პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – დაღამდება ტყეში ოდეს..
დაღამდება ტყეში ოდეს,
ქარი ფოთლებს აურევს.
იმ მდინარის გეშინოდეს,
რომელიც არ ხმაურობს.
მას ფოთლები აოქროვებს,
ვით ყვავილი ნაოშებს,
წვეთ-წვეთობით წყალს აგროვებს,
ნიაღვრებად გაუშვებს.
დაიძვრება გზა ზვირთული,
როგორც მძიმე ხეხილი –
ნაყოფებით დატვირთული,
ქარით გადაზნექილი.