სერგო ვარდოსანიძე – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II
სერგო ვარდოსანიძე – “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II (1960-1972 წ.წ.)”
ცხოვრების გზის დასაწყისი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II, ერისკაცობაში გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე დაიბადა 1896 წ. 19 ოქტომბერს გორის მაზრის სოფელ დოესში სოფლის მედავითნის ოჯახში.
დედა _ მონაზონი, ღრმად მორწმუნე ქალი იყო და შვილებსაც ასე ზრდიდა. თერთმეტი წლისა იყო გრიგოლი, როდესაც დედა გარდაეცვალა. მამამ იგი გორის სასულიერო სასწავლებელში წაიყვანა, სადაც 1904-1912 წლებში სწავლობდა.
XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. თერგდალეულთა იდეოლოგიას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკურ და ეკლესიურ თავისუფლებას, ენაცვლებოდა სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგია. იგი სოციალური პრობლემების გამძაფრებით საერთოდ უარყოფდა ეროვნულ საკითხებს. პრესაში დაიწყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის კრიტიკა, “მამული, ენა, სარწმუნოების” დროშის ქვეშ შემოკრებილ ქართველობას უმტკიცებდნენ უკეთესი იყო “პროლეტარებო! ყველა ქვეყნისა შეერთდით”. პატრიოტიზმს – კოსმოპოლიტიზმი ენაცვლებოდა. 1907 წელს წიწამურთან მოჰკლეს ილია ჭავჭავაძე. ეს ფაქტი ზუსტად შეაფასა გალაკტიონ ტაბიძემ “წიწამურთან რომ მოჰკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი”.
თუ პოლიტიკური ცხოვრება ასეთი პარადოქსებით, დაქსაქსულობით და პარტიული ნიშნით, ინდივიდუალიზმით ხასიათდებოდა, XX საუკუნის დასაწყისი საქართველოს სულიერი ცხოვრების განსაკუთრებული აღმავლობის ხანაა. ქართველმა სასულიერო პირებმა, რომელთაც ხელმძღვანელობდნენ ეპისკოპოსები: კირიონი, ლეონიდე, ანტონი, დეკანოზები: კალისტრატე ცინცაძე, ნიკიტა თალაკვაძე, ქრისტეფორე ციცქიშვილი, არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, საერო პირები: იპოლიტე ვართგავა, პართენ გოთუა, სპირიდონ ჯაფარიძე, ალექსანდრე ლომთათიძე, რაფიელ ივანიცკი დიდი სამუშაო შეასრულეს, რათა ქართველ ხალხი დაერწმუნებინათ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობაში. პრესაში, სამეცნიერო ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ პოლიტიკურ წერილებს დაერთო პრაქტიკული ნაბიჯები, 1905 წლის ქართველი სამღვდელოების თბილისის კრება, 1906 წლის პეტერბურგის სინოდის წინარე სხდომა. ბუნებრივია, გორის სასულიერო სასწავლებელში მყოფი გრიგოლ სიდამონიძის მსოფლმხედველობაზე დიდ ზეგავლენას მოახდენდა საქართველოში მიმდინარე პროცესები.
1912 წელს გორის სასულიერო სასწავლებლის დირექციამ სპეციალური რეკომენდაცია მისცა წარჩინებულ კურსდამთავრებულ გრიგოლ სიდამონიძეს თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად. თბილისის სასულიერო სემინარიის ბოლო კურსებზე გრიგოლ სიდამონიძე დაუახლოვდა სემინარიის რექტორს, სიონის ტაძრის პროტოპრესვიტერ კორნელი კეკელიძეს, რომელიც ხშირად ესაუბრებოდა ქართულ აგიოგრაფიაზე, საეკლესიო კანონიკის, საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხებზე. ახალგაზრდა სემინარიელი და რექტორი ვაკიდან (დღევანდელი მე-9 საავადმყოფოს ტერიტორია ს.ვ.) საუბრით მიდიოდნენ სიონის ეკლესიისაკენ.
1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. სპეციალურად გასანთლულ ეტრატზე ავტოკეფალიის აღდგენის აქტის ხელის მომწერთა შორის იყვნენ შიო სიდამონიძე და გრიგოლ სიდამონიძე. ამის შემდეგ გრიგოლის მამამ ერთი წელი იცოცხლა, იგი 1917 წელსვე გარდაიცვალა.
გრიგოლ სიდამონიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი საეკლესიო კრების მუშაობაში, შემდეგ იყო მორჩილი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II-ისა, 1918 წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, სადაც ისმენდა ივანე ჯავახიშვილის, აკაკი შანიძის, კორნელი კეკელიძის, გრიგოლ წერეთლის, გიორგი ჩუბინიშვილის ლექციებს. ახლდაგახსნილი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის დიდი სიხარული და ბედნიერება იყო 1918 წლის 26 მაისი, როდესაც ყოფილი მეფისნაცვლის სასახლეში გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. უნივერსიტეტის სტუდენტებს მოწიწებით და მომავლის იმედებით შესცქეროდა ქართველი საზოგადოებრიობა, თბილისში დიდი ზეიმით აღნიშნეს დამოუკიდებლობის ერთი წლისთავი, საქართველომ დაიჯერა, ევროპის ქვეყნები გაითავისებდნენ მის პრობლემებს. მაგრამ დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან თავი იჩინა ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის სიძნელეებმა: პოლიტიკურ პარტიათა შინაომები, საბჭოთა რუსეთისაგან ინსპირირებული კონფლიქტები შიდა ქართლსა და აფხაზეთში, სასაზღვრო კონფლიქტები ოსმალეთთან, სომხეთთან, რომელიც ფართო მასშტაბიან ომში გადაიზარდა.
1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ჯარები საქართველოს დედაქალაქში შემოვიდნენ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ჯერ დასავლეთ საქართველოში გადავიდა… მალე მათ ბათუმი დატოვეს და საფრანგეთში გაემგზავრნენ. გაუქმდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, დათხოვნილ იქნა საქართველოს პარლამენტი, დაიწყო ქართული ეროვნული ღირებულებების გადაფასების ხანა. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ 1920 წლის 15 აპრილს რევკომის დეკრეტით საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას ჩამოართვა იურიდიული პირის სტატუსი. დაიწყო სამშობლოს თავისუფლების მოსურნე ადამიანების სასტიკი დევნა _ შევიწროება. საქართველოსაკენ ინტერნაციონალიზმის დროშით გამორბოდნენ რუსები, აზერბაიჯანელები, სომხები… ქვეყანა დაყვეს ავტონომიებად, ხოლო თვით საქართველო ეგრეთწოდებული სამოკავშირო ხელშეკრულებით ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციაში გააერთიანეს, ხოლო შემდეგ მოდერნიზებულ საბჭოთა იმპერიაში, რომელსაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირი უწოდეს.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ, ურთულესმა პოლიტიკურმა და სულიერმა მდგომარეობამ არაერთი ადამიანი ჩააგდო დეპრესიაში. ახალგაზრდა გრიგოლ სიდამონიძემ მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა საერო ცხოვრებაზე და ბერად აღკვეცილიყო. 1921 წლის 21 დეკემბერს მან თხოვნით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ამბროსის: “თქვენო უწმიდესობავ! ბავშვობიდანვე მქონდა მისწრაფება ბერული ცხოვრებისა. ჩემი განზრახვა მრავალჯერ გამიზიარებია ცნობილი სასულიერო პირებისათვის. ისინი სიხარულით შემომგებებიან და სათანადო მამობრივი ლოცვა-კურთხევით დავუჯილდოებივარ. აწ მომწიფებულ ასაკში მიღწეული სრული ჭკუა-გონებით და საღი შეგნებით აღჭურვილი, კადნიერებით გთხოვთ აღმკვეცოდ ბერად და ღირსმყოთ მღვდელმონაზვნის ხარისხზე აღსაყვანად. მე მწამს მიუხედავად შავ-უკუღმართი დროისა და საეჭვო წუთისოფლისა, თქვენი უწმიდესობა ნდობის თვალით და გულით შეხვდება ამ ჩემს მისწრაფებას და მომცემს საშუალებას, რათა სამღვდელმონაზვნო ხარისხში მყოფს შემეძლოს წინაშე წმ. ტრაპეზისა აღვავლინო ლოცვა-ვედრება ღმრთისადმი, სამშობლოსადმი და ჩვენი მრავალტანჯული ეკლესიის ბედნიერებისათვის”.1
გრიგოლ სიდამონიძემ განცხადებით მიმართა თბილისის უნივერსიტეტის რექტორს პროფ. ივანე ჯავახიშვილს და დატოვა უნივერსიტეტის დამამათავრებელი კურსი. ახალგაზრდა ბერმონაზვნობის მოსურნეს მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა, მისდა გასაოცრად სოფელ დოესის მღვდელმა მიხეილ ლუკაშვილმა, რომელიც კარგად იცნობდა გრიგოლ სიდამონიძის ოჯახს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოში გაგზავნილ წერილში ახალგაზრდა გრიგოლი “მეამბოხე და ეკლესიის მტრად” გამოაცხადა. სოფლის მოძღვრის ასეთმა დაუმსახურებელმა, ტენდენციურმა დახასიათებამ გრიგოლი ძლიერ დააღონა, მაგრამ ფარხმალი არ დააყრევინა. მან საგანგებო განცხადებით მიმართა ურბნისის ეპარქიის ახალქალაქის მთავარხუცესს დაედასტურებინა ან უარეყო მღვდელ მიხეილ ლუკაშვილის განცხადების შინაარსი. 1921 წლის 23 დეკემბერს შეკრებილმა ოლქის სამღვდელოებამ “დაადასტურეს სიყრმიდან აქამომდე კრება იცნობს გრიგოლ სიდამონიძეს, როგორც საუკეთესო ყმაწვილკაცს, ერთგულ შვილს საქართველოს ეკლესიისას, ხოლო მღვდელ მიხეილ ლუკაშვილის დასმენას თვლის, როგორც უსაფუძვლოს და პირადი ინტერესებით გამოწვეულს”.2
უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი გაეცნო რა ოლქის სამღვდელოების წერილს, ლოცვა-კურთხევა მისცა სვეტიცხოვლის წინამძღვარს არქიმანდრიტ პავლეს (ჯაფარიძე) ბერად აღეკვეცა, გრიგოლ სიდამონიძე. ბერმონაზვნობის მოსურნეს სახელი ეფრემი შეურჩია მისმა სათაყვანებელმა მასწავლებელმა, პროფესორმა კორნელი კეკელიძემ. 1922 წლის 17 იანვარს გრიგოლი ბერად აღიკვეცა ეფრემის სახელით. 26 იანვარს სვეტიცხოვლის დეკანოზმა მათე მონასელიძემ მიაღებინა “ფიცი კურთხევისათვის”, რომელშიც ვკითხულობთ: “მე გრიგოლ სიდამონიძე აწ წოდებული სამღვდელო მსახურებისათვის აღვთქვამ და ვფიცავ ყოვლად შემძლებელისა ღმრთისა წინაშე წმიდისა მისისა სახარებისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისა, რომ მსურს და ვეცდები განვლო ესე მსახურება თანახმად ღვთისა სიტყვისა, საეკლესიო კანონთა და მთავრობის ბრძანებათა: ღვთისმსახურებანი და საიდუმლონი შევასრულო კრძალვითა და მიხედვით ეკლესიის განჩინებისა, ჩემისა ნებით არაფერი არ შევცვალო: აღსარება სარწმუნოებისა ვიპყრო და სხვას გარდავცე მართლმადიდებელი ეკლესიისა და წმიდათა მამათა ხელმძღვანელობით”.3
როგორც უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის რეზოლუციიდან ჩანს, 1923 წლის 14 იანვარს ბერმონაზონი ეფრემი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად. “ჩვენება კურთხევისაში” ბერმონაზონმა ეფრემმა ვალდებულება აიღო, რათა ემსახუროს ქრიტიანული სარწმუნოების განმტკიცებას, ღვთისმსახურება შეასრულოს პატიოსნად და უღირსი ყოფაქცევით არასოდეს არ დააბრკოლოს მორწმუნენი.
