მატიანე ქართლისა – მეორმოცდაექუსე კურაპალატი ქართლისა. აშოტ. ძე ადარნასესი, ბაგრატოანი
შემდგომად სიკუდილისა ადარნასესისა განადიდა უფალმან მეფობა აშოტ კურაპალატისა: ხოლო ეუფლა ქართლს და საზღვართა მისთა. რამეთუ მათ-ვე ჟამთა შესრულ იყო მასლამა საბერძნეთად, და შეიქცა მოუძლურებული და განწბილებული. მაშინ ბერძენთა მეფემან მოუბოძა კურაპალატობა აშოტს, და მოუძლურებულ იყვნეს სარკინოზნი, და განდიდნა აშოტ კურაპალატი. ხოლო ტფილისს არა-ვინ დარჩა სარკინოზთაგანი თჳნიერ ალი შუაბის ძისა. და გრიგოლი მთავრობდა კახეთს.
მას ჟამსა გამოილაშქრა აშოტ კურაპალატმან, და უშუელა თევდოსი აფხაზთა მეფემან, ძემან მეორისა ლეონისმან, რომელი-იგი სიძე იყო აშოტ კურაპალატისა. მოვიდა გრიგოლ კახეთით, და გრიგოლს უშუელეს მთიულთა და წანართა და ამირამან ტფილელმან. და შეიბნეს ქსანსა ზედა აშოტ და გრიგოლ. გააქციეს გრიგოლ, მთავარი კახეთისა, და დაიპყრეს ქუეყანა, რომელი ჰქონდა ქართლისაგან. და დაიპყრა აშოტ კლარჯეთითგან ვიდრე ქსნამდე.
შემდგომად ამისსა მოვიდა ხალილ იზიდის ძე არაბიელი, და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი. და მოკლეს აშოტ კურაპალატი გარდაბანს, ეკლესიასა შინა, და სისხლი მისი, რომელი მაშინ დაითხია, აწ-ცა იხილვების ვითარცა ახალი.
ხოლო კუალად-ცა ეუფლნეს სარკინოზნი ქართლსა. და ვითარ წარვიდა ხალილ, დაუტევა ამირად ალი შუაბის ძე. მას ჟამსა შეითქუნეს გარდაბანელნი და განაჩინეს ქორეპისკოპოსად დაჩი, ძე იოვანე ქუაბულის ძისა და შემდგომად ამისსა დასუეს ქორეპისკოპოსად სამოელ დონაური. კუალად მეორედ მოვიდა იგი-ვე ხალილ არაბი. შეებნეს გარდაბანელნი, გავაზს; და გააქციეს ხალილ, და მოსწყდა სიმრავლე ფრიადი. კუალად დაჯდა ამირად ტფილისს საჰაკ ისმაელის ძე. ხოლო ხალილ მოვიდა მესამედ, და მოკლეს ჯავახეთს და ძე მისი მოჰამედ მოვიდა ქართლს. მოერთო მას ბაგრატ, ძე აშოტ კურაპალატისა, და მისცა მას ქართლი.