ისტორიალიტერატურა

იაკობ მანსვეტაშვილი – “ბატონყმობის გადავარდნა, ხალხოსნები, ტფილისის ჰამქრების აჯანყება”

წიგნიდან “მოგონებანი, ნახული და გაგონილი”

თავი I

წარსული საუკუნის 70-იანი წლები უნდა აღინიშნოს, როგორც ღირსშესანიშნავი ხანა ქართველი მოზარდი ახალგაზრდობის ცხოვრებაში. ეს ის დრო იყო, როდესაც რუსეთში თავი იჩინა ეგრედწოდებულმა ნაროდნიკობამ (ხალხოსნობამ), რომელმაც მიზნად დაისახა სოფლად სიარული და გლეხთა შორის გავრცელება თვითმპყრობელობის და ძველი სახელმწიფო წესწყობილების წინააღმდეგ მიმართული აზრებისა. რუსეთში დიდი მოძრაობა შეიქმნა. ამ მოძრაობის ტალღებმა ჩვენკენაც გადმოჰკრეს. რუსეთის მაღალ სასწავლებლებში მოსწავლე ახალგაზრდა ქართველებმა გაიზიარეს ეს მოძღვრება და საქართველოში გადმოიტანეს. ამ პირველ პიონერთა შორის კარგად მახსოვს ი. ჯაბადარი (1), ო. ფავლენიშვილი (2), ეგ. იოსელიანი (3) და სხვანი.

ამ მოძღვრებამ ჩვენში კარგი ნიადაგი მოიპოვა. ხალხში სიარული, გლეხებში ახალი მოძღვრების გავრცელება არც ისე ძნელი საქმე იყო, ნუ დავივიწყებთ, რომ უმრავლესობა მოსწავლე ახალგაზრდობისა სოფლის ღვიძლი შვილები იყვნენ, სოფელს არ იყვნენ მოწყვეტილნი, კარგად იცოდნენ მისი ავი და კარგი. კარგად ესმოდათ მისი დარდი და ნაღველი, ისიც არ იყო მათთვის საიდუმლო, თუ ვინ იყო ხალხის მჩაგვრელი, რა აწუხებდა მას, რა სტანჯავდა, რა იყო მუდმივი მისი საზრუნავი და სანატრი.

მართალია, კარგა ხანმა გაიარა, რაც ბატონყმობა მოისპო, მაგრამ ხალხმა მალე აახილა თვალი და ცხადად დაინახა, თუ როგორ გაუცრუვდა იმედები, რომელსაც იგი ამყარებდა ამ განთავისუფლებაზე.

კარგად ჩამეჭრა მეხსიერებაში ის სიხარული, რომელსაც ხალხი განიცდიდა განთავისუფლების ამბის გამო. ეს მოხდა ჩვენში 1864 წ. მე მაშინ 9 წლისა ვიყავი, ახლად ვიყავი სასწავლებელში მიბარებული და ტფილისში ვცხოვრობდი. ხმა გავარდა, რომ ამა და ამ დღეს საჯაროდ გამოცხადდება ბატონყმობის გადავარდნაო. ეს ამბავი მოხდება გუნიბის მოედანზეო. გუნიბის მოედანი მაშინ იმ ალაგს ეწოდებოდა, სადაც ეხლა ამართულია უხეში და უშნო შენობა, ყოფილი სამხედრო ტაძარი, სასახლის გვერდით, რუსთაველის პროსპექტზე (4).

დანიშნულ დღეს მოედანზე მართლაც ხალხის ტევა არ იყო. ყველა ღელავდა დიდი ამბის მოლოდინში. მოედნის შუაგულში ამართული იყო მაღალი ფიცრული ესტრადა და ზედ იდგა კათედრა. ესტრადზე თავი ჰქონდათ მოყრილი ღენერლობას, წარჩინებულ და დიდ მოხელეებს, დიდის ზარით და ზეიმით წაკითხულ იქმნა მანიფესტი. გათავდა. ხალხი გრგვინავდა, სიხარულის ცრემლებით ერთმანეთს ეხვეოდნენ და ჰკოცნიდნენ. საზღვარი არ ჰქონდა სიხარულს, ბედნიერებას მეტადრე მათ შორის, ვინც მართლა თავს აცლიდა იმ მძიმე და ადამიანის ღირსების დამამცირებელ უღელს, რომელსაც სახელად ბატონყმობა ეწოდებოდა.

გაქრა პირველი აღგზნება, როგორც თვალწარმტაცი სინათლე აფეთქებული შუშხუნისა. ჩაიფერფლა აღფრთოვანება და ხალხმა აშკარად იგრძნო, რომ ეს დიდი წყალობა, რომელიც ერთი ზეიმით იყო გამოცხადებული, თავისუფლება კი არ გამოდგა, არამედ თვალთმაქცობა, მოტყუება. მართლაცდა, რა ფასი უნდა ჰქონდეს თავისუფლებას, რომელსაც თან არ მოსდევს რაიმე ეკონომიკური გაუმჯობესება ცხოვრებაში. რა გაუმჯობესებაზე შეიძლებოდა ლაპარაკი, როდესაც განთავისუფლებულ, «გაბედნიერებულ» გლეხს თითო ბოხჩა მიწა უბოძეს და ვითომ დაჩაგრულს მებატონეს კი უკეთესი მამულები ისევ საკუთრებად დაუნარჩუნეს. ესეც არ აკმარეს განთავისუფლებულებს; უფრო მეტი წყალობა გამოიღეს და გარდა ჩვეულებრივი ხარჯებისა და ბეგარისა, რომელიც მძიმე ტვირთად აწვა და სტანჯავდა გლეხს, ზედ დაუმატეს კიდევ ეგრედწოდებული «გამონასყიდობის გადასახადები» (выкупные платежи); ეს გადასახადები დაწესებული იყო ვითომ იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მებატონეებს მიუვიდათ იმის გამო, რომ მიწები ჩამოეცალათ.

