
ნუგზარ შატაიძე – დაჭრილი წერო
– გისმენთ!
– ალო!
– გისმენთ, გისმენთ!
– ბატონი გიორგი ბრძანდებით?
– რომელი ხარ?
– გამარჯობათ, ბატონო გიორგი!
– რომელი ხარ-მეთქი!
– ბატონო გიორგი, მე შპს ჩფიფქიადანჩ გაწუხებთ…
– რაო?
– შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო ჩფიფქიადანჩ!
– მერე?
– თქვენთან ჩვენი ორი წარმომადგენელი მოვა, ხომ შინ იქნებით?
– კაცო, რა გინდათ ჩემგან, რა! ავეჯი წაიღეთ? – წაიღეთ. როიალი? – როიალიც. ტელევიზორი და მაცივარიც ხო წაიღეთ, არა? მეტი რაღა გინდათ, შვილო, გამანებეთ, რა, თავი…
– ბატონო გიორგი, ბატონო გიორგი!
– გითხარით, ბინას არ გავყიდი-მეთქი, ბინა ჩემს სახელზეა გაფორმებული!
– არაფერი, ბატონო გიორგი, ჩვენ საქველმოქმედო საზოგადოება ვართ, მარტოხელა მოხუც პენსიონერებს ვეხმარებით…
– მოიცა… ნიკუშა ხარ?
– არა…
– ააა, გიო ხარ არა, შე მამაძაღლო, შენა!
– არა, შპს ჩფიფქიადანჩ გაწუხებთ…
– სხვაგან მოხვდით, სხვაგან!
– უკაცრავად, ხომ ბატონი გიორგი ბრძანდებით?
– ჰო. მერე?
– ესე იგი, დღეს შინიდან გასვლას არ აპირებთ…
– არა, არა!
– მეც სწორედ მაგიტომ გირეკავთ, ჩვენები რომ მოვლენ, ხომ შინ დახვდებით?
– ვინ თქვენები, კაცო, მე რა შუაში ვარ… წადით, ის ეძებეთ, ვისაც ფულები ჩაუთვალეთ!
– არა, ბატონო გიორგი, ჩვენ საქველმოქმედო საზოგადოება ვართ… მოვალთ, ახალ წელს მოგილოცავთ, საახალწლო საჩუქრებს მოგართმევთ…
– რა გინდათ, შვილო, ჩემგან, ჩემი გაჭირვება არ მეყოფა? გამანებეთ რა, თავი…
– აბა, ჯერჯერობით, ბატონო გიორგი… წინასწარ გილოცავთ ახალ წელს!
– წადი შენი… ვა, არ გააჭირეს საქმე?! ჩახალ წელს გილოცავჩ, სულ ჩემი დარდი არა გაქვს? მოვლენ, იხედებიან აქეთ-იქით… რა გინდათ, რას მაგულებთ, ეს ოთხი კედელიღა დარჩა და აჰა, შეჭამეთ ბარემ ესეც!.. ოხ, ნიკუშ, ნიკუშ… აი, რაღაცას ვეძებდი და დამავიწყდა… ამათ მე სულელი ვგონივარ, ხო იცი! გუშინ რო კარი არ გავუღე, ახლა ეს მოიგონეს – ჩშპს ვარ!ჩ შპს არა, ისა! სულელი მე ვარ თუ თქვენა?.. მგელს რო ცხვარი მიაბარო, რას უზამს? მუქთა ცხოვრება მოუნდათ… ჰო, როგორ არა, აგე, შენი პროცენტები… წადი, ეძებე! მე რას მერჩი, ძმაო, მე ჩამაბარე?! მთელი ცხოვრება ამ სახლის მოწყობას შევალიე… ის საწყალიც, აცხონოს ღმერთმა, აღარ გაძღა – ის გვინდა, ეს გვინდა… აჰა, სად არი ახლა? ფა-ფუ, აღარ არი!.. ოხ, ნიკუშ, ნიკუშ… ისე, ახი არ იქნება, რო ავდგე და ეს სახლი მართლა გავყიდო? ახალი წელი მოდის, ვიყიდი კაი ინდაურს, გოჭს, ხიზილალას… ნეტა რა ღირს ახლა ხიზილალა?.. ეჰ, გიოს რა ვუყო, გიოს, თორემ ნიკუშაზე ყველაფერი ახია! როდემდე იქნება ეს ცხოვრება არეული, ხო დაწყნარდება, არა? ბოლო-ბოლო, ხო ჩამოვა, მერე? სანამ გიო ქალაქში იყო, იმისი შიშით ვინ მოვიდოდა, ახლა იციან, რო აქ არ არი და – ჩშპს ვარ!