1922 წლის აპრილში უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით საგანგებო მემორანდუმი გაუგზავნა გენუის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლებს და საერთაშორისო საზოგადოებას მოსთხოვა დაეცვათ საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები, რომელიც ფეხქვეშ იყო გათელილი საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის და მისი მარიონეტი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ეროვნული და სარწმუნოებრივი ინტერესების დამცველი სასულიერო პირები “ანაფორიან ინტრიგანებად”, “უწმიდეს კონტრრევოლუციონერებად” მონათლა, და კიდევ უფრო გააძლიერა რეპრესიები და ზეწოლა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე. ასეთ ურთულეს ვითარებაში 1923 წლის 4 ივლისს მღვდელმონაზონი ეფრემი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაინიშნა შიომღვიმის მონასტერის წინამძღვრად.
ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა აგრესიული ათეიზმის პროპაგანდა, ბოლშევიკურ პრესაში იბეჭდებოდა ასეთი შინაარსის წერილები: “მშრომელი მასების განთავისუფლება შეუძლებელია რელიგიის მოსპობის გარეშე”… “ვაწარმოებთ რა ბრძოლას სარწმუნოებრივი ცრურწმენის წინააღმდეგ ჩვენ ვქმნით ახალ მსოფლმხედველობას, რევოლუციონერულ წესებზე, ვაგებთ ახალ პირობებს და კომუნისტური ყოფა-ცხოვრების დამყარებით ნიადაგს ვაცლით გაბატონებულს და ძვალ-რბილში გამჯდარ რწმენას, დღესასწაულებს”.4
ოფიციალურად ადმინისტრაციული წესით დაიწყეს ეკლესია-მონასტრების დახურვა, წაქეზებულ იქნენ სხვადასხვა კრიმინალური ჯგუფები, რომელნიც თავს ესხმოდნენ ეკლესია-მონასტრებს, ძარცვავდნენ მათ. რამდენჯერმე მოხდა თავდასხმა შიომღვიმის მონასტერზე, სადაც დახოცეს სასულიერო პირები. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ღამე მოსალოდნელი იყო ახალი თავდასხმა, მღვდელ-მონაზონი ეფრემი ტაძარს არ ტოვებდა. 1924 წლის მარტში, როდესაც მიმდინარეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრებისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქის უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის სასამართლო პროცესი, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი, როგორც მოწმე გამოძახებულ იქნა სასამართლოზე ჩვენების მისაცემად. მოსამართლეს აინტერესებდა, რა ინფორმაცია ჰქონდა მღვდელმონაზონ ეფრემს კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს განკარგულებით თბილისიდან ქუთაისში გადატანილი საეკლესიო განძეულობის შესახებ, მაგრამ მღვდელმონაზონმა ეფრემმა უპასუხა, რომ განძის გატანის საკითხებზე მან არაფერი იცოდა, ვინაიდან იმ დროს იგი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და აქტიურად არ მონაწილეობდა ეკლესიის საქმიანობაში. საარქივო მასალებიდან ჩანს, თუ რა მძიმე ვითარებაში იყო შიომღვიმის მონასტერში მყოფი მღვდელმონაზონი ეფრემი. იგი ხელისუფლებას მიმართავს თხოვნით გამოუყონ მგზავრობის ხარჯები, ვინაიდან მას არ აქვს არავითარი საშუალება, რათა დაბრუნდეს მონასტერში. ამის შემდეგ, ხელისუფლებამ მღვდელმონაზონ ეფრემზე დააწესა ფარული თვალთვალი.
1925 წლის 22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის ლოცვა-კურთხევით მღვდელმონაზონი ეფრემი აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა დიდი გომარეთის მრევლის მღვდლად და ბორჩალოს მაზრის მთავარხუცესად, როგორც 1925 წლის 26 ოქტომბრით დათარიღებული მისი საკათალიკოსო საბჭოსადმი გაგზავნილი წერილიდან ირკვევა იგი მოვალეობის შესრულებას შეუდგა სოფელ დიდ გომარეთში. იმ დროს, როდესაც თვით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საიდუმლო მოხსენება ადასტურებდა “უკანასკნელ ხანებში მორწმუნეთა და კულტის მსახურთა დევნამ მიიღო მწვავე ხასიათი, რაც გამოიხატება არა მხოლოდ იდეურ ანტირელიგიურ პროპაგანდაში, არამედ და უმთავრესად ადმინისტრაციულ დევნაში, სოფლებში არ აჩერებენ მღვდელს, უკრძალავენ ნათლობას, ჯვრისწერას წესების შესრულებას. სამღვდელო პირთა შვილებს არ იღებენ სკოლებსა და სასწავლებლებში”.5
მრავალეროვნულ რეგიონში, სადაც პოლიტიკურთან ერთად რელიგიურ-კონფენსიურ ინტერესთა სხვაობა გავლენას ახდენდა ყველაფერზე რთული იყო ახალგაზრდა მოძღვრისათვის, მაგრამ ეფრემმა მოახერხა თავი შეეყვარებინა ადგილობრივი მოსახლეობისათვის როგორც მათი ჭირისა და ლხინის თანამონაწილემ, უანგარო და კეთილსინდისიერმა ღვთისმსახურმა. იგი ერთნაირად ყურადღებიანი იყო როგორც ქართველების, ასევე იქ მცხოვრები ბერძნების მიმართ. 1926 წლის 27 მარტს არქიმანდრიტმა ეფრემმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარესს ამბროსის ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა: “თქვენო უწმიდესობავ, ჩემდამი რწმუნებული სოფელ დიდი გომარეთის სამრევლოს ამ უკანასკნელი 5-6 წლის განმავლობაში არ ჰყოლია მღვდელი. მისი მოვლა პატრონობა თავს უდვიათ მეზობელი ბერძნის მღვდლებს ალექსი პარასკევიდს და მიხეილ მიხეილოს, გთხოვთ გაწეული სამსახურისათვის გამოუცხადოთ მადლობა”.6 უწმიდესმა ამბროსმა დააკმაყოფილა ეფრემის თხოვნა, რამაც კიდევ უფრო აამაღლა მისი ავტორიტეტი ადგილობრივ ბერძენ მართლმადიდებლებს შორის. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობდა ხელი შეეშალა არქიმანდრიტ ეფრემისათვის, მაგრამ იგი მაინც თავის საქმეს აკეთებდა.
1927 წლის მარტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის მიერ არქიმანდრიტი ეფრემი გადმოყვანილ იქნა მცხეთა-თბილისის ეპარქიის ქორეპისკოპოსად. 26 მარტს დროებითი მმართველობის თავმჯდომარის მიტროპოლიტ ქრისტეფორეს მიერ იგი აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში. არქიმანდრიტ ეფრემის კურთხევას სვეტიცხოველში დაესწრნენ: მარგველი ეპისკოპოსი ვარლამი (მახარაძე) და ბოდბელი ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი). მღვდელმთავრის უმძიმესი ტვირთის აღება იმ დროს, როდესაც მარტო მცხეთა-თბილისის ეპარქიაში 1927 წელს ოფიციალური მონაცემებით გაძარცვეს თბილისის კუკიის, ვერის წმიდა ნიკოლოზის, მთაწმინდის, ავლაბრის, ფერისცვალების ეკლესიები, როდესაც სასულიერო პირები საერთოდ კანონგარეშე იყვნენ გამოცხადებული, გმირობის ტოლფასი იყო. ფრიად საგულისხმო სიტყვა წარმოთქვა ეპისკოპოსმა ეფრემმა, როდესაც მიიღო მღვდელმთავრის კვერთხი.
“ყოვლად უსამღვდელოესნო მეუფენო. ყოვლად პატიოსანნო მამანო და ძმანო! მესმის ხმა უფლისა. მომწოდებელი ჩემისა უღირსებისა. მშობლიური ეკლესიის სადარაჯოზედ გუშაგად დადგინებისა. მესმის და ვძრწი. წარმოუდგება რა ცხადად თვალთა გონებისა ჩემისათა მთელი სიდიდე მღვდელმთავრობისა, სიძნელე და დაბრკოლებანი, რაიცა მარად სდევს მას და უფრო ვძრწი ვითვალისწინებ რა უძლურებასა ჩემსა.
მეშინის, ოდეს მოვიხსენებ მღვდელმთავრობას ჩემსა, ჰოი, სულო ჩემო, ამიერიდან სხვათა მიმცემელო მადლისა, მრავალთა უმაღლეს ეკლესიური ნდობა დავალებათა დაჯილდოებულს ძალგიძს დაიცვა თავი შენი, რათა არა შთავარდე პატივსა და მთავრობის მოყვარეობასა.
ამ საპასუხისმგებლო დროს მადლობით მოვიხსენიებ ჩემს კეთილს მყოფელთ მასწავლებელთ, რომელთაც განმიმტკიცეს სიყრმიდან ჩანერგილი სიყვარული ეკლესიისა და საზოგადო საქმისა. მადლობით ვიხსენებ ჩვენს ახლადანთებულ ლამპარს თბილისის უნივერსიტეტის აღმშენებელთ, რომელთა ხელმძღვანელობით მე ვითვისებდი ცოდნას წლის განმავლობაში. მადლობით ვიხსენებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარესს ამბროსის, რომელმაც მხურვალე სიყვარული და მამობრივი მზრუნველობა გამიწია. მაგრამ ამ ჩემთვის საშინელსა და სანეტარო თემას სიმდაბლით შეგივრდებით და გულმოდგინეთ გევედრებით: ოდეს დამდებთ მადლის მიმნიჭებელთა წმიდა ხელთა თქვენთა, თავსსა მისსა უღირსებისა. მხურვალედ აღვავლენთ ლოცვასა, წინაშე მაცხოვრისა, რათა მომანიჭებდეს ნიჭსა ჩემსა ცოდვათა განცდისასა და შემომარტყამდეს ძალსა სულის სიწმიდისა, სიმდაბლისა და მოთმინებისასა. დაე, მღვდელმთავრობა ჩემი მასწავებდეს ჩემსა უღირსებაზე, უძლურებაზე დაე, მღვდელმთავრობა ჩემი მარად მოჰგვრიდეს თვალთა ჩემთა სინანულისა ცრემლთა დენასა! დღევანდელი ჩვენი ეკლესიის მწვავე მდგომარეობა დაბეჯითებით მოითხოვს მტკიცე და მაღალ ღირსებით მოსილ მღვდელმთავარს; რათა მისი ხმა არ დარჩეს ვითარცა ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, რომ შეძლოს დამშვიდება აღშფოთებულთა, დაანთოს ცეცხლი სიყვარულისა, შექმნას საამისო მდგომარეობა ხელსაწყობად ნაყოფიერი მუშაობისა. მართებს მღვდელმთავარს, რათა ზე იდგეს ამაო პატივმოყვარეობაზე, ხოლო ცხოვრებას ეგზომ მოიხმარდეს მაცხოვრის დიდ მოძღვრებას წმიდა სახარებისა და ეგრევე აქვნდეს ცხოვრების ეგზომ შესაფასებლადაც ეპისკოპოსის მოვალეობაზე იქადაგოს ჭეშმარიტება, იყოს გონებით ბრძენი და ცხოვრებით უბრალო, იყოს მტკიცე, ბრწყინავდეს საქმენი მისნი. დაე, აღსრულდეს განგება ღვთისა, მორჩილ ვარ, მადლობით მივიღებ და არა რას მცირესა წინააღმდეგობასა ვიტყვი”.7
მღვდელმთავრობის ხანა
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილ რთულ ვითარებაში მოხდა არქიმანდრიტ ეფრემის ეპისკოპოსად კურთხევა. “განახლებისა და რეფორმების” ჯგუფი, რომელსაც მხარს ოფიციალური ხელისუფლება უჭერდა მოვიდა საეკლესიო იერარქიის სათავეში. მიუხედავად იმისა, რომ მათ განაცხადეს, რომ ემიჯნებოდნენ საქართველოს საკათალიკოსო საბჭოსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის კურსს, რომელიც შეფასებული იყო, როგორც “ანტისაბჭოთა, კონტრრევოლუციური”. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ფ. მახარაძისადმი გაგზავნილ წერილში 1928 წლის 1 ოქტომბერს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III აღნიშნავდა: “მღვდლებს სრულიად ათახსირებენ, რევოლვერის გულზე დადებითაც კი აშინებენ, ეპისკოპოსებს ნებას არ აძლევენ ინახულონ ეკლესიები და სწირონ. ზრდიან სასულიერო პირთა საშემოსავლო გადასახადებს… დღეს წარმოებული შევიწროებანი საქართველოს ეკლესიისა უდრის მის მოსპობას, რაც არ უნდა იყოს სასურველი არავისთვის”.8 ხელისუფლება საერთოდ არაფერს აკეთებდა სინდისის თავისუფლების ოფიციალური აღიარების მიუხედავად. 1927-28 წლეებში მოკლეს კახეთში, სოფ. მატანში მღვდელი ასათიშვილი, გორში მღვდელი აბრამიშვილი, დაანგრიეს ეკლესიები: ძირულში, ნატანებში, ასკანაში, ჩოჩხათში, კარდენახში, ყარსუბანში საქონელი შერეკეს ეკლესიაში.