მაგრამ რა ჩაემოეცალათ? გლეხებს მიუგდეს რაღაც დაწვრილმანებული, ხშირად მწირი ნაჭრები, და უკეთესი მიწები კი და აგრეთვე საძოვრები და ტყეები ისევ მებატონეებს შეჰრჩათ, აბა პატარა ნაბოძებ მიწით გლეხი რას გახდებოდა, და ისევ თავი უნდა მოეხარა, ყოფილ მებატონისათვის მიემართა და მისგან აეღო მიწა იჯარით. მებატონეც სარგებლობდა ამით და ფეხს აჭერდა. ერთის მხრით გაჯავრებული იმით, რომ ბატონობა ჩამოერთვა და ამით მის ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენეს, მეორეს მხრით, უფრო უარესად განრისხებული, რომ მუქთი მუშა ხელი მოაკლდა და ამით მეტი შემოსავალი შემოაკლდებოდა, მებატონე იმის ცდაში იყო, რომ რაც შეიძლება მეტი გამოეგლიჯა და ხშირად იჯარაში ნახევარ მოსავალს თავის სასარგებლოთ იტოვებდა. ამასაც არ კმარობდა; მოიჯარადრეს ნაბატონარის წილი თავისივე ურმით მის კარზე უნდა მიეტანა, საძოვარსა და ტყეებზე ნუღარას ვიტყვი. აქ მებატონე გაონავრებულ შემოდგომის ბუზს ემსგავსებოდა და, როდესაც კი გაჭირვებული ნაყმევი ხელში ჩაუვარდებოდა. ცდილობდა ერთის მაგიერ ხუთი ტყავი გაეძრო, ასე რომ ამ ბატონყმობისაგან განთავისუფლებით არც ბატონი დარჩა მადლიერი და არც ნაყმევი შეიქმნა გაბედნიერებული. და როგორც ბატონყმობის დროს, ყმა-გლეხი ეხლაც ისევე ჩიოდა, – აკაკის სიტყვებით რომ ვსთქვათ:

«…უხვად მოვიდა წელს პური,
მაგრამ ბედს მაინც ვემდური,
რომ ამას სულ სხვა წამართმევს,
და მე კი ტყვილად ოფლსა ვღვრი»…

რამდენჯერ მქონია გლეხებთან ლაპარაკი ამ საგნის შესახებ. და როდესაც კი ვკითხავდი – როგორ სცხოვრობთ მის შემდეგ, რაც თავისუფლება მიიღეთ-მეთქი, სულ ერთგვარ პასუხს ვიღებდი: «განა გლეხის გაჩენაში ღმერთი რეულა? როგორც ძაღლურად ვცხოვრობდით წინად, ისე ეხლა ვართ, ვმუშაობთ, ნაწლევებზე ფეხს ვიდგამთ, წელში ოთხად ვიხრებით, და სიმშილს მაინც თავი ვერ ავაშორეთ. ის რაღაც «ნადელები» დაგვირიგეს, წაიღონ უკანვე, შიგ არაფერი ყრია და ხარჯებით და სარგებლის გადახდით კი სული ამოგვხუთეს. წელში გავწყდით, თავი მაღლა ვეღარ აგვიღია».

მართალი იყო პოეტი ნეკრასოვი, როდესაც ამბობდა ბატონყმობის მოსპობის თაობაზე შემდეგ საგულისხმიერო სიტყვებს: «Разорвалась цепь великая и ударила одним концом по барину, а другим по мужику».

ასეთი იყო გლეხობის ეკონომიკური მდგომარეობა, მისი სულიერი განწყობილება, როდესაც, როგორც ზემოდ მოვიხსენიეთ, ახალგაზრდობამ ხალხში სიარული დაიწყო და, რასაკვირველია, რომ ყოველი ჩვენი სიტყვა, წრფელის გულით, ახალგაზრდული გატაცებით ნათქვამი, გზას ადვილად იკვლევდა მსმენელის გულსა და სულში, და ისიც ნდობით გვეპყრობოდა ჩვენ.

ისეთი წიგნების წაკითხვა, როგორიც იყო «Хитрая механика» და სხვანი, საიდანაც მდაბიოდ და ადვილი ენით ვაწოდებდით გლეხებს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ და რისთვის არის მოწყობილი თვითმპყრობელობის სახელმწიფოებრივი დაწესებულებანი, თუ რაში და რისთვის იხარჯება ხალხისაგან შეკრებილი ფული, – მსმენელს ჭკუაში უჯდებოდა და წყლულზე მალამოდ ედებოდა.

რასაკვირველია, იყვნენ ისეთნიც, რომელნიც უნდობლობით, ეჭვის თვალით უყურებდნენ ჩვენს ლაპარაკს და ცოტა დაცინვის კილოთიც გამოგვეპასუხებოდნენ ხოლმე. უამბნიათ ჩემთვის ასეთი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ ხალხში მოსიარულე პროპაგანდისტებს დევნა დაუწყო, სხვათა შორის, დაიჭირეს ს. მაყაშვილიცა. (5) როდესაც იმის სოფლის გლეხებს ჰკითხეს: ისეთი რა დააშავა სანდრომ, რომ ციხეში ჩასვესო, პასუხათ მიიღეს: «რა მოგახსენოთ, ამბობენ «კაპეიკი» მოუპარავს და იმისათვის დაუჭერიათო. აფსუსი არ არის ამისთანა ვაჟკაცი ერთი კაპეიკის გულისთვის წახდესო, აქ, ცხადია, დაცინვით გადაკრული იყო წიგნაკ «копейка »-ზე.

