პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – 9 სიყვარული

ცხრა ჩემთვის მზიანია,
ელვარე და ლომფერი.
როცა მე დავიბადე,
იყო ცხრა ოკტომბერი.
შემდეგ ნაზი დღეები
თვალმა ვეღარ დათვალა,
დღე ყოველთვის ცხრა იყო,
და მზე მუდამ – ცხრათვალა.
ოჰ, ტკბილო საქართველო!
სუნთქვა გაუმაძღარო,
შენი სახელებია
ცხრამუხა და ცხრაწყარო.
ცხრა – არჩევის დღე იყო
პოეტების მეფეთა.
ცხრას – პირველი გრიგალი
გზაზე შემომეფეთა.
სიტყვაში: რუსთაველი
ცხრა ელვარე ხანია,
სახელიც: გალაკტიონ –
მხოლოდ ცხრა ანბანია.
მახსოვს ზამთრის დღეები
და სიბნელე გვიანი –
როგორ უცებ მშველოდა
ისევ ბუხრის ცხრიანი.
ოჰ, ოცნებავ ყრმობისა,
ცრემლი იყო ღვარული.
ცხრა კლდესაც გაალხობდა
ჩემი ცხრა სიყვარული.
ცხრა ჩემთვის მზიანია,
ელვარე და ლომფერი,
როცა მე დავიბადე,
იყო ცხრა ოკტომბერი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button