1927 წლის 2 ოქტომბერს საკათალიკოსო სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ეპისკოპოსის ეფრემის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად დანიშვნის შესახებ, ამავე დროს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დებულება ითვალისწინებდა მას მიტროპოლიტის ხარისხშიც აიყვანდნენ. ეპისკოპოსმა ეფრემმა საკათალიკოსო სინოდისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა: “მიტროპოლიტობა ეძლევა, არა კათედრას, არამედ პიროვნებას ნიშნად მადლობისა და პატივისცემისა, მისი განსაკუთრებული ღვაწლისა და სამსახურის აღსანიშნავად. მე ახლა ვიწყებ საქმიანობას და პირდაპირ მმართველ მღვდელმთავრად დანიშვნა ისედაც რთულ ეპარქიაში, როგორიც ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაა არასწორად მიმაჩნია”.9
ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ იგი ჯერ იწოდებოდა მანგლელად, შემდეგ ნინოწმინდელად, ხოლო 1927 წლის 17 ოქტომბრიდან ალავერდელად. ალავერდის ეპარქიაში უმძიმესი ვითარება დახვდა ადგილობრივ პარტიულ ხელმძღვანელობას სასულიერო პირების დანახვაც კი არ უნდოდათ, ისევ ანგრევდნენ ეკლესიებს, სასულიერო პირებს კი აიძულებდნენ უარი ეთქვათ ჯვრისწერაზე, ნათლობაზე, მიცვალებულის წესის აგებაზე. ეპისკოპოს ეფრემს უფლებას არ აძლევდნენ ეწირა ალავერდში. 1929 წლის 5 იანვარს ეპისკოპოსი ეფრემი აიძულეს დაეტოვებინა ეპარქია და თბილისში ჩამოსულიყო და მრევლის მღვდლობა ეთხოვა რომელიმე ეკლესიაში.
1929 წლის 23 იანვრის კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III მოხსენებიდან ირკვევა “თბილისის წმ. ბარბარეს ეკლესიის რელიგიურ საზოგადოების კრებას თავის მოძღვრად აურჩევია ეპისკოპოსი ეფრემი. სინოდის დაუკითხავად მე ეპისკოპოსს მრევლის მღვდლად ვერ გავამწესებ და ამისათვის ვთხოვ სინოდს გადაწყვიტოს საკითხი შეიძლება თუ არა ეპისკოპოს ეფრემს მიეცეს მრევლი. იყოს მხოლოდ მრევლის მღვდლად და მოძღვრად”.10 საკათალიკოსო სინოდმა შექმნილ ვითარებაში შესაძლებელად მიიჩნია როგორც გამონაკლისი ეპისკოპოსი ეფრემი დაენიშნათ წმ. ბარბარეს ეკლესიის მოძღვრად. მას თანაშემწედ დაუნიშნეს ერთი მღვდელი. ამავე დროს შეუთავსეს ბოდბის ეპარქიის მმართველობაც. 1930 წლის 24 ოქტომბერს ეპისკოპოსი ეფრემი დაინიშნა ურბნისის ეპარქიის დროებით მმართველად, თუმცა კვლავ თბილისში იყო, ჯერ მთაწმინდის ეკლესიის წინამძღვრად, ხოლო 1931 წლის დასაწყისიდან ნავთლუღის ეკლესიის დროებით წინამძღვრად.
1932 წლის 10 იანვარს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ქრისტეფორე III. 1932 წლის 21 ივნისს მეექვსე საეკლესიო კრებამ ახალ პატრიარქად აირჩია მანგლელი მიტროპოლიტი კალისტრატე. ეპისკოპოს ეფრემის წინსვლაში დიდი იყო კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III ღვაწლი… ახალ ვითარებაში პირველ ხანებში მას გაუჭირდა ურთიერთობები… 1932 წლის 13 ოქტომბერს ეპისკოპოსმა ეფრემმა განცხადებით მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო პლენუმს ურბნის-აწყურის ეპარქიის დროებითი მმართველის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ “დღესდღეობით ვერ ვახერხებ განვაგრძო ჩემზე დაკისრებული მოვალეობა და ვფიქრობ, არც ეპარქიისთვის არის სასარგებლო დროებითი პატრონი”.11
ეპისკოპოს ეფრემის ეს განცხადება აღქმული იქნა, როგორც პროტესტი ახალი პატრიარქის მიმართ, ამიტომ საპასუხო ნაბიჯმაც არ დააყოვნა. მას ოფიციალურად ეცნობა: “სინოდის პლენუმის 1932 წლის 13 ოქტომბრის დადგენილებით დამტკიცებულ იქნას ყოვლადსამღვდელო ეფრემი ურბნისის ეპარქიის მმართველად და გორის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად მისადმი რწმუნებულ ეპარქიაში დაბინავებით არაუგვიანეს ერთი თვისა”.12 სინოდის ამ გადაწყვეტილებამ ეპისკოპოსი ეფრემი ძალიან გააწყენა: “მადლობა სინოდს, _ წერდა იგი _ მაგრამ ჩემთვისაც ხომ უნდა ეკითხათ, შემეძლო თუ არა დღევანდელ პირობებში ამ ტვირთის აწევა, უმორჩილესად გთხოვთ, ორი წლით შეაჩეროთ სინოდის დადგენილება, ვმუშაობ მუზეუმებში და წიგნსაცავებში”.13
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი კალისტრატე მიუღებლად მიიჩნევდა ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის თბილისში ყოფნას იმ დროს, როდესაც ეპარქიებში ურთულესი ვითარება იყო შექმნილი. ერთ-ერთ ჩანაწერში იგი გულახდილად წერდა: “ძველად სამღვდელოება იყო ინტელიგენცია, მაღალი შეგნებული, მოწინავე წრე, იგი ხელმძღვანელობდა ხალხის განათლების საქმესაც, გამორჩეული იყო საზოგადოებრივ საქმიანობაში… ჩვენ ახლა ხალხს ვესაჭიროებით მხოლოდ საეკლესიო წესების აღსრულებისათვის… მთავარია როგორმე სიცოცხლე შევინარჩუნოთ, როგორმე ეკლესიები დანგრევას გადავარჩინოთ, როგორმე სარწმუნოება შევინახოთ”.14 უწმინდესმა კალისტრატემ კატეგორიულად მოსთხოვა ეპისკოპოს ეფრემს ეპარქიაში წასვლა. 1933 წლის 9 ნოემბერს ეპისკოპოსმა ეფრემმა წერილობითი განცხადებით მოითხოვა ეპარქიის დავალებებისაგან სრული განთავისუფლება. “სინოდმა და მისმა უწმიდესობამ ისეთ გარემოებაში ჩააყენეს, რომ ჩემთვის შეუძლებელი ხდება მღვდელმთავრის მოვალეობის ტვირთის ზიდვა და იძულებული ვხვდები სამსახურზე ხელი ავიღო”.15 ვითარების ასე გამწვავებას უწმიდესი კალისტრატე არ ელოდა, ამიტომ მან დეკანოზებს ი. მირიანაშვილს და ი. ცქიტიშვილს დაავალა ეპისკოპოს ეფრემის მონახულება და უკმაყოფილების მიზეზთა სრულად გარკვევა. როგორც ისინი უწმიდეს კალისტრატესათვის შედგენილ მოხსენებით ბარათში წერდნენ: “ვინახულეთ ეპისკოპოსი ეფრემი და მოვახსენეთ რომ იგი ვალდებულია ემორჩილებოდეს თავის უზენაეს ხელისუფლებას და მით საერთო დისციპლინას იცავდეს და სხვას აძლევდეს მაგალითს, როგორც სარკე ეკლესიისა. მან გვიპასუხა, რომ იგი ემორჩილება საკათალიკოსო სინოდის გადაწყვეტილებას, მაგრამ ასეთ პირობებში არანაირი სამსახური არ მინდაო”.16 უწმიდესმა კალისტრატემ სწორად შეაფასა შექმნილი ვითარება და დათმობაზე წავიდა, მაგრამ ეპისკოპოსმა ეფრემმა განმეორებითი განცხადებით კვლავ მოითხოვა სამსახურიდან სრული განთავისუფლება. 1933 წლის 8 მარტს დათარიღებული რეზოლუციით უწმიდესმა კალისტრატემ ეპისკოპოსი ეფრემი გაათავისუფლა ეპარქიის მღვდელმთავრის მოვალეობისაგან, მაგრამ შაბათ-კვირის გარდა უნდა ეწირა სიონის საპატრიარქო ტაძარში.
1934 წლის 25 იანვარს ეპისკოპოსმა ეფრემმა თხოვნით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმიდეს კალისტრატეს: “მსურს დავათვალიერო ეჩმიაწინის სიძველენი და აგრეთვე პირადად გავეცნო ერევნის სახელმწიფო მუზეუმში დაცულს ქართულ ხელნაწერს, ცნობილ საიათნოვას დავთარს”.17 მისმა უწმიდესობამ მისცა სათანადო სიგელი ეჩმიაწინში წარსადგენად. სომხეთში ნაყოფიერი იყო მისი შემოქმედებითი მივლინება, გაეცნო ქართულ ხელნწერებს. შეხვდა სომეხთა კათალიკოს ხორენს, რომელიც მანამდე თბილისის სომხურ ეპარქიას ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ იმხანად ეპისკოპოს ეფრემს ეპარქია არ ჰქონდა მას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დიდ ანგარიშს უწევდნენ, როგორც ნიჭიერ მღვდელმთავარს, მრევლის თავდადებულ მსახურს. 1936 წელს, როდესაც ქუთაისის ეპარქიაში ვითარება გართულდა სამღვდელოებასა და მმართველ მღვდელმთავარს შორის სინოდის 1936 წლის 21 მარტს დადგენილებით ეპისკოპოსი ეფრემი გაიგზავნა ვითარების შესასწავლად და მდგომარეობის ნორმალიზაციისათვის.
