ტარდება ტექნოლოგიის გამოცდა, რომლის მეშვეობითაც 30 წუთით ადრე ხდება ტორნადოსა და კოკისპირული წვიმების პროგნოზირება
ტოკიოში დაიწყო რეალურ დროში ამინდის პროგნოზირების სისტემის გამოცდა. ტექნოლოგია დაფუძნებულია მეტეოროლოგიური რადიოლოკატორებისა და ციფრული რადიოტალღების მონაცემებზე და შეუძლია 20-30 წუთით ადრე მოახდინოს ძლიერი წვიმისა და ტორნადოს პროგნოზირება.
სისტემა დაკავდება ეგრეთ წოდებული „პარტიზანული წვიმის“ პროგნოზირებით – ეს არის ნალექები, რომლებიც ყალიბდება წყლის ორთქლით და საკმაოდ რთულია მათი პროგნოზირება. მაგალითად, ამჟამად არსებული მეტეოროლოგიური სისტემები ამ დავალებას ვერ უმკლავდებიან.
სისტემის აგებას ახორციელებს იაპონიის ეროვნული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინსტიტუტი (NICT) – სხვა სახელმწიფო და კერძო კომპანიებთან ერთად. იგეგმება, რომ სისტემა ამოქმედებული იქნება 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის.
ამინდის პროგნოზირება ხორციელდება მრავალპარამეტრიანი მეტეოროლოგიური რადარით, ფაზირებული ბრტყელი ანტენით, რომელიც რადიოტალღებს უფრო ფართო დიაპაზონში ასხივებს, ვიდრე ტრადიციულ რადარებზე არსებული ჩვეულებრივი, ჩაღრმავებული, ფინჯნის ფორმის ანტენები. ყოველ 30 წამში ხდება ღრუბლების სტრუქტურის სამგანზომილებიანი სკანირება.
ამავე მიმართულებით სიახლე აქვთ ჩინელებსაც. მათ ისტორიაში პირველად გაუშვეს უპილოტო რაკეტა-ზონდი მეტეოროლოგიური დაკვირვებებისთვის. აპარატი საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს იმ რაიონების ატმოსფერული მოვლენები, რომლებიც სხვა ზონდების კონტროლს გარეთ იმყოფება.