მოთხრობა

ნუგზარ შატაიძე – ადგილის დედა

გუდამაყარში, დიხჩოს ჩამოსწვრივ ერთი ბებერი მუხაა ქედზე გადმომდგარი, მაღალი და ტოტებგაბარჯღული. იმის დახეთქილ, გულგამომწვარ ზროზე ვერცხლის ჯვრები და ვინ იცის როდინდელი ჯიხვის რქებია მიკრული. დაბლითა ტოტებზე კიდევ ზარები ჰკიდია. დგას და ზვიადად ჩასცქერის ქვემოთ, ხევხუვებში ჩაწოლილ ნისლებს, შემოდგომის წვიმებით ჩამბალ ტყეებსა და მიტოვებულ სოფელს. ნაგზაურის ჩაყოლებაზე, კვრინჩხის დაგვალულ ბუჩქნარს ცხვრის მატყლი შერჩენია _ ის ჭუჭყიანი ფთილები აგონებს ადამიანთა არსებობას. წვიმის წვრილი წვეთები წყნარად ფაჩუნობენ იმის შენჭკნარ ფოთლებში. აწვიმს ვაკე წიფლიანში თავმინებებულ, სახურავჩაქცეულ სახლებს, უპატრონო ბაღებსა და უკაცურ ახოებს.

ათასში ერთხელ ამოივლიან მწყემსები, მოიშვლეპენ ქუდებსა და კრძალვით მიეახლებიან, უვლიან გარშემო, თვალებდადიდებულები შესცქერიან ხარჯიხვის დევერხანა რქებს, მდუმარე ზარებსა და მუხის ვეებერთელა, ხმობაშეპარულ ტოტებს. რაღაცნაირად აუჩქროლდებათ სისხლი, უცნაურად უციმციმებთ თვალები. მერე თითო ყანწ ჟიპიტაურს დალევენ, იმათში ყველაზე ხნიერი უხერხულად გადაიწერს პირჯვარს და მიდიან.

დადგება ისევ სიჩუმე და მარტოობის უსასრულო დღეები.

ჩაყვითლებულ ტყეში წითლად ღუიან ტოტებდაზნექილი ტყემლები. ნელა მიიზლაზნება ნისლი. ალბათ თოვლსაც ჩამოჰყრის მალე, თეთრად ჩამოილესება არემარე და გაირინდება გარემო. ჯერ კი ისე შემოდგომაა და ცრის. ხანდახან ამოქროლდება ნიავი, ბებერ ტოტებს აუკვნესებს და ჩანისლულ ტყეს ჟრუანტელივით დაუვლის ზარის უცნაური წკრიალი. აჩურჩულდებიან ფერდობზე ჩაფენილი ნეკერჩხლები, აებურძგლებათ ტანი. დაიჩხავლებს შემკრთალი ჩხიკვი და სველი ფრთების ფართხუნით ჩაიკარგება ხევში.

მუხის ტოტზე ჩამობმული ზარი კი წკრიალებს… მისი ჩუმი, იდუმალი ხმა ნელა ეფინება წვიმისგან გაბეზრებულ გარემოს, ცახცახით ეხლება ჩამომზღვლეულ კლდეებსა და ბოლოს თეთრად აძრულ ნისლებში ჩაყუჩდება.

მერე ღამდება. წვიმა კი მოდის და მოდის _ აღარ აპირებს გადაღებას. ჩამოწვება შავად ჩაბოღმილი ლუსკუმი ღამე. ხევგაღმა, სერზე აჩხავლდებიან ტურები და ახლა იმ უკუნეთში ისმის მუხის მოქანავე ტოტზე ჩამობმული ზარის გულისმომკვლელი, მაგრამ მაინც რაღაც იმედიანი წკრიალი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button