ჩ – შპს-ს გაჩვენებდათ ისა!.. არა, კარგია, რო წავიდა, თორემ, აგე, ბაჩო დაიჭირეს, წუ დაიჭირეს, ჩხირო დაიჭირეს… გიოსაც დაიჭერდნენ… ეჰ, სულელები… თავში აუვარდათ: – მე რო იქ ვიბრძოდი და შენ რო აქ მაყუთს აკეთებდი, მაიტა ახლა ის მაყუთიო! იფ, რა კარგია!.. ჰო, მოგართმევენ, სულ კაპიკ-კაპიკ ჩაგითვლიან… სახლშიც წამოგყვებიან, არ გინდა?.. კარგია, დენი გვაქვს, ცოტა გათბა აქაურობა… ხო, ნაბო ხო მოკლეს… საწყალი… საწყალი ნაბო…
ისმის ზარის ხმა. მოხუცი დერეფანში გადის.
– რომელი ხარ!
– ბატონო გიორგი, შინ ბრძანდებით?
– რომელი ხარ-მეთქი!
– გაგვიღეთ და ნახავთ…
– კაცო, ნიკუშა ხარ?
– არა, არა!
– აბა, გიო ხარ?
– არა, ბატონო გიორგი, თქვენ არ გვიცნობთ…
– კაცო, თუ არ გიცნობთ, რა გინდათ ჩემგან, რა!
– ბატონო გიორგი, ჩვენ შპს ფიფქიადან ვართ, საახალწლო ძღვენი მოგართვით… თან ცოტას გაგართობთ, ვიმღერებთ, ვიცეკვებთ…
– ძღვენი? რა ძღვენი…
– ჩვენ საქველმოქმედო საზოგადოებიდან ვართ…
– რომელი, წეღან რო დარეკეს?
– დიახ, დიახ!
მოხუცი კარს აღებს.
კიბის ბაქანზე ორნი დგანან – ფიფქია და თოვლის პაპა, იღიმებიან.
– გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, მრავალს დაესწარით!
– გილოცავთ, გილოცავთ!
– ვა, ეგ რეები ჩაგიცვამთ, კაცო… შენ ვითომ თოვლის პაპა ხარ, არა? შენ კიდევ – ფიფქია… თქვენ რას გეტყვით! ეგ გიტარა?!. მართლა უნდა იმღეროთ?
– აბა, რა! აი, ძღვენიც მოგართვით… – ფიფქია თოვლის პაპას მიუბრუნდება. – შემოიტანე! შეიძლება ამ მაგიდაზე ამოვალაგოთ?
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა…
– ეს ცივად მოხარშული ინდაური, ეს – გოჭი. ესეც ღვინო და ტკბილეული…
– ჭიქები ხომ გაქვთ? – ხელების ფშვნეტით კითხულობს თოვლის პაპა.
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა…
მოხუცი სამზარეულოდან ჭიქებს გამოიტანს და მაგიდაზე ჩამოამწკრივებს.
თოვლის პაპა ბოთლს ხსნის და ჭიქებს ღვინით ავსებს:
– დავილოცოთ და მერე საახალწლო კონცერტი გავმართოთ!..
– დაბრძანდით, დაბრძანდით…
– შენ ახლა უნდა დალიო?! – შეწუხებული სახით ეკითხება ფიფქია თოვლის პაპას.
