ედგარ ლი მასტერსი – სფუნ რივერის ანთოლოგია
თარგმნა ქარდა ქარდუხმა
(ნაწყვეტი)
სამაროვნები
სად, სადღა არის უნიათო ელმერი ახლა?
სად, სადღა არის გამრჯე ჰერმანი?
მასხარა ბერტი, ლოთი ტომი, მებრძოლი ჩარლი?
ჰო, სათითაოდ ყველა მათგანი
სამარადისოდ განისვენებს სამაროვნებში!
ერთი მოაშთო ციებ-ცხელებამ,
მეორე ფერფლად გადაიქცა ცივ მაღაროში,
მესამე- ქუჩის შეეწირა შეხლა-შემოხლას,
მეოთხეს- სულაც ტყვეობაში აღმოხდა სული,
მეხუთე – მოსწყდა ხიდიდან დაბლა
ცოლ-შვილისათვის ჯაფით დაღლილი…
ჰო,სათითაოდ ყველა მათგანი
სამარადისოდ განისვენებს,
სამარადისოდ განისვენებს,
სამარადისოდ განისვენებს სამაროვნებში!
სად არის ელი, მგრძნობიარე გულის პატრონი?
ლამაზი სულის სადღა არის ქეითი ახლა?
კისკისა მეგი, ამაყი ლიზი, ანდა ედიტი
ბედის რჩეული?
ჰო, სათითაოდ ყველა მათგანი
სამარადისოდ განისვენებს სამაროვნებში!
ერთი გადაჰყვა საიდუმლო მშობიარობას,
მეორე – ცალმხრივ სიყვარულს მგონი,
მესამე – მოჰკლა ვიღაც მხეცმა საროსკიპოში,
მეოთხე – მოკვდა გულგატეხილი
ოქროსთმიანი უფლისწულის ცრუ მოლოდინით,
შორეულ ლონდონს და პარიზში ცხოვრების შემდეგ
ჩვენი ედიტიც აქეთ დაბრუნდა,
აქ განისვენებს მეგის, ლიზის და ელის გვერდით.
ჰო, სათითაოდ ყველა მათგანი
სამარადისოდ განისვენებს,
სამარადისოდ განისვენებს,
სამარადისოდ განისვენებს სამაროვნებში!
სად არის ძია აიზეკი, ემილ მამიდა?
ბებერი თაუნ ქინქეიდი, სევინ ჰოუთონი?
ან მაიორი უოკერი ვინც ბაასობდა
რევოლუციის მონაწილე ღირსეულ ხალხთან?
ჰო, სათითაოდ ყველა მათგანი
სამარადისოდ განისვენებს სამაროვნებში!
კარს მიუყენეს მათ ცხედარნი ომიდან ვაჟთა
და ქალიშვილნი ცხოვრებამ რომ გაიგდო ფერხთქვეშ
და შვილიშვილნი დაყრილნი ობლად-
ჰო, სათითაოდ ყველა მათგანი
სამარადისოდ განისვენებს,
სამარადისოდ განისვენებს,
სამარადისოდ განისვენებს სამაროვნებში!
სად, სადღა არის მოხუცებული
მევიოლინე ჯოუნსი ვინაც,
ოთხმოცდაათი წელიწადი განვლო თამაშით?
შიშველი მკერდით მიმოქროდა ზამთრის თოვლ-ჭყაპში,
თავაწყვეტილი დადიოდა ლოთად ქცეული,
აღარ ფიქრობდა არც ცოლზე არც ნათესავებზე,
აღარც ოქროზე, სიყვარულზე და არც ზესკნეკზე!
ჩუ, ყური უგდეთ! გვეჩურჩულება:
დიდი ხნის წინათ მდინარეზე თევზაობაზე,
გარდასულ დროის, ქლერ გროუში, ცხენთა სრბოლაზე,
გვეჩურჩულება- ქალაქ სფრინგფილდში
ები ლინკოლნის ნასაუბრევზე!