ამავე დროს, ტფილისში ერთს შემთხვევას ჰქონდა ადგილი: ალექსანდრეს ბაღში (ეხლა კომუნარების) ორი სემინარიელი (ერთი მათგანი იყო დ. კეზელი, შემდეგში სხარტი მეფელეტონე ქართულ და რუსულ გაზეთებში «დ. სოსლანის» და «ზოილის» ფსევდონიმით, ხოლო მეორე სტ. ჭრელაშვილი, შემდეგ ჟურ. «იმედის» და გაზ. «ივერიის» თანამშრომელი «სანოს» ფსევდონიმით) სკამზე მსხდარიყვნენ. ამ დროს აქ გამოეარა დიდს მთავარს მიხეილ ნიკოლოზის ძეს, მაშინდელ ხელმწიფის მოადგილეს კავკასიაში. სემინარიელები არ ამდგარიყვნენ და თავი არ დაეკრათ. დიდ მთავარს ეს, რასაკვირველია, დიდ შეურაცხყოფად მიეღო და განრისხებულს ბრძანება მიეცა თავის ამალისთვის: დაუყონებლივ შეიპყარითო. სემინარიელები მეტეხში ჩასვეს. დაიწყო კვლევა-ძიება, ფეხზე დააყენეს პოლიცია და ჟანდარმერია, არა სჯეროდათ, რომ ეს ორი სემინარიელი მარტონი ყოფილიყვნენ, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამათ უნდა ჰყოლოდათ შთამგონებელნი, წამქეზებელნი. დაეძებდნენ რაღაცა ქართველების შეთქმულებას. ბევრი ეძიეს, მაგრამ ვერაფერი გამოძებნეს. საქმე იმით გათავდა, რომ რამდენიმე მასწავლებელი და მოწაფე სემირანარიიდგან გააძევეს (6). ამ განდევნილთა შორის, როგორც გამიგონია, იყვნენ, სხვათა შორის, ი. გოგებაშვილი (7) და ნიკო ცხვედაძე (8), გამოჩენილი ქართველი პედაგოგები და საქვეყნო მოღვაწენი.

კარგა ხნის შემდეგ თვით დ. კეზელს უამბნია ჩემთვის ეს საქმე. დაწვრილებით საქმის გამოძიება მინდობილი ჰქონია ჟანდარმერიის პოლკოვნიკს ეგაძეს, რომელიც თურმე ხშირად მიდიოდა მეტეხში ჩვენების ჩამოსართმევად. ერთხელ თვით მიხეილ ნიკოლოზის ძეც კი მისულიყო მეტეხში. ენახა კეზელიც და ეკითხა: «შენ მაინც სჯიუტობ, არ გამოსტყდები, შენ წამქეზებლებს არ დაასახელებო?» მე ახალ-აზრდული სიკერპით და ჯიუტობით ვუპასუხეო: არა, არას გეტყვითო.

მაშინ მიხეილ ნიკოლოზის ძე გაბრაზდა და ფეხების ბარტყუნით დამიღრიალაო: «Ну так сгнеиешь здесь в тюрьме ».

საბრალო დიდო მთავარო! შენ რომ ყაზარმებში არ მიგეღო სწავლა-განათლება და საჯინიბოში არ დაგემთავრებია შენი განვითარება, იქნება მეტი ჭკუის გამჭრიახობა გამოგეჩინა, მეტის დანახვა შეგძლებოდა და მაშინ მიხვდებოდი, თუ ვინ იყვნენ შთამგონებელნი, წამქეზებელნი იმ სემინარიელებისა და მათთან სხვათაც მრავალთა, რომელთა ციხეში დალპობას შენ არ დაიშურებდი.

ქართველების შეთქმულებას ეძებდი! რომელ ქართველებისა? განა შენ თითონ არ იცოდი, რომ ქართველი ღენერლები, დიდკაცობა, წარჩინებულნი და დაწინაურებული მოხელეები, რომელნიც შენ გარს გეხვივნენ, როგორც ბუზები თაფლს, და ხელებს გიკოცნიდნენ, რომ ეს გადაგვარებული ქართველები შენს დღეს ფიცულობდნენ, და შენ და რუსეთის წინააღმდეგ არაფერ შეთქმულებას არ შეადგენდნენ, არ დაგიფარავთ, რომ შეთქმულების ჩანასახი იყო, რომ შთამგონებლები და წამქეზებლები გყვანდნენ. ვინ? მოგახსენებთ. ზოგი მათგანი თქვენ ახლო-მახლოს გახლდათ და თქვენ რომ თვალთა-ხილვის უნარი დახშული არ გქონოდათ, დაინახავდით. ზოგნი კი ძალიან შორს იყვნენ. მათი ნახვა შეგეძლოთ პეტერბურღში, ლონდონში, ჟენევაში. როგორიო? იკითხავთ უფრო გაკვირვებული. ქვემოდ ნათქვამიდან მიჰხვდებით. თქვენ კარგად იცოდით, რომ ტფილისში იყო კლასიკური გიმნაზიები, სასულიერო სასწავლებლები და სხვა.

ერთი ასეთი გიმნაზია თქვენი სასახლის პირდაპირაც იყო. კარგად გეცნობებათ, რადგან იქ თქვენი შვილებიც სწავლობდნენ.