ოფიციალური ხელისუფლებისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები ორ ჯგუფად იყო დაყოფილი. ე.წ. “პროგრესული სამღვდელოება”, რომელიც თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან, აღიარებდა საბჭოთა სისტემის უპირატესობას და “რეაქციული სასულიერო პირები”, რომელთა მიმართ ხორციელდებოდა ტოტალური თვალთვალი, დასმენები და რეპრესიები. ეპისკოპოსი ეფრემი ხელისუფლებისათვის მიუღებელი იყო. 1937 წელს კიდევ ერთმა დაპატიმრებების ტალღამ გადაიარა. 1937 წლის 10 დეკემბერს ეპისკოპოსი ეფრემი დაპატიმრებულ იქნა როგორც ხელისუფლებისათვის მიუღებელი და “სამეულის” (“ტროიკა”) გადაწყვეტილებით (მუხლი #58,11). გადაასახლეს ციმბირში. რვა წელი უმძიმეს ფიზიკურ შრომაში გაატარა მან საკონცენტრაციო ბანაკში, მაგრამ თავისი თავდაჭერილობით, მოყვასის სიყვარულით, გაჭირვებულთათვის ნუგეშის მიცემით ყველას პატივისცემა დაიმსახურა. გადასახლების წლების საშინელებებზე საუბარი არ უყვარდა, თუ ვინმე რამეს ჰკითხავდა, ცდილობდა საუბარი სხვა მიმართულებით წარემართა. უწმიდესი კალისტრატე ბევრს ეცადა მის შველას, მაგრამ უშედეგოდ.
1944 წლის 2 ივლისს უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ ტაშკენტიდან ეპისკოპოსის ეფრემის ასეთი შინაარსის წერილი მიიღო: “თქვენო უწმიდესობავ! სიყვარულით მოგესალმებით და გისურვებთ ხანგრძლივ, ჯანმრთელ სიცოცხლეს. ლაგერიდან მე გამათავისუფლეს 21 ივნისს. ჩემი უკანასკნელი ადგილი ციმბირი იყო. საქართველოში დაბრუნების უფლებას არ მაძლევენ. მითხრეს, საქართველოდან თუ გექნება გაწვევა, მაშინ წახვალო. ახლა თქვენზეა დამოკიდებული ჩემი სამშობლოში დაბრუნება… სად მოვეწყობი არ ვიცი, არც ტაშკენტში მაძლევენ ცხოვრების უფლებას, უსახსროდ ვარ”.18
კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ სასწრაფოდ გაუგზავნა ფული ეპისკოპოს ეფრემს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ავქსენტი რაფავას ოფიციალურად მიმართა: “გთხოვთ ნება დამრთოთ გამოვიწვიო თბილისში მშობელი ეკლესიისათვის საჭირო ეფრემ ეპისკოპოსი”.19
ეპისკოპოსი ეფრემი სამშობლოში გამოემგზავრა. ბორანი, რომლითაც მას მდინარე უნდა გადაეცურა მგზავრებით შევსებული დახვდა ბევრს ეხვეწა მათ როგორმე დაესვათ იქ, ვინაიდან ერთი კვირის ლოდინის თავი აღარ ჰქონდა, მაგრამ მისი ხვეწნა არად ჩააგდეს. გამობრუნდა უკან დამწუხრებული, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ გაიგო ბორანის ჩაძირვისა და მგზავრების დაღუპვის ამბავი…
რვა წლის განშორების შემდეგ ეპისკოპოსი ეფრემი თბილისში დაბრუნდა უწმიდესი კალისტრატეს გაგზავნილი ეტლი თბილისის სადგურში დახვდა ეპისკოპოს ეფრემს. უწმიდესი კალისტრატე თავის რეზიდენციაში სადილზე ელოდა მას. აქვე იყვნენ თბილისის სამღვდელოების წარმომადგენლები, მისი ახლობლები. ეპისკოპოსმა ეფრემმა თავი ვერ შეიკავა და ატირდა… უწმიდესმა კალისტრატემ იგი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად და მწვანე ყვავილის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა, 1945 წლის 12 ივლისს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ ასეთი შინაარსის ბრძანება დაწერა: “ვიღებ რა მხედველობაში თქვენს თვრამეტი წლის მოღვაწეობას მღვდელმთავრის ხარისხში, მოგიბოძებთ მიტროპოლიტობას”.20
ქუთაისის-გაენათის ეპარქიაში მიტროპოლიტმა ეფრემმა 1953 წლამდე იმსახურა. მის დროს მოწესრიგდა მოწამეთას ეკლესიის შესასვლელი, იგი დაუახლოვდა ქალაქის ინტელიგენციას, ხშირად მოგზაურობდა და აღავლენდა წირვა-ლოცვებს ეპარქიაში მოქმედ ეკლესიებში. ცხოვრობდა პეტრე-პავლეს ეკლესიის მახლობლად. უყვარდა განმარტოებით ყოფნა. ხანდახან უსმენდა კლასიკურ მუსიკას, ხვდებოდა მორწმუნე მრევლს, ახალგაზრდობას ასწავლიდა ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარულს.
1953 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე. პატრიარქი გახდა მოსაყდრედ გამორჩეული ურბნელი მიტროპოლიტი მელქისედეკ III. უწმიდესი მელქისედეკის ურთიერთობა მიტროპოლიტ ეფრემთან რთული იყო, მიუხედავად იმისა, რომ 1953 წლის 28 მარტს მიტროპოლიტი ეფრემი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით, დაძაბულობა მათ შორის არ ჩამცხრალა. პატრიარქ მელქისედეკს არწმუნებდნენ იმ მრავალრიცხოვან საჩივრების უკან, რომელიც საერო ხელისუფლებაში იგზავნებოდა, მიტროპოლიტი ეფრემი იდგა. რა თქმა უნდა ეს ასე არ იყო და ეკლესიის შიგნით შიდა დაპირისპირებები ისევ ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა. მელქისედეკ III ასაკოვანი იყო და სერიოზულად ფიქრობდა მემკვიდრეზე. მან საგანგებოდ გამოიძახა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე) და განუცხადა, რომ წერილობითი განკარგულებით მას მოსაყდრედ დატოვებდა. მიტროპოლიტმა ნაომმა მადლობა მოახსენა უწმიდეს მელქისედეკს, მაგრამ უარი განაცხადა მოსაყდრეობაზე იმ დროს, როდესაც ეფრემი იყო საქართველოს ეკლესიაში პატრიაქის მოსაყდრე ის უნდა გამხდარიყო, მაგრამ მელქისედეკი არ დაეთანხმა მეუფე ნაომის მოსაზრებას, 1956 წლის 29 აგვისტოს მღვდელი ხარიტონ დევდარიანი ეპისკოპოსის ხარისხსში აიყვანა, 1959 წლის 24 ივლისს მას მიანიჭა მიტროპოლიტის წოდება, სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება და გამოაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.
1953 წლიდან მიტროპოლიტი ეფრემი ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელია. ბათუმში მოღვაწეობის დროს იგი შეხვდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქ უწმიდეს ალექსანდრე III და ჰქონდა საუბარი საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარების პრობლემებზე.
პატრიარქობის ხანა
1960 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III. საგანგებოდ შეიკრიბა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი, რომელსაც ესწრებოდნენ: ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ეფრემი, ბოდბელი მიტროპოლიტი დიმიტრი, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი, ურბნელი მიტროპოლიტი დავითი, თეთრიწყაროელი ეპისკოპოსი ზინობი. სინოდის სხდომა გახსნა ბოდბელმა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (იაშვილი), რომელმაც აღნიშნა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აღარ ჰყავს მეთაური, რომელიც გამორჩეული იყო, როგორც ნიჭით, ასევე სულიერი ცხოვრებით. დღეს ჩვენ უნდა სწორად შევაფასოთ შექმნილი ვითარება და ვიმოქმედოთ ისე, რომ შთამომავლობამ არასოდეს საყვედურით გაიხსენოს 1960 წლის 11 იანვრის სინოდის სხდომა თავისი გადაწყვეტილების გამო. წინადადება შემომაქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ და მელქისედეკ III დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარედ ავირჩიოთ მიტროპოლიტი ეფრემი. ამ წინადადებას მხარი დაუჭირეს: მიტროპოლიტმა ნაომმა, ეპისკოპოსმა ზინობმა. ურბნელმა მიტროპოლიტმა დავითმა ოფიციალური განცხადებით მოიხსნა მოსაყდრის ტახტის დაკავების სურვილი. 1960 წლის 19-20 თებერვალს შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად აირჩია მიტროპოლიტი ეფრემი, ეფრემ II-ის სახელწოდებით.
საგანგებოდ შედგენილი სიგელი იტყობინებოდა: “სრულიად საქართველოს ეკლესიის სამღვდელომან და ყოველთა მორწმუნეთა საქართველოსათა ერთითა ნებითა, ერთითა გულითა და ერთითა პირითა აღირჩიეს შთაგონებითა, ღმრთისათა მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და თბილისისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მაღალყოვლად უსამღვდელოესი ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ეფრემი”.21 1960 წლის 21 თებერვალს კვირას მოხდა მისი აღსაყდრება სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.