– არა, ბიჭო! ბატონო გიორგი… გიორგი, არა?
– დიახ, დიახ!
– გაგიმარჯოთ, დიდხანს იცოცხლეთ!
– გმადლობთ, გენაცვალე, გმადლობთ… დაბრძანდით, ქალბატონო, ფეხზე რატომ დგახართ… მეც დავჯდები… მაგაზე არა, მორყეულია, აი, ამ სკამზე დაბრძანდით… კიდევ ყოფილა ღვთისნიერი ხალხი… ეს რაღამ მოგაფიქრათ, თქვე დალოცვილებო…
– დღეს, თქვენ გარდა კიდევ ხუთ მარტოხელასთან ვიყავით…
– ღმერთი გადაგიხდით მაგ სიკეთისთვის, ღმერთი…
თოვლის პაპა ფიფქიას უყურებს:
– შენ რატომ არ სვამ?
– მე არ მინდა!
– როგორ, ბატონი გიორგის სადღეგრძელოს არ დალევ?!
– ნუ დააძალებთ, არ არის აუცილებელი…
– გაგიმარჯოთ, ბატონო გიორგი… – ღიმილით ამბობს ფიფქია და ჭიქას ხელში იღებს.
– დიდი მადლობა…
– ბოლომდე, ბოლომდე, აი, ეგრე, ყოჩაღ! ბატონო გიორგი, თქვენ? თქვენ არ დალევთ?
– მე ცოტა წნევის მეშინია… მაგრამ დავლევ, რატომაც არა!.. გაგიმარჯოთ, ჩემო კარგებო… აღარც კი მეგონა, ასეთი ხალხი კიდევ თუ არსებობდა ქვეყანაზე… იცოცხლეთ, იდღეგრძელეთ…
– ერთიც შევავსოთ!
– კარგი, რა, გეყოფა, იქაც ხომ დალიე…
– მორჩი ახლა!..
– შენ უკვე მთვრალი ხარ…
– ძალიანაც კარგი… ბატონო გიორგი, ამ ჭიქით ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს!
– გაგიმარჯოთ, კარგად იყავით… – მოხუცი სვამს.
– ბოლომდე, ბოლომდე!
– არ ვიმღეროთ? – ნაძალადევად იღიმება ფიფქია.
– ვიმღეროთ. მომეცი ეგ გიტარა!
მოხუცი შემწვარ გოჭს მიშტერებია:
– შეიძლება ეს გოჭი დავჭრა?
– რა თქმა უნდა!
– სულ ცოტას მოვაჭრი…
თოვლის პაპა გიტარას ააწყობს და მღერის:
მონადირისგან დაჭრილო წერო,
სხვის ბაღ-ბოსტანში სულს რომ ღაფავდი,
მე რა ვიცოდი, შენ თუ წერო ხარ,
მონადირისგან დაჭრილო წერო…
– ჩემს გიოს უყვარდა ეგ სიმღერა… – ამოიოხრებს მოხუცი.
– ვინ გიოს?
– ჩემს შვილიშვილს.
– ახლა სად არის?
– ვინა?
– თქვენი შვილიშვილი.
– გიო?
– ხო.
– მე რა ვიცი სად არის!
– როგორ, საკუთარი შვილიშვილი არ იცით, სად არის?!
– მოიცა, მოიცა, თქვენ იქიდან ხო არა ხართ, ა?
– სად იქიდან…
– იქიდან, უშიშროებიდან!
ფიფქია სასწრაფოდ ჩაერევა ლაპარაკში:
– ჩვენ, ბატონო გიორგი, შპს ჩფიფქიადანჩ გახლავართ, მარტოხელა მოხუც პენსიონერებს ვეხმარებით…
– მაშ აბა, რა დაკითხვებს მიწყობთ აქა!
– პაბეგშია? – თვალს უპაჭუნებს თოვლის პაპა.
– ჰო, პაბეგშია, მერე?
– არაფერი.
– და რა დააშავა? – ახლა ფიფქია ეკითხება.
– ვინა?