***
ჰოდ ფუთი
მეც აქვე ვწევარ,
ბილ ფიერსოლის სამარესთან, ბებერ ბილისთან,
ინდიელებთან ვაჭრობით რომ აივსო ჯიბე,
შემდეგ მიმართა სასამართლოს და განაცხადა გაკოტრებაზე
რამაც გახადა ის მდიდარი ვიდრე ოდესმე.
მე კი დამღალა ღატაკია გარჯამ
მაშინ, როდესაც ბილს და მისთანებს ახრჩობთ სიმდიდრე
და ერთ საღამოს, სიახლოვეს, პროქტორის ჭალის
გავძარცვე მგზავრი.
(ის გაძარცვამდე ჩაბარდა გამჩენს)
მე სახრჩობელა მერგო სასჯელად.
ეს იყო ჩემი გზა გაკოტრების,
ახლა კი ჩვენ ვინც სხვადასხვაგზით გაგვაკოტრა წუთისოფელმა
გვერდი გვერდ ვწევართ, მშვიდად და წყნარად.
***
მინერვა ჯოუნსი
მე ვარ მინერვა სოფლის პოეტი,
ვისაც ქუჩებში დამცინოდნენ და გესლს მაფრქვევდნენ იაჰუები
ელამი თვალის, მძიმე ტანისა და რწევა-რწევით სიარულისთვის,
განსაკუთრებით კი მას შემდეგ, როცა უელდიმ
დამიმორჩილა, ვით ნადირმა გავეშებულმა.
შემდეგ კი ექიმს შემატოვა ბედის ანაბრად, ექიმ მაიერსს:
და შევაბიჯე წკვარამ ბნელეთში,
და თხემისაკენ მოიწევდა სიკვდილი ტერფით,
თითქოს გაყინულ მდინარეში შემედგა ფეხი!
თუ სცადა ვინმემ შეეკრიბა გაზეთებში სფუნ რივერის და
ერთიან წიგნად გამოეცა ჩემი ლექსები?
სიყვარულისთვის დავრჩი მუდამ ასე მწყურვალი!
სიცოცხლის გამო დავრჩი ასე მოშიებული!
***
ნელი ქლარქი
მე მხოლოდ რვა წლის ვიყავი მაშინ,
და სულ ვერაფერს ვხვდებოდი მაშინ,
და ვერ ავხსნიდი მე ამას სიტყვით,
მხოლოდ ის ვიცი, რომ შემეშინდა
და ყველაფერი ვუამბე დედას,
შემდეგ კი მამამ იარაღი აიღო ხელში
და კლავდა ჩარლის,-
ის დიდი ბიჭი იყო-თხუთმეტის,-
მაგრამ დაიხსნა სიკვდილისგან ჩარლი მშობელმა.
ჩემი ამბავი კი სოფელში ყველამ გაიგო.
მხოლოდ იმ კაცმა, ახალმოსახლემ,
დაქვრივებულმა, ოცდათოთხმეტს მიტანებულმა,
რომელზედაც ჯვარი დამწერეს,
აღარ იცოდა, თუმცა შემდეგ მანაც გაიგო,
ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ,
ჩათვალა თავი გაწბილებულად,
მერე სოფელშიც ყველამ ერთხმად დაუდასტურა,
რომ არ ვიყავი სულაც ქალწული.
ჰო, ასე იყო და მან დამტოვა.
მე მივიცვალე იმავე ზამთარს.
***
ა.დ. ბლუდი
თანამოძმენო, თუკი ფიქრობდით რომ სანაქებო ვიყავი მერი,
ვინაც დავხურე სალუნები* და ავკრძალე ბანქოს თამაში,
და მოსამართლე არნეთს მივგვარე მოხუცებული დეზი ფრაზერი,
ვინც ჯვაროსნული ლაშქრობები მოვაწყვე ბევრჯერ
ადამიანთა განსაწმენდად ცოდვებისაგან:
ერთი მითხარით, რად მიეცით უფლება დორას,
მკერავის გოგოს,
და მცონარა რუბენ პანთიერს,
ბენჯამინის შვილს,
რომ გაეხადათ ღამ-ღამობით ჩემი სამარე,
სიძვის სარეცლად?
