ალადაშვილთა საგვარეულო
გვარსახელი “ალადაშვილი” ფუძეში შეიცავს წინაპრის საკუთარ სახელს “ალადა”. ოდესღაც ვინმე ქიზიყელი ალადას შთამომავლებს ალადაშვილობა გაუგვარდათ.
ჩვენამდე მოღწეული პირველი წერილობითი წყარო, რომელშიც ალადაშვილთა გვარი იხსენიება, XVIII საუკუნის მიწურულით თარიღდება. ეს არის კახთბატონის ერეკლე I-ის (1683-1703წ.წ.) მიერ ბოძებული სითარხნის და აზატობის წიგნი, რომელიც ქიზიყელ ალადაშვილებს: გიორგის, პაპუნას, რამაზს, გურგენს, ზუბიტას, პეტრეს, გურასპის, მამუკას, სოზიას, ელიოზს, შერმაზანს, ბეჟანს, ონანს, შიოშს ეკუთვნით.
“…აზატობას დაგვეაჯენით და მოკითხული ვქენით და ძველთაცა აზატი ყოფილიყვენით და წიგნები დაგკარგვოდათ და საფულით გამოგეტანათ და ჩვენც წყალობა გიყავით და ხელახლა სიგელი გაგიახლეთ და ასე გათარხნეთ და გააზატეთ, რომ არაფრისთან საჩვენო სათხოვარი და გამოსაღები არა გეთხოვებოდესთ რა: არა კოდისპური, არა საბალახე, არა ნახშირისთავი, არა პირისთავი, არა საური, არა ულუფა…”
აზატი – სპარსულად, ხოლო თარხანი არაბულად თავისუფალს ნიშნავს. როგორც საბუთიდან ჩანს, ეს ქიზიყელი ალადაშვილები ძველადაც აზატ-თარხანნი, ესე იგი თავისუფალნი ყოფილან.
“საფულით გამოგიტანიათო” – როგორც ჩანს, ისინი “თავდახსნილი”, ესე იგი შეძლებული გლეხები ყოფილან. მერე, რახან აზატობის წიგნები დაჰკარგვიათ, მეფეს “აზატობას დაეაჯნენ” – შეეხვეწნენ, რომ დაკარგული აზატობა აღედგინათ. მეფეს ალადაშვილთა თხოვნა მაშინვე არ დაუკმაყოფილებია, ჯერ საქმე გამოიძია – “მოკითხული ვქენითო” და როდესაც დარწმუნდა მათი თხოვნის საფუძვლიანობაში, მერე დაუწერა აზატობის და თარხნობის წყალობის წიგნი.
ჩვენ არ ვიცით, ეს 14 კაცი გაუყრელ სახლად ცხოვრობდა თუ ცალ-ცალკე. ამ შემთხვევაში მეფის სიგელით აზატობა ერთდროულად ებოძებოდა ალადაშვილთა 14 ოჯახს. ერთი რამ ცხადია: XVII საუკუნის მიწურულს და უფრო ადრეც ქიზიყელი ალადაშვილების ერთი ნაწილი აზატი ანუ თარხანი იყო და გადასახადებს არ იხდიდა. ერეკლე I-ის გამეფებამდე კახეთში არჩილ II მეფობდა. 1675 წელს მან კახეთის ტახტი დაკარგა და იმერეთში სამგზის სცადა გამეფება. შემდეგ 1698 წელს იმერეთის ტახტიც დაკარგა და საბოლოოდ რუსეთში გადაიხვეწა. ერთი კახელი გლეხი ალადაშვილი თავისი ერთგულებით კახეთიდან იმერეთში, იმერეთიდან რუსეთში გადაჰყოლია უბედური ბედის მეფე-პოეტს და იქ მოსკოვის მახლობლად, ვსესვიატსკოეს ქართულ კოლონიაში დასახლებულა.
1748 წელს ქართლის მეფემ თეიმურაზ II-მ ერთგულებისთვის აზატობის წყალობის სიგელი უბოძა: პაატა, პაპუნა, რევაზ, მუსა და ლუარსაბ ალადაშვილებს: “ნებითა და შეწევნითა ღუთისათა ჩვენ, იესიან-დავითიან-სოლომონიან-პანკრატიონმა მეფეთ-მეფემან და თვით ხელმწიფემან, საქართველოს მპყრობელმან, პატრონმა თეიმურაზ და თანამეცხედრემან ჩვენმან დედოფალმან ანახუმ, პირმშომან და სასურველმან ძემან ჩვენმან მეფემან კახეთისამან ერეკლემ და ძმისწულმა ჩვენმა ასან-მირზამან და შვილმან ჩვენმან სოლომონ და ვახტანგ ესე ამიერითგან უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი, მტკიცე და უცვალებელი წყალობის წიგნი შეგიწყალეთ და გიბოძეთ შენ, ჩვენსა ერთგულსა და თავდადებით ნამსახურსა ალადაშვილს ფარეშს პატას, ძმასა პაპუას, ძმისწულსა შენსა რევაზს და მუსას, ლუარსაბს, შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათა, ასე რომე, ბედნიერის შან-შაას ბრძანებით, ერანში წამოვედით და თან გარდმოგვყევ და მრავალგვარად გვემსახურეთ და ამაში ყოჩანს ხელმწიფეს უღალატეს და მოკლეს. მას უკან ადალშა გახელმწიფდა. იმისი ბრძანება და რაყამი მოგვივიდა და ხელმწიფესთან წავედით. ყოჩანის ციხეს შემოადგა და აიღო და დაიმონა. ახლა ხელმწიფე ადრიბეჟანისაკენ წამობრძანდა და მასცა ძმამ უღალატა და დაუმარცხეს. ამაში ჩვენც განვიბნივენით და შენ ჩვენ გარდაგვსხლტი, ჩვენ მაზანდარას წავედით და დიდის ჭირითა და ხრმლით ქაჯურის ციხეში მივედით და იქ შევმაგრდით. ახლა ბედნიერის შასულთან იბრეიმის რაყამი და ბრძანება მოგვივიდა და წამოვედით და სონბულახს ხელმწიფესთან მივედით და შენ გილანს მისულიყავ. მერე ჩვენის სიცოცხლის ამბავი რომ შეგეტყო, იმავწამ ხომალდში ჩამჯდარიყავ და ჩვენის სამსახურისა და ერთგულებისათვის მოგესწრაფა. ამაში ხომალდი დაგცევიყო და მრავლის ჭირით ძლივ ჩვენთან სული მოაწიე და ჩვენც რა ვნახეთ ესეთი სამსახური და ერთგულობა, ამის ნაცვლად შეგიწყალეთ და გიბოძეთ წიგნი ესე აზატობისა, რომელ არა გეთხოვებოდეს ჩვენგან არა საჩვენო სათხოვარი, არა კულუხი, არა კოდისპური, არა ბეგარი, არა სამასპინძლო, არა სააღაპო, არა სათათრო, არა ტიკი, არა ტომარა, არა სამოურაო, არა სანაცვლო, არა გეთხოვებოდეს რა ლაშქარ-ნადირობის მეტი, შემაწუხებელი შენ კარზე სხვა არა მოდგეს რა. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერთგულობასა და სამსახურსა შინა. არა მოგეშალოს რა და არცა სხვათა შემდგომთა მეფეთა და მეპატრონეთაგან. აწი გიბრძანებთ, კარისა ჩვენისა გამრიგენო და ვეზირ-ვექილნო, თქვენც ასე დაუმტკიცეთ ბრძანება ჩვენი და ნუ მოუშლით, თვინიერ შეწევნისა და თანადგომისა”.
ამავე სიგელს მეფე ერეკლეს ხელით აწერია: “ჩვენ, საქართველოს მეფეთ ცხებულის ძე მეფე ერეკლე, ვამტკიცებთ წიგნსა ამას, რაგვარადაც ბატონს მამაჩვენს წყალობა უქნია, ჩვენც ამრიგათ წყალობა გვიქნია და დაგვიმტკიცებია. ინდიქტიონსა მეფობისა ჩვენისასა წელსა მეშვიდესა თვესა აპრილისა კა. ქორონიკონსა ულზ”. ამრიგად, აქ ნახსენები ალადაშვილები XVII-XVIII საუკუნეებში გლეხები ყოფილან, მაგრამ თავდახსნილობით თუ მეფეთა სამსახურში გამოჩენილი განსაკუთრებული ერთგულებით აზატობა ჰქონდათ ნაბოძები და მათ საპატიო სამსახურს ლაშქარ-ნადირობა წარმოადგენდა. გარდა ამისა, ალადაშვილთა გვარის წარმომადგენლები ინიშნებოდნენ ქართული სამოხელეო აპარატის ზოგიერთ თანამდებობაზე. საისტორიო საბუთებში გვხვდება ჯუგაანის ქევხა (1799 წლის ალადაშვილის საჩივარი) და ახადელის ნაცვალი (1801 წლის კახეთის აღწერა) ალადაშვილები.
ზემოთ ნახსენებ პაატა ალადაშვილზე ნაკლები სახელი და პატივი არ ჰქონია მეფის კარზე დავით ალადაშვილს, რომლის შვილიშვილს გლახას 1799 წლის 21 სექტემბერს მეფესთან უჩივლია: “მათის უმაღლესობის ბედნიერის ხელმწიფის წინაშე მოხსენიებული მათის მონის ჯუგაანთ ქევხის შვილის გლახასი.
თქვენი მონა და მოსამსახურე გახლავართ. შინ იასაულნი მისხედან, კოდის პურსა და საჯაროსა მთხოვენ.
გევედრებით, მოწყალება მოიღოთ. წლევანდელი გასაღები, რაც ჩემთვის შემოუწერიათ, მაპატიოთ. სეკტემბრის კა. ქორონიკონს უპზ”.
ამ საჩივარს ქართლ-კახეთის მეფემ გიორგი XII-მ იმავე დღეს შემდეგი სიტყვები მიაწერა: “ჩვენი ბრძანება არის, ვინცავინ კოდის პურის და საჯაროს პურის შემწესნი და მოასილნი ხართ! ამაზე ეხლავ ხელი აიღეთ. დავით ალადაშვილისა და ამის შვილიშვილისა სურსათისა და საჯაროს პურის შეწერა რა ეშმაკმა მოგაგონათ. ხელი უნდა აიღოთ და არც საიასაულო უნდა გამოართოთ. სეკტემბრის კა. ქორონიკონს უპზ”.
ქევხა – ქიზიყში სოფლის მამასახლისს ერქვა. ამ საბუთში ნახსენები ქევხიშვილი გლახა ქევხის ანუ მამასახლისის შვილია და გვარად ალადაშვილია. კახეთ-ქიზიყში მრავლად მცხოვრები ქევხიშვილები სხვადასხვა ქევხების შთამომავლები არიან. არ არის გამორიცხული, რომ მათში ქევხის შვილი გლახა ალადაშვილის შთამომავლებიც ერიონ.
საქართველოში რუსთა ბატონობის დამყარებას ბატონიშვილთა დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა, რომელთაც მრავალი მხარდამჭერი ჰყავდათ როგორც ერთგულ თავად-აზნაურთა, ისე ერთგულ გლეხკაცთა შორის.
1803 წლის გენერალ გულიაკოვის დასმენაში მეფისნაცვლის მიმართ სწერია, რომ კახეთის სოფელ გავაზში თავად ბებურიშვილსა და ვაჩნაძესთან ერთად გავაზელ გლეხებს: ალადაშვილს, ხუციშვილს, რევაზაშვილს, ვაზიკოშვილს, მინაშვილს, მინდიაშვილს და მღვდელ მამულაშვილს რუსების დაუძინებელი მტრის, ალექსანდრე ბატონიშვილის ერთგულებაზე დაუფიციათ.
ჩვენს ხელთ არსებულ საბუთებში კიდევ ერთი “ერთგული” ალადაშვილი გვხვდება. ეს არის კონდოლელი გლეხი გოგია ალადაშვილი, რომელიც 1807 წელს რუსეთის შორეულ გუბერნიაში, კალუგაში გადასახლებულ მთიულეთის აჯანყების მონაწილეთა შორის იხსენიება. გოგია ალადაშვილი აჯანყებაში არ მონაწილეობდა, მაგრამ თავის ბატონს, თავად სვიმონ ქობულაშვილს (აჯანყების მონაწილეს) თავისი ნებით გადაჰყოლია გადასახლებაში.
როგორც ჩანს, ერთგულება ჯიშად მოუდით ალადაშვილებს.
XVIII საუკუნის II ნახევარში ალადაშვილთა ერთი შტო შიდა ქართლშიც ჩანს. ქართლელი ალადაშვილები აზნაურები ყოფილან. 1782 წლის 5 სექტემბრით დათარიღებულ ერთ საბუთში იხსენიება მანუჩარ ციციშვილის აზნაურიშვილი ალადაშვილი გოგია.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ალადაშვილთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე სადროშოში ბოდბელ ეპისკოპოსთა დროშის ქვეშ.
ამჟამად ალადაშვილები ცხოვრობენ ქიზიყის სოფლებში: ჯუგაანში, ბოდბეში, ბოდბისხევში, ანაგაში, ვაქირში, საქობოში, ხირსაში, წნორში, ნუკრიანში, არბოშიკში, მაჩხაანში, ტიბაანში, ოზაანში… აგრეთვე ჰერეთის, შიგნით კახეთის, გაღმამხრის, ერწო-თიანეთის, გარე კახეთის, ქვემო და შიდა ქართლის ზოგიერთ სოფელში. განსაკუთრებით მრავლად არიან სიღნაღის, დედოფლისწყაროს და ლაგოდეხის რაიონებში.
საქართველოში ალადაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 2380 სულს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ალადაშვილთა!