პოეზია

მაკო ჯანჯიბუხაშვილი სირცხვილი, როგორც ხსნა

ყველანი ვალდებულნი ვართ, გვრცხვენოდეს,

ვინაიდან იმ სამყაროში,სადაც ვცხოვრობთ,

უამრავი ადამიანია, რომელსაც ჩვენზე მეტად

სცივა, სტკივა, შია და ვერაფერს ვშველით.

ამასთან, სირცხვილი უსირცხვილობაზე

უკეთესია, ამ დროს ჯერ კიდევ არსებობს

ზნეობრივი გადარჩენის შანსი, რაც,

შესაძლოა, ხსნადაც იქცეს

მორჩილების და თვითგვემის ის ფორმა, რომელიც ჯონ მაქსველ კუტზეეს “სირცხვილშია” გადმოცემული, ალბათ, იდიოტიზმის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ესეც ხომ ჭეშმარიტი ქრისტიანობის ერთ-ერთი სახეა _ მორჩილება და თავს გადამხდარი ყველა მოვლენის მიღება განცდით: “იყავნ ნება შენი, უფალო?!”

მანამდე კი დოსტოევსკი ქმნიდა ასეთი “იდიოტური” მორჩილებისა და სიყვარულის რომანებს. საყოველთაო კეთილშობილება, რომელიც ბოროტებასაც ფარ-ხმალს აყრევინებს, რომელიც ყველას, განურჩველად ზნეობისა და მდგომარეობისა, აღიარებინებს ამ სიკეთის მატარებელს – მიშკინს.

 კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორის დევიდ ლურის რუტინულ ყოველდღიურობას მეძავთან ურთიერთობა აფერადებს, კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით. პირობითი სახელით ცნობილი მეძავი სორაია მის სექსუალურ თუ სენსუალურ ცხოვრებას საკმარის კმაყოფილებას სძენს, მაგრამ, ერთხელაც, ეს ურთიერთობა მთავრდება, ხოლო მარტოხელა და “თავნება” პროფესორი საზოგადოებრივ ნორმებს ღალატობს და სტუდენტ გოგონასთან აბამს რომანს, უფრო ზუსტად, – იწყებს ახალ სექსუალურ ურთიერთობას. სწორედ ამ ახალ ურთიერთობას მოჰყვება სკანდალი, რის გამოც შუა ხნის (52 წლის) პროფესორი სამსახურსაც კარგავს და საზოგადოების კეთილგანწყობასაც. პურიტანული საზოგადოება, როგორც წესი, აქაც ფარისეველი და აუტანელია და “ცოდვილი” პროფესორი თავისი შეუვალობით უფრო მეტ სიმპათიას იმსახურებს. საყურადღებოა, რომ სწორედ ამ შეუვალობის გამო აგდებენ დევიდ ლურს სასწავლებლიდან და არა – ჩადენილი დანაშაულისთვის. ასეა თუ ისე, უსამსახუროდ დარჩენილი მარტოხელა კაცი თავის ერთადერთ ქალიშვილთან მიდის დროებით თავის შესაფარებლად. ის კი შორეულ, ბნელ პროვინციაში ცხოვრობს, რაღაც კომუნისმაგვარ სოფელსა თუ თემში, ეწევა სოფლის მეურნეობას და ურთიერთობა უხდება ადგილობრივ შავკანიანებთან. მოქმედება სამხრეთ აფრიკაში მიმდინარეობს, ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც კოლონიად აქცია ინგლისმა. ლურები დამპყრობელთა შთამომავლები არიან, ადგილობრივი შავკანიანები კი – დაპყრობილნი და ამ ადგილის კანონიერი მფლობელნი. როგორ უდგება ამ საკითხს ლუსი ლური, მიუხედავად აფრიკელთა მხრიდან მის მიმართ  განხორციელებული არაადამიანური ძალადობისა, სწორედ ამ ეთიკურ საზრისზეა აგებული რომანი.