————–
*SALOON-(ამერიკ.) ლუდხანა
როსქოე ფიუქაფაილი
მე მას ვუყვარდი, ჰაუ! როგორ ვუყვარდი მე მას!
და მეც ვერაფრით ვერ შევძელი მისგან გასხლტომა
იმ დღიდან, როცა პირველად ვნახე.
მაგრამ ქორწილის შემდეგ ვიფიქრე,
რომ ის ოდესმე მოკვდებოდა და გავსხლტდებოდი
ანდა უბრალოდ განქორწინების მომცემდა ნებას.
აღარც სიკვდილი, აღარც ნებართვა!
და გავიქეცი – ერთი წელი თავდავიწყების.
მას არასოდეს დაუჩივლია.
და თხოვდა ყველას, რომ დაბრუნება ერჩიათ ჩემთვის.
და მე დავბრუნდი.
მე მოვუყევი რომ ნავში მყოფი,
ოდეს ვუსვამდი ნიჩბებს,
ვან ბურენ სთრითის სიახლოვეს ტყვედ ამიყვანეს
მიჩიგნის ტბის მეკობრეებმა
და ჯაჭვით დაბმულს არ შემეძლო მიწერა მისთვის.
ის ცრემლთაფრქვევით მკოცნოდა და ამბობდა მწარედ:
“ რა სიმხეცეა, სისასტიკე, არაკაცობა!”
და მე დავრწმუნდი, რომ ბედისწერა
იყო ღვთიური- ჩვენი ჯვრისწერა!
და მის დარღვევას ვერ შესძლებდა ვეღარაფერი,
გარდა სიკვდილის
და არც შევმცდარვარ!
***
ქალბატონი ფიუქაფაილი
ის გამექცა და დიდხანს იყო გადაკარგული,
როცა დაბრუნდა, სულელური ამბავი მოყვა,
რომ მიჩიგანის ტბასთან შეიპყრეს მეკობრეებმა
და ჯაჭვით ჰყავდათ დაბმული ისე,
რომ წერილიც კი ვერ მოიწერა.
მე თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს მჯეროდა,
თუმცა ძალიან კარგად ვიცოდი
რაც თავს გადახდა,
და ისიც, ხშირად რომ ხვდებოდა მკერავ უილიამსს
როცა უილიამსს მოუწევდა ქალაქში წასვლა,
როგორც ამბობდა- სამკერვალო მასალებისთვის,
მაგრამ ჯვრისწერა ჯვრისწერაა
და აღთქმა- აღთქმა!
და ჩემი მკაცრი ხასიათის მიუხედავად
აღარ ვისურვე განქორწინება,
რისთვისაც ასე ცოდვილობდა ჩემი მეუღლე,
ვინაც უბრალოდ ძლიერ დაღალა
ცოლ-ქმრობის ტვირთმა,
ცოლ-ქმრობის აღთქმამ
***
პაულინა ბარეთი
ქირურგის დანამ ქალისაგან დამტოვა ჩონჩხი!
და მთელი წელი წვეთ-წვეთობით ვიკრებდი ძალას,
ვიდრე იმ დილით, ქორწინების ათი წლისთავზე
არ მოგაჩვენე ძველებურად ჯანმრთელად თავი,
გავისეირნეთ ტყისაკენ ერთად
დახავსებული, კორდიანი მწვანე ბილიკით
და არ ძალმიძდა, ჩამეხედა შენთვის თვალებში,
და არ ძალგიძდა, ჩაგეხედა ჩემთვის თვალებში.
ჩვენს მწუხარებას ერქვა- შენი ჭაღარა თმები,
ჩვენს მწუხარებას ერქვა- ჩემი დამჭკნარი ხორცი
და რაზე უნდა გვესაუბრა? ცაზე და წყალზე,
სულ ყველაფერზე- გულისნადებს რაც დაჰფარავდა.
შემდეგ მაჩუქე ასკილის ტოტი,
რამაც მაგიდა დაამშვენა სადილობისას.
საბრალო გულო, რა მედგარი ბრძოლა გარდაგხდა,
რომ მშვენიერი ჩვენი წარსულის
მოგონებებით გვეცხოვრა მხოლოდ,
მაგრამ საღამომ ჩამოღვარა ჩემს სულშიც ბინდი
და შენ მე მარტო დამტოვე, როგორც ჯვრისწერის ღამეს,
საწოლ ოთახში.