ცოდნით კი იცოდა, ხოლო რა ხდებოდა შიგ, იმისი კი არაფერი გაეგებოდა როგორც მას, ისე ბევრ სხვასაც.

ხომ მოგეხსენებათ, ვინ განაგებდა 1870 წლებში რუსეთის განათლების ბედ-იღბალს. ესენი იყვნენ ა. ტოლსტოი და პობედონოსცევი, – რუსეთის ხალხის სულის შემხუთველნი, მისი ბოროტნი სულნი. ამათ ბოროტი განზრახვის წყალობით გამეფებული იყო ეგრედწოდებული «კლასიციზმი», ე.ი. ლათინური და ბერძნული ენები და საეკლესიო სკოლები, ე.ი. სწავლა, დამყარებული ჟამნ-დავითნზე და ეკლესიურ გალობაზე. მეტადრე გააფთრებული სისასტიკით მძვინვარებდა კლასიციზმი. თავებს გვახოცინებდნენ, სულს გვიხუთავდნენ, ტვინს გვიფიტავდნენ ლათინური «სუპინებით» «აბლატივი აბსოლუტებით» და ბერძნული «აორისტებით». არსებითი სახელები და თანდებულნი, რომ მტკიცედ და სამუდამოთ ჩაგვბეჭდოდა მეხსიერებაში, ლექსებათ იყო დაწყობილი და ასე თუთიყუშებივით გვაზეპირებინებდნენ. ეს უხეში და უგუნური მეთოდი ისე მოეწონათ, რომ სხვა სამოსწავლო საგნებშიაც შემოიღეს, მაგალითად, გეოგრაფიაში.

მოგეხსენებათ, რომ იაპონია კუნძულებზე სძევს, რომელთაგან სამია მოზრდილი და აღსანიშნავი, სახელდობრ: ნიპონი, იეზო და კიუ-სიუ. და აი რომ, _ ღმერთმა ნუ ქნას, – არამცა და არამც ჩვენ სიცოცხლეში არ დაგვიწყებოდა ეს დიდათ მნიშვნელოვანი სამი სახელი, ასე გალექსილად გვასწავლიდნენ:
«ნიპონ, იეზო_სიკოკო, კიუ-სიუ დრიკოკო»!

ან კიდევ ჩრდილო ამერიკის ახლოს მდებარე კუნძულები: კუბა, იამაიკა, პორტორიკო, გაიტი, – რუსულად ასე იყო გალექსილი:

«Куба, Ямайка,- знай-ка
Цорторико, Гайти,- не забывайте »

ხომ ხედავთ, როგორ ზრუნავდნენ, იცოდეთ და არ დაივიწყოთ. არა, ვითომ რა დაშავდებოდა, რომ ეს კუნძულები არამც თუ არ დაგვვიწყებოდა, არამედ სრულებითაც არ გვცოდნოდა, ან რა დაგაკლდებოდათ, მკითხველნო, რომ ეს სასაცილო ამბავი თქვენთვის არ მეამბნა.

დაჟინებით გვაკითხებდენ ჰომიროსის განთქმულ «ილიადას» და «ოდისეას». მთელი ნაწყვეტები ზეპირად უნდა გვცოდნოდა. ჩვენც ღამეებს ვტეხდით, თვალებს ვიწყალებდით და ნელის ხმით, ცოტა მესტვირული კილოთი, ვიზეპირებდით ილიადას ფერადოვან ბერძნულ ლექსებს. მახსოვს ჩემი ბეჯითობის სურათი. მოვუჯდებოდი მაგიდას, ნიდაყვებით დავეყრდნობოდი, ხან, ხელებს თავში მაგრად წავივლებდი, ვირყეოდი, ხმას ხან ავუმაღლებდი, ხან დავუმდაბლებდი, მერე თვალებს დავხუჭავდი, და ღამის სიჩუმეში გაისმოდა ჩემი ბუბუნი: «ანდრა მოი, ენნეპე, მუზა პოლიტროპონ».

ამ დროს რომ უცხო ვისმე დავენახე, იტყოდა: ეს სწორედ მეშაბათე ებრაელია, თავის ტალმუდსა კითხულობსო.

რომ დავეკითხებოდით, რაზედ გვაწვალებთ და გვტანჯავთ ამდენსაო, ასე გვიპასუხებდნენ: ჩვენი ზრუნვა და წადილი ის არის, რომ თქვენი ესთეტიური გემოვნება მშვენიერებისა გაგიღვიძოთ, ესთეტიური მაღალი გრძნობები გაგიღვივოთ გულშიო. ამის მისაღწევად კი კაცობრიობას ჯერ «ილიადა» და «ოდისეა»-ზე უკეთესი არა შეუქმნია რაო.