– გიომ.
– არაფერი, რა უნდა დაეშავებინა!
– გასაგებია…
– რა არი გასაგები, რა! თქვენ, მგონი, მართლა იქიდანა ხართ, აი! აბა, აიღეთ ახლა ეს თქვენი ინდაური და დაახვიეთ აქედან!
– ბატონო გიორგი, ბატონო გიორგი, როგორ გეკადრებათ, ხომ გითხარით, ჩვენ შპს ფიფქიადან ვართ… ჩიქიდანჩ რომ ვიყოთ, თქვენ კი არ გკითხავდით, ისედაც კარგად გვეცოდინებოდა ყველაფერი…
– ჰო, რა ვიცი…
– კარგი, კარგი… – ჭიქებს ავსებს თოვლის პაპა.
– რა ვქნა, ჩემი შვილისა და შვილიშვილის გადამკიდეს სულ კაგებე და მილიცია მაგონდება…
– შვილიც გყავთ?
– ჰო, ნიკუშა, გიოს მამა…
– ისიც?
– რა ისიც?
– ისიც პაბეგშია?
– ჰო…
– რათა?
– პროცენტიანი ვალი ჰქონდა და გაიქცა… ახლა მოდიან, არ მასვენებენ… გუშინაც იყვნენ, მაგრამ კარი არ გავუღე… რეკეს და რეკეს ზარი…
– ხომ გეხმარებიან?
– ვინა?
– გიო და ნიკუშა.
– თავისთვის რა აქვთ, რო მე დამეხმარონ… ვინ იცის, მშივრები არიან…
– აბა, როგორ ცხოვრობთ?
– რა ვიცი… ვცხოვრობ… წინათ ბიჭები მეხმარებოდნენ, გიოს ძმაკაცები… ახლა, აბა… არა, სამათხოვროდ როგორ გავალ!.. გიო რომ ჩამოვიდეს და ქუჩაში მნახოს, გაგიჟდება – ძალიან თავმოყვარე ბიჭია.
– მოდი რა, თითოც დავლიოთ, გაშრა ყელი!
– დავლიოთ! – ფიფქია ჭიქას ასწევს, – გიოს და ნიკუშას გაუმარჯოს!
– იცოცხლე, გენაცვალე… ვინ იცის სად არიან ახლა… ამბობენ, გიო ამერიკაშიაო… რა ვიცი…
– ჩამოვლენ, ბატონო გიორგი, აუცილებლად ჩამოვლენ!
– შენს პირს შაქარი…
თოვლის პაპა გიტარის სიმებს ხელს ჩამოუსვამს.
– წეროსი იმღერე… გიოს უყვარდა ეგ სიმღერა… მღეროდა, გიტარაზეც უკრავდა… ეჰ…
– გიოს გაუმარჯოს…
– რა გინდა, ბიჭო-მეთქი… შინ დაეტიე, სად მიდიხარ, რო მიდიხარ, რუსს შენ მოერევი-მეთქი?.. არაო… წავიდა და წავიდა…
– წასვლით კი წავედით, მაგრამ მერე?..
– კარგი, არ გინდა! – მუჯლუგუნს წაჰკრავს ფიფქია.
– ერთ დილით აეროპორტში წამიყვანეს – ბიჭები ჩამოასვენეს, იქნებ გიო ამოიცნოო… წავყევი, რას ვიზამდი… დღესაც არ გამომდის თვალებიდან ცელოფანში გახვეული დამწვარი, დასახიჩრებული გვამები… ერთი ცხედარი მაჩვენეს… სახე არ ეტყობოდა… ვიღაც ბიჭი ჩამაცივდა, – ქამარს შეხედეო, ეგეთი ქამარი ხო ჰქონდა გიოსო!.. ქამარი მართლაც მეცნო, მაგრამ ისეთი ქამარი მარტო გიოს ხომ არ ექნებოდა?!
– კარგი, თითოც დავლიოთ…
– გეყო, გაიგე? – ბრაზობს ფიფქია.
