
გველესიანი – ქართული გვარები
ფუძე: გველესა – კნინობითი ფორმა ქართული წინაქრისტიანული საკუთარი სახელისა გველა, რომელიც უკავშირდება ქართულ სიტყვას გველი – ასპიტი, გესლიანი.
ძირი: ერთძირიანი გვარი.
ბუდე: გველესიანთა ბუდე-პირველსაცხოვრისი ზემო იმერეთშია.
წარმომავლობა: გადმოცემით, გველესიანთა წინაპარი ზემო იმერეთში ლეჩხუმიდან მოსულა. ასევე ლეჩხუმიდან წასულა სამეგრელოში გვასალიათა წინაპარი, რომელიც გველესიანთა წინაპრის მოძმე და განაყარი ყოფილა. იმერელი გველესიანები და მეგრელი გვასალიები ერთმანეთში ქალს არ ათხოვებენ.
შთამომავლობა: გველესიანი აზნაურული გვარია.
ხსენება: 1550-1570 წლების აბაშიძეთა ერთ შეწირულობის წიგნში მიჯნად დასახელებულია “გუელესიანის საზღუარი”. საუბარი ეხება არგვეთში აბაშიძეთა მიერ ეკლესიისთვის შეწირული მამულის საზღვრებს.
XVII-XVIII საუკუნეთა სხვა საბუთების მიხედვით, იმერეთის სამეფოში გველესიანები ჩანან სააბაშიოს და საწერეთლოს მამულებში. XVIII საუკუნიდან გველესიანები კახეთშიც გამოჩნდნენ. იოანე ბატონიშვილის ცნობის მიხედვით, ისინი მეფე თეიმურაზ II-ის დროს გადმოსულან იმერეთიდან.
1774 წლის სიგელით მეფე ერეკლე II-მ შიდა კახეთის სოფელ შალაურში მამული უბოძა აზნაურ გველესიანს: “მამული გველესიანისთვის მიგვიცია და დაგვისახლებია… “გველესიანს ჩვენ უზამთ კაცის წყალობას, თუ თვითონ გველესიანი მოიყვანს კაცსა, ამ მამულზე უნდა დაასახლოს. სხვა ვერავინ შეეცილება”. შალაურელი გველესიანები კახეთის სახასო აზნაურები იყვნენ.
1827 წლის გენერალ ერმოლოვის წერილის მიხედვით, იმერელი აზნაურის დავით გველესიანის ასულს მარიამს, რომელიც იმერეთის ბატონიშვილის, დარეჯანის აღზრდილი ყოფილა, რუსეთში იძულებით გადასახლებული ბატონიშვილის გარდაცვალების შემდეგ დაენიშნა პენსია – 600 მანეთი ვერცხლით.
მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის გველესიანთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოებში.
საკუთვნო: “გველესიანების სერი” – საძოვარი სოფელ ხორითში (ხარაგაულის რაიონი), “გველესიანისოული” – ვენახი სოფელ თვრინში და ქვედა საქარაში (ზესტაფონის რაიონი), “გველესიანისერი” – სერი სოფელ ჩხერში (ხარაგაულის რაიონი), “გველესიანის წყარო” – წყარო სოფელ განთიადსა და სოფელ წყალაფორეთში (ხარაგაულის რაიონი), “გველესიანოური” – საძოვარი სოფელ რგანში (ჭიათურის რაიონი), “გველესიანის ტყე” – ტყე სოფელ დიდ განთიადში (ზესტაფონის რაიონი), “გველესიანების წისქვილი”, “გველესიანების უბანი” – სოფელ სხლითში (ხარაგაულის რაიონი).
განსახლება: ამჟამად გველესიანები ცხოვრობენ: ზემო იმერეთში, სამეგრელოში, სამცხეში, ქართლში, შიდა კახეთში და ჰერეთში. გველესიანები არიან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც. განსაკუთრებით მრავლად არიან ზესტაფონის, ჭიათურის, თერჯოლის, ხარაგაულის, ტყიბულის რაიონებში.
ოდენობა: გველესიანთა საერთო რაოდენობა 2700 სულს აჭარბებს.