XX საუკუნის 60-იან წლებში საბჭოთა საქართველოში “კომუნიზმის გაშლილი მშენებლობა” იყო გამოცხადებული. არსებული სისტემის სახე კიდე ერთხელ გამოჩნდა 1956 წლის 9 მარტის ცნობილი მოვლენების დროს, როდესაც მოსკოვის პარტიული ხელმძღვანელობის პირდაპირ მითითებით ცეცხლი გაუხსნეს და დახვრიტეს თბილისში მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილენი. მართალია ამ დროს პირდაპირ თითქოს აღარ დევნიდნენ სასულიერო პირებს, მაგრამ უშიშროების ორგანოები ავრცელებდნენ ჭორებს, ათასგვარ ცილისწამებას მათ მიმართ, რათა საზოგადოებისგან სრულად მოეწყვიტათ, საკუთარ თავში ჩაეკეტათ ეკლესია. კომუნისტურ ჟურნალ-გაზეთებში ანტირელიგიურ თემებზე იწერებოდა სტატიები. უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო კურსი იყო ათეიზმი. გაძნელებული იყო ადმინისტრაციული წესით დახურული ეკლესიების ამოქმედება. საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა აპარატი უხეშად ერეოდა ეკლესიის საქმიანობაში. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია რომ მძიმე მდგომარეობაში იყო ამას სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებდა. ამ დროს მოქმედი იყო 5 ეპარქია (7 მღვდელმთავრით), საპატრიარქოში შედიდა 100 მოქმედი ეკლესია, 2 დედათა და მამათა მონასტერი. 105-მდე სასულიერო პირი. საპატრიარქოს არ ჰქონდა ბეჭდური ორგანო, რეზიდენცია, სასულიერო სასწავლებელი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიულ ავტოკეფალიას არ აღიარებდა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა. სახელმწიფოს მიერ ეკლესიები, სასულიერო პირები ისე იყო დაბეგრილი, რომ შემოსავლის 87% სახელმწიფოს მიჰქონდა. მკაცრად კონტროლდებოდა თითოეული სასულიერო პირის საქმიანობა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული საპატრიარქო 1923 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაში იყო. კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია სიონის ეკლესიის გვერდით სულ 4 ოთახისაგან შედგებოდა. უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემმა არაერთხელ მიმართა მთავრობას ან ძველი საპატრიარქო რეზიდენციას დაბრუნების ან ახლის აშენების ნებართვაზე. საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა რწმუნებულის დ. შალუტაშვილისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნული იყო: “ჯერ კიდევ 1960 წელს ვითხოვდით საპატრიარქოს დაბრუნებოდა ის შენობა, სადაც დღეს რესპუბლიკის მილიციის მთავარი სამმართველოა… თუ ეს ვერ მოხერხდება გთხოვთ ნება დაგვრთოთ ვაკის ან საბურთალოს ტერიტორიაზე გამოგვეყოს ადგილი ორსართულიანი საპატრიარქო რეზიდენციისთვის”.22 მთავრობას ახალი საპატრიარქოს თბილისში აშენებაზე უარი უთქვამს, შალუტაშვილი აცხადებდა შესაძლებელი იყო ასეთი ნებართვის გაცემა მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საერთოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურებს საერო ხელისუფლებისათვის რელიგიის საქმეთა რწმუნებულის გარეშე ურთიერთობა ეკრძალებოდათ. 1963 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II ასეთი შინაარსის წერილით მიმართა რელიგიის საქმეთა რწმუნებულს ა. შალუტაშვილს “დაახლოეით თერთმეტი თვის შემდეგ ჩემი კათოლიკოს-პატრიარქად არჩევისა. 1960 წლის 8 დეკემბერს განვიზრახე განცხადებით შევსულიყავი უმაღლეს მთავრობაში ამ ნაბიჯის გადადგმას მავალდებულებდა სინდისი, სარწმუნოება, ჩემი ერის სიყვარული და ამათ წინაშე ჩემი პასუხისმგებლობის შეგრძნება. უფრო ახლო გავეცანი რა საქართველოს ეკლესიის იმდროინდელ სინამდვილეს, ვცანი რომ თუ ასე გაგრძელდებოდა მისი სამწუხარო მდგომარეობა კატასტროფას ვერ გადაურჩებოდა… განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში იყო ღვთისმსახურთა რაოდენობა, ეს საკითხი დღესაც მძიმე ლოდივით ადგას ქართულ ეკლესიას გულზე და დღესაც საფრთხეს უმზადებს მას. 1962 წლის 3 ივლისს მომეცა შესაძლებლობა მქონოდა აუდენცია საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან ბატონ გივი ჯავახიშვილთან. ჩემი პირადი მოხსენების შემდეგ მან ბრძანა _ რახან არსებობს ეკლესია მას უნდა ჰქონდეს სასწავლებელიც და გამომცემლობაც _ ამას ისმენდა ჩემს გვერდით მჯდომი მაშინდელი რელიგიის საქმეთა რწმუნებული ბატონი მექვაბიშვილი, მაგრამ პრაქტიკულად არაფერი არ გაკეთებულა”.23
უწმიდესი ეფრემ II გრძნობდა თუ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ღვთისმსახურთა მოსამზადებლად სასწავლებელი არ ექნებოდა მომავალი არ ჰქონდა. მღვდელ დავით გარსიაშვილის დაკრძალვაზე გულისტკივილით აღინიშნა: “აი, ყველა მოხუცებულები მივდივართ და შემცვლელი აღარავინ რჩება… რაზე გაურბის ქართველი ერი თავის მშობლიურ ეკლესიას და საყვედურით ეკიდება? განა იმიტომ, რომ ღვაწლი მიუძღვის სამშობლოსა და ერისადმი?”24 უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II-ის შეუპოვრობამ თავისი შედეგი გამოიღო. ხელისუფლება იძულებული გახდა 1962 წლის 30 ივლისს გაეცა ნებართვა მცხეთის სამოძღვრო კურსების გახსნის შესახებ. უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II სასწავლებლის დირექტორად დანიშნა შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია (შიოლაშვილი), რომელმაც მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო სემინარიის და აკადემიის მართლმადიდებელი ეკლესიების სასულიერო სასწავლებლების სასწავლო პროგრამების ანალიზის საფუძველზე ახლადგახსნილ სასწავლებელში მაღალ დონეზე დააყენა სასწავლო პროცესი, დისციპლინა. სასწავლებელში სამუშაოდ მიიწვია ცნობილი მეცნიერები. 1963 წლის 15 ივლისიდან დაიწყო რა ფუნქციონირება ამ სასწავლებელმა სულ მალე იგი სასულიერო სემინარიად გადაკეთდა. სასწავლებლის დირექტორი მეუფე ილია სასწავლებლის საკითხებზე ხშირად მიმართავდა უწმიდეს ეფრემ II-ს. საპატრიაქოს არქივში არაერთი ასეთი წერილია დაცული 1964 წლის 28 დეკემბერს მან პატრიარქ ეფრემ II ასეთი წერილი გაუგზავნა: “თქვენო უწმიდესობავ, გვაკურთხეთ, ზეგ საშობაოთ ვითხოვთ სტუდენტებს. ხვალ 12 საათზე ვფიქრობთ პედსაბჭოს მოწვევას. ჩვენთვის მეტად სასიამოვნო იქნება თუ ჩამობრძანდებით და დაესწრებით”.25 უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II სემინარიის ყველა სტუდენტს პირადად იცნობდა ინტერესდებოდა თითოეულის საქმიანობით. მცხეთის სასულიერო სემინარიის წარმატებებით ბავშვივით ხარობდა.
უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სასულიერო პირთა და მღვდელმთავართა რაოდენობის გაზრდის საკითხს. ოფიციალური ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რომელიც ემზადებოდა საქართველოს მასობრივი ათეიზმის ქვეყნად გამოცხადებისათვის. მან 1963 წელს ეპისკოპოსად აკურთხა მოსკოვის სასულიერო აკადემიის წარჩინებული კურსდამთავრებული არქიმანდრიტი ილია. რომელსაც მარტო სასულიერო სასწავლებელი კი არ ჩააბარა, არამედ დაავალა ემუშავა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებისათვის. იმ დროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შეზღუდული ჰქონდა საერთაშორისო კონტაქტები. ურთიერთობა შეიძლებოდა რუსეთის და სომხეთის ეკლესიებთან. საზღვარგარეთის მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ეკლესიებთან ურთიერთობა მხოლოდ წერილობითი ხასიათისა იყო. ამიტომ, როდესაც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან თბილისში მოვიდა წერილი, რომელშიც გამოთქმული იყო სურვილი საქართველოს ეკლესია ოფიციალურად გაწევრიანებულიყო ამ ორგანიზაციაში, უწმიდესმა ეფრემ II-ემ 1962 წლის 4 მაისს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილ წერილში ოფიციალურად განაცხადა თანხმობა. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიეცა შესაძლებლობა საერთაშორისო ტრიბუნა გამოეყენებინა ჩვენი ეკლესიის ინტერესებისათვის. 1962 წელს უწმიდესი ეფრემი გამოვიდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს კონფერენციაზე, როგორც პროფესორი ლუკას ფიშერი აღნიშნავდა პატრიარქის გამოსვლისათვის განსაზღვრული იყო 40 წუთი, უწმიდესი ეფრემ II 3 საათიანი გამოსვლით წარსდგა მსმენელთა წინაშე. ეს იყო საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ეკლესიის სრული სურათის წარდგენის მცდელობა, თანაც წარმატებული. უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II საფრანგეთში, პარიზის მახლობლად ლევილში ეწვია ქართველ ემიგრანტებს, მცირე პანაშვიდი გადაუხადა ბოლშევიკური აგრესიის გამო სამშობლოდან გადახვეწილ გარდაცვლილ ქართველ მამულიშვილთ. ქართველი ემიგრანტები 1927 წლის შემდეგ უარს აცხადებდნენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობაზე. ისინი გაღიზიანებული იყვნენ უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის შემდეგ ეკლესიის მიერ საოკუპაციო, ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან “ლოიალობის და თანამშრომლობის” კურსის აღიარების გამო, მაგრამ საბჭოთა საკონცეტრაციო ბანაკებში ნატანჯ პატრიარქ ეფრემ II გულთბილად შეხვდნენ.
1963 წელს კუნძულ როდოსზე მართლმადიდებელ ეკლესიათა ფორუმზე შემოქმედელმა ეპისკოპოსმა ილია შიოლაშვილმა დააფიქსირა საქართველოს ეკლესიისადმი მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთგვარი უპატივცემლობა. ისინი ოფიციალურად არ ცნობდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. ეპისკოპოსმა ილიამ მიზნად დაისახა ისტორიული წყაროების, საეკლესიო ტრადიციების, ქართველ მეცნიერებთან მჭიდრო თანამშრომლობით დამაჯერებელი არგუმენტებით დაესაბუთებინა ყველასათვის საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის კანონიერება. ეს ბრძოლა გაგრძელდა 27 წელიწადი. 1990 წელს შემოქმედელი ეპისკოპოს ილიას აწ უკვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაუცხრომელი საქმიანობის შედეგად მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია. უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით 1965 წელს ეპისკოპოსად აკურთხა რომანოზ პეტრიაშვილი, რომელიც სხვადასხვა დროს განაგებდა ბათუმ-შემოქმედის, ჭყონდიდის, ალავერდის, ბოდბის, ცხუმ-აფხაზეთის, ქუთაისის ეპარქიებს. იგი იყო ცნობილი ქართველი მეცნიერის ვასილ პეტრიაშვილის ძმისშვილი. აღესრულა 1979 წელს 92 წლის ასაკში. 1972 წელს არქიმანდრიტი გაიოზ კერატიშვილი, რომელიც ერთხანს იყო კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, წილკნელი და ურბნელი მიტროპოლიტი, ამჟამად იმყოფება პენსიაზე. პატრიარქს განსაკუთრებული თბილი მამაშვილური ურთიერთობა ჰქონდა მეუფე ილიასთან, “ჩემო მეუფეო” ასე მიმართავდა წერილებში. “მცხეთაში ვიყავი, მაგრამ ვერ გნახე სახლის ტელეფონზე ვრეკავდი არ პასუხობდი, ხომ მშვიდობით ხარ მეუფეო _ თქვენი ეფრემი”. 1967 წლიდან მეუფე ილიას ჩააბარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველაზე რთული _ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია. ახალგაზრდა მღვდელმთავარს ყველანაირად ხელს უწყობდა, 1969 წელს იგი აიყვანა მიტროპოლიტის ხარისხში.
უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II კარგად გრძნობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საერთაშორისო კავშირების აუცილებლობას. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მხოლოდ თანასწორუფლებიან ურთიერთობის აუცილებლობას. 1960-1972 წლეებში მან არაერთხელ იმოგზაურა მოსკოვში, თბილისში სტუმრობდა რუსეთის პატრიარქი უწმიდესი ალექსი I.
პატრიარქ ეფრემ II ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა სომხური სამოციქულო ეკლესიასთან თბილისში არაერთხელ მოიწვია სომეხთა უმაღლესი პატრიარქ-კათოლიკოსი ვაზგენ I. თვითონაც იყო საპასუხო ვიზიტით სომხეთში. წერილობითი ურთიერთობა ჰქონდა მსოფლიო პატრიარქ ათინაგორასთან, იერუსალიმის პატრიარქ ბენედიქტე I. თუმცა საზღვარგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გასაგები მიზეზების გამო ვერ შედგა.