– რა მეყო, შე ჩემა, რა მეყო!
– მე შენთვის გეუბნები… ხომ იცი, რომ დათვრები.
– აბა, ფხიზელმა ვუყურო ამ ცხოვრებას? ბატონო გიორგი, განსხვავებული სასმისი არაფერი გაქვთ?
– მქონდა, როგორ არა, კარგი ყანწები მქონდა, მაგრამ…
– არა უშავს, წყვილი ჭიქით დავლიოთ!
– არ გინდა, გეხვეწები…
– ჩვენ გაგვიმარჯოს… – სვამს.
– მაშინ არ მომწონდა, რა სისულელეს მღერის-მეთქი… ახლა ძალიან მომწონს… შენც კარგად მღერი…
– ალავერდი ბატონ გიორგისთან!
– მეც დავლიო?.. – იცინის, – დავთვრები, კაცო… კარგი, ჩვენ გაგვიმარჯოს!
– მეორეც, მეორე ჭიქაც!
– კარგი, დაწყნარდი!
– მიდი რა, წეროსი იმღერე!
– იყოს წეროსი…. – მღერის:
მონადირისგან დაჭრილო წერო,
სხვის ბაღ-ბოსტანში სულს რომ ღაფავდი,
მე რა ვიცოდი, შენ თუ წერო ხარ,
მონადირისგან დაჭრილო წერო…
– მოიცა, მოიცა… – მოხუცს სიმთვრალისგან ენა ერევა, – შენ მართლა თოვლის პაპა ხარ თუ… ჰა?
– თოვლის პაპა ვარ, მა ვინა ვარ!
– ესა?
– ეს ფიფქიაა…
– მაგასთან ცხოვრობ?
– ჰო, ტყეში… ზამთრის ცივ ტყეში…
– ბიჭო, ყური მიგდე, გაიგე შენა? – საიდუმლო ხმით, – წუ დაიჭირეს, ბაჩო დაიჭირეს, ჩხიროც დაიჭირეს… ნაბო მოკლეს, შვილო, გაიგე? – მოკლეს!
– ვინ ნაბო, ვინ ჩხირო… ვინ არიან…
– წეროები, ბიჭო, წეროები!
– წეროები?!
– ხო, წეროები, დაჭრილი წეროები…
– დათვრა… – სინანულით ამბობს თოვლის პაპა.
– არა, არ დავმთვრალვარ… ცოტა დავბერდი… დავბერდი, ბიჭო, გაიგე?.. ძალიან დავბერდი… ესენი კიდევ მოდიან… ყოველდღე მაკითხავენ… რეკავენ და რეკავენ ამ ზარს… გამიმწარეს, ბიჭო, სიბერე… როგორია, იჯექი და უსმინე იმათ ზარის რეკვას… რა უნდათ, შვილო, რა უნდათ ჩემგან?! ზამთრის ცივ ტყეშიო, არა?! რა ვქნათ, შვილო, ცოტა ხანს გავუძლოთ… გავუძლოთ, თორემ აგე, წუ დაიჭირეს, ბაჩო დაიჭირეს, ჩხიროც დაიჭირეს… ნაბო მოკლეს, ბიჭო, მოკლეს, გაიგე?.. ოჰ, შენ რას გეტყვი… არ ამატირე ამ ხნის კაცი?..
– აი, ხომ გეუბნებოდი! – ნიშნის მოგებით ამბობს ფიფქია.
– რას მეუბნებოდი, შე ჩემა, რას მეუბნებოდი!
– წესიერად ილაპარაკე!..
– წესიერად, არა!
– ვითომ კარგი საქმე გააკეთე, არა? ამას მაინც რატომ ასმევდი?
– ხოში იყო და იმიტომ, ახლა?
– კარგი, კარგი…
– ხოდა მოკეტე!
