გალაკტიონ ტაბიძე – მასთან არიან
საღამოს ნისლი შემხუთველად
თბილისს ფარავდა,
როცა გაისმა ჰანგი ხმათა
გულშემზარავთა.
ის ატივტივდა მიწყნარებულ
ჰაერში გაბმით,
აყვირდნენ შემდეგ საყვირები,
გრძნეული ამბით.
კაცი შეჩერდა. მოიხადა
მწუხარედ ქუდი.
ბნელ, უმოძრაო ამოხედვით
შეჩერდა წუთი.
იხედება წინ… რა დიდია
ტკივილი გულის!
რა რიგად ღრმაა მწუხარება
ხალხის ერთგულის!..
და გუგუნებდნენ, გუგუნებდნენ
კვლავ საყვირები,
ჰაერს ერთვოდა გულისცემა
განახშირები.
გულს რაღაც სწურავს, მძიმე ცრემლი
თვალს მოაჯერდა.
თვით ის, მარადის მიმავალი,
თვით დრო გაჩერდა.
მოულოდნელად, ოჰ, რა ძალა,
რა გული ჩაჰქრა!
მან თქვა თავისი მოწოდება,
მან ცეცხლი გაჰკრა.
აწ იგი, ვისაც დაღლისათვის
დრო არა ჰქონდა,
გადაიღალა და გაჩუმდა…
მხარე დაღონდა.
არ დანებდება მაინც იგი
ღრმა მწუხარებას,
ვინც არ ჩვეულა ამნაირ დროს
გულხელდაკრეფას.
დიდი ლენინის აზროვნების
სინათლე მიწას
მიაღწევინებს სასურველს და
ბედნიერ მიზანს.
სტალინის ფიცი მისი მტკიცე
საწინდარია –
თავდადებულნი სამშობლოსთვის
მასთან არიან.