პატრიარქი და შიდასაეკლესიო პრობლემები
უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II ურთულეს ეპოქაში მოუხდა მოღვაწეობა. ცნობილი კრიტიკოსისა და მწერლის იპოლიტე ვართაგავასათვის გაგზავნილ ერთ პირად წერილში ეფრემ II გულახდილად აღნიშნავდა: “დღეს უფრო მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვიდრე კათოლიკოს-პატრიარქების კალისტრატეს ან მელქისედეკის დროს იყო აქ ყველაფერს ვერ დავწერ გასაგები მიზეზების გამო, ძალიან გართულებულ გარემოცვაშია ჩვენი ეკლესია. შეიძლება გულშემატკივარნი ბევრი ჰყავდეს, მაგრამ აქტიურ მომქმედთ ვერა ვხედავ. მიუხედავად ასეთი მძიმე გარემოებისა მაინც მოხერხდა მცხეთაში დამეარსებინა სამოძღვრო ორწლიანი კურსები ეპისკოპოს გაბრიელის სახელობის, გამომეცა გიორგი მთაწმინდელის ნახელავი ოთხთავი, ეპისტოლენი და იოანეს გამოცხადება, ლოცვანი, ქართველ წმინდანთა სურათები, ხატები. საქართველოს ეკლესიის კალენდარი ყოველწლიური. მე მჯერა ცხოვრება დაწყნარდება, მაშინ ეკლესია საპატიო ადგილს დაიჭერს ცხოვრების სინამდვილეში”.27
ამ რწმენით მოქმედებდა მისი უწმიდესობა, როდესაც მთავრობის თავმჯდომარეს გ. ჯავახიშვილს მიმართავდა და ითხოვდა სასულიერო ჟურნალის გამოცემის ნებართვას, ეკლესიების ამოქმედებას ბორჯომში, ცხინვალში, ზესტაფონში, საჩხერეში. იგი დაუფარავად აცხადებდა დღევანდელი საქართველოს ეკლესია ისეა შევიწროებული, რომ უფრო ქაღალდზეა ვიდრე სინამდვილეში. ეკლესიის გახსნა უდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ავიწროებდნენ ეკლესიის გახსნის მოსურნეთა ოჯახებს. 1960 წელს გორის მორწმუნე ქართველობამ ოფიციალური განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ვ. მჟავანაძეს. “სხვა რომ არა იყოს გვრცხვენია _ წერდნენ ისინი _ თუ გორში არ შეიძლება ეკლესიის გახსნა, მაშინ სხვა რაიონებში რატომ არის. მარტო თბილისში ოცი მოქმედი ეკლესიაა, თუ თბილისელებს არ უნდათ დაკარგონ ქართული ადათ-წესები ჩვენ რატომ უნდა დავივიწყოთ? სულ ერთია მამაპაპისეულ ძველ წესებს არ დავკარგავთ, მაგრამ სანამ ცოცხლები ვართ ნუ გვაწვალებთ, მოგვეცით ერთი ეკლესია, ჩვენ ავაშენებთ. ადგილობრივმა მთავრობამ შეგვაშინა, ვისაც ხელი გვქონდა მოწერილი იცოდეთ პენსიას მოგიხსნით, სამსახურებიდან გაგრეკავთ, რომ მოგაგონოთ ეკლესიის გახსნა კომუნიზმში შევდივართო. როცა შევალთ კომუნიზმში და ყველგან დაიკეტება ეკლესიები აქაც დაკეტონ ეკლესიები ჩვენ არაფერი გვექნება საწინააღმდეგო”.28
უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-ემ მიმართა მთავრობას: “გთხოვთ გორელების სასარგებლოდ გადადგათ ნაბიჯი. ამით, გარწმუნებთ არავის არაფერი დააკლდება რა, ხოლო ხალხის გულს მოვიგებთ, განა ეჭვია იმაში, რომ მრავალათასიან ქალაქში მორწმუნენი მრავლად არიან და სრულდება რელიგიური წესები”,29 მაგრამ ხელისუფლება ასე არ ფიქრობდა რელიგიის რწმუნებულმა მექვაბიშვილმა საიდუმლო წერილი გაგზავნა გორის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარესთან: “მოქალაქე ფრანგიშვილი სისტემატიურად წერს განცხადებებს ხელმძღვანელი ამხანაგების სახელზე დაჟინებით მოითხოვს რომ ქ. გორში განთავისუფლდეს ყოფი¬ლი ეკლესიის შენობა და მასში გახსნილ იქნას მოქმედი ეკლესია. იგი დადის მოსახლეობაში და აწარმოებს პროპაგანდას ეკლესიის გახსნის სასარგებლოდ, ამისათვის საჭიროა ფრანგიშვილთან და მის ჯგუფთან აწარმოოთ განსაკუთრებული გასაუბრება, რათა მან შეწყვიტოს ეკლესიის გახსნის საკითხზე პროპაგანდა და ხელმოწერების შეგროვება”.30 გასაუბრება იყო მუქარა, დაშინება. საბჭოთა კავშირის მაშინდელი პოლიტიკური ლიდერის ნ. ხრუშჩოვის ბრძანებით საბჭო¬თა კავშირის მასშტაბით დაიწყო ეკლესია-მონასტრების დახურვის ახალი კამპანია. 1963 წელს უწმიდესი ეფრემ II გამოიძახეს საერო ხელისუფლებაში და მოსთხოვეს ერთი ან რამდენიმე ეკლესიის დახურვა. ამ მხრივ ყველაზე სასურველად მთაწმინდის ეკლესია მიაჩნდათ. პატრიარქი ფეხზე წამომდგარა და უთქვამს თუ თქვენ მთაწმინდის ეკლესიას დახურავთ მე თავს მოვიკლავ და მიზეზად ამ ფაქტს დავიბარებო. არც დამშვიდობებია მათ ისე დაუტოვებია იქაურობა…
რელიგიის საქმეთა რწმუნებული დ. შალუტაშვილი აღშფოთებული იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე წმინდა ადგილებში მორწმუნეთა სიმრავლის გამო. მისი აზრით აუცილებელი იყო “კამანის მონასტერთან მიმავალი გზის ჩაკეტვა, რაც წმინდა წყალთან მორწმუნეთა მისვლას გააძნელებს. იქ თუ ღორების ფერმა აშენდება კარგი საბანაო იქნება ცხოველებისათვის და ადამიანები წყალში აღარ შევლენ განსაკურნებლადო”.31 კითხულობ ამ სტრიქონებს და არ გინდა დაიჯერო ნუთუ ადამიანები ასე აზროვნებდნენ? ეს იყო გასული საუკუნის 60-70-იანი წლების სამწუხარო რეალობა.
ეპარქიებში შექმნილ რთულ ვითარებაზე საინტერესოა 1962 წლის 7 ოქტომბერს ალავერდელი ეპისკოპოსის დავით ბურდილაძის მოხსენებითი ბარათი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II მიმართ. “დღესასწაულის დროს (ალავერდობაზე) შემოვიდნენ ახმეტის რაიაღმასკომის თავმჯდომარე მაღლაკელიძე პოლიციელებით და შეტევით მომმართეს, თუ როგორ გავბედე ალავერდში მისვლა და ეკლესიაში შესვლა, როდესაც მე ვუპასუხე, რომ მე ალავერდის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი ვარ და ჩემს მოვალეობას შეადგენს ამ ტაძარში საღმრთო ვედრების შესრულებაო, ამაზე დაცინვით მიპასუხეს ვინ ეპისკოპოსი ხარ, აბა საბუთი წარმოგვიდგინეო. აქ მექვაბიშვილმა დაგვინიშნა მღვდელი კუკუნაშვილი და სხვას არაფერი ესაქმებაო… მოკლედ შეგვექმნა ცხარე კამათი, დამემუქრნენ დაგაპატიმრებთო, დამაპატიმრეთ მეთქი. მათ უნდოდათ ლოცვა შემეწყვიტა და მათი ბრძანებით ეკლესიიდან გავსულიყავი, როდესაც ამას ვერ მიაღწიეს მაღლაკელიძემ მითხრა _ შენს მოხუცებულობას ვცემთ პატივს წირვას რომ დაამთავრებთ აქედან სასწრაფოდ წადიო”.32
ამაზე დიდი უბედურება რა უნდა ყოფილიყო ალავერდელ მღვდელმთავარს ედავებოდნენ როგორ, გაბედე ალავერდობაზე მოსვლაო. ალავერდის ტაძარი ხელისუფლებისათვის იყო კულტურის ძეგლი, სხვა ფუნქცია თუ ჰქონდა მათ ეს არ აინტერესებდათ. 1970 წლის 20 ივლისს ალავერდელი ეპისკოპოსი რომანოზ პეტრიაშვილი ეფრემ II-ს ატყობინებდა “კულტურის მინისტრმა თაქთაქიშვილმა ტაძარში ცეკვა-თამაში მოაწყობინა. მე გაკვირვებული ვარ და მწყინს რომ ამ ამბის მომწყობია კულტურის მინისტრი. ასე მასხრად აგდება ძველი ისტორიული სიწმინდისა, რომლის ტრაპეზქვეშ განისვენებენ იოსებ ალავერდელი, წმ. ქეთევან დედოფალი, წარმოუდგენელია”.33
ხშირი იყო შემთხვევები ეკლესია-მონასტრების ძარცვისა. ამის შესახებ უწმიდესსა და უნეტარესს ატყობინებდნენ: ქუთათელი მიტროპოლიტი ნაომი შავიანიძე, სამების ეკლესიის დეკანოზი ლევან ტლაშაძე. ოფიციალური ხელისუფლება სასულიერო პირებს დიდ საშემოსავლო გადასახადებს ახდევინებდა. საბჭოთა კავშირში სასულიერო პირების დაბეგვრის ერთიანი სისტემა იყო. არ ითვალისწინებდნენ მცირე შემოსავლიან და დიდშემოსავლიან ეკლესიათა თავისებურებებს. უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II აცხადებდა სასულიერო პირების საშემოსავლო გადასახადის მე-19 მუხლით დაბეგვრა ისე გამოიყურებოდა, როგორც გასანთლული თოკის ყულფი მძიმე დამნაშავის ყელის მიმართ. რელიგიის საქმეთა რწმუნებული ასეთი შინაარსის წერილს უგზავნის უწმიდესსა და უნეტარესს ეფრემ II-ს “გთხოვთ დაავალდებულოთ პროტოდიაკონი ამბროსი ახობაძე საშემოსავლო დავალიანება დაფაროს უყოყმანოდ. ამასთანავე აიძულოთ ყველა ურჩი მღვდელმსახური სასწრაფოდ გადაიხადონ საშემოსავლო გადასახადები”.34 პროტოდიაკონი ამბროსი აღწერს რა თავის გასაჭირს სთხოვს ეფრემ II-ს დახმარებას `მე ნახევრად მშიერი დავდივარ ჩასაცმელის გარეშე, ფულიც არ მაქვს, რით გადავიხადო გადასახადი?”35
პროტოდიაკონი ამბროსი გამორჩეული ხმის, ღვთისმსახურების უბადლო მცოდნე სულ დევნა-შევიწროებაში იყო. ერთხელ მან რესპუბლიკის პროკურორ ბერძენიშვილთან შეხვედრისას მოითხოვა გადასახლებამდე მის საკუთრებაში არსებული ქონების დაბრუნება, რაზედაც პროკურორმა უპასუხა, მღვდელი და კანონი ვის გაუგიაო. როდესაც ეს ეფრემ II-ემ გაიგო პროტოდიაკონთან ერთად შეხვდა რესპუბლიკის პროკურორს და მკაცრად მოსთხოვა გაემეორებინა ის, რაც პროტოდიაკონს უთხრა… რესპუბლიკის პროკურორი არ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას და ბოდიში მოიხადა. თუმცა ეს არ შველოდა ამბროსი ახობაძის გაჭირვებას ამდენმა დევნა-შევიწროებამ, უსახსრობამ იგი აიძულა 1970 წლის 1 იანვარს ასეთი შინაარსის განცხადებით მიემართა უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II-სათვის “ვისაც მე ვახსოვარ დაპატიმრებამდე და გადასახლებამდე მას თვალწინ წარმოუდგება პროტოდიაკონი ამბროსი ახობაძე ჯანსაღი და ჩვენი წმინდა ტაძრის მშვენება. დიახ, ეს მე გახლავართ 1937 წლის დაპატიმრებამ, რეპრესიებმა შეარყიეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა… გთხოვთ გადამიყვანოთ პენსიაზე”.36
უწმიდესი და უნეტარესი ეფრემი მატერიალურად ეხმარებოდა მას, უმსუბუქებდა მძიმე მდგომარეობას. მაგრამ პატრიარქსაც უჭირდა ამის დასტურია მისი წერილი საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის გ. ჯავახიშვილისადმი. “ჩემი შემოსავალი დადგენილია არასწორად _ წერდა იგი _ ამიტომ ვთხოვ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს დაგვდოს პატივი ჩაერიოს ჩვენს საქმეში, გაეცნოს მას, ბრძანოს თავისი ავტორიტეტიანი და სამართლიანი სიტყვა, რაც უეჭველია ნათელს მოჰფენს საკითხის ბუნდოვან მხარეს და მით მოეღება ბოლო გაუგებრობას, რასაც არ ვიღებ არ უნდა მომეთხოვოს, რაც არ მეძლევა არც გამომერთვას”.38
პატრიარქისთვის თუ იყო პრობლემა საშემოსავლო გადასახადის გადახდა, რა მდგომარეობაში იქნებოდნენ რიგითი სასულიერო პირები. უწმიდესმა ეფრემმა 1963 წლის 8 ნოემბერს მიმართა ფინანსთა მინისტრს. “საკათალიკოსოს სამეურნეო ნაწილის გამგე, პროტოპრესვიტერი ალექსანდრე გაბუნია განთავისუფლდა სამსახურიდან იმის გამო, რომ ვეღარ გაუძლო მე-19 მუხლით დაბეგვრას. არავის აღარ უნდა მუშაობა… დღეს არც მდივანი მყავს, არც სამეურნეო ნაწილის გამგე, არც მძღოლი. ასე რომ საპატრიარქო ისე გამოყურება თითქოს ლიკვიდაცია ქმნილ იყვეს”. რელიგიის საქმეთა რწმუნებული მკაცრად აკონტროლებდა სასულიერო პირთა საქმიანობას და თუ არ მოეწონებოდა იგი კათოლიკოს-პატრიარქს სთხოვდა პასუხს. 1970 წლის 13 იანვარს რწმუნებულმა დ. შალუტაშვილმა უწმიდესსა და უნეტარეს ეფრემ II-ს ასეთი შინაარსის წერილი მისწერა: “ჩემს განკარგულებაში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ადგილობრივი საბჭოთა ორგანოს ნებართვის გარეშე რელიგიური საზოგადოებები კულტის მსახურთა მითითებით არემონტებენ და აფართოებენ ეკლესიის შენობებს. ასეთი სამუშაოები ჩატარდა 1969 წ. სოხუმისა და გუდაუთის რაიონის სოფ. ლიხნის ეკლესიებში. განვმარტავ, რომ მოქმედი კანონმდებლობით კულტის მსახურებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ რელიგიური საზოგადოებების სამეურნეო და ფინანსურ საკითხებში. მათი უფლებები განისაზღვრება მხოლოდ რელიგიური წეს-ჩვეულებების შესრულებით”.39
ასეთი მკაცრი ზეწოლის პირობებში უხდებოდა პატრიარქს თავისი საქმიანობა. პატრიარქს არ უშვებდნენ უცხოეთის ქვეყნებში, უარი უთხრეს ბუქარესტში რუმინეთის პატრიარქ იუსტინეს 20 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე. თითოეული სასულიერო პირის კურთხევა დიდი ბრძოლისა და ხელისუფლებასთან დაპირისპირების ფონზე ხდებოდა. პატრიარქის გადაადგილებაც კი სამწყსოში ხელისუფლების მეთვალყურეობით ხორციელდებოდა.
კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II და ქართველი საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II 1918-1922 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე სწავლობდა. იგი დიდ პატივს სცემდა თავის მასწავლებლებს: ივანე ჯავახიშვილს, კორნელი კეკელიძეს, აკაკი შანიძეს, თავის თანაკურსელებს, პროფესორებს შალვა ამირანაშვილს, გიორგი გოზალიშვილს, სიმონ ჯანაშიას, არნოლდ ჩიქობავას, სერგი მაკალათიას, შოთა ძიძიგურს. ქვეყანაში არსებული ვითარების პირობებში რთული იყო საზოგადოებაში კათოლიკოს-პატრიარქის აქტიურობა, მაგრამ იგი მაინც ახერხებდა ამას. 1968 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 50 წლის იუბილეზე იგი საპატიო პრეზიდიუმში მიიწვიეს. უწმიდესსა და უნეტარეს ეფრემ II-ს ყოველ ახალ წელს ულოცავდა აკადემიკოსი ავლიპ ზურაბაშვილი “თქვენო უწმიდესობავ, მთელი ჩემი ოჯახი და პირადად მე მუხლმოდრეკით გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას და ყოველივე სიკეთეს, გთხოვთ კურთხევას”40 _ წერდა იგი.
1966 წლის 14 ივნისს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ირაკლი აბაშიძე წერილით მოიკითხავს მის უწმიდესობას და სთხოვს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა გადადგას ნაბიჯი იმისათვის, რათა გაფანტოს მითქმა-მოთქმა თითქოს შოთა რუსთაველს ეკლესია დევნიდაო. “გაფანტეთ ეს ისტორიული გაუგებრობა თქვენს მრევლში შოთა რუსთაველის იუბილის დღეებში იქადაგეთ სიონში, ან მცხეთის სვეტიცხოველში შოთა რუსთაველის დიდი სახელის მოსახსენებლად მისი დაბადების 800 წლისთავზე ამ წიგნის დამწერს, რომელმაც საქართველო 700 წელი შეინახა ეს პატივი ეკუთვნის. მას მეტიც ეკუთვნოდა, იგი ქართველ წმინდანთა პანთეონში უნდა ყოფილიყო, რომ არა ჩვენი ბედის უკუღმართობა”.41 უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II 1966 წლის 30 ოქტომბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში წაიკითხა საინტერესო მოხსენება: `შოთა რუსთაველის აღმსარებლობისათვის”, რომელშიც საეკლესიო პოზიციიდან გაშუქებულია გენიალური პოემის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებანი. უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II-ის სარეკომენდაციო წერილი ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოს ქრიზოსთომოსთან დაეხმარა კინორეჟისორ გიორგი ასათიანს ათონის მთაზე მოგზაურობაში.
1960 წელს 18 ოქტომბერს მან საგანგებო წერილით მიმართა იერუსალიმის პატრიარქ ბენედიქტე I-ს. წერილში საუბარია იმაზე, რომ მისი ოცნება იყო ეხილა წმიდა ქალაქი იერუსალიმი, წაეკითხა იქ დაცული ხელნაწერები, რომ იგი განსაკუთრებით გახარებულია არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ქართული მოზაიკური წარწერებით. “მაქვს პატივი, თქვენს უნეტარესობას ვაუწყო _ განაგრძობდა უწმიდესი ეფრემ II _ რომ თბილისიდან იერუსალიმს მიემგზავრება სამეცნიერო ექსპედიცია, რომელსაც მიზნად აქვს დასახული შეისწავლოს ადგილობრივი ქართული კულტურის მასალები და შეკრიბოს ახალი ცნობები ქართველების მოღვაწეობის შესახებ პალესტინაში, კერძოდ ჯვრის მონასტერში ექსპედიციის წევრები არიან: პროფესორები აკაკი შანიძე, გიორგი წერეთელი, პოეტი ირაკლი აბაშიძე, რომელთაც პირადად ვიცნობ. თქვენს უნეტარესობას ვთხოვ, რომ აღმოუჩინოთ მათ ყოველგვარი დახმარება მათი მეცნიერული მუშაობის დროს მონასტრებსა და ტაძრებში, წიგნსაცავებსა და არქივებში”.42
ქართველი მეცნიერები იერუსალიმში პატივისცემით მიიღეს, მუშაობის ყველა პირობა შეუქმნეს მათ. მის უწმიდესობას დიდ პატივს სცემდა ქართველი საზოგადოებრიობა. ჯერ კიდევ 1965 წლის 3 იანვარს შემოქმედელმა ეპისკოპოსმა ილიამ ასე შეაფასა უწმიდესი ეფრემ II ღვაწლი, “ვისაც სურს არ შეიძლება არ დაინახოს რა ძნელი და რთული იყო და არის თქვენი ცხოვრების გზა. თქვენ გხვდებოდათ გზაზე უფრო ეკალი, ვიდრე ვარდი. ეს იყო თქვენთვის განსაცდელი, რომელსაც თქვენ ხვდებოდით მორჩილებით და სიმდაბლით. თქვენ მუდამ გულში იმეორებდით და გახსოვდათ ჩვენი დიდი მწერლის სიტყვები: სიმდაბლე მსგავს არს ვაზსა დახრილსა და აღსავსეა ნაყოფითა კეთილითაო (სულხან-საბა) და ამიტომაც სიმდაბლით მოიპოვეთ სიმაღლე. ახლა თვალწინ მყავს წარმოდგენილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ანტონ II, მაგონდება მისი ტირილი და გოდება დაობლებულ საქართველოს ეკლესიაზე იგი იმედდაკარგული და დამწუხრებული რწყავდა თავისი ცრემლით რუსეთის მიწას. ახლა გადმოგვხედე და ნუ სტირი ჩვენო დიდო წინაპარო უწმიდესო ანტონ! საქართველოს ეკლესიამ კვლავ მოიპოვა დაკარგული დამოუკიდებლობა და შენ ტახტზე კვლავ ბრძანდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ზეგარდმო მადლით ცხებული, რომლის ანგელოზის დღეს ვზეიმობთ დღეს”.43
უწმიდესი და უნეტარესი ეფრემი ყველას მიმართ იყო საოცრად ყურადღებიანი. მის არქივში უამრავი სამადლობელი წერილებია. ქრისტეფორე კაპანაძე ითხოვს მატერიალურ დახმარებას და ეძლევა. არქიმანდრიტი ევაგრე დიასამიძე მადლობას მოახსენებს ყურადღებისათვის და 1968 11 დეკემბრიდან ითხოვს პენსიაზე გადასვლას. ბეთანიის მონასტრის იღუმენი იოანე (გიორგი) მხეიძე თხოვს დავუძლურდი და იქნებ მამა გაბრიელ ურგებაძე დანიშნოთ წინამძღვრადო. ზესტაფონიდან ელენე გველესიანი, მღვდელ თევდორე გველესიანის შვილი ითხოვს საეკლესიო კალენდარს. თუ სასულიერო პირს რამე უჭირდა გვერდით ედგა. 1969 წლის 3 მარტს გარდაიცვალა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე). უწმიდესმა ეფრემმა ასეთი შინაარსის დეპეშა გაგზავნა ქუთაისში. “ჩემი უძვირფასესი ნაომის გარდაცვალების გამო ვერ მოგახსენებთ სამძიმარს, რადგან ყველამ მე უნდა მითხრათ სამძიმარი ყველაზე მძიმე დანაკლისით შეწუხებულს”.44 იგი ქუთაისში ჩავიდა წესი აუგო განსვენებულ მღვდელმთავარს.
უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II მოკრძალებულად ცხოვრობდა. უყვარდა სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში უბრალო სამღვდელო შესამოსელით ჯდომა, ხალხთან საუბარი. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც იგი უბრალო ღვთისმსახური ეგონათ. ცნობილი ლოტბარი მიხეილ მცურავიშვილი იგონებს: “სიონში ანსაბლი “გორდელა” ვგალობდით, წირავდა კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II. ამ დროს ძალზე მოკრძალებით ვასილ მჟავანაძე შემოვიდა. ერთი კაცი ახლდა. პატრიარქი ჩვეულებრივ აგრძელებდა წირვის შემდეგ მცირეოდენი პაუზის დროს პატრიარქი მჟავანაძეს მიუახლოვდა ხელი გაუწოდა. მჟავანაძე პატრიარქის გამოწვდილ ხელს ეამბორა. კარგა ხანს ისმენდა წირვა-გალობას და შემდეგ არავის გაუგია ისე წავიდა”.45
მიუხედავად 60-70-იანი წლების ახალი ანტირელიგიური ისტერიისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროებისა, უწმიდესი ეფრემ II გრძნობდა, რომ ეს ყველაფერი არსებული სისტემის და არა ცალკეული პიროვნებების გამო ხდებოდა. აკად. როინ მეტრეველის გადმოცემით რომელიც არაერთხელ შეხვედრია კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ს ვ. მჟავანაძე შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობდა დახმარებოდა საქართველოს ეკლესიას. 1963 წელს ნ. ხრუშჩოვის განკარგულებით უნდა გაეყიდათ ცნობილი ხახულის კარედი. აკადემიკოსმა შ. ამირანაშვილმა ამის შესახებ აცნობა ვ. მჟავანაძეს, რომელმაც განკარგულება გასცა დაეკეტათ მუზეუმი, თვითონ კი მოახერხა ნ. ხრუშჩოვის დარწმუნება რამდენად მიზანშეუწონილი იყო ხახულის კარედის გაყიდვის გადაწყვეტილება. უწმიდეს ეფრემ II-ს თავის თავზე იწვნია რა არსებული სისტემის მთელი სისასტიკე ცხოვრებამ ასწავლა სიფრთხილე, გარკვეული დიპლომატია. იგი საერო დღესსწაულებს ულოცავდა საქართველოს ოფიციალურ ხელმძღვანელობას ვ. მჟავანაძეს, გ. ჯავახიშვილს, გ. ძოწენიძეს. ხანდახან ოფიციალური ხელისუფლების კურსის მხარდასაჭერ წერილებსაც ბეჭდავდა პრესაში მაგალითად 1970 წელს ღია წერილით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ რ. ნიქსონს და დაგმო ზესახელმწიფოს ჰეგემონური ამბიციები. “განა ამერიკას ესაჭიროება კოლონიები, ხომ ისედაც დიდი და მდიდარი ქვეყანაა… არა სჯობია თქვენი ცოდნა, ძალა და ღონე მიმართულ იქნას ღვთიური მშვიდობის აღმშენებლობისათვის, ვიდრე სხვის უბედურების ხარჯზე~.46 პატრიარქი ეფრემ II შინაგანად არსებული რეჟიმის მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი.
