გეტყვით: “სინათლე აქაა და აქ ვეძებ.”

ჩვენ ვეძებთ წყალბადის სიხშირეს, რადგან ის უფრო მოსახერხებელია. თუმცა ცხადია, არ ვფიქრობთ, რომ უცხოპლანეტელები აუცილებლად ამ სიხშირით გამოგვეხმაურებიან. ისინი სავარაუდოდ იყენებენ ლაზერულ ტექნოლოგიას. ჩვენ სულ ცოტა ხანია, რაც სხვა სახის სიხშირეების ძებნა დავიწყეთ. როცა კომუნიკაციას ვამყარებთ დიდი მანძილით დაშორებულ წერტილთან, ზოგჯერ სიგნალს ნაწილებად ვყოფთ. შემდეგ თითოეულ ნაწილს ვაგზავნით და ისინი გარდაქმნილი სახით მიდიან მეორე ბოლოში. ასე მუშაობს ინტერნეტი: ელექტრონული წერილი იყოფა ნაწილებად, იგზავნება სხვადასხვა ქალაქებში და გარდაქმნილი სახით მიდის დანიშნულების ადგილას. მაგრამ თუკი აიღებთ წერილის ერთ რომელიმე ფრაგმენტს, მიიღებთ აბდაუბდას.

აქედან გამომდინარე, ღია კოსმოსში უცხოპლანეტელები სიგნალს სავარაუდოდ აგზავნიან არა ერთი სიხშირით, არამედ მთელი სპექტრით. ამიტომ მოძრავი ვარსკვლავი მთლიან სიგნალს ვერ დაიჭერს. მეორე ბოლოში კი ეს სიგნალი ისევ ერთიანდება. თუ ამ სიგნალის მხოლოდ ნაწყვეტს მოისმენ, მიიღებ ქაოსს, სისულელეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ შეიძლება ვიყოთ საგალაქტიკათშორისო საუბრების შუაგულში და ეს არც კი ვიცოდეთ.

ჩვენი ტექნოლოგია იმდენად პრიმიტიულია, რომ მხოლოდ ერთი სიხშირის დაფიქსირება შეგვიძლია. არადა ნებისმიერი განვითარებული ცივილიზაცია სიგნალებს გააგზავნის ყველა სიხშირით, რათა დააკომპენსიროს გზაში შემხვედრი ვარსკვლავები, ვარსკვლავური აფეთქებები, უძრავი ობიექტები და სხვა დაბრკოლებები. ესაა ნამდვილი მეცნიერება. მაგრამ ზოგჯერ მეცნიერები განიხილავენ უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიას იმის მიხედვით, რა შეგვიძლია ჩვენ და არა მესამე ტიპის ცივილიზაციის მიხედვით, რომელიც ჩვენ მილიონობით წლებით გვისწრებს.

არსებობს ცნობილი ფერმის პარადოქსი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: თუკი არსებობენ უცხოპლანეტელები და კოსმოსური ცივილიზაციები, მაშინ სად არიან ისინი, რატომ არ ჩანან? მოდი, წარმოვიდგინოთ, რომ შუაგულ ტყეში ჭიანჭველების ბუდეა. ამ ბუდის გვერდზე კი შენდება 10 საფეხურიანი სუპერგზატკეცილი. კითხვა მდგომარეობს შემდეგში: ეცოდინებათ ჭიანჭველებს, რა შენდება და რას წარმოადგენს 10 საფეხურიანი სუპერგზატკეცილი? შეძლებენ ისინი მუშებთან კომუნიკაციას? ჩაწვდებიან ჭიანჭველები იმ ტექნოლოგიას, რომელიც მიზნად ისახავს ამ რთული კონსტრუქციის აგებას მათი ბუდის გვერდით? ახლა წარმოიდგინეთ, მიდიხართ ჭიანჭველებთან და ეუბნებით: “მე თქვენ მოგცემთ ცოდნას, მე გაგაცნობთ ბირთვულ ენერგიას, აგიხსნით დნმ-ის ტექნოლოგიას, წამიყვანეთ თქვენს უფროსთან.” ეტყვით ამას ჭიანჭველებს, როცა მათთან ურთიერთობა გექნებათ? არა, ადამიანთა უმეტესობა მათ უბრალოდ დააბიჯებს ან ყურადღებას არც მიაქცევს.

ჩვენ ვართ 0 ტიპის ცივილიზაცია. III ტიპის ცივილიზაციის წარმომადგენლებს კი შეუძლიათ ჰიპერსივრცეში (ჰიპერსივრცე – ადგილი სამყაროში, სადაც შესაძლებელია მოძრაობა სინათლის სხივის სიჩქარით) ინავარდონ. ისინი მილიონობით წლებით გვისწრებენ ჩვენ განვითარებით. სხვაობა ჩვენსა და ჭიანჭველებს შორის იგივეა, რაც 0 და III ტიპის ცივილიზაციებს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ იმდენად ქედმაღლები ვართ, იმდენად პატივმოყვარეები, რომ ვამბობთ: “ისინი უნდა გვეწვიონ ჩვენ.” ჩვენ იმდენად მნიშვნელოვნად ვთვლით საკუთარ თავებს, რომ უცხოპლანეტელებმა უნდა შეწყვიტონ ყველანაირი საქმიანობა მხოლოდ იმისთვის, რომ მოვიდნენ ჩვენთან და სუპერტექნოლოგიის მცირეოდენი მიღწევები გაგვაცნონ. მე ასე არ ვფიქრობ. ისევ და ისევ, როცა ჭიანჭველები უყურებენ სუპერგზატკეცილის მშენებლობას, მათ ჯერ ისიც კი არ იციან, რა არის სუპერგზატკეცილი. ისინი ვერც აღიქვამენ, რომ იქ რამე შენდება, ვერ შეძლებენ კომუნიკაციის დამყარებას. რომც შეძლონ, დასვამენ კითხვას: “რატომ არ მოდიან ისინი ჩვენთან? რატომ არ გვსტუმრობენ და არ გაგვაცნობენ ამ ფანტასტიკურ ტექნოლოგიას?”

