გალაკტიონ ტაბიძე რევოლუციონური საქართველოს ცხოვრების ფურცლებიდან
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
იყო საქართველო მძიმე მონობაში –
ბატონი და ყმა.
შრომა უამური, ყოფნაც უამური,
გაწყვეტილი ხმა.
ფლობდა საქართველოს მკაცრი,
დიდმპყრობელი –
რუსთა მეფის დღე,
ციხე – საპყრობილე, სუსხი კატორღისა,
საღრჩობელათ ტყე.
მაგრამ მებრძოლები თავისუფლებისთვის
იმაღლებდენ ხმას.
რამდენ აჯანყებას, რამდენ შეთქმულებას,
აქ სწირავდენ თავს.
წარსულ შორეულში, ხალხურ აღელვების
აურიცხელ ჟინს,
ააბობოქრებენ რევოლიუციონურ
გრიგალების წინ.
აი, ცხრაას ხუთი, ცეცხლი გურიისა,
ვის არ ახსოვს ის…
როცა მსოფლიოში ქუხდა ეს სახელი:
გმირულ ბრძოლის დღის.
ცხრაას ჩვიდმეტიდან, ცხრაას ჩვიდმეტიდან,
ოქტომბერი ჰქრის,
სამოქალაქო ომს დროშით მეწამულით,
მიჰყვება ის გმირს;
გაჩნდა მშენებლობა სოფლად და ქალაქად,
ტომი იცნობს ტომს,
მშვიდობიანია ქვეყნად მშენებლობა,
ის არა ჰგავს ომს.
ძალა ახალგაზრდა სოფლად და ქალაქად
აღტაცებას ჰფენს,
დენა კულტურისა სოფლად და ქალაქად
სპობს წარსულის სენს.
შრომამ აიწყვიტა! თავისუფალია!
ის ისწორებს ფრთებს,
თავისუფალია, თავისუფალია!
იგი თავსა სდებს.
ეხლა ქალაქის და სოფლის კავშირია
და ვერასგზით ვერ
შესძლებს კაპიტალი ისევ დამონებას,
ჩანგო, სხვაფერ ჟღერ!
დღეებს პროლეტარულ დღესასწაულების
წინ ეშლება გზა,
პირველ მაისისთვის, როსმე გათენდება
ეს მსოფლიო ცა.
დღეებს პროლეტარულ სოლიდარობისას
ვინ აშორებს თვალს?
პირველ აგვისტოსთვის როსმე ეს მსოფლიო
გადააგდებს ხმალს,
დღეებს, პროლეტარულ თანასწორობისას,
ისევ ბრძოლის დღეს:
როსმე რვა მარტისთვის ქალი მსოფლიოში,
ნახავს თავის მზეს.
დღეებს პროლეტარულ სოლიდარობისას
როგორც ძმები ძმას
წითელ ახალგაზრდათ ინტერნაციონალი
ყველას აწვდენს ხმას.
ცოცხლობს ის კომუნა, ბევრგან რომ
დახვრიტეს,
ცოცხლობს იგი აქ?
ინდუსტრიალური, კოლექტივისტური
ხელში დროშა აქვს!