უყვარდა პუნქტუალობა, წესრიგი. მისი ხელიდან გამოსულ დოკუმენტებს, რეზოლუციებს ეტყობა პატრიარქის შინაგანი განწყობილება, შემწყნარებლობა. 1961 წ. მიხეილ ელიზბარაშვილი მიმართავს განცხადებით: “60 წელი მედავითნე ვიყავი, ახლა მიჭირს და დამეხმარეთო. პატრიარქმა განცხადებას ასეთი მინაწერი გაუკეთა. ეს კაცი ლანძღავდა ყველას უწმიდეს მელქისედეკს, მეც, მერე საჩივრებს აგზავნიდა რწმუნებულთან. სამეურნეო ნაწილის გამგეს ვუბრძანებ ჩემი საკუთარი ხელფასიდან გაიღოს ყოველთვიურად 10 მანეთი”.
1970 წელს უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II 70 წლის გახდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი საგანგებოდ ემზადებოდა მისი იუბილეს აღსანიშნავად. შეიქმნა კომისია, რომელსაც ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია ხელმძღვანელობდა. პატრიარქს საუბილეო თარიღი მიულოცეს კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის, რუსეთის პატრიარქებმა, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა. საუბილეო საღამოზე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილიამ მიმართა სიტყვით: “თქვენო უწმიდესობავ, უწმიდესო პატრიარქო და უნეტარესო მამამთავარო ღვთით დადგენილო მამაო საქართველოს ეკლესიისა. წმ. ეფრემი ესრეთ გადმოგვცემს გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებს:
“ყოველთა მეუფემან ღმერთმან მაღალმან ესრეთ გპოვა შენ ღირსი მღვდელმთავარნი თავისა თვისისა, ღირსად მსახური ნათესავსა ამას ჩვენსა შორის… ხმა მაღალი ქადაგი ჭეშმარიტებისაო და თვალი ბრწყინვალე ქრისტიანობისაო”. დიახ, თქვენო უწმიდესობავ, მხოლოდ მაღალმან ღმერთმან და განგებამან უფლისამან გამოგირჩიათ და აღგიყვანათ ღირსისა მამამთავრისა ტახტსა ზედა.
თქვენ გაგივლიათ დიდი და მეტად რთული ცხოვრების გზა. გზა ექსორიობისა და გზა განსაცდელისა. ღვთისგან რჩეული და ხელდა¬დებული ადამიანის ცხოვრება მუდამ გამოირჩევა სხვა მოქალაქეთა ცხოვრებისაგან, ვინ წარმოიდგენდა იმას, რომ ის ახალგაზრდა ჭაბუკი გრიგოლ სიდამონიძე, რომელიც 1917 წელს ხელს აწერდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აქტზე. მომავალში იქნებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და თქვენ თვითონ შეგეძლოთ ამის წარმოდგენა? იმ დროს იდუმალი მარჯვენა ღვთისა ყველასათვის ფარული უკვე იყო თქვენ ზედა. უწმიდესო და უნეტარესო პატრიარქი კირიონ, ჩვენ გვწამს რომ დღეს არა მარტო ხორცით, არამედ სულითაც იმყოფები ჩვენთანა, გრძნობდით თუ არა, რომ ის ახალგაზრდა სემინარიის სტუდენტი, რომელსაც შენთვის მოკრძალებით მოჰქონდა წიგნები. მომავალში იქნებოდა შენი მემკვიდრე? მე მესმის ხმა იდუმალი, დიახ. თქვენო უწმიდესობავ, გისურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლეს ჩვენი ეკლესიის აყვავებისა და წინსვლისათვის”.47
უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II ფრიად დასუსტებული იყო, ასაკში თავი იჩინა გადასახლების სიმწარემ ბოლოს პატრიარქს უჭირდა გადაადგილება, 1972 წლის დასაწყისში მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო გართულდა. 1972 წლის 7 აპრილს 6 საათსა და 30 წუთზე პატრიარქი გარდაიცვალა. 7 აპრილს 13 საათზე გაიხსნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: ურბნელი მიტროპოლიტი დავითი, თეთრიწყაროელი ეპისკოპოსი ზინობი, წილკნელი ეპისკოპოსი გაიოზი, დეკანოზები: პ. ობოლაძე, გ. ჩაჩუა, საერო პირი ი. ჭეიშვილი. შეიქმნა განსვენებული პატრიარქის დამკრძალავი კომისია ურბნელი მიტროპოლიტის დავითის თავმჯდომარეობით. უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II დაკრძალვა მოხდა 1972 წლის 13 აპრილს ხუთშაბათს. დილის 10 საათზე დაიწყო წირვა, ურბნელი მიტროპოლიტის, კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის დავითის ხელმძღვანელობით. თანამწირველები იყვნენ: უკრაინის ეგზარქოსი ფილარეტი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, ყუბანისა და კრასნოდარის მთავარეპისკოპოსი ალექსი, ვოლოკამსკის მთავარეპისკოპოსი პიტირიმი, თეთრწყაროელი ეპისკოპოსი ზინობი, წილკნელი ეპისკოპოსი გაიოზი. წირვაზე იმყოფებოდა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი ვაზგენი. 15 საათზე პატრიარქის ნეშტი სიონის საპატრიარქო ტაძრის მიწამ მიიბარა. უწმიდესსა და უნეტარეს ეფრემ II ჯერ კიდევ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტად ყოფნის დროს თავისი საფლავის ქვისათვის ასეთი ეპიტაფია შეუდგენია: “მეყვსეულად განვეშორე მიწიერსა ღვთითმშენიერსა საკურთხეველსა და მიწასა შთავაბნიე საგალობელი სული ჩემი იხმო ზეცამან მსაჯულმან პასუხისგებად, ამისთვისაცა გევედრებით ლოცვა ჰყოთ ჩემთვის, რათა გამომაჩინოს მსახურად ზეციურისა საკურთხეველობასა”.48 სიონის ტაძარში მის საფლავის ქვაზე ასეთი წარწერა: “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II 1960-1972 წელს”. იგი იყო უკანასკნელი მოჰიკანი XIX საუკუნეში დაბადებულ პატრიარქთა შორის, ისტორიაში დარჩა როგორც ღირსეული სასულიერო პირი, რომელმაც ურთულეს პირობებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეუნარჩუნა საქართველოს.
წყაროები, დამოწმებული ლიტერატურა
1. საქართველოს საპატრიარქო არქივი, კათოლიკოს პატრიარქ ეფრემ II, საქმე. რვეული #1379 გვ. 1.
2. იქვე გვ. 3.
3. იქვე გვ. 4.
4. კომკავშირის მეორე შობა. თბილისი 1924 წ. გვ. 7.
5. საქართველოს უახლესი ისტორიის არქივი ფ. 289. აღწ. 3. საქმე 290.
6. საქართველოს საპატრიარქო, მიტროპოლიტ ეფრემის საქმე. # 1379. გვ. 8.
7. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ეფრემის საქმე. რვეული # 1664. გვ. 4.
8. საქართველოს უახლესი ისტორიის არქივი. ფ. 284. აღწ. 3. საქმე. 241.
9. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ეფრემის საქმე. # 617. გვ. 2-3.
10. საქართველოს საპატრიარქო არქივი. საქ. # 1664. გვ. 7.
11. იქვე გვ. 8.
12. იქვე გვ. 10.
13. იქვე გვ. 11.
14. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი კ. ცინცაძის ფონდი #102. გვ. 354.
15. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ეფრემის საქმე. # 1664. გვ. 15.
16. იქე გვ. 18.
17. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II. საქმე. საბ. # 1379. გვ. 17.
18. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ეფრემის საქმე. # 1664. გვ. 7.
19. იქვე გვ. 8.
20. იქვე გვ. 9.
21. საქართველოს საპატრიარქო არქივი, კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II საქმე. # 907.
22. საქართველოს საპატრიარქო არქივი, კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II საქმე. # 3567.
23. საქართველოს საპატრიარქო არქივი, საქმე. #576.
24. საქართველოს საპატრიარქო არქივი, კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II საქმე. # 907.
25. იქვე გვ. 8.
26. საქართველოს საპატრიარქო არქივი, კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II საქმე. # 3821.
27. გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმის ფ. 26764. არქ. 21.
28. საქ. უახლესი ისტორიის არქივი ფ. 1880 საქ. 57. 1 გვ. 1.
29. იქვე გვ. 2.
30. იქვე გვ. 4.
31. იქვე გვ. 8.
32. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ფ. 693. დოკ. 5042.
33. საქართველოს საპატრიარქო არქივი, საქაღალდე 575. დოკ. 4778.
34. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ფ. 3640.
35. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ფ. 3641.
36. საქართველოს საპატრიარქო არქივი, დოკ. 3607.
37. საქართველოს საპატრიარქო არქივი ფ. 578. დოკ. 4781. გვ. 83.
38. იქვე გვ. 84.
39. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ფ. 3540.
40. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ფ. 2. საქმე. 939.
41. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ფ. # 15584.
42. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ფ. 2796.
43. საქართველოს საპატრიარქო არქივი, საქმე. 1004.
44. საქართველოს უახლესი ისტორიის, არქივი, ფ. 1880. საქმე 145. გვ. 1.
45. ნინო მჟავანაძე, მარიკა კახაძე, `ასეთი იყო ჩემი საქართველო~. 2003 თბილისი. გვ. 409.
46. საქართველოს საპატრიარქო არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II საქმე. # 4647.
47. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ფ. 3603.
48. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ეფრემის საქმე. # 617. გვ. 9.
49. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ილიას საქმე. # 3868.
50. იქვე გვ. 3.
51. მ. შავიანიძე მიტროპოლიტი ნაომი. ქუთაისი 2006 წ. გვ. 8.
52. იქვე გვ. 10.
53. იქვე გვ. 11.
54. იქვე გვ. 12.
55. იქვე გვ. 13.
56. ზ. ჟვანია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან. ქუთაისი. 1994. გვ. 80.
57. ჟურნ. `ჯვარი ვაზისა~ 1985 წ. # 1.
58. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივი. ფ. 1880. ან 1. საქმე. 76. გვ. 9-16.
59. საქართველოს უახლესი ისტორიის არქივი ფ. 1880, ან 1. საქმე 17. ფურც. 26-34.
60. XX საუუნის 20-70-იან წლების სასულიერო პირთა ბიოგრაფიული მონაცემები საქართველოს უახლესი ისტორიის არქივი. ფ. 1880. ან. 1. საქ. 77.
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია
სერგო ვარდოსანიძე
თბილისი 2007 წ.