ქართული გვარები

ქოსაშვილი – ქოსაშვილთა გვარი

ქოსა – სხვათა ენაა. უწვერულვაშო

ქოსი – სხვათა ენაა. სპილენძ-ჭური, სპილენძის დოლი

ქოსა, ქოსირა, ქოსიკა – მეტსახელებია კაცისა

XII საუკუნეში საქართველოში არსებობდა გვარი ქოსაისძე. 1195 წლის თამარ მეფის შეწირულობის სიგელში შიომღვიმის მონასტრისადმი იხსენიებიან სოფელ სხალტბას მცხოვრები სვიმონ, გიორგი და იაბერ ქოსაისძენი, რომლებიც ორ ოჯახად ცხოვრობდნენ წყაროს სათავესთან. ისინი, როგორც სიგელიდან ირკვევა, დასავლეთ საქართველოდან ყოფილან შიდა ქართლში გადმოსულნი. “სახელით აფხაზთანი” – წერია მათზე. თამარ მეფემ ქოსაისძენი შიომღვიმის მონასტერს შესწირა და წყაროთ მკაზმავობა დაავალა.

შემდგომ საუკუნეებში ქოსაისძეთა გვარი აღარსად ჩანს. ამ გვარმა დღემდე ვერ მოაღწია. ყოველ შემთხვევაში, დღეს საქართველოში ქოსაისძის, ქოსაიძის ან ქოსაძის გვარს არავინ ატარებს.

XVII საუკუნის II ნახევრიდან ქართულ საისტორიო საბუთებში ჩნდება ქოსაშვილთა გვარის ხსენება, მაგრამ არ გვაქვს არავითარი საფუძველი იმისა, რომ ეს ორი მსგავსფუძიანი გვარი ერთმანეთთან დავაკავშიროთ. მხოლოდ ფუძეთა მსგავსება ასეთი მსჯელობისთვის საკმარისი არ არის. ჩვენს ხელთ არსებული საბუთების მიხედვით, ქოსაშვილები ჩანან შიდა ქართლში ერთ ადგილზე და ქვემო ქართლში სამ ადგილზე. სავსებით შესაძლებელია, მათ სხვადასხვა წარმოშობა ჰქონდეთ ანუ სხვადასხვა ქოსას შთამომავლები იყვნენ. ხოლო თუ მათ შორის ნათესაობა იყო, უფრო საფიქრებელია ქოსაშვილთა ქვემო ქართლიდან შიდა ქართლში გადასვლა, ვიდრე პირიქით.

1688 წელს გლეხმა გიორგი ქოსაშვილმა აზნაურ ოთარ ყორღანაშვილს სადღაც ბოგისხევში მიწა მიჰყიდა. ნასყიდობის წიგნიდან ირკვევა, რომ გოგია ქოსაშვილს ძმა ჰყოლია, სახელად ნასყიდა, და ძმისწულები გუგა და სეხნია. ნასყიდა ქოსაშვილი მოწმედ იხსენიება ამავე პერიოდის ყორღანაშვილთა ნასყიდობის წიგნებში. თუ ეს “ბოგისხევი” დღევანდელი სოფელი ბოგვია, მაშინ ქოსაშვილთა ეს სახლი ახლო ნათესაურ კავშირში უნდა იყოს 1721 წლის მოწინავე სადროშოს აღწერის დავთარში სოფელ ფარცხისში მოხსენიებულ შერმაზან და ბერუა ქოსაშვილების სახლთან. ეს ორივე სოფელი ალგეთის ხეობაში მდებარეობს ერთმანეთის მახლობლად. როგორც ცნობილია, ალგეთის ხეობის ქართული მოსახლეობა განსაკუთრებით დაზარალდა მტრის ხშირი შემოსევებისგან, ხოლო გადარჩენილი ნაწილი შიდა ქართლში გაიხიზნა.

1690 წლის ნასყიდობის წიგნის მიხედვით, ქოსაშვილთა ერთი შტო ჩანს ქვემო ქართლის სოფელ ურწაშენის რომელიღაც მოსაზღვრე სოფელში. ჩვენთვის ურწაშენის მდებარეობა გაურკვეველია. ასეთი სახელწოდების სოფელი დღეს აღარ არსებობს. სავარაუდოდ, ეს იყო აზნაურ შანშიაშვილთა მამული. უნდა აღინიშნოს, რომ, თუ აქაური ქოსაშვილების საკუთარი სახელების მიხედვით ვიმსჯელებთ, ისინი გრიგორიანთა სარწმუნოების მიმდევრები ყოფილან. მონოფიზიტები ყოფილან ტაშირის მხარეში, ყაფლანიშვილთა მამულის სოფელ წითელ ეკლესიაში მცხოვრები ქოსაშვილებიც. ამჟამად ქვემო ქართლში ქოსაშვილთა გვარი აღარ გვხვდება. XVII საუკუნის ბოლოს ქოსაშვილთა კიდევ ერთი შტო ჩანს შიდა ქართლში, სავარაუდოდ, სოფელ კავთისხევში.

