ქართული გვარები

აბაშია – ქართული გვარი

ფუძე: წინაპრის საკუთარი სახელი “აბაშ”. თუმცა შესაძლებელია გვარსახელის ფუძეში დევს აკუთარი სახელი “აბა”, რომელსაც ერთვის მეგრულ-ჭანური ორმაგი დაბოლოება.

ძირი: ერთფუძიანი გვარი.

წარმომავლობა: ერთი გადმოცემით, აბაშიათა წინაპრები – იმერელი ძმები აბაშიძეები სამეგრელოში გადასულან და მათი გვარი აბაშიძე აბაშიად შეცვლილა. თითქოს ერთი ძმა სამქვარში დასახლებულა, გალის რაიონში, მეორე – ახუთში, ჩხოროწყუს რაიონში და მესამე – ჭალადიდში, ხობის რაიონში.

შთამომავლობა: აბაშიები საბატონო და საეკლესიო გლეხები იყვნენ.

ხსენება: 1616-1621 წლების საცაიშლო გამოსავალი მოსაკრებელი დავთრის მიხედვით ცაიშში მოსახლე საეკლესიო გლეხს, აბაშიას ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა: საკლავი, პური, ღომი, ღვინო, თევზი, ყველი…

საკუთვნო: ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთში არის აბაშიების უბანი, სახელად “სააბაშიო კუნთხუ”. სამურზაყანოში, სოფელ პირველ გალში არის სააბაშიოს უბანი. ამავე სოფელში ერთ ადგილს ჰქვია “აბაშიეფიში სუკი” ანუ აბაშიების ბორცვი.

განსახლება: ამჟამად აბაშიები ცხოვრობენ: გალში და გალის რაიონის სოფლებში: სამქვარში, ჭუბურხინჯში, ფართოღალში, ფუწყურში, ლეკუმხარაში, ფიცარღალში; ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯუყმურში, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთში, აგრეთვე ფოთში, ბათუმსა და თბილისში.

ოდენობა: საქართველოში აბაშიათა საერთო რაოდენობა 200 სულს აჭარბებს.

მოამზადა
ლექსო ნაზღაიძემ

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button