ქართული გვარები

აბალაშვილი – ქართული გვარები

ფუძე: წინაპრის საკუთარი სახელი “აბალა”.

ძირი: საისტორიო საბუთების მიხედვით, შიდა ქართლში მცხოვრები ერთი გვარმოდენილობის ხალხი ორი გვარსახელით იწოდებოდა – აბალაშვილებად და ებალაშვილებად. ამათი ერთი შტო შიგნით კახეთში გადასულა ხიზნად ებალაშვილის გვარით. დღეს იმ ხიზანი ებალაშვილის შთამომავალნი კახეთში ებელაშვილებად იწოდებიან.

ბუდე: აბალაშვილ-ებალაშვილთა ბუდე შიდა ქართლში ჩანს.

შთამომავლობა: საბატონო და სახასო გლეხთა გვარი.

ხსენება: 1689 წელს ქუბაშვილისა და ვინმე ქიტიას მიწის და წისქვილის ნასყიდობის წიგნში მოწმედ იხსენიება აბალასშვილი ასლამაზ. ქუბაშვილთა გვარი ამ ფორმით აღარ არსებობს, მათი შთამომავალნი დღეს ქუბიაშვილებად იწოდებიან და გორის მხარეში ცხოვრობენ. ეს აბალასშვილიც გორელი უნდა ყოფილიყო.

1803 წლის თავად სულხან თუმანოვის ყმათა სურსათის გამოსაღებ ნუსხაში სხვებს შორის იხსენიება ერთი აბალასშვილიც, რომელსაც ექვსი კოდი პური უნდა გამოეღო. თუმანიშვილების ყმა და მამული გორის მხარეში იყო.

1817 წელს გორის მხარის სოფელ ფხვენისში მცხოვრები გლეხი ებალანთ ნასყიდას შვილი მახარე პირობის წიგნს აძლევს თავის ბატონს ვინმე ანშინოვს: ყოველ წელიწადს ორჯერ ჩამოვალ თქვენთან ტფილისში და ყმობის რიგით გემსახურები ჩემის შეძლებითო. ვინმე გიორგი ალიხანოვს ამ პირობის წიგნზე მიუწერია: “მახარე აბალაშვილის თხოვნით ამ წერილის მოწამე ვარო”. ამავ პირობის წიგნში იხსენიებიან მეჯვრისხეველი გლეხები: ებალაანთ აბრამის შვილი ნინია და ებალაანთ დავითას შვილი გიორგი. ესენიც ზემოხსენებული ანშინოვის ყმები არიან. ებალაშვილებს გორის მხარის სოფელ ფხვენისსა და მეჯვრისხევში უცხოვრიათ. ესენი ალბათ ერთი სახლის განაყრები იყვნენ, რახან გვარიც ერთი აქვთ და ბატონიც ერთი ჰყავთ. ამასთან, თუ ფხვენისელი გლეხი მახარე ებალაანთიც არის და იმავდროულად აბალაშვილიც, მაშინ მისი მონათესავე მეჯვრისხეველი ებალაანი ებალაშვილებიც არიან აბალაშვილებიც.

მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის აბალაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.

განსახლება: საქართველოში აბალაშვილთა გვარი აღარ ჩანს.

მოამზადა
ლექსო ნაზღაიძემ

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button