განსხვავებით ლუსისგან, დევიდი ინტელექტუალური ცხოვრებით ცხოვრობს, იგი კომუნიკაციის სპეციალისტია (რაც ერთგვარი ირონიის საგანია, რადგან სწორედ კომუნიკაციის დეფიციტში ვითარდება რომანის დრამა) და, ამავე დროს, ლიტერატურას ასწავლის სტუდენტებს. იგი ორ თემას უტრიალებდა თავისი მეცნიერობის და პედაგოგობის პერიოდში – ერთი უილიამ ურდსუორთის შემოქმედება და სამყარო იყო, მეორე კი – ჯორჯ ბაირონის სასიყვარულო რომანი იტალიელ ტერეზა გვიჩიოლისთან, ახალგაზრდა, თითქმის პრიმიტივ ქალთან, რომელიც ბაირონთან ურთიერთობამ შემოუნახა ისტორიას. ამ თემაზე მუშაობისას დევიდ ლური უთუოდ ავლებდა პარალელს თავის მრავალრიცხოვან სასიყვარულო ურთიერთობებსა და დიდი ინგლისელის, ასევე, მრავალრიცხოვან რომანებს შორის. ამბიცია, ყოფილიყო სხვაზე უკეთესი და არა – რიგითი, თითქოს ამ ურთიერთობებითაც იკვებებოდა. პარალელურად კი, განსაკუთრებით იტაცებდა და აღაფრთოვანებდა უორდსუორთის სუფთა, შეურყვნელი სამყაროს დიდებულება, რომლისკენაც მხოლოდ რაციონალური ლტოლვა გააჩნდა და არა – პრაქტიკული.

მკითხველი ადვილად ხვდება, რომ დევიდ ლურის პრობლემა უფრო ინდივიდუალურია და პიროვნული კრიზისიდან მომდინარეობს და არა – გარე-ფაქტორებიდან. მას ვერც პროფესიაში უპოვია მყარი საყრდენი, ვერც – პირად ცხოვრებაში, ამიტომაც პროტესტი უფრო ძლიერია და, თითქოს, იოლად ელევა სამყაროს, სადაც ცხოვრობს.

შუახნის კაცის ყველაზე ამაღელვებელი და წმინდა სიყვარული ქალიშვილს ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არანაკლებ ღრმა და ამოუვსები უფსკრულია. ქალიშვილი, რომლის სახელია ლუსი, მამისთვის ამოუცნობია, მიუწვდომელი, თუმცა – ყველაზე სასურველიც. მწერალი უმშვენიერესი ეპითეტით ამკობს მას: “ლუსი იყო მისი დაგვიანებული სიჭაბუკის პატარძალი”. ეჭვი არ არის, ეს სახელი (ლუსი) მწერალმა სწორედ უორდსუორთის ლექსის პერსონაჟს დაესესხა – ტრაგიკულ და უბედურ გოგონას.

უვალ გზებს შორის ის ბინადრობდა

ნაკადულების პირად,

ქალწულთან ყოფნას არვინ ნატრობდა,

იყო ეულად, მწირად.

თითქოსდა ჰგავდა პატარა იას,

ხავსიან ქვებში მალულს,

ან ვარსკვლავს, ცაზე რომ იწყებს ციალს

და გვფენს სინაზეს ქალურს.

იყო ეული, ვერვინ გაიგო

როდის წავიდა ლუსი,

მისი სხეული მიწამ წაიღო,

ჩამიქრა სხივი გულში.

ლუსი საკუთარი ნებით ცხოვრობს მიყრუებულ თემში და ადგილობრივების ცხოვრების სიმძიმეს იზიარებს, ნებაყოფლობით ერთვება და ემორჩილება თემის წესებსა და კანონებს. დევიდის ჩასვლამდე თითქოს არაფერი ხდება ისეთი, გარდა იმისა, რომ თავად ყოფაა მძიმე და დამთრგუნველი, ვერც წინსვლაზე იფიქრებს იქ ჩასული ადამიანი, ვერც უპირატეს საზოგადოებრივ მდგომარეობაზე. მამისთვის აბსოლუტურად გაუგებარია ლუსის მისწრაფებები, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ადგილობრივები დაესხმიან თავს და საშინელი სისასტიკით შეურაცხყოფენ მამა-შვილს. ამ ფაქტის შემდეგაც არ იცვლის ლუსი “მსოფლმხედველობას”, თუ შეიძლება მის გამოუთქმელ და ვერბალურად გამოუხატავ მიზანს მსოფლმხედველობა დაერქვას. მის შემდეგ მამა-შვილს შორის გაუგებრობა უფრო მატულობს, მაგრამ შვილი თუ ადვილად ელევა მამას, ამ უკანასკნელისთვის ქალიშვილის მიტოვება, მით უმეტეს, ასეთ ბნელ და მტრულ გარემოში, სადაც უკიდურესი სისასტიკით შეუძლიათ მოპყრობა, წარმოუდგენელია. ამიტომ “თემიდან” წამოსული ყოფილი პროფესორი მხოლოდ დროებით შორდება შვილს, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი გაიგო მისი მისწრაფების, მისი თავდადრეკილი მორჩილების.

