გალაკტიონ ტაბიძე – მწვერვალები ახალი მთების
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
კავკასიის მაღალ ქედზე
მიდიოდნენ სვანები,
ეხვეოდნენ ბილიკებად
გზები დანაქანები.
შუაღამე რომ გადვიდა,
ერთი რაზმი, ვეება,
დაეწია დაღლილ მგზავრებს
და სასტიკად შეება:
რა დრო იყო და რა მტრობა,
დადგა სისხლის ფეშხუმი,
გადიკიდნენ აქ სვანეთი,
იქით – რაჭა-ლეჩხუმი.
წაიშალა მოგონება
ძმობის სიამაგეთა,
ისეც ვიწრო გზები მთისა
ძმათა მტრობამ ჩაჰკეტა.
შვიდ წელიწადს მთელი კუთხე
რატომ უნდა ჩაჰკირო,
ვეღარ მიდის სამუშაოდ,
ვეღარც საჯამაგიროდ.
შვიდ წელიწადს არ უნახავს
სვანეთს გემო მარილის,
მერე მთლად რომ გაუჭირდათ,
მუდამ ასე არ ივლის…
ეს დიდი ხნის ამბავია…
იგრძნეს რა ერთმანეთი,
დამშვიდებულ შრომით მოდის
იმ მთებიდან სვანეთი.
გზები გაჰყავთ. ჟრიამული
ცეცხლად შემოსდებია
ყველგან, სადაც მიუვალი
და უღრანი მთებია.
შეერთებულ შრომას მღერის,
ნისლები რომ ეხურა,
ხანისწყალი, გუბისწყალი,
ცხენისწყალი, ტეხურა.
შეერთებულ ძალას, შრომას
მღერის, ვით მაყრიონი –
ლიახვი და ალაზანი,
ჭოროხი და რიონი.
შეერთებულ შრომას მღერის
ჩანჩქერების მარაგი,
ნატანები, იმერხევი,
ენგური და არაგვი.
მაშავერი, მტკვარი, ქსანი,
ალაზანი, ძირულა,
აქ მრავალი ათასი ხმა
ერთად გადაკირულა.
მთებო! დასწვით ძველი შავი
ახალ დროის სიალეთ,
თავისუფალ მწვერვალების
დროშა ააფრიალეთ!