მე ვუცქეროდი სარკეს და თითქოს მომესმა ხმები
“ ნახევრად სიკვდილს სჯობია, რომ გარდაიცვალო,
რომ არასოდეს არ აიგდო მასხრად სიცოცხლე
და არასოდეს სიყვარული არ მოატყუო.”
და დავუჯერე,
ნეტავ ოდესმე თუ გაიგებ ამას ძვირფასო?
***
რუბენ პანთიერი
დიახ ემილი,
შენი ლოცვები არ ყოფილა ამაო გარჯა
და შენს სიყვარულს უნაყოფოდ არ ჩაუვლია.
შენი მადლია თუკი ვინმე ვიყავი ქვეყნად,
შენი არსება არ მაძლევდა დაცემის ნებას,
ჩემში სიკეთეს აღვიძებდა შენდამი ტრფობა.
ემილ, ძვირფასო, მომისმინე უნდა გიამბო:
თითქოს ადვილად გდდავლახე მშობლების ზღუდე,
მკერავი დორას ქალიშვილმა კი გამამწარა
და შევერიე მუხთალ სამყაროს,
გამოვიარე ათასგვარი ხიფათი ქვეყნად
ქალით და ღვინით და სიცოცხლის ბრმა სიყვარულით.
რიუ დე რივოლის* ბნელ ოთახში ერთხელ საღამოს
ღვინოს ვწრუპავდი შავთვალება კეკლუცთან ერთად
და შეუმჩნევლად ამომევსო თვალები ცრემლით.
კახპამ იფიქრა- ამაცრემლა მისდამი ტრფობამ
და ჩაღიმებით იზეიმა ჩემი დაპყრობა.
ჩემი სული კი შორს დაქროდა, ძლიერ შორს,
სადღაც,
იმ დღეთა ახლოს სფუნ რივერში, როს შენ მმოძღვრავდი.
მაგრამ შენ უკვე აღარ ძალგიძს ისევ გიყვარდე,
არც ლოცვა ჩემთვის,
შენ აღარ ძალგიძს ბარათების მოწერა ჩემთვის,
და შენი ტკბილი საუბრის ნაცვლად
მებაასება მდუმარება მარადიული.
და შავთვალება კახპა მპარავს ცრემლს შენთვის დაღვრილს,
როგორც ამბორს შენთვის განკუთვნილს.
სწორედ იმ დღიდან სხვანაირი გავხდი ძვირფასო,
ემილი სფარქსი!
——————————
*ქუჩა საფრანგეთში
ემილი სფარქსი
სად არის ჩემი ყმაწვილი ბიჭი-
ქვეყნიერების რომელ მხარეს გაუჩინარდა?
ბიჭი, სკოლაში ვინც მიყვარდა ყველაზე მეტად?
მასწავლებელი შინაბერას უბიწო გულით,
ვინც შვილებივით შევიყვარე ყველა მოსწავლე,
ხომ არ ვცდებოდი, ნეტავ, ამ ბიჭში,
მგზნებარე სულის რომ მეგონა,
სიცოცხლით სავსე და ყოველთვის მიზანსწრაფული?
ო, ჩემო ბიჭო! ჩემო ჭაბუკო!
შენთვის ლოცვებით ვათენებდი წყვდიად ღამეებს.
ნეტავ თუ გახსოვს ჩემი ბარათი
ქრისტესმიერი სიყვარულის მშვენებით სავსე?
თუმცა იცოდე; წაგიკითხავს შენ ის თუ არა,
ჩემო ჭაბუკო,
სადაც არ უნდა იყო ამქვეყნად,
მხოლოდღა შენი სულისღვის ვსუნთქავ!
რადგან ყოველი თიხა და მტვერი,
რადგან ყოველი ნაწიბური შენი სხეულის
წარმოშობს ნათელს ცეცხლის ალისას,
მარტოდენ ნათელს და სხვას არაფერს……
ნათელს მარტოდენ!