ხელნაწერთა ინსტიტუტის საეკლესიო საბუთების ფონდში ინახება მეფე ერეკლე I-ის (1688-1703) წერილი თარხან-მოურავისადმი, საიდანაც ვიგებთ, რომ მეფეს გლეხი ქოსაშვილი აზნაურ მაღალაშვილისთვის უბოძებია. მაღალაშვილები საეკლესიო აზნაურები იყვნენ. ისინი მამულებს ფლობდნენ შიდა ქართლის სოფლებში კავთისხევსა და მეტეხში (დღევანდელი კასპის რაიონი).

XVII საუკუნის ბოლო მეოთხედის საბუთებში იხსენიებიან ძმები გოგია და ოქრუა ქოსაშვილები, რომლებსაც თავიანთი მამულები გაუყიდიათ სადღაც არწივის ბეგის მახლობლად. სად იყო ეს “არწივის ბეგი”, ნასყიდობის წიგნებიდან არ ჩანს, მაგრამ ერთ შეთხვევაში მამულის მყიდველად დასახელებულია კავთისხეველი აზნაური ჩივაძე.

XVIII საუკუნეში უნდა მომხდარიყო ქოსაშვილთა გადასვლა კავთისხევიდან მეტეხში. შემდეგ მეტეხში დამკვიდრებული ქოსაშვილების ერთი შტო მეზობელ საეკლესიო სოფელ ქვემო გომში გადასულა. ქვემოგომელ ქოსაშვილებს ახსოვთ მათი მეტეხელ ქოსაშვილებთან ერთსისხლობა. ეს ამბავი უფრო გვიან, XIX საუკუნეში უნდა მომხდარიყო.

1805 წელს ანტონ II კათალიკოსმა საეკლესიო აზნაურს ნიკოლოზ ელიოზიშვილს და მის ბიძაშვილს, გომის მოურავს იოსებს, გომში მარან-საწნახელი და ყმა-მამული უბოძა. გავიდა თითქმის 100 წელი და უმემკვიდროდ დარჩენილმა უკანასკნელმა გომელმა ელიოზიშვილმა გომელი გლეხი ქოსაშვილი იშვილა და მთელი თავისი ქონება დაუტოვა. კათალიკოსისეული მარანი ახლაც დგას კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომში და დღესაც ქოსაშვილებს ეკუთვნით. ასეთი რამეებიც ხდებოდა საქართველოში ბატონისა და ყმის ურთიერთობაში.

ქვემო გომში შემორჩენილია მიკროტოპონიმი “ქოსახევი” – მდინარე მტკვრის მცირე შენაკადი.

ქოსაშვილებს უცხოვრიათ მესხეთში, ასპინძის რაიონის სოფელ ინდუსაში. ისინი თავს თურქებად თვლიდნენ, თუნცა ქართულად ლაპარაკობდნენ. ინდუსელი ქოსაშვილები ქართველი მაჰმადიანები იყვნენ და 1944 წლის მასობრივ გადასახლებაში მოჰყვნენ.

ქოსაშვილები ცხოვრობენ ზემო რაჭაში, ონში. ისინი ქართველი ებრაელები არიან და, რა თქმა უნდა, სრულიად სხვა წარმომავლობა აქვთ. მათი დიდი ნაწილი ისტორიულ სამშობლოში გადასახლდა. აღსანიშნავია, რომ ქართველებსა და ქართველ ებრაელებს 600-ზე მეტი საზიარო გვარსახელი გვაქვს.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა გვარის ძლიერებისათვის ქოსაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე სადროშოში ბარათიან-ორბელიანთა მეთაურობით და შუაგულ სადროშოში საეკლესიო ჯარების სარდალ გედევანიშვილთა მეთაურობით.

ამჟამად ქოსაშვილები ცხოვრობენ კასპსა და კასპის რაიონის სოფლებში მეტეხში, ქვემო გომსა და კავთისხევში (სულ დაახლოებით 15 კომლი), თბილისში (დაახლოებით 45 კომლი), ონში (5 კომლი) და მცირე რაოდენობით (ორ-ორი კომლი) – ქუთაისსა და ქობულეთში. ქოსაშვილები საკმაო რაოდენობით ცხოვრობენ ისრაელში და მცირე რაოდენობით რუსეთში. ქოსაშვილები არიან ჩრდილო კავკასიაში, კრასნოდარის მხარეში, ეგრეთ წოდებულ “თურქ მესხთა” შორის, რაც თავისთავად არასწორი ეთნიკური სახელწოდებაა – ისინი მესხები, ესე იგი ქართველები არიან.

ქოსაშვილი საშუალო რიცხოვნობის გვარია.

საქართველოში ქოსაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 250 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ქოსაშვილთა!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button