ფიზიკაში ჩვენ გვაქვს რაღაც, რასაც ვეძახით ხითხითის ფაქტორს. მეცნიერულ საზოგადოებაში არასერიოზულად უყურებენ ისეთ მკვლევარებს, რომლებიც UFO-ებზე იწყებენ საუბარს. UFO-ების კვლევა მეცნიერების მესამე რელსია. ნებისმიერ მეცნიერს, რომელიც გაბედავს და სერიოზულად მოკიდებს ხელს უცხოპლანეტელების კვლევას, კარიერა უნადგურდება. მე ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ ხანგრძლივი ვადის პერსპექტივები. ბევრი მეცნიერი ამბობს, ვარსკვლავები ხომ ასე შორსაა, ასობით ათასი სინათლის წლის იქით. თუკი იქ ინტელექტუალი არსებები არიან, ამხელა მანძილი უნდა გაიარონ დედამიწაზე მოსაღწევად, რაც პრაქტიკულად შეუძლებელიაო. მე ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა, რადგან ჩვენ გვგონია, რომ ეს არამიწიერი ცივილიზაცია მხოლოდ 100-200 წლით გვისწრებს. პრობლემაც ამაშია.

აინშტაინი ამბობდა, რომ სინათლის სიჩქარე მაქსიმუმია და მას ვერ გადააჭარბებ. ეს თეორია ცნობილია, როგორც ფარდობითობის სპეციალური თეორია. მაგრამ ჩვენ უნდა გავცდეთ აინშტაინს და მივმართოთ ფარდობითობის ზოგად თეორიას, სადაც დაშვებულია ფიქრი იმაზე, რომ სინათლის სიჩქარის გადაჭარბება შესაძლებელია. და თუკი ამასაც გავცდებით და მივალთ კვანტურ თეორიამდე, ერთიანი ველის თეორიამდე, ყველაფერია მოსალოდნელი. მე ვფიქრობ, მთავარი შეცდომა, რასაც მეცნიერთა უმეტესობა უშვებს, ისაა, რომ მათი აზრით, უცხო ცივილიზაციები მხოლოდ 100-200 წლით წინ არიან ჩვენსაზე და არა ათასობით, მილიონობით წლებით წინ.

ბავშვობაში სან-ფრანცისკოს იაპონურ ჩაის ბაღში დავდიოდი, სადაც ვათვალიერებდი თხელ გუბურაში მოცურავე თევზებს. მე უფრო ახლოდან ვაკვირდებოდი მათ და ვფიქრობდი, ნეტავ როგორია 2 განზომილებაში ცხოვრება? ამ თევზს შეუძლია წავიდეს მხოლოდ წინ-უკან და მარჯვნივ-მარცხნივ. ვფიქრობდი, როგორი უცნაური კონცეფცია იქნება მისთვის ზემოთ წასვლა – მესამე განზომილებაში. განზომილებაში, რომელიც მისთვის უცხოა. დღეს ბევრი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ ჩვენ თევზები ვართ. ჩვენ ვმოძრაობთ წინ-უკან, მარჯვნივ-მარცხნივ და ზემოთ-ქვემოთ და ვამბობთ, რომ სულ ესაა ის არეები, რაც ხილულია ჩვენთვის. თუმცა არსებობს ყველაფრის თეორია, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამყაროს აღქმისთვის გვჭირდება ღვთიური გონება. არსებობს M თეორია, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვცხოვრობთ 11 განზომილებაში. ყოველ განზომილებებში არიან სიმები და მემბრანები, რომლებიც ვიბრირებენ. მიგვაჩნია, რომ სამყარო სხვა არაფერია, თუ არა პატარა საპნის ბუშტი, ბუშტი, რომელიც ტივტივებს უფრო დიდ ჰიპერსივრცეში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კოსმოლოგებს აღარ სჯერათ სამყაროსი, მათ სჯერათ მულტისამყაროსი, მეგასამყაროსი, საპნის ბუშტებისა, რომლებიც განუწყვეტლივ წარმოიშობიან და იწყებენ გაფართოებას, როგორც ხდება ეს დიდი აფეთქების დროს. ანუ ჩვენი სამყარო შეიძლება თანაარსებობდეს მრავალ სხვა სამყაროსთან ერთად.

10-15 წლის წინ ასეთი იდეები აღიქმებოდა უცნაურად და ახირებულად, ფანტასტიკად, მაგრამ ახლა აღარ. ბოლო პერიოდში დაგროვებული ცოდნა თითქმის პირდაპირ მიუთითებს ამაზე. ჩვენ გვაქვს ინფლაციის თეორია, რომლის მიხედვითაც სამყარო ძალიან სწრაფად ფართოვდება და ამის ახსნის ერთადერთი გზა არის ის, რომ ის საპნის ბუშტია. საპნის ბუშტი, რომელიც არსებობს სხვა ბუშტებთან ერთად მულტისამყაროში, სამყაროების მეგასამყაროში.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button