პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ინტერვენცია
მშვიდი სოფელია,
თუ მძლე ქალაქია,
გზები, ავსტრია და
ჩეხოსლოვაკია.
მარშით გადითელა,
სისხლით ნანთებია,
რაც კი ფაშისტური
ექსელბანტებია.
განა, როცა იგი
მტარვალ სახეს იჩენს,
ბრწყინვა გარეგნული
შეცვლის სიმახინჯეს?
არა! ელვარება
მის კუზს ვერ დაფარავს,
კუზი ყველგან მოსჩანს,
კუზი ყველას სზარავს.
ნეტა დარეკავდეთ!
მხარეს იმედს ფენდეს:
ყველა – ბარიკადით!
მუსრი ინტერვენტებს!
რომელს ეს ამბავი
გულს არ უზიანებს?
მიწა გაასწორებს –
როსმე კუზიანებს.