პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ომნიბუსით

ეზოს ახსოვს ყოველ წუთის
შარაგზა და გადაღმა.
ისევ იქ დგას ჩრდილი თუთის,
ცაცხვები კი გადახმა.
და ტირიფიც მაღლარ მტევნით!
სასაცილო ტირიფი.
გადახრილი ზედმიწევნით,
მსუბუქი და ირიბი.
დაფენილი, თითქო ომში,
ფშანია თუ ჟალტამი?
ველად ყრია ლურჯი კომში
და ცისფერი ატამი.
ალუბლები ისევ ქრიან –
სევდიანნი სიონი,
და სახელად რიონს ჰქვიან
ისევ იგი რიონი.
ისევ ჩნდება მწყერით ველი,
ღალღა თვალს ეცეცება.
ღამღამობით მოდის მგელი
და საქონელს ეცემა.
დარჩენილი მინდვრად ჩალა,
დანისლული კოპიტი.
განადგურდა მეფის ჭალა –
ჩრდილი შემოდგომითი.
ომნიბუსო, მახსოვს შენი
შარაგზებზე ჟღარუნი,
ძველი დაბა ახალშენი,
და ქვიტკირის წყარონი.
ბარს ედები, ცას ედები,
წყალს, დაღარულს დამბებით,
მოგაქვს თეთრი გაზეთები
მუდამ ძველი ამბებით.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button