პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – საახალწლო ეფემერა

ღამის წყვდიადში მე შემომესმა,
სურნელი ნაზი, თვალგაპობილი.
გრიგალმა ცივმა და უშორესმა
კართან მოაგდო ავტომობილი.

გაჩერდა ორი ყვითელი თვალი
და შეშინებით დაკრთენ ჩრდილები,
კარებთან კივის წარსულის ვალი:
მუსიკა, ღვინო და ყვავილები!

და პოეზიის ნათელი დროშით
იხავერდება ოცნება ჭრელი,
რომ სხვა მოცარტით და დელაროშით
ვიხიბლებოდე მე, მენესტრელი.

აღტაცებების რეკავდეს მინა
და სიხარულის იყოს ღილები,
Flor extra fina, flor extra fina!
მუსიკა, ღვინო და ყვავილები.

შიშით ატირდა კლავიში ერთი,
კლავიატურის გულში მკივარი,
ოდეს ცეცხლივით დიდი კონცერტი
მოედო თეატრს, ვით სატკივარი.

მრავალ წამწამებს და მრავალ ისარს
გრძნობს დაღალული თვალი თეატრში
და ედარები მზეს ნამაისარს,
მაღალ ლოჟიდან შენ, ბეატრიჩე!

სული გაქანდა ზღვაში მოტივედ,
თითქო ქაოსის ნისლში შეველი
და ატივტივდა იქ ნაფოტივით
კლავიში ერთი, შეულეველი,

რომ დავიწყება შემეძლოს რითმე!
რომ გადაკარგვა შემეძლოს სადმე!
რომ მაპოვნინა მე შენზე რითმა!
რომ ასსონანსი ღიროდეს რადმე!

კვლავ მონად ვყავარ თეატრის ვარდებს,
ღამეს, სითეთრეს, ვაზას, მაგიდებს,
კარგი ქალების სიცილს უდარდელს,
ელვარე ლალებს და ყელსაკიდებს.

ისევ დენდიზმი! სიტყვის ბროლებით
ეშვება ფარდა. მიდის სტუმარი,
თეატრი ხდება ლურჯ გაზოლებით
უდაბნო ყვავილთ ნასამუმარი.

პატრონი იყო დემონთა წარბის,
ვისაც სარკესთან მოწყდა საყურე.
აბნელებს სანთლებს, ალაგებს დარბაზს
და მშვიდათ მიდის მოსამსახურე.

უკანასკნელი იყო ეს ლხინი,
მის ხსოვნად სული მარად ევნება,
მთვარე – ღრუბლების თეთრი პინგვინი
და ბაღის მძიმე აშადრევნება!

აღტაცებების რეკავდა მინა,
და სიხარულის იყო ღილები,
Flor extra fina, flor extra fina!
მუსიკა, ღვინო და ყვავილები!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button