ახვერდაშვილთა გვარი
აღმოსავლური საკუთარი სახელი “ახვერდ” ნაწარმოებია საკუთარი სახელისგან “ალაჰვერდ”, რაც ქართულად ღვთის ნაბოძებს ნიშნავს. თურქულენოვანი სამყაროდან ქართულ ენაში მრავალმა სიტყვამ და საკუთარმა სახელმა შემოაღწია და გასაკვირი არ არის, რომ სხვა არაქართულ სახელებთან ერთად სახელი “ახვერდ” ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში, განსაკუთრებით – გვიან შუა საუკუნეებში. “ახვერდ” ფუძიდან არის ნაწარმოები: სომხური დაბოლოების გვარსახელი ახვერდიანი, რუსული დაბოლოების გვარსახელები ახვერდოვი და ახვერდიევი და ქართული დაბოლოების გვარსახელი ახვერდაშვილი. რა თქმა უნდა, საუბარი ეხება ჩამოთვლილ გვარსახელთა ფუძის მიხედვით მსგავსებას და არა გვარმოდენილობათა შორის ნათესაობას.
თვითონ ახვერდაშვილთა გვარიც, შესაძლოა, მრავალძირიანი იყოს ანუ საქართველოს სხვადასხვა მხარეში მცხოვრები ახვერდაშვილები სხვადასხვა ახვერდის შთამომავალნი იყვნენ.
სოციალური მდგომარეობით, ახვერდაშვილი გლეხური გვარია. თავად-აზნაურთა არც ერთ სიაში ეს გვარი არ იხსენიება.
ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, ახვერდაშვილების გვარი XVII საუკუნის მიწურულიდან ჩანს.
1699 წელს ახვერდაშვილი ზურაბა მოწმე იყო ქალაქში შაჰუანთ ავთანდილა გოგინასშვილისა და ხუდუანთ ასლანა გრიქორასშვილის სახლის ნასყიდობის წიგნისა. ეს ზურაბა ახვერდაშვილი, როგორც ჩანს, თბილისელი მოქალაქე იყო. იმხანად თბილისში ქართველები ცოტანი იყვნენ, მაგრამ მაინც იყვნენ.
ახვერდაშვილთა გვარი იხსენიება 1781 წლის “ტფილისის მიდამოების სოფლების ხალხის აღწერის დავთარში”, აგრეთვე 1788 წლის მარიამობისთვის და 1791 წლის თიბათვის მორიგეთა სიებში. ეს არის “მორიგე ჯარში” გამსვლელთა სიები.
მორიგე ჯარი, იგივე მუდმივი ლაშქარი, რომელიც მეფე ერეკლეს თაოსნობით შეიქმნა XVIII საუკუნის 70-იან წლებში, თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში იცავდა ქართლ-კახეთს ლეკთა თავდასხმებისგან. მორიგე ჯარის დებულებით, ყოველი ქართველი, ვისაც ხმლის ტარება შეეძლო, მიუხედავად წოდებისა, ვალდებული იყო, წელიწადში ერთი თვით თავისი იარაღითა და ხარჯით ლაშქრად გამოსულიყო და ქვეყნის სადარაჯოზე დამდგარიყო.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ახვერდაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე სადროშოში, აგრეთვე კახეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე, მემარცხენე და შუაგულ სადროშოებში.
ამჟამად ახვერდაშვილები ცხოვრობენ ქვემო ქართლში, თეთრიწყაროსა და მარნეულის რაიონებში. თეთრიწყაროს სოფლებში ვაშლოვანსა და მუხათში მცხოვრები ახვერდაშვილები სხვა გვარზე გადასულან. მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში დაახლოებით 5 კომლი ახვერდაშვილი ცხოვრობს. კახეთში ახვერდაშვილები ყველაზე დიდი რაოდენობით საგარეჯოს რაიონის სოფლებში ცხოვრობენ – დაახლოებით 25 კომლი, არიან თელავის რაიონშიც – 15-ოდე კომლი და ყვარლის რაიონშიც – 10 კომლამდე. თბილისში ახვერდაშვილების დაახლოებით 15-20 კომლი ცხოვრობს.
საქართველოში ახვერდაშვილთა საერთო რაოდენობა 280 სულს აჭარბებს. ეს საშუალოზე ოდნავ მეტი რიცხოვნობის გვარია.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ახვერდაშვილთა!