ქართული გვარები

ჩალათაშვილთა გვარი

“ჩალათაშვილი” – ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი, ეპონიმი – “ჩალათა”.

ქართველურ ანთროპონიმიკაში სიტყვა “ჩალა”-დან მიღებულია მეტსახელი და საკუთარი სახელი – “ჩალა”, ხოლო სახელები “ჩალაბა”, “ჩალაგა”, “ჩალათა” ამ სახელის კნინობით ფორმებად შეიძლება მივიჩნიოთ. აქედან გამომდინარე, ქართული გვარსახელები: ჩალაძე, ჩალაშვილი, ჩალაური, ჩალაბაშვილი, ჩალაგაშვილი, ჩალათაშვილი – საერთო ეტიმოლოგიით უკავშირდებიან ერთმანეთს. აქ ლაპარაკია მხოლოდ გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა შორის სისხლით ნათესაობაზე.

არსებობის უფლება აქვს გვარსახელ “ჩალათაშვილის” ეტიმოლოგიის მეორე ვერსიასაც. საქმე ის გახლავთ, რომ ძველქართულ მეტყველებაში იხმარებოდა დღეს ყველასთვის გაუგებარი სიტყვა “ჩალათა”. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით: “ჩალათა – ესე არს მშვილდისა და შუბისა და მისთანათასა შთასადებელი, გინა წიგნთა და უსტართა შთასადებელი, რომელსა მსოფლიონი ბუდედ უწოდებენ”. შესაძლოა, სიტყვა “ჩალათა” დამოუკიდებლად იქცა მეტსახელად ან საკუთარ სახელად და სახელი “ჩალათა” სულაც არ იყოს “ჩალას” კნინობითი ფორმა.

მიუხედავად სახელ “ჩალათას” და მისგან ნაწარმოები გვარსახელის “ჩალათაშვილის” ეტიმოლოგიის ორი სხვადასხვა ვერსიის არსებობისა, ერთი რამ აუდავოა: ჩალათაშვილთა წინაპარს ჩალათა რქმევია. ოდესღაც რომელიღაც ჩალათას შთამომავლებს ჩალათაშვილობა გაუგვარდათ. ჩალათაშვილთა გვარსახელის ანუ სიტყვა “ჩალათაშვილის” შინაარსი ასეთია.

რაც შეეხება ჩალათაშვილთა გვარმოდენილობას ანუ ერთსისხლობას, პირველი ჩალათადან დღევანდელ ჩალათაშვილებამდე ისინი კახელები არიან. მათი განსახლების არეალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩალათაშვილთა გვარმოდენილობის ბუდე-პირველსაცხოვრისი შიგნით კახეთში უნდა ვივარაუდოთ.

სოციალური წარმომავლობით ჩალათაშვილები გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ. ამასთან, დოკუმენტურად დასტურდება, რომ ჩალათაშვილთა შორის აზატ-თარხანი გლეხებიც ერივნენ.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, XVIII საუკუნის I ნახევარში ჩალათაშვილები უკვე შიგნით კახეთში მკვიდრობდნენ და თავიანთი აქტიურობით მეფისა და ქვეყნის სამსახურში თავიანთ როლს ასრულებდნენ.

საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცულია 1738 წლის 12 ნოემბრით დათარიღებული მეფე თეიმურაზ II-ის მიერ გლეხ ჩალათაშვილებისადმი ბოძებული სითარხნის სიგელი, რომელშიც ვკითხულობთ: “ჩვენ, ღვთივ-აღმატებულმან, ღვთივ-დამყარებულმან და ღვთივ ზეცით გვირგვინოსანმან იესიან-დავითიან-სოლომონიან-პანკრატოვანმან მეფეთ-მეფემან და თვით ხელმწიფემან პატრონმან თეიმურაზ, თანამეცხედრემან ჩვენმან, ქართველთ მეფეთ-მეფის ვახტანგის ასულმან დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან თამარმან, პირმშომან და სასურველმან ძემან ჩვენმან პატრონმან ერეკლემ და იოვანემ და საყვარელმან ძმისწულმან ჩვენმა ასან-მირზამ ესე ამიერით უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი მტკიცე და უცვალებელი სამკვიდროთ და საბოლოოთ გამოსადეგი აზატობისა და სითარხნის წყალობის წიგნი გიბოძეთ შენ, ჩვენს ერთგულს და დიდათ ნამსახურსა ყმასა ჩვენსა კარდანახელსა ჩალანთას შვილსა მახარობელს, ძმასა შენსა მუსას, კაციას, ძმის-წულსა შენსა სვიმონს, გიორგის, შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა; – ასე რომე შენ ჩვენ შვილს ერეკლესთან ყეენის კარზე გაგგზავნეთ. ეს წყალობა გვიქნია. გაგვიაზატებიხარ ასე რომე არაფერი საჩვენო და სახელმწიფო გამოსაღები არა გამოგერთოს რა, არა საძალო საქმე, არა კოდისპური, არა ღვინო, არა რიგის საკლავი, არა ყალანი, არა ტიკი, არა ტომარა, არცა საბელი, არაფერი არა გამოგერთოს რა, ასე გაგვიაზატებიხარ. არა მოგეშალოს ჩვენგან, არცა სხვათა მეფეთა და მეპატრონეთაგან. ქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა და ჩვენის შვილის ერეკლეს ერთგულებასა და სამსახურში. აწე გიბრძანებ, კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო და სხვანო ჩვენო მოსაქმენო, ხიზიყის მოურაო, ნაცვალ-ასისთაო და ქევხებო, როგორითაც ამ ჩვენს ნაბოძებ ფარმანშიგან ეწეროს, თქვენც ასე დაუმტკიცეთ და ნუ მოუშლით. დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე გიორგობისთვეს იბ. ხელითა მდივნისშვილის სოლომონისითა, ქორონიკონს უკვ”.

1737 წელს ყიზილბაშებმა ქართველთა ჯარის მონაწილეობით ავღანეთში ყანდაჰარის ციხე აიღეს. ნადირ-შაჰმა მეფე თეიმურაზი კახეთში გამოისტუმრა, სანაცვლოდ კი ბატონიშვილი ერეკლე დაიბარა ახალი ჯარით და ინდოეთის ლაშქრობაში გაიყოლა. ერეკლე ბატონიშვილის თანმხლებთა შორის ყოფილა კარდანახელი გლეხი მახარობელ ჩალათაშვილი, რომელსაც კახეთიდან მთელი სპარსეთის გავლით ინდოეთამდე უვლია. ინდოეთში ქართველებმა შაჰ-ჯანაბათის ბრძოლაში “ხმალი მოიქნიეს” და ბატონიშვილ ერეკლესთან ერთად დამაშვრალნი და შეცოტავებულნი საქართველოში დაბრუნდნენ. მათ ჩამოიტანეს ამბავი ინდოეთისა და ჯანაბათისა (“ჯანდაბისა”, როგორც ქვეყნის დასავლისა და დასაკარგავი ადგილისა). ჩალათაშვილი ერეკლე ბატონიშვილს ჯანაბათამდე, “ჯანდაბამდე” ერთგულად მიჰყოლია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

ძველ და ნამდვილ საქართველოში ერთგულება და ვაჟკაცობა დიახაც დიდად ფასდებოდა. მეფის “ერთგულსა და დიდად ნამსახურს” მახარობელს, მუსას, კაციას, სვიმონს და გიორგი ჩალათაშვილებს და მათ შთამომავლებს საშვილიშვილოდ თარხნობა და აზატობა ჰბოძებიათ.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ჩალათაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის პირველ ანუ მოწინავე სადროშოში, ქიზიყელთა შორის, ბოდბელ ეპისკოპოსთა დროშის ქვეშ.

ამჟამად ჩალათაშვილები ცხოვრობენ შიგნით კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფლებში (100-120 კომლი), აგრეთვე გარე კახეთში, საგარეჯოს სოფლებში (20-25 კომლი). თბილისში ჩალათაშვილთა 35-40 კომლი ცხოვრობს. ისინი სხვადასხვა დროს კახეთიდან არიან ჩამოსახლებულნი. ჩალათაშვილები საშუალოზე მეტი რიცხოვნების გვარია. საქართველოში ჩალათაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 740 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ჩალათაშვილთა!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button