პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ნიავი
დაღვრემილა მთა კლდოვანი,
მოწყენილა არემარე,
უფრო რაღაც სევდიანად
გადმოყურებს ზეცით მთვარე.
კლდისა ნაპრალს ეხეთქება
გულმოსული ნაკადული,
ბუ გაჰკივის ნაღვლიანად
და ბუჩქებში ჰკვნესს ბულბული.
დაბურულ ტყემ თავჩაქინდვრით
მთის კალთაზე მიიძინა
და ეჭვიან ბუნებასთან
ერთად სულმაც მოიწყინა.
ჩუ! ტყე უცებ შეშრიალდა,
ნაძვმაც თავი გადახარა,
თითქო რაღაც სასიამო
მას ნიავმა მიახარა.
თითქო თანვე ჩაუნერგა
სიცოცხლისა გრძნობა-ძალა,
ვერხვი ოდნავ გადიხარა,
ცაცხვმაც ტოტი გადაშალა.
ფიჭვი შეკრთა, გადიზნიქა,
მსწრაფლ ტირიფიც აშრიალდა,
მიბნედილი, ფერმიხდილი
ტყე სისწრაფით გადაგვარდა.
ოჰ, ნიავო, რა იქნება
მეც მიამბო ის მოთხრობა,
რა იქნება, რომ ჩემს გულშიც
აადუღო სწრაფად გრძნობა?
მაგრამ ის კი აღარ ვიცი,
რა იქნება საიდუმლო
ისეთი, რომ ჩემს ცრემლთ დენას
და ჩემს ტანჯვებს მისცეს ბოლო.