ქურდაძეთა გვარი
“ქურდ”-ფუძიანი გვარსახელების (ქურდაძე, ქურდიანი, ქურდოვანიძე, ქურდევანიძე, ქურდაგია, ქურდობაძე, ქურდაშვილი, ქურდიკაშვილი და სხვა) ეტიმოლოგიის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. ერთი ვერსიით, ისინი ეთნონიმური ტიპის გვარსახელებია, ხოლო სხვა ვერსიით, ეპონიმური ტიპის გვარსახელებს მიეკუთვნებიან.
“შეგვიძლია გავედევნოთ, თვალი მივადევნოთ ქურდების მოძრაობას (ქურდ-ვაჭრის ხევი, ქურდევანები – შაქი-შამახიის რაიონებში, “ქურდნი-ლეკნი და თარსანნი” – დავითის ისტორიკოსთან, ქურდოვანიძე, ქურდიანი, ქურდთა, ნაქურდევი) და ჩვენ მივიღებთ საკმაოდ დამაჯერებელ სურათს იმისას, რომ ეს ქურდნი ერთ-ერთი ტომი იყო (იბერიულ-კავკასიური) და ისტორიულ ხანაში (ჩვენს თვალწინ) დებედას ხევიდან შაქი-შამახიის მიდამოებში გადიან” (ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები).
დებედას ხევს (ქვემო ქართლში) VIII საუკუნეში, ჯუანშერის მიხედვით, “ქურდის ხევი” ერქვა. არჩილ მეფემ ვარზმან ერისთავს უბოძა ქვეყანა “კოტმანითგან ქურდის ხევამდე”.
იმავე ხევს XII საუკუნეში თამარის ისტორიკოსთან უკვე “ქურდვაჭრის ხევი” ჰქვია: “შეიწყალა ზაქარია ვარამის ძე და უბოძა გაგი ქურდვაჭრითა განძამდის”.
საუკუნეების განმავლობაში დებედას ანუ ქურდის ანუ ქურდვაჭრის ხევზე მნიშვნელოვანი საქარავნო გზა მიემართებოდა თბილისიდან სამხრეთის ქვეყნებისაკენ. სავსებით შესაძლებელია ამ ადგილებში მობინადრე ქურდთა ტომს ქარავნების ძარცვა ჩვეულ საქმედ გადაქცეოდა, ხოლო მათი სატომო სახელი “ქურდი” ქართულ ენაში სიტყვა “მპარავ”-თან გაიგივებულიყო (ისევე, როგორც სიტყვა “ყაჩაღი” დაკავშირებულია სატომო სახელთან “ყივჩაღი”).
ერთი სიტყვით, სიტყვა “ქურდი” თავდაპირველად სულაც არ ნიშნავდა მპარავს, არამედ წარმოადგენდა სატომო სახელს იმ ერთ-ერთი იბერიულ-კავკასიური ტომისა, რომელიც “ქურდის ხევში” ბინადრობდა (VIIIს.) და რომელმაც აღმოსავლეთით “ქურდევანში” გადაინაცვლა (XIIს.). ეს ტომი საბოლოოდ გაქრა (ასიმილაცია განიცადა), მაგრამ მისი არსებობის კვალი შემორჩენილია ტოპონიმებსა და ანთროპონიმებში.
არსებობის უფლება აქვს “ქურდ”-ფუძიანი გვარების ეტიმოლოგიის მეორე ვერსიასაც. საქმე ისაა, რომ ქართველურ ანთროპონიმიკაში ფიქსირებულია მამაკაცის არაქრისტიანული საკუთარი სახელები: “ქურდი” და “ქურდან”. აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ჯგუფის გვარები (ნაწილი მაინც) ეპონიმური წარმომავლობის იყოს ანუ წინაპრის საკუთარი ან შერქმეული სახელიდან იყოს ნაწარმოები.
საკუთრივ ქურდაძეთა გვარის შესახებ არსებობს “ხალხური ეტიმოლოგიაც”, რომლის მიხედვით, სადღაც დასავლეთ საქართველოში რატომღაც რომელიღაც გვარი ამოწყვეტილა თუ ამოუწყვეტიათ. თითქოს იქ ერთი ფეხმძიმე ქალი გადარჩენილა. ეს ქალი ქართლისკენ წამოსულა. გზაში ვაჟი შესძენია, ეს ბავშვი ქურდულად მოიყვანაო და ამიტომ ქურდაძე დაერქვაო. სხვა გადმოცემით, ქურდაძეთა პირველსაცხოვრისად ასახელებენ იმერეთის სოფელ წიფას (ხარაგაულის რაიონი), საიდანაც ქურდაძეები პირველად ლიხის ქედს გადმოღმა სოფელ იტრიაში გადმოსულან. ასახელებენ იმერეთის სოფელ კაკალათხევსაც (ლოკალიზაცია გაურკვეველია).
ქურდაძეთა განსახლების არეალის და თავმოყრის ადგილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი გვარ-მოდენილობის ბუდე მართლაც ზემო იმერეთისა და შიდა ქართლის მიჯნაზე უნდა ვივარაუდოთ.
ქართულ წერილობით წყაროებში ქურდაძეთა გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება. ისინი ეკუთვნოდნენ: სახასო, საეკლესიო, საბატონო, ნასყიდ და თავდახსნილ გლეხთა კატეგორიებს.
1588 წელს ქართლის მეფემ სვიმონ I-მა იტრიის სიონის ეკლესიას სახასო ყმა და მამული შესწირა. ეკლესიისადმი შეწირულ გლეხთა შორის იხსენიებიან იმერეთის სოფელ წიფაში მცხოვრები ქურდაძეები. ამ შეწირულობით წიფელი ქურდაძეები საეკლესიო გლეხები გახდნენ.
1589-1600 წლებში იტრიისადმი სვიმონ მეფის შეწირულობა განაახლა სურამის პატრონმა, ბატონიშვილმა გიორგიმ. ამ სიგელშიც სხვა გლეხებთან ერთად იხსენიებიან წიფელი ქურდაძეები და ცალკე მოხსენიებულია ვინმე ინდუა ქურდაძე.
საინტერესო ცნობებს შეიცავს 1692 წლის თავნასყიდობის წიგნი, მიცემული ივანა ქურდაძის მიერ მაჭავარიანებისათვის:
“…ესე ნასყიდობის წიგნი და სიგელი მოგართვით ჩვენ – ქურდაძემ ივანამ და შვილმან და მამავალმან სახლისა ჩემისამან თქვენ – ბატონს ჩვენს მაჭავარიანს როსაბს, შვილსა თქვენსა ინანასა და თამაზს, ასე რომე, ჩხეიძემ ქაიხოსრომ და თეიმურაზ სურამის ციხე თათრებს ეჭირათ და მეციხოვნათ იდგნენ. იმ ციხის თათრებს ერთი თავისი ყმის შვილი მისცეს. ყვანდათ. ის ტყვე გამოპაროდათ. ჩემ სახლში მოსულიყო. მოვედი და ვნახე, ვეღარ უღალატე, მეორეთ ვეღარ გავყიდე. ნათესავიც იყო, დავმალე და ჯავახეთს წავიყვანე. მეხუთეს წელიწადს მთხრობელი მოსლოდათ: ივანამ და პაპუნამ ქურდაძეებმა მოიყვანესო. გამამაჩნდა ის ტყვე. ვეღარსად დავიმალე. ამიყვანეს ცოლით, შვილით ორნი ძმანი მამულით და ალაგით… საზღაური რომ ვერ შევიძელით, ციხეში ვყვანდით დატყვევებული. წავედით ისევ ჩვენს ბატონს შევეხვეწენით როსაბ მაჭავარიანს… ჩემი თავი თქვენ გამოიხსენით…” ამ შემთხვევის შემდეგ საბატონო გლეხები ივანა და პაპუნა ქურდაძეები და მათი შთამომავლები ნასყიდი საბატონო გლეხები გახდნენ. განსაცდელში ჩავარდნილ გლეხს ისევ თავისმა ბატონმა უშველა და უპატრონა (სიტყვა ბატონი ხომ პატრონისგან არის ნაწარმოები).
ამ ივანა და პაპუნა ქურდაძეთა შთამომავალი უნდა იყოს ბერუა ქურდაძე, რომელიც 1785 წელს არზით მიმართავს მეფე ერეკლეს: “ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირი მომცეს თქვენს მონას, მაჭავარიანის კაცს ბერუა ქურდაძეს.
ამას მოვახსენებ ბედნიერს ხელმწიფეს. ჩემო ხელმწიფევ, მე ბერი მაჭავარიანის ნასყიდი კაცი ვიყავი. ერთი შვილი მიუციათ თათართათვის ჩემის მამისა და ბიძის გამოსასხნელათ. მანამ საჩხეიძეოში შენობა იყო, ის მაჭავარიანიც იქ ესახლა და მეც იმას ვემსახურებოდი. როდესაც აირია ქვეყანა, მაჭავარიანი იმერეთს წავიდა. მე სურამს დავრჩი და ჩხეიძეები მიმსახურებდნენ, რაც შემეძლო.
ამიღეს და ხიდირბეგისშვილზე დამაგირავეს. იმას ექვსი წელი ვემსახურე. იმათ ხომ ვეღარ დამიხსნეს. ავიღე ურიის ვალი და ჩემი თავი მე დავიხსენ. ახლა მეორეთ კიდევ ამიღეს და რაც ჩემი ნასყიდი და უსყიდი მამული მქონდა, ოცდაათ თუმნად აბაშიძე გოგიაზედ დამიგირავეს მამული.
შარშან რომ ვახანს ჯარი შემოადგა (1784 წელს ლეკებმა ვახანის ციხე აიღეს – ა.ნ.), თქვენი ბრძანებაც იყო, დავიხიზნენით. მე ქართლში ჩამოველ. იმათ ორმოცი კოდი პური წამართვეს, იქ დამრჩა და შეჭამეს. თორმეტი კოკა ღვინო წამართვეს და ცხრა კოდი ქერი. მე ცოლი და შვილი მშიერი ქართლში მიყრია და მამულს ასე უყვეს. და რაც რამ მქონდა, წამართვეს სულადი. რა ვქნა, შენი ქვეყანა ეს არის, ან ქართლში უნდა ვიყო, ან კახეთში, მაშ, სად წავიდე?
ღმერთი გაგიმარჯვებს. ნასყიდი მამული მაქვს. არავის დაჰკარგვია ნასყიდობა, ნურც მე დამეკარგება, სამართალი მაღირსეთ, ჩემო ხელმწიფევ. ნოემბრის კგ. წელსა ჩღპე”.
ეს ბერუა ქურდაძე უკვე თავდახსნილი გლეხია, რადგან ურიის ვალი აუღია და თავისი ბატონის ჩხეიძის ვალი თავად გადაუხდია ხიდირბეგიშვილთან. ამ თავდახსნილ გლეხს მამულიც ნასყიდი ჰქონია და გლეხის ნასყიდ მამულთან არც ერთ ბატონს ხელი არ ჰქონდა ქართული სამართლით. უფლებრივად შევიწროებული და ქონებრივად გაჩანაგებული გლეხი ქურდაძე ამიტომაც მიმართავს ასე გაბედულად მეფეს: “შენი ქვეყანა ეს არის… მაშ, სად წავიდეო”. ქართველ გლეხს მეფე ყოველთვის მფარველად ეგულებოდა, “შენობით” მიმართავდა.
ამ არზის დაწერიდან მეორე დღეს მეფე ერეკლემ ბატონიშვილ ალმასხანს უბრძანა: “ჩვენო ღვთის წყალობავ, შვილო ბატონო ალმასხან! მსაჯულნიც შენთან დაისწარ, ამ არზის პატრონი ამ არზით რომ ჩივის, ამას სამართალი უსაჯეთ. აღიწერა ნოემბერს კდ. ქორონიკონს უოდ” (იმავე არზის ოქმი).
ჩხეიძის ყმა გლეხის ქურდაძის მამული იხსენიება 1794 წლის ქაიხოსრო აბაშიძის ანდერძში: “ცხრამუხის სამზღვარი სამზიარო და საბადური რომ წერია, მთელმა სოფელმა იცის. იმასთან ძველი ნაწისქვილარი არის. ომარხანის მოსვლამდინ ჩემმა ბიძაშვილმა გიორგიმ ჩხეიძის კაცის ქურდაძისაგან მიწა იყიდა. იმის ზევით საცხრამუხო არის, ქვემოთ – საჩხეიძო”. სოფელ ცხრამუხაში ქურდაძის მიერ აბაშიძისათვის მიყიდული მიწა გამხდარა საზღვარი ქართლის საჩხეიძო და სააბაშიო მამულებს შორის.
ეთნოგრაფიული მონაცემებით, სოფელ ცხრამუხაში (ხაშურის რაიონი) ამჟამად მცხოვრები ჩოჩაშვილების გვარი ქურდაძეთაგან შტონაყარ გვარად ითვლება.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ქურდაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში თავად ამილახვართა დროშის ქვეშ.
ამჟამად ქურდაძეები ცხოვრობენ შიდა ქართლში, განსაკუთრებით – ხაშურისა და ქარელის რაიონებში, სამცხეში – ახალციხისა და ბორჯომის რაიონებში, აგრეთვე შედარებით მცირე რაოდენობით – ზემო იმერეთში, გურიაში, კახეთსა და ჰერეთში.
საქართველოში ქურდაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 2100 სულს აჭარბებს. ღმერთმა ამრავლოს გვარი ქურდაძეთა.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ქურდაძეთა!