პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე რევოლუციონერის ხსოვნას

ირგვლივ ნისლი სუფევდა,
ვარდებს შხამი ერია,
მაგრამ წყნარად ამბობდი:
იყოს… არაფერია!

ყველაფერი ქაოსის
ნაპირამდე მივიდა,
მაგრამ ღელვას ეტყოდი:
დასცხრი… რა მოგივიდა?

და იქ, სადაც ცბიერნი
უგულობას ფარავენ,
შენ იცოდი ღიმილი
ისე, როგორც არავინ.

მათთან, ვისიც ცხოვრება
იყო ბედით გმობილი,
შენ ხალისით მიგქონდა
სული კეთილშობილი.

და ცხოვრება გიყვარდა,
როგორც ბრძოლის პიესა,
და გათრობდა ჰანგებში
მხოლოდ მარსელიეზა.

რა დღე არ გაიარე,
ხან – კარგი, ხან – მწუხარე,
მაგრამ სიკვდილის დღემდე
შენს გზას არ გადუხარე.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button