პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – კალამთან – გუთნის კვალია ..
კალამთან – გუთნის კვალია,
ხმალი და ფარ-მუზარადი;
ბევრი რამ წარმავალია –
ხელოვნებაა – მარადი.
იმ კალამს, გუთანსა და ხმალს
ზღვის საჭე მოემატება,
რომ ვარსკვლავისას ჩვენის ალს
უფრორე ჰქონდეს ნათება.
წარმავალია ყალბი ხმის
უცხო და ყალბი ბარათი,
სიცოცხლის, მხოლოდ სიცოცხლის
ხელოვნებაა – მარადი.
დაღვარე – რაც კი წყალია,
სვი ღვინო, ძველი შარბათი;
ბევრი რამ წარმავალია,
ხელოვნებაა მარადი.