ქართული გვარები

ხანთაძეთა გვარი

საკუთარი სახელი “ხანთა” კნინობით-მოფერებითი ფორმაა საკუთარი სახელისა ხანი, ხანა. ხანთაძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია.

ერთძირიანი გვარია, ყველა ხანთაძე ერთმანეთის ნათესავია, ერთი წინაპრისგან მოდიან.

ერთძირიან გვარს ბუდეც ერთი აქვს. ხანთაძეთა ბუდე-პირველსაცხოვრისი ქვემო იმერეთში ჩანს.

სოციალური მდგომარეობის მიხედვით, ხანთაძეები იყვნენ სამეფო, საბატონო და საეკლესიო გლეხები.

ჩვენს ხელთ არსებულ ქართულ საისტორიო საბუთებში ხანთაძეთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება.

1669-1673 წლების შანშე ამირეჯიბის შეწირულობის წიგნის მიხედვით, იმერეთში სოფელ ფარცხანაყანევში მცხოვრები გლეხი ხანთაძე მიქელაი შეწირულობის შემდეგ ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის მსახური გამხდარა.

ადრევე დაწყებულა იმერელ ხანთაძეთა შიდა ქართლში გადასახლება. XVII საუკუნის ერთი ნასყიდობის წიგნის მიხედვით, ბერუა ხანთაძეს ვენახი და სახლ-კარი შეუძენია კავთისხეველი ბერიკა გიადაშვილისგან. ეს ბერუა ხანთაძე აზატ-თარხანი ან თავდახსნილი გლეხი უნდა ყოფილიყო, რომელიც თავისი სოფლიდან აყრილი და გადმოხვეწილი ნასყიდ მამულზე დასახლდა და არავის ყმად არ მიუვიდა. ნასყიდი მამული საქართველოში ხელშეუხებელი ქონება იყო, არც რაიმე გადასახადი ედო. ამრიგად, XVII საუკუნის II ნახევარში იმერელ ხანთაძეთა ერთი შტოს წინაპრის შიდა ქართლში, სოფელ კავთისხევში დასახლება დოკუმენტურად დასტურდება.

1731 წლის ერთ შეწირულობის წიგნში ვკითხულობთ: “…კათალიკოზის ბატონის გრიგოლის წინამძღვარმან, გელათის წმინდის გიორგის ზედამდგომელმან გაბრიელ, თათარიდგან დავიხსენი მოსახლე კაცი გიორგი ხანთაძე და შენთვის შემოგვიწირავს, პატიოსანო ცათაუმაღლესო ბიჭვინთისა ღვთისმშობელო, და შენის მონასტრის გელათის წმინდის გიორგისათვის შემოგვიწირავს გიორგი ხანთაძე ცოლ-შვილით, სახლ-კარით, ჭურ-მარნით, რისიც მქონებელი არის, ყოვლისფერით შამოგვიწირავს…” 1731 წელს ოსმალები ბატონობდნენ მთელ საქართველოში. გადასახადების ვერგადახდის, ვალის დადებისა თუ ბრძოლაში ტყვედ ჩავარდნის გამო გლეხ გიორგი ხანთაძეს “თათარიდგან დასახსნელად” გახდომია საქმე და რადგან იგი სასულიერო პირმა დაიხსნა, ძველ ბატონს ხელი აღარ ექნებოდა მასთან. გიორგი ხანთაძის შთამომავალნი 1731 წლიდან საეკლესიო გლეხთა კატეგორიას ეკუთვნიან.

XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, ხანთაძეებს უცხოვრიათ იმერეთის სოფლებში: ბზვანში (საბატონო გლეხები), სორმონში (საეკლესიო გლეხები) და ფარცხანაყანებში (სახელმწიფო გლეხები). იმერეთის სოფელ გურნაშიც საკმაოდ დიდი ხნის წინ დასახლებულან ხანთაძეები. მათ არ ახსოვთ არავითარი გადმოცემა წინაპართა საიდანმე მოსულობის შესახებ.

1849 წელს გურიიდან ოსმალეთში გაქცეულა გლეხი ევტიხი ხანთაძე. გურულ ბატონს მოუძებნია და უკანვე დაუბრუნებია, მაგრამ ევტიხი ხანთაძე კვლავ გაქცეულა და ბოლოს თბილისში დასახლებულა. XIX საუკუნის შუა ხანებიდან ხანთაძეთა ერთი შტო უკვე თბილისში მკვიდრობს.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ხანთაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში, აგრეთვე ქართლის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.

იმერეთში ადგილის და ადგილის სახელად შემორჩა ხანთაძეთა გვარის სახელი: “ხანთაძეები” – უბანი სოფელ სორმონში, “ხანთაძეების ქუჩა” – უბანი სოფელ ფარცხანაყანევში, “ხანთაძის გორა” – მინდორი სოფელ ბზვანში.

ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ ხანთაძეთა გვარისშვილნი: პროფესორი გიორგი ხანთაძე (1912-1983), პროფესორი ზურაბ ხანთაძე (1916-1991), პროფესორი შოთა ხანთაძე (1924-1988), მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, დეკანოზი ანტონ ხანთაძე და სხვანი.

ამჟამად ხანთაძეები ცხოვრობენ: ვანის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ახალციხის, გორისა და კასპის რაიონების სოფლებში, აგრეთვე ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.

საქართველოში ხანთაძეთა საერთო რაოდენობა 750 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ხანთაძეთა!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button