ქართული გვარები

კურტანიძე – ქართული გვარები

ფუძე: “კურტანი” ქართული სიტყვაა.

სულხან-საბას განმარტებით: “ცხენთა და ვირთა ზურგს სადგამი სატვირთლად”.

“კურტანი” – ერთ კლდეს და მის მიდამოებში ტყიან ადგილს ჰქვია ზემო იმერეთის სოფელ ბეღლევში.

“კურტანა” – მამაკაცის მეტსახელად გვხვდება ქართველურ სახელთა სიაში. ასე რომ, გვარსახელი კურტანიძე, ფუძის მიხედვით, შესაძლოა ეპონიმური ტიპის იყოს, თუ წინაპრის მეტსახელს უკავშირდება; მაგრამ შესაძლოა ტოპონიმური ტიპისაც იყოს, თუ ადგილის სახელს უკავშირდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ კურტანიძეთა გვარსახელის ფუძე არც წინაპრის და არც ადგილის სახელს არ უკავშირდებოდეს, არამედ დაკავშირებული იყოს წინაპრის ხელობა-საქმიანობასთან.

ძირი: კურტანიძე ერთძირიანი გვარია.

ბუდე: ერთძირიან გვარს ერთი ბუდე უნდა ჰქონდეს. კურტანიძეთა გვარის ბუდე-პირველსაცხოვრისი ზემო იმერეთში, ხარაგაულის მხარეში ჩანს.

წარმომავლობა: გვარში არსებული ერთი გადმოცემის მიხედვით, იმერეთში კურტანიძეთა წინაპარი თითქოს რაჭიდან მოსულა. მისი ძველი გვარი ბახჩევანიძე ყოფილა. ეს ბახჩევანიძე კურტნის ხელოსანი ყოფილა ან ახალ ადგილზე დაუწყია ხელოსნობა და თითქოს მის შთამომავლებს ამის გამო გაუგვარდათ კურტანიძეობა. ეს ზეპირი გადმოცემაა და წერილობითი წყაროებით არ დასტურდება.

შთამომავლობა: კურტანიძეები სამეფო, საბატონო და საეკლესიო გლეხები იყვნენ.

ხსენება: კურტანიძეთა გვარი იხსენიება XVII საუკუნის და შემდგომი საუკუნეების მრავალ ქართულ საისტორიო საბუთში.

კურტანიძე ლომინა ჩანს იმერეთში ჩხარის ციხის მეციხოვნედ. კურტანიძე რამაზა თავისი შვილებით იხსენიება ქართლში, აზნაურ ზედგინიძეთა მამულში. ასევე ქართლში, აზნაურ ტატიშვილის საკომლოთა დავთარში, იხსენიება “კურტანიძის მამული”.

კურტანიძენი: ძამუკა, მამუკა, ბერი და დათუნა – იხსენიებიან XVII საუკუნის I ნახევრის ზემო ქართლის სადროშოს დავთარში. კურტანიძე სულხანა ჩანს კახეთში ალავერდის ტაძრის საკომლოების ნუსხასი.

ქართლიდან კახეთში გადასული გლეხის ზაქრო კურტანიძის აყრას და ისევ ქართლში, თავის მამულში დაბრუნებას ითხოვს თავადი დავითაშვილი 1761 წლის არზით მეფე ერეკლე II-ისაგან.

თავადი ამირეჯიბის მამულში მცხოვრები გლეხი გოგია კურტანიძე მოწმედ არის დასახელებული 1775 წლის ამირეჯიბ-ბაქრაძეთა სადავო საქმეში.

მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის კურტანიძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში, ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ – მეფის ალმის მპყრობელთა სადროშოებში.

საკუთვნო: “კურტანიძეების ხულა” – ტყე ზემო იმერეთის სოფელ მეჩხრეთურში, “კურტანიძეების წყარო” – წყარო ზემო იმერეთის სოფელ ბეჟათუბანში, ზვარესა და პერევისაში. ამ უკანასკნელში ერთ უბანს “კურტანიძეების უბანი” ჰქვია. “კურტანიძეების გარემო” – ადგილის სახელი ზემო იმერეთის სოფელ სკინდორში, “კურტანიძეების წყარო” – წყარო შიდა ქართლის სოფელ ბუღაურაში, ჩორჩანასა და რბონაში.

გვარიშვილნი: ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ კურტანიძეთა გვარისშვილნი: დეკანოზი კახაბერ კურტანიძე, მონაზონი მარიამ კურტანიძე, ფალავანი ლუკა კურტანიძე, ფალავანი კობა კურტანიძე, მსახიობი ნინო კურტანიძე, მეცენატი პაატა კურტანიძე და სხვანი.

განსახლება: კურტანიძეები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ იმერეთში: ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის რაიონებში, აგრეთვე ხაშურში, ბორჯომსა და ახალციხეში. ამ რაიონებში კურტანიძეები იმერეთიდან არიან გადმოსულნი. იმერეთიდან არიან ლაგოდეხის კურტანიძებიც. შედარებით მცირე რაოდენობით არიან კურტანიძეები გურიაში – ოზურგეთის რაიონში, ქართლში – ქარელისა და გორის რაიონებში. ქალაქებში: ქუთაისში – დაახლოებით 50 კომლი, რუსთავში – დაახლოებით 100 კომლი, თბილისში დაახლოებით 230 კომლი ცხოვრობს.

ოდენობა: საქართველოში კურტანიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 5600-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი კურტანიძეთა!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button