მამისა და შვილის, მით უმეტეს, მამისა და ქალიშვილის ურთიერთობის სინაზესა და საფრთხეზე, ტრაგიზმზეც კი, ჯერ ფროიდმა “დააფრთხო” დასავლელი ადამიანი, მერე, არანაკლებ მწვავე და შემაშფოთებელი წიგნიც გამოჩნდა (მაქს ფრიშის “ჰომო ფაბერ”, რომელსაც სხვა პრობლემებიც ედო საფუძვლად, თუმცა მაინც გამოდგება ფსიქოანალიზის სკოლის თეორიის “განმტკიცებისთვის”), მაგრამ კუტზეესთან ფროიდისტული აღმოჩენა უკვე “მონელებულია” და მამა მშვიდად, რამდენადაც შესასძლებელია აქ სიმშვიდე, ფიქრობს თავისი ქალიშვილის სექსუალურ მისწრაფებებზე და მხოლოდ ძალადობისგან დაცვა სურს მისი და არა,ზოგადად, – სექსუალური ურთიერთობებისგან. ამიტომაც მათი ურთიერთობა ამ მხრივ ჯანსაღია, არ არის აგებული კომპლექსების “რისხვაზე”. მამა ცდილობს შვილის დაცვას ზოგადი სისასტიკისგან, უთანასწორობისგან და არა – მამაკაცებისგან. შვილის არგუმენტი, რატომ არ უნდა დაიცვას თავი მოძალადეებისგან, იმდენად პასიურად არის გამოხატული, იმდენად გაბუნდოვანებული და, ერთი შეხედვით, “ველურიც” კი ჩანს, რომ მხოლოდ იდუმალება გამოდგება სამოსად და ასეც “შემოსა” მწერალმა – ლუსის პასუხია – “შენ ამას ვერ გაიგებ”. რატომ ვერ გაიგებს, მკითხველმა უნდა ახსნას ვარაუდებით.

შეიძლება ითქვას, პროფესორ ლურის სირცხვილი, რაც სტუდენტ გოგონასთან სექსუალური ურთიერთობის შედეგია, სირცხვილის ვიწრო ფორმაა და სიმბოლურად ფართოვდება იმ სირცხვილამდე, რის გამოც ასეთ თვითგვემას ეძლევა ლუსი ლური – მოძალადე პროფესორის “კომუნისტი” ქალიშვილი (“კომუნისტს” თემური ყოფის ანუ კომუნის  მომხრეობის გამო ვუწოდებ და არა – პარტიული კუთვნილების გამო), ეს არის სირცხვილი იმ ძალადობისთვის, უფრო სწორად, ლუსის მხრიდან პასუხისმგებლობის აღება იმ სირცხვილზე, უფრო ზუსტად კი, იმ სამარცხვინო ძალადობაზე, რაც სამხრეთ აფრიკაზე განახორციელა ინგლისმა და რის გამოც აფრიკელ აბორიგენებში ასეთი ზიზღი “სუფევს” კოლონიზატორთა შთამომავალი მამა-შვილისადმი. მწერლის ნიჭიერების წყალობით ინდივიდუალური დრამა იმდენად ორგანულად არის შერწყმული ზოგად-ეროვნულთან, რომ შესაძლოა, “უკანა პლანი” ან “ქვედა შრე” არც “წაიკითხო”. ეს უმარტივესი სიუჟეტი, უფრო ზუსტად, ეს უბრალო ამბავი, რაც რომანს საფუძვლად უდევს, თავისთავადაც იმდენად ამაღელვებელია, რომ ბაირონისა და ტერეზა გვიჩიოლის რომანი ანდა ინგლის-აფრიკის “ძალადობრივი ქორწინება” შესანიშნავად მიედინება “მეორე არხში” ისე, რომ მკითხველს არ უხდება ტვინის ჭყლეტა და სიმბოლოთა გაშიფვრაზე ფიქრი. შეიძლება ითქვას, მწერალი უმარტივესი მხატვრული ფორმებით აღწევს შედეგს. თუმცა კვლევისთვის, რა თქმა უნდა, სწორედ ეს შიდა დინებები და სიმბოლური პლასტებია საინტერესო, სწორედ აქ “მდებარეობს” მწერლის სიდიდის გასაღები.

