CoinMarketCap-ი წარმოგიდგენთ ახალ საზომს კრიპტოვალუტებისთვის
კრიპტოსავალუტო ბაზრის მონაცემების პლატფორმა CoinMarketCap-მა დაამატა ახალი საზომი კრიპტო პროექტების ფუნდამენტალური საფუძვლის შესაფასებლად.
ახალი სარეიტინგო სისტემა, სახელად Fundamental Crypto Asset Score (FCAS), ზომავს კრიპტოვალუტების „ჯანსაღ“ პროექტებს მომხმარებლების აქტიურობის, დეველოპერების ქმედებებისა და ბაზრის მომწიფების საფუძველზე. ძირითადად, სერვისი იძლევა პროექტის ზრდა-განვითარების შესახებ წარმოდგენას:
„ჩვენ ვიღებთ შესაბამისი პროექტების ნედლ, დაუმუშავებელ ბლოკჩეინ-მონაცემებს და ვაანალიზებთ. მას შემდეგ, რაც „გავასუფთავებთ“, გავაანალიზებთ და აღვადგენთ ნედლი მონაცემების ელემენტებს, მათ ვაერთიანებთ სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ბაზრის მონაცემებთან“.
მომხმარებლის აქტიურობა მოიცავს მის ყველანაირ ქმედებას კონკრეტულ კრიპტოვალუტასთან მიმართებაში და მასში აგრეთვე ჩართულია პროექტის გამოყენების ფაქტორები და ქსელური აქტივობა. შეფასება გამოითვლება კონკრეტული ბლოკჩეინის აქტიურობის ანალიზითა და საფულეების მისამართების მარკირებით, რათა განისაზღვროს მომხმარებლების, ბირჟების, კონტრაქტებისა და სხვა მონაწილეების რაოდენობა.
დეველოპერის ქცევა მიუთითებს აქტიურობისა და ეფექტურობის დონეზე მწარმოებელთა შორის და მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა კოდის შეცვლა, კოდის გასწორება და თანამონაწილეობა ქომიუნითიში.
ბოლო კრიტერიუმი – ბაზრის სიმწიფე – განისაზღვრება რისკის ფაქტორებითა და თანხის მიწოდების მასით. როგორც წესი, საზომი ასახავს იმას, რომ კრიპტო აქტივს შეუძლია უზრუნველყოს სტაბილური შემოსავლიანობა სხვადასხვა საბაზრო სცენარის განვითარების შემთხვევაში, რაც ხორციელდება საბაზრო რისკების შეფასებისა და ფულადი მასების სტაბილურობის ანალიზის გაერთიანებით თითოეული კრიპტოვალუტის შემთხვევაში.
პროექტს მხარდაჭერას უცხადებენ კრიპტო სამყაროს ისეთი მოთამაშეები, როგორებიცაა წამყვანი ამერიკული კრიპტო ბირჟა Coinbase, ვენჩურული კაპიტალის კომპანია Digital Currency Group, აგრეთვე კომპანია True Ventures – სილიკონის ველიდან.
სტატიის ბეჭდვის მომენტში 1–1,000 health points სკალა გვიჩვენებს, რომ ლიდერი კრიპტოვალუტა Bitcoin-ის „სიჯანსაღის“ (health) მაჩვენებელია 885, Ethereum-ისა კი – 909 პუნქტი. ბაზრის კაპიტალიზაციის სიდიდით მესამე კრიპტოვალუტა Ripple (XRP) health scale-ზე 751 ქულით ფიქსირდება.
სტაბილური მონეტა (stablecoin) Tether-ის მაჩვენებელი, რომელმაც მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ მას უკვე აღარ შეუძლია მხოლოდ აშშ დოლარით იყოს გამყარებული, შეადგენს 435 ქულას, რის გამოც იგი შკალაზე “F” კატეგორიაშია განთავსებული.