– არ იჩხუბოთ, არ იჩხუბოთ…
– მაინცდამაინც მთვრალი უნდა შეხვდეს ახალ წელს…
– რა ახალი წელი, ვის უნდა შენი ახალი წელი… დამთავრდა ყველაფერი – ახალი წელიც და ყველაფერი… დამთავრდა…
– მუქთი კუბო მოუნდათ… პროცენტები… სად არი თქვენი პროცენტები… ვეუბნები, ბინას არ გავყიდი, ბინა ჩემს სახელზეა გაფორმებული-მეთქი… ერთი ჩემი გიო იყოს აქა, მაგათ აჩვენებდა ზარის რეკვას!..
– ქამარი მართლა გეცნო?
– მერე რა, ქამარს რა ჭკუა აქვს…
– იქ ერთი ბიჭი ნაღმზე აგვიფეთქდა და ნაკოლკით ვიცანით…
– ნაკოლკით?..
– ხო.
– ნაკოლკა სხვაა… ნაკოლკა – ნაკოლკაა…
– ხო, ნაკოლკა სხვაა…
– გიო ამერიკაშია… გიო ამერიკაშია!
– გავიგე. ამერიკაშია.
– ქამარს რა ჭკუა აქვს… იცი, რამდენია ისეთი ქამარი?!
– ხო, ბევრია…
– იქნებ შენც ისეთი ქამარი გიკეთია, მე რა ვიცი…
– შეიძლება… შეიძლება მეც ისეთი ქამარი მიკეთია…
– ნაკოლკა სხვაა… ნაკოლკით ვისაც გინდა, იმას იცნობ!
– ყველაფერი ვიპოვეთ – ტანი, ხელები, ფეხები… თავი ვერა… თავი ვერ ვიპოვეთ…
– კარგი, დაწყნარდი… – მოღუშული სახით ამბობს ფიფქია.
– ბევრი ვეძებეთ… ბუჩქებშიც ვეძებდით, ხევშიც, მაგრამ ვერ ვიპოვეთ… თავი ვერ ვიპოვეთ…
უეცრად საშინელი, ჯოჯოხეთური სროლა ატყდება: ისვრიან პისტოლეტებიდან, ავტომატური იარაღიდან, ნაღმსატყორცნებიდანაც კი ისვრიან…
შეძრწუნებული თოვლის პაპა წამოხტება და სკამს გადააბრუნებს:
– დაიწყო… აი, ისევ დაიწყო!
– არა, არაფერია, ბიჭო, ნუ გეშინია… – იღიმება მოხუცი, – ახალი წელია… ახალი წელი მოვიდა, ისვრიან…
– არა, რა ახალი წელი…
– დამშვიდდი, ნუ გეშინია… მოდი ჩემთან, მოდი, ჩაგიხუტო… – გვერდით მოისვამს და ხელს მოხვევს, – აი, ასე… ახლა დამშვიდდი… ახალი წელი მოვიდა, გესმის? ახალი წელი!
სროლა თანდათანობით ჩაცხრება და ახლა ჩმრავალჟამიერიჩ ისმის შორიდან.
– რა გქვია, ბიჭო, შენა… მითხარი, რა გქვია!
– არაფერი…
– როგორ თუ არაფერი… მითხარი, რა გქვია…
– წერო დამიძახე… დაჭრილი წერო დამიძახე…
ფიფქია ტირის.
– ნუ ტირი, გოგო, ნუ ტირი… მოდი, შენც ჩაგიხუტო… მოდი… – ხელს ხვევს და გულში იხუტებს, – არ იტირო… კარგი ახლა, კარგი… დაწყნარდით… აი, ახალი წელი მოვიდა… ცოტაც გავუძლოთ… სულ ცოტაც გავუძლოთ… როდემდე იქნება ცხოვრება ასე არეული… ბოლო-ბოლო, ხო დაწყნარდება… გავუძლოთ… ახალი წელი მოვიდა… ხო მოვიდა, არა? ჰოდა, გავუძლოთ… უნდა გავუძლოთ… ცოტაც, ცოტაც უნდა გავუძლოთ.
ეგრე ჩახუტებულები სხედან.
შორიდან უკვე ძალიან კარგად ისმის კახური ჩმრავალჟამიერიჩ.