კუტზეეს თავისებურების ერთი ნიშანი ისიც არის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანს მინიმალურ ყურადღებას უთმობს და, შესაძლოა, დაუკვირვებელ მკითხველს მხედველობიდანაც კი გამორჩეს.

მოკლედ, რომანის დრამა, თუ ერთი მხრივ, შერცხვენილი პროფესორის ბედს ეხება, მეორე მხრივ უფრო მასშტაბური და ზოგადია და იგი სხვადასხვა კულტურათა, სხვადასხვა პოლიტიკურ მდგომარეობათა, სხვადასხვა სოციალურ ფენათა, ანუ, ზოგადად, უთანასწოროთა ურთიერთობების სირთულეზეა აგებული. მაგრამ ეს უთანასწორობა, შესაძლოა, ბუნებრივი, ანუ ობიექტური მოცემულობით იყოს გამოწვეული, დავუშვათ, უნივერსიტეტს პროფესორი, თავისთავად, უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე გლეხი და ა.შ. მაგრამ ამ უთანასწორობას თავისი სოციალური და, ერთგვარად, “კანონიერი” საფუძველიც აქვს – საზოგადოება უფრო მეტად აფასებს განათლებულ ადამიანს, ვიდრე გაუნათლებელს, ანდა, თეთრს, ვიდრე – შავს (რასას) და ა.შ. ამ უთანასწორობას, ბუნებრივია, სოციალ-პოლიტიკური სარჩული უდევს და პოლიტიკასვე ძალუძს მისი “გასწორება”, მაგრამ არსებობს მდგომარეობა, რომელიც აბსოლუტურად ინდივიდუალურია და სწორედ ამ უკანასკნელის შეუზღუდავობაზეა დამოკიდებული ადამიანის თუ საზოგადოების ჭეშმარიტი თავისუფლება. კუტზეე ერთ პაწაწინა ეპიზოდში  საუბრობს ამ თემაზე და სხვაგან აღარც აგრძელებს – ეს არის ბუნებითი მოცემულობის, როგორც ერთგვარ სიწმინდემდე ამაღლებული თავისებურების, თუგინდ, ინდივიდუალობისადმი პატივისცემა, მისი დაცვის სურვილი, რაკიღა ამ ბუნებითობაში ვლინდება ერთი კერძო არსება, თუმცაღა ძალადობრივი სამყარო სწორედ ამის წინააღმდეგ ილაშქრებს ხშირად, რადგანაც ინდივიდის მისწრაფება საყოველთაოდ აღიარებულ წესებსა და ნორმებს შეურაცხყოფს.

ერთ-ერთი უმთავრესი მოტივი, რომელიც გაშლილია რომანში და უკავშირდება პიროვნების თავისუფლება-ანტითავისუფლებას, ნებას და ნების წინააღმდეგ ბრძოლას, ძირითადად პიროვნების პრობლემას უკავშირდება, თუმცა, რაკიღა ამბავი “გაბოროტებულ კოლონიაში” მიმდინარეობს, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ მწერალი ირიბად სძენს ამ პრობლემას პოლიტიკურ ელფერს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, პოლიტიკურ კონტექტსსაც არგებს. ერთ ეპიზოდს მოვიხმობთ სანიმუშოდ, სადაც დევიდი ესაუბრება ლუსის:

“პატარა რომ იყავი, კენილვორტში ვცხოვრობდით. ჩვენს მეზობლებს ოქროსფერი რეტრივერი ჰყავდათ… ხვადი იყო. როგორც კი ახლომახლო ძუ გამოჩნდებოდა, მაშინვე ყველაფერი ავიწყდებოდა, სრულიად უმართავი ხდებოდა და პატრონები პავლოვისებური რეგულარობით სცემდნენ. ასე გრძელდებოდა დიდხანს. ბოლოს ძაღლმა უკვე აღარ იცოდა, რა ექნა. როგორც კი ძუკნას სუნს იკრავდა, აქეთ-იქით აწყდებოდა, ყურებჩამოყრილი, კუდამოძუებული წკმუტუნებდა და ცდილობდა, დამალულიყო…… ამ სანახაობაში იყო რაღაც ისეთი სამარცხვინო, რაც მე სასოწარკვეთილებაში მაგდებდა. ძაღლი, შესაძლოა, დასაჯო რაღაც დანაშაულისათვის, მაგრამ სურვილი სულ სხვა რამეა… კენილვორტის სანახაობაში სამარცხვინო ის იყო, რომ საცოდავმა ძაღლმა თავისი ბუნება შეიძულა. მას ცემა აღარ სჭირდებოდა, მზად იყო, თავად დაესაჯა საკუთარი თავი”. დევიდი იმასაც ამბობს, რომ მძაფრი  ვნებების დათრგუნვა უმკაცრესი სასჯელია, რომ დათრგუნული ვნებები სიმახინჯედ იქცევა და, ალბათ, არ არის საფუძველს მოკლებული, თუ ამ დებულებას მივუსადაგებთ დაპყრობილი აფრიკელების ქცევის სიმახინჯეს – ოდესღაც ისინი დათრგუნეს, მათ ბუნებრივ ვნებებს ლაგამი ამოსდეს. როდესაც ლუსისთან ერთად აანალიზებს თავდამსხმელების სისასტიკეს, დევიდი ასეთ დასკვნამდე მიდის: “მათი სახით ისტორია ლაპარაკობდა, პირადული არაფერი იყო, ყველაფერი წინაპრებისგან მოდიოდა”. ასეა გადაჯაჭვული ერთმანეთზე ინდივიდუალური დრამა თუ პოლიტიკური ბედისწერა, რაც მახინჯი ფორმებით ახდენს თავისი “სამართლიანობის აღდგენას” ოდინდელი უსამართლობის პასუხად.

დევიდი ადამიანის ქცევის ერთ-ერთ სერიოზულ გამართლებად მიიჩნევს “სურვილს”, როგორც პიროვნების ინდივიდუალური ბუნების მახასიათებელს, თუმცა ლუსის შეკითხვაზე პასუხობს, რომ ზოგჯერ სურვილი ეჩვენებოდა ტვირთად, რომლის გარეშეც ადამიანი მშვენივრად გაძლებს. ლუსი სწორედ ამ თვალსაზრისს იზიარებს – სურვილებზე აქვს ხელი აღებული და აბსოლუტურად ნაცრისფერ, მოძალადე სოციალურ ყოფასაც კი ეგუება. ეს თვითგვემაა და, როგორც ვხედავთ, აქ ჰპოვა ლუსიმ გამოსავალი თუ თავშესაფარი (თუ შეიძლება ამას თავშესაფარი ეწოდოს). თვითვემის უკიდურეს ზღვარს აღწევს ლუსის გადაწყვეტილება – გააჩინოს ბავშვი, რომელიც ძალადობის შედეგად ჩაესახა, ბავშვი, რომლის მამა არც კი იცის, ვინ არის (რადგან ჯგუფური ძალადობის მსხვერპლია), მიუხედავად იმისა, რომ ყველა საფუძველი არსებობს ამ ბავშვის “მოშორებისთვის”.

საგულისხმოა, რომ თუ ადგილობრივები მტრულად არიან განწყობილნი თავის დროზე მისიონერული მიზნით შემოსული დამპყრობლების შთამომავლობისადმი, არც “მისიონერებს” აქვთ ნაკლები მიზეზი, ნაწყენები იყვნენ უმადურ “მოწაფეებზე”, რაკიღა ჰუმანურობისა ვერაფერი შეასმინეს და ამ გათანაბრების განცდით, ეგებ, ლუსისაც ეპოვა გამოსავალი იმ სიბნელიდან, მაგრამ “სირცხვილის”, როგორც ახალი მხატვრული ტილოს ერთი უდიდესი ღირსება, ვგონებ, სწორედ ის არის, რომ ავტორმა ლუსის თვითგვემა შემოგვთავაზა (ეგებ, მთელ თანამედროვე კაცობრიობას), რათა ვიგრძნოთ პასუხიმგებლობა იქაც კი, სადაც ჩვენი ცოდვა თუ დანაშაული ან საერთოდ არ არსებობს, ანდა მინიმუმამდეა დაყვანილი, სადაც, შესაძლოა, პირიქით, ჩვენც ვიყოთ მსხვერპლნი. ანუ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენზე ძალადობენ, შეგვრჩეს სიბრალულის ანდა შემწყნარებლობის გრძნობა.

შესაძლოა, ეს თვითგვემა იდიოტიზმამდეც კი მიდის და ძალზე ამაზრზენია, მაგრამ ეს ინდივიდუალური არჩევანია, რომელსაც ყველა ადამიანი ვერ გაიზიარებს, თუმცა, განკითხვითაც ვერ განიკითხავს. ასეთი თვითგვემა მხოლოდ ქრისტიანულ სხვერპლს თუ გაგვახსენებს. ქალიშვილის თვითგვემით შეძრული დევიდი ეუბნება მას: “შენ გინდა, წარსულის სიბილწე გამოისყიდო, მაგრამ ამას ამ გზით ვერ მოახერხებ”, მაგრამ ეს შეგონებაც არაფერს აძლევს ლუსის, ის თვლის, რომ, უბრალოდ, მამამ არ იცის, “რა მოხდა”. ერთი პირობა, იმასაც იფიქრებ, რომ მწერალმა საგანგებოდ შეარჩია თვითმგვემი პერსონაჟად ქალი, რადგან ამ გზით მამაკაცებრივ საწყისს გაუმართა პოლემიკა, ამავე დროს, თანამედროვეობის ერთი აქტუალური პრობლემაც წამოსწია – ფემინიზმი, რასაც თავისი ობიექტური გამართლებაც გააჩნია.

მნიშვნელოვანია მწერლის მიერ პრობლემის “გადაწყვეტა” _ თმობს მამა, შვილი ისეთ გზას ადგას, რომელსაც ვერ გადაუხვევს, ვინაიდან ეს იდეაც კი არ არის (როგორც თავად ამბობს ლუსი), ეს, უბრალოდ, მისი ცხოვრებაა, რომელსაც ვერ მიატოვებს, მის მიერ გასავლელი გზაა, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა გაიაროს, რათა საკუთარი თავის პატივისცემა შერჩეს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად უაღრესად დამთრგუნველი, საშინელ უსუსურობამდე დაყვანილი უსიხარულობისა, დევიდი ინტელექტუალურად, ლუსი კი ფიზიკურად, მაინც იქმნიან ერთგვარ თავისუფალ სივრცეს, სადაც სულის მოთქმა შეუძლიათ. განსაკუთრებით შთამბეჭდავია და მრავალპლანიანი ბაირონისა და ტერეზა გვიჩიოლის რომანის რეპროდუცირება, როგორც, ერთი მხრივ, დევიდის შემოქმედებითი ინტერესისა, მეორე მხრივ კი, კვლავაც,  პოლიტიკური მოტივაციის შეფარულად თქმისა. ბაირონი, რომელიც, ერთი მხრივ სურვილებისა და ვნებების ტრფიალია, მეორე მხრივ, კი – თავისივე სამშობლოს მიერ დაპყრობილი საბერძნეთის სოლიდარობისთვის თავგანწირული. კუტზეეს, როგორც უაღრესად დახვეწილ ინგლისურენოვან მწერალს, შეუძლია ასეთი მაღალზნეობრივი განცხადება გააკეთოს: “სულ უფრო და უფრო რწმუნდება (საუბარია დევიდზე), რომ სამხრეთ აფრიკაში სიმართლის სათქმელად ინგლისური შესაფერი ენა არ არის”.

უცნაურ ფინალსაც მოუნახავს ბაირონისა და ტერეზას სასიყვარულო ისტორიას: “შესაძლოა, უსიხარულო ტრიო (ბაირონი, ტერეზა და მისი ქმარი) სწორედ აქ გაცოცხლდეს, სამხრეთ აფრიკაში” _ საბერძნეთში დაღუპული ბაირონი, როგორც ხსნა კოლონიზატორი ინგლისის სირცხვილისა.

აქვე იმასაც დავძენ, რომ დევიდი თავის ნაწარმოებს მუსიკალურ ფორმაში ქმნის, ვინაიდან ვერბალური ენა, როგორც ერთგვარი პოლიტიკური კუთვნილება, რამდენამდე შერყვნილი და ზნეობრივად უუფლებოა, უფრო სწორად, ზნეობრივად მიუღებელია. ხოლო როდესაც ბაირონის, ტერეზასა და მისი ქმრის სიყვარულის სამკუთხედს ერთგვარ “ხსნას” მოუძებნის, ახალ ჟანრსა და ახალ ფორმებში შეასხამს ხორცს, შედეგსაც “მოკრძალებულს” უნდა ელოდეს: “რომ ბგერების ქაოსიდან მოულოდნელად ამოფრინდება უკვდავი ვნებების ტოლფასი ერთადერთი ჭეშმარიტი ნოტი”. ამ ერთადერთ ნოტს ეძებდა ადრიან ლევერკიუნიც, როდესაც მსოფლიო ბოროტების წინაშე აღმოჩნდა თავისი ტრაგიკული ბედით და მუსიკით. მუსიკა, როგორც უნივერსალური ენა, რომელიც მხოლოდ სულის პირისპირ თუ დადგება, როგორც სიწმინდე, როგორც  მორალური ვალდებულებებისგან თავისუფლება, როგორც ინდივიდუალური მშვენიერება, რომელსაც ერთადერთი ჭეშმარიტი ნოტი გამოხატავს.

ბოლოთქმასავით

ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი ის წიგნია, რომელიც ჩვენს თანამედროვეობას, ჩვენს ყოფას, ჩვენთვის მტკივნეულ თემებს თუ პრობლემებს ეხმიანება და თავისებურ ორიენტირს გვთავაზობს. ასე რომ შეგვეხედა: უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე დაშვებული შეცდომებისა თუ დანაშაულებებისათვის, როგორც წესი, სულ სხვას ვკიცხავთ, საკუთარ შეცდომას ან ვერ ვხედავთ, ან ისე ვალამაზებთ, რომ შეცდომისგან აღარაფერი რჩება, არადა, ერთადერთი, რაც მცირედ მაინც გვიშველის და სწორ გზაზე დაყენების შანსს გაგვიჩენს, არის სირცხვილის განცდა იმის გამო, რაც ხდებოდა, რაც მოხდა და რაც, შესაძლოა მოხდეს, თუ არ შეგვრცხვება და კვლავაც გავაგრძელებთ – სხვისთვის გადაბრალებას, თავის მართლებას, საკუთარი პასუხისმგებლობის უგულებელყოფას… დარწმუნებული ვარ, როდესაც სირცხვილი დაგვაუნჯებს და მორჩილად გადვახრევინებს თავს, შესაძლოა “იდიოტურადაც” კი მოვეჩვენოთ ვინმეს და გვირჩიოს, რომ “არ არის აქ ხსნა”, მაგრამ სხვათა განკითხვას და მრისხანე ვნებებს მხოლოდ ასეთი თვითგვემა თუ დაუპირისპირდება, რაც, შესაძლოა, თავისთავად აუტანელია და მონური, მაგრამ აქ გზის კონტურები მაინც იკვეთება, განსხვავებით უსირცხვილობისგან, რომელიც ჩიხია…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button