პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – მისი ბუნება

აუწერელი გარყვნილება
და ფუფუნება –
აი, რა არის, კაპიტალო,
შენი ბუნება.

აუწერელი, ბუნებიდან
გადანაშალი,
აუწერელი ცოდვები და
დანაშაული.

ასე ჩაფლული, გამოსავალს
დაეძებს ტომი,
გამოსავალი შენ იპოვე
კიდეც: ჰკა! ომი!

საკუთარ მოძღვარს ეთხოვება
განა შენდობა?
ვერც საკუთარ ჯარს შენი გული
ვერ მიენდობა!

მაინც საზარი ომი კართან
არის მოსული,
ომი სასტიკი, უბრალო და
ბარბაროსული.

მის მეშვეობით გზა კარგად გაქვს
გამოსახული –
განადგურება საოცარი,
ჯერ არნახული.

ურაგანულ ცეცხლს მიეცემა
გალერეები,
წიგნთსაცავებზე ავარდება
ალთა ტყეები.

მუზეუმები უმდიდრესი
და ყველაფერი,
რაც გონების და ნიჭის მიერ
არის ნაფერი,

რითაც ამაყობს კულტურული
და მტკიცე რიგი –
წინააღმდეგი არის ომის,
არ უნდა იგი!

უკეთეს პოეტს ევროპისას
სალამი ამ დროს.
მის მგზნებარე ჩანგს გაუმარჯოს,
მის ნათელ დროშას!

არა მათ, რომელთ მოქმედება
ნაქები დიდად,
ძველმა ევროპამ შეითვისა
და შეისყიდა.

რომ ექო მისი განცხრომის გზა
და ფუფუნება,
შენი სიცოცხლე, კაპიტალო,
შენი ბუნება.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button