ყოველივე ეს ტოლსტოის ხეპრული სისტემის შედეგი იყო. ლათინურ-ბერძნული ენების სწავლება ქვაკუთხედათ იყო დადებული. ერთსაც და მეორესაც კვირაში ექვს-ექვსი გაკვეთილი ჰქონდა დათმობილი. შეგიძლიანთ წარმოიდგინოთ, რამდენი მასწავლებელი უნდა დასჭირებოდა. და რადგან რუსეთში ამისათვის მომზადებული მასწავლებელი საკმაოდ არ მოიპოვებოდა, მიჰმართეს საზღვარგარეთ, და იქიდან იწვევდნენ უფრო უმეტესად ჩეხებსა და გერმანელებს, რუსული ენის თითქმის სრულიად უცოდინართ. აქ ცოტაოდნად ახერხებდნენ ჩიქორთულ ენის შესწავლას და ამგვარად რაღაცა დამახინჯებული ენით გვაცნობებდნენ ბერძნებისა და რომაელების ენისა დ პოეზიის სიმშვენიერეს. ამათი გაკვეთილები ნამდვილ ბაბილონის გოდოლს წარმოადგენდა, სადაც რუსულ-გერმანულ-ბერძნულ-ლათინური სიტყვები ისე დომხალივით იყო არეული, რომ იმათ ლაპარაკს თავსა და ბოლოს ვერ გამოაბამდი. ჩვენ გვრცხვენოდა იმათ მაგიერ და ისინი კი არ წითლდებოდნენ, გათავდებოდა გაკვეთილი და დინჯად გაბრძანდებოდნენ კლასიდგან, სრულიად დარწმუნებულნი, რომ კეთილსინდისიერად, ღირსებით შევასრულეთ ჩვენი დიდი, სავალდებულო მოვალეობაო. ან კი რა აწუხებდათ, განა ჩვენი დარდი ჰქონდათ. ისინი იყვნენ რუსეთში მოსული, როგორც ლერმონტოვი ამბობს: «Для ловли счастья и чинов, » – და დანარჩენი კი ფეხებზე ეკიდათ.

და ასეთი გზით, ასეთი მასწავლებლებით უნდა შთაენერგათ ჩვენში სიყვარული ძველი ცნებისა, აი ამ გზით უნდა აღეზარდათ ჩვენში ესთეტიური გრძნობა და გემოვნება. მთავრობა ასე გვეფიცებოდა, მოდი ნუ იტყვით: ფიცი მწამს და ბოლო კი მაკვირვებსო. ჩვენც კარგათ გვესმოდა, რომ ყოველივე მხოლოდ ოინბაზობა და თვალისახვევა იყო მთავრობის მხრივ. ჩვენ კარგათ გვესმოდა მისი მუცლის გვრემა. ვერ მოგვატყუებდნენ, რომ ეს «კლასიციზმი» მხოლოდ იმიტომ იყო შემოღებული, რომ დაეხშოთ ჩვენი ჭკუა და გონება, მოეწამლათ სული და გული, აეშალათ ნერვები აუტანელი ტვირთით და გამოეფიტათ ტვინი.

მიაღწიეს კიდეც ბევრად თავიანთ ზრახვას. რამდენი თავიდგანვე ჩამორჩა სწავლას, რამდენი ნახევარ გზაზე გაჩერდა და ბოლო ვეღარ გაატანა. თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცა, რომ თუ მაგალითად პირველ კლასში 30 მოწაფე იყო, უკანასკნელ კლასამდე ამათგან ხუთი-ექვსი თუ მიაღწევდა. დანარჩენი კი ცხოვრების ტალღებში ინთქებოდნენ, ბევრი მათგანი სამუდამოდ ილეკებოდა და იღუპებოდა, ხოლო სულით მძლავრნი ზედაპირს ამოტივტივებას ასწრებდნენ, ცხოვრების გზას გაბედვით ჰკაფავდნენ და ხშირად დიდ კვალსაც სტოვებდნენ.

აი ერთი უპირველესი და მძლავრი წამქეზებელი შეთქმულებისა, მათ შორის, რომელნიც ზემოდ დავასახელეთ. ეს იყო ერთი უმთავრესი მიზეზი ყოფილ წეს-წყობილებით უკმაყოფილებისა, რომელსაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა შეთქმულება. ეს მიზეზი იყო, თუ ასე შეიძლება ითქვას, უარყოფითი მიზეზი. იყო დადებითი მიზეზებიც. ზემოდ დავასახელეთ შეთქმულების სულის ჩამდგმელად ლონდონი, ჟენევა და პეტერბურღი. აი რა აზრით:

ლონდონში გამოდიოდა იმ დროს ემიგრანტ გერცენის ჟურნალი «Колокол». მთელ რუსეთს მოედო მისი მრისხანე ხმა (9). ეს ხმა ემსგავსებოდა იერიქონის საყვირს, «დაბადებაში» რო იხსენიება, რომლისგან ქალაქის კედლები ინგრეოდა. ბევრს და მათ შორის ყველაზე ძლიერ მიხეილ ნიკოლოზის-ძეს ეს ზარი გლოვის ზარად მოესმოდათ; რასაკვირველია, გულში ეკლად ესობოდათ. ხოლო ჩვენ, ახალგაზრდობას კი, სანატრელ ხმად გვესმინებოდა, გულში ცეცხლს გვიღვივებდა, და იმედებს გვაძლევდა უკეთეს მომავლისას. გვამხნევებდა, ძალას და ღონეს გვმატებდა მუშაობისთვის. ჩვენ აქ, დაჩაგრულნი, ყოველ უფლებას მოკლებულნი, ჩვენი უფროსების წინ ხმის მაღლა ამოღებასაც ვერ ვბედავდით, და იქიდგან, ლონდონიდგან კი ჭექა-ქუხილის ხმა მოისმოდა, თვით ალექსანდრე მეორეს მკვახე სიტყვებით ელაპარაკებოდნენ და თვით მის ტახტს ძირს დაცემას და დამსხვრევას უქადდნენ. ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ხელთ ვიგდებდით ჟურნალის რომელიმე ნომერს, მწყურვალივით მოვეკიდებოდით, და მანამ წყურვილს სავსებით არ მოვიკლავდით თავს მაღლა არ ავიღებდით.

ამავე ხანებში დაბრუნდნენ ჟენევიდგან გიორგი წერეთელი (10), ნიკო ნიკოლაძე (11) და შეუდგნენ საზოგადო მოღვაწეობას: ჩვენ მიჩვეულნი ვიყავით, რომ როდესაც ახალგაზდანი სწავლა-დამთავრებულნი დაბრუნდებოდნენ ჩვენში, მაშინვე უსათუოდ სამსახურის ძებნას შეუდგებოდნენ. ესენი, პირიქით, მოზარდ თაობას დაუმეგობრდნენ, მათგან წრეები შეადგინეს და მეთაურობას, ხელმძღვანელობას უწევდნენ. ამათვე დააარსეს ჟურნალი «კრებული» (12), სადაც მადლიანი კალმით ახალ აზრებს ავრცელებდნენ საზოგადოებაში. მეტადრე დიდი გავლენა ჰქონდა ჩვენზე ნ. ნიკოლაძეს. მისი სიცოცხლით სავსე წერილები, მისი მწვავე მათრახები მოწინააღმდეგის მიმართ, მისი მახვილი ბასრი კალამი დიდ შთაბეჭდილებას სტოვებდა ჩვენს გულში. ყველა ჩვენგანი ცდილობდა მოჰყოლოდა იმ წრეში, რომელსაც ხელმძღვანელობდა დ. გურამიშვილი, ნიკო ნიკოლაძის ცოლისძმა (13), იმ იმედით, რომ იქ თვით ნიკოლაძესაც ვნახავდით, პირისპირ ვნახავდით და მის ცოცხალ სიტყვას მის საკუთარ პირიდგან გავიგონებდით. რა არ გვსმენია აქ უცხოეთის და განსაკუთრებით შვეიცარიის თავისუფალი ცხოვრების შესახებ. ჩვენს აჩქარებულ ახალგაზრდულ გატაცებას საზღვარი არ ჰქონდა. შვეიცარია გვეხატებოდა ჩვენს წარმოდგენაში რაღაც აღთქმის ქვეყნათ, თავისუფლების დედაბუდეთ. ჟენევის ნახვას, იქ ცხოვრებას ისე ვნატრობდით, როგორც მართლმორწმუნე მაჰმადიანი მექაში წასვლას ქააბის თაყვანისსაცემლად.

ნიკო ნიკოლაძე

ჟურნალ «კრებულს» დიდი გავლენა ჰქონდა მოზარდ თაობაზე. ჟურნალში თავი მოიყარეს ყველამ, ვისაც კი ნიჭი შესწევდა და საზოგადოების გამოცდილებისა და წარმატებისათვის მაჯა უცემდა. ახალგაზრდული ცელქობით და გაბედულობით ნავარდობდნენ და მწარე მათრახებს ურტყამდნენ ყველას, ვისაც კი უკუღმართობას, ხალხის თვალის აბმას, მოტყუებას შეამჩნევდნენ.

ამ უკანასკნელი ჯგუფის მოღვაწეთ ეკუთვნოდა პლატონ იოსელიანი. ეს ახლა სრულიად დავიწყებას მიცემული ადამიანი, იმ დროს დიდ გავლენიან კაცად ითვლებოდა. დიდი მოხელე იყო, რომელსაც უმაღლესი სწავლა ჰქონდა მიღებული სასულიერო აკადემიაში და საზოგადოებაში ფილოსოფოსის ხმა ჰქონდა დავარდნილი. ვგონებ, აქ ცოტაოდენი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა იმ გარემოებასაც, რომ იმის სახელის გაგონება უნებლიეთ გამოიწვევდა საბერძნეთის გამოჩენილი ფილოსოფოსის პლატონის სახელს.

მე ჯერ პატარა ვიყავი, პლატონ იოსელიანი პირველად რომ მანახვეს, და სამუდამოდ გონებაში ჩამრჩა მისი გარეგანი შეხედულობა: მაღალი, უშნო, ახმახი ტანი, წელში ცოტა მოხრილი, უზომოდ ჩამოგრძელებული პირის სახე, დაბღრეძილი მოდიდო თვალები, მოგრძო წვერი, ნიკაპში გამოპარსული, როგორც მაშინ მოხელეებს წესათ ჰქონდათ მიღებული, გრძელი ხელები, მოდიდო ფეხები, რომლითაც ისე აბიჯებდა, გეგონებოდათ სპილოაო. ნამდვილ ორანღუტანგს წარმოიდგენდით იმის დანახვაზე.

პლატონ იოსელიანი

და აი ამ კაცს დიდი გავლენა ჰქონდა საზოგადოებაში, მეტადრე სასულიერო წოდებაში. მაგონდება საუბარი ერთ მოხუც მღვდელთან. კაცი დამჯდარი ჭკუისა, აუჩქარებელი მოლაპარაკე, წიგნის მოყვარე, სემინარიაში სწავლა-დამთავრებული, არ იყო საღ მსჯელობას მოკლებული. საუბრის დროს სიტყვამ მოიტანა პლატონ იოსელიანის სახელი. იმ ხანებში პლატონს სიტყვა წარმოეთქვა რაღაც ყრილობაზე და ეს სიტყვა ცალკე წიგნაკად დაებეჭდათ. ჩემს მოსაუბრეს წაეკითხა ეს წიგნაკი და დიდის კმაყოფილებით მეუბნებოდა: რა დიდი ჭკუისა და ცოდნის კაცია ეს პლატონიო.

– მაინც რას სწერს? _ ვეკითხები.
– სწორედ გითხრათ, კარგათ ვერ გავიგე.
– მაშ დიდი ჭკუა რაში შეამჩნიეთ?
– დიდი ჭკუაც სწორედ იმაშია, რომ კაცმა სავსებით ვერ გაიგოს, რაც დაწერილია. აი ძველი ფილოსოფოსებიც განა ეგეთი ძნელი გასაგებარნი არ არიან?

ასეთ ჯანყსა და ბურუსში ახვევდნენ საზოგადოებას მაშინ პლატონი და მისნი დამქაშნი, ამათ ანგარიშის გაწევა უნდოდა. ამ მოღვაწეებს სახელი ჰქონდათ აგრეთვე განთქმული, როგორც ლათინურის და ბერძნული ენის მცოდნეთ. ამ ენების ცოდნა კი მაშინ თითქმის დიდ მეცნიერებად ითვლებოდა, თუ რა ღირსების იყო ეს ცოდნა, შემდეგი მაგალითი დაგვანახვებს:

«ჟამნი მრავალნი უხილველ
მირბიან ვითა მახინა.
ტემპორა ჩვენი მიილტვის,
გველის აღაპი ჩვენ წინა,
წარვიდეთ, ვითა წარმოსთქვა
ძველთაგან ძველმა ჰომირმა:
ასპიროზ, ზუვალ, მარიხი
არ წარიტაცოს ჰიმერმა».

ეს გესლიანი პაროდია დაბეჭდილი იყო «კრებულში». როგორც მახსოვს ნიკო ნიკოლაძის კალამს ეკუთვნოდა (14), მგონი. აი ამგვარი სიტყვების რახა-რუხით, ბერძნულ-ლათინურ ზღაპრებიდგან ამონაგლეჯ და უადგილო ადგილას ნახმარ სიტყვებით თავის თავს მეცნიერად მოაჩვენებდნენ და საზოგადოების გონებას, შეგნება-განვითარების მაგიერ, ბნელბურუსში ახვევდნენ. ამასთან ისიც გამომჟღავნდა, რომ ეს ცრუ მეცნიერები და ძველი ენების ვითომც მცოდნენი, საზოგადოებაში, თუ რაიმე კრებაზე, ძველს მწერლებს მოიყვანდნენ მოწმედ, ჩვეულებად ჰქონდათ ციტატების ზეპირად მოყვანა, მაგალითად, ბერძნულად, ამით გულუბრყვილო და ენების უვიცი მსმენელი განცვიფრებაში მოჰყავდათ. მერე რა გამოდგა? თურმე, ნუ იტყვით, მწერლის სიტყვების მაგიერ, «პატერვიზონს» კითხულობდნენ.

როდესაც ძველ თაობას ასე ამასხარავებდნენ და სასაცილოდ იგდებდნენ ჩვენ, რასაკვირველია, სიამოვნებით ვისმენდით და ვაშა-ვაშას ძახილით ვამხნევებდით. ძველებს, ცხადია, ეს არ მოეწონებოდათ, ითაკილეს, განრისხდნენ და დაიწყეს მოქმედება, ჯერ იყო და კახეთის თავადაზნაურობამ მოკვლა დაუპირა ილია ჭავჭავაძეს, როგორ თუ გაბედა და «კაცია ადამიანით» ბრწყინვალე თავადობა მასხრად აიგდო და გააპამპულაო: «კაკო ყაჩაღში» კაკოს, ამ უბრალო მოყმეს, ავაზაკს, თავის ბატონის მკვლელს მოსარჩელედ გამოუდგა და ქებათა ქებასაც უძღვნისო.

ილია ჭავჭავაძე – რამდენიმე სურათი კაკო ყაჩაღის ცხოვრებიდან. მხატვარი ირაკლი თოიძე

ასეთივე ბედი ეწვია აკაკი წერეთელს იმერეთის თავად-აზნაურობისაგან, ამასაც მოსაკლავად არ იზოგავდნენ, როგორ თუ ჰბედავს და ჩვენი მოყმეების თვალში მასხარად და ავაზაკებად გამოვყევართო. აკაკის გესლიანი და მსუსხავი ენა მარ-თლა და ვის არ გამოიყვანდა მოთმინებიდგან. იმის «ცხელ-ცხელი» ამბები, სადაც აკაკისებური მწვავე კილვა და სიცილი ისმოდა, გახურებული შანთივით ესობოდა გულში იმათ, ვისიც საგმირო საქმენი, მზეზედ გამოფენილნი, ქვეყნის საკბილოდ და დასაგმობად ხდებოდა.

ძველმა თაობამ და მათმა წარმომადგენლებმა იუცხოვეს ასეთი გალაშქრება ახალი თაობისა და გამოეპასუხნენ. გაისმა ხმა გრიგოლ ორბელიანისა; ორბელიანს დიდი სახელი ჰქონდა ქართველ საზოგადოებაში როგორც პოეტს და დიდათ ნიჭიერ კაცს. მაგრამ უფრო დიდი სახელი ჰქონდა მოხვეჭილი იმით, რომ ღენერალი იყო, დიდი ადგილი ეჭირა, ხელმწიფის მოადგილის თანაშემწე იყო. საკვირველი იყო ამ კაცის ორპიროვნება: 1832 წელს მონაწილეობას იღებდა დოდაშვილთან (15) და სხვებთან ერთად იმ შეთქმულებაში, რომელსაც მიზნად ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი რუსეთისაგან განთავისუფლება, რისთვისაც იგი დასჯილი იყო და რუსეთში გადასახლებული. საქართველოში უკანვე დაბრუნებული, იგი რუსეთის ერთგული ხდება და თვალსაჩინო ადგილსაც იჭერს ადმინისტრაციაში, «მუშა ბოქულაძე»-ს ბედს დასტირის, და როდესაც ამ ბოქულაძემ ხმა ამოიღო და თავისი მწვავე ბედის გაუმჯობესება მოითხოვა, ხიშტებითა და ტყვიით გადაეღობა წინ.

ეს უკანასკნელი ნამდვილი ამბავია და მოხდა 1865 წელს – მიხეილ ნიკოლოზის-ძის გამგებლობის დროს. ქალაქში დიდი სიძვირე ჩამოვარდა, ქალაქში შემოსატან საქონელზე დიდი ბაჟები დაიდვა, ხარჯები და გადასახადები მოუმატეს. ხალხი სამართალს ვერსად ჰპოვებდა. აღელდა, უკმაყოფილებას აცხადებდა, მაგრამ მსმენელი და გულშემატკივარი არ ჩანდა. სხვა ღონე არ იყო. ხალხმა ძალას მიჰმართა. დუქნები დაიკეტა, ხალხი ქუჩაში გამოვიდა, მეთაურებიც გამოუჩნდნენ. მახსოვს ერთი ავლაბრელი მებაკე, რომელსაც ხშირად იხსენიებდნენ, მგონი მოსე კოლოტაშვილი იყო იმის გვარი. ძალადობამაც იჩინა თავი. ხალხი ბრალსა სდებდა ქალაქის მოთავეს, გვარად ბაჟბეუქ-მელიქოვს, ვითომ ის ჰმალავდა ფქვილს და პურის სიძვირე იმიტომ ჩამოვარდაო. ბრბო მიადგა დაწესებულებას და სთხოვდა ბაჟ-ბეუქს გამოსულიყო მოსალაპარაკებლად. ის იქ არ აღმოჩნდა. ბრბო გაეშურა იმის საკუთარ ბინაზე, მგონი, კუკიაში. აქაც უთხრეს, შინ არ არისო. აღელვებულმა და მოთმინებიდგან გამოსულმა ხალხმა არ დაუჯერა შინაურებს და თვითონ შეუდგა სახლის ჩხრეკას. მართლაცდა ბანზე, სახურავის ქვეშ, აღმოაჩინეს მიმალული ბაჟ-ბეუქი. ამ არა საკადრისი საქციელით აღელვებულმა ხალხმა ძალადობა იხმარა: ბაჟბეუქი მეორე სართულის სიმაღლიდგან ძირს გადმოაგდეს და დამსხვრეულ-დასახიჩრებულმა იქვე განუტევა სული. მერე მიჰყვეს ხელი და მთელი სახლი აიკლეს, ყველაფერი მილეწ-მოლეწეს და ოჯახობაც დააწიოკეს.

უფრო დიდად გამწვავდა არეულობა ავლაბარში, სადაც, როგორც ზემოდ მოვიხსენიეთ, აჯანყებულ ხალხს ხელმძღვანელი გამოუჩნდა – მებაკე მოსე. მთავრობა ამოძრავდა და ჯარი გაგზავნა დასამშვიდებლად, მაგრამ ავლაბარში შესვლა ჯარმა ვერ მოახერხა, რადგან ავლაბრის ხიდი შეკრული დაჰხვდათ. სისხლის ღვრის ასაცილებლად იფიქრეს ისეთი კაცის გაგზავნა, რომელსაც ქართველობა ენდობოდა. ასეთ კაცად ცნობილი იყო ირაკლი გრუზინსკი, უკანასკნელი მეფის, გიორგის, უახლოესი შთამომავალი.

მახსოვს ეს ირაკლი, ქართულ ტანისამოსში გამოწყობილი, თუშური ქუდით, ხშირად დასეირნობდა ხოლმე ცხენით ქუჩებში. თავი ისე ეჭირა თითქოს ქართველების მართლაც ერთგული მოსარჩლე იყო. მთავრობასაც სჯეროდა და მისი გულის მოსაგებად, რომ რუსეთის ერთგული ყოფილიყო, საცხოვრებლად აბანო აჩუქეს, რომელსაც აქამდინ ხალხი ერეკლეს აბანოს ეძახის. ამით უზრუნველჰყვეს, მისი ცხოვრება და ისიც კმაყოფილი დანავარდობდა.

ირაკლი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი (1827-1882)

აი სწორედ ამ ირაკლის მიჰმართა მთავრობამ და გაგზავნა აღელვებული ხალხის დასამშვიდებლად. ხალხმა ირაკლი რომ დაინახა: «აი ჩვენი მეფეო, გაუმარჯოს ირაკლისო».

ირაკლიმ სიმხდალე იჩინა და იმის შიშით, რომ ვაი თუ მთავრობის წყალობა მომაკლდესო, პირი იბრუნა და სასახლისკენ გაეშურა.

მთავრობამ მაშინ მეორე ქართველს მიჰმართა. ეს მეორე გახლდათ გრ. ორბელიანი. ამან ჯერ ყიზილბაშურ ხერხს მიჰმართა: ტკბილი, მლიქვნელი ენით დაუწყო ხალხს ლაპარაკი, დარიგება და ურჩევდა დამშვიდებას და შინ დაბრუნებას. ხალხი მას ყიჟინით დაუხვდა და შტვენით გაისტუმრა. განრისხებულმა ორბელიანმა ბევრი აღარ დაახანა, ხალხს ჯარი მიუსია და გაფანტა, ავლაბარი ააკლებინა. მეთაურები შეიპყრეს, მათ შორის მოსეც, რომელიც, როგორც გამიგონია, სამართალს ვეღარ ეღირსა და ციხეში გარდაიცვალა (16).

ასეთი გახლდათ პოეტი გრ. ორბელიანი, მთავრობისაგან წარჩინებული, ძველი თაობისაგან მეტად გაზვიადებული, