მეცნიერების აზრით ბირთვული ენერგია ერთადერთი საშუალებაა კლიმატური კატასტროფის თავიდან ასარიდებლად
იმისათვის, რომ შემცირდეს ნარჩენები და პლანეტა გლობალური დათბობისგან დაიცვან, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ცდილობს გადავიდეს ენერგიის განახლებად წყაროებზე. ამისათვის აგებენ მზისა და ქარის ელექტროსადგურებს, რომლებიც დედამიწის ფართობის დიდ ნაწილს იკავებს. თუმცა მეცნიერები თვლიან, რომ ამგვარ წყაროებს არ შეუძლიათ შეაჩერონ კლიმატური კატასტროფა ისე სწრაფად, როგორც საჭიროა – ნარშირბადის კონცენტრაცია ძალიან ნელი ტემპით შემცირდება. ამგვარად, მზის და ქარის ენერგიის საუკეთესო ალტერნატივად ითვლება ბირთვული ენერგია და ამაზე საუბრობენ როგორც მეცნიერები, ასევე ცნობილი პირები, მაგალითად ბილ გეითსი.
image.jpeg
იანვრის დასაწყისში პოლიტოლოგმა ჯოშუა გოლდშტეინმა და ენერგეტიკოსმა სტეფან კვისტმა გამოაქვეყნეს ესსე, რომელშიც ახსენეს კლიმატოლოგების ყველაზე საშინელი პროგნოზი: კლიმატში გარდამტეხი მომენტი დადგება 30 წელში. მეცნიერები თვლიან, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მსოფლიოს ყველა ქვეყანა გერმანიის მაგალითს მიბაძავს და დანერგავს რაც შეიძლება მეტ განახლებადი ენერგიის წყაროს, სამყაროს 150 წელიწადზე მეტი დასჭირდება, რომ პლანეტა ნორმალურ პირობებში მოექცეს. მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ქარისა და მზის ელექტროსადგურების აშენებისთვის საჭირო იქნება დედამიწის ფართობის დიდი ნაწილის დაკავება.
მსოფლიოს სჭირდება ელექტროენერგიის უსაფრთხო წყარო, რომელიც ძალიან სწრაფად გახდება უზარმაზარი მასშტაბის მქონე და უზრუნველყოფს უწყვეტ ელექტრომომარაგებას მიუხედავად ამინდისა – თანაც ეს უნდა მოხდეს ელექტროენერგიის წარმოებისთვის განკუთვნილი არეალის გაფართოების გარეშე.
გოლდშტეინი და კვისტი მიიჩნევენ, რომ ბირთვული ენერგია ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს. მათი აზრით, ჩერნობილის კატასტროფის შემთხვევამ მეტად შეუშალა ხელი ბირთვული ენერგეტიკის განვითარებას. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქება ერთად ერთი შემთხვევაა ბოლო 60 წელიწადში და მან იმაზე ნაკლები ადამიანი შეიწირა, ვიდრე სხვა საწარმოო ავარიებმა. ისინი აგრეთვე თვლიან, რომ ბირთვული ენერგეტიკა გამოჰყოფს იმდენად მცირე ნარჩენებს, რომ ისინი უბრალო ქილაშიც კი ჩაეტევა.
ბირთვული ენერგიის აქტიურად გამოყენების მომხრეა ბილ გეითსიც. თავის 2019 წლის მიზნებში მან ჩაინიშნა აშშ-ის ხელისუფლებასთან შეთანხმება ბირთვული ენერგიის გამოყენების გაზრდის შესახებ. 2018 წლის აგვისტოში მან გაახმაურა განზრახვა, რომ სურდა აეშენებინა მინიატურული ბირთვული რეაქტორები – ე.წ. TerraPower-ები, თუმცა ხელისუფლებამ მას არ მისცა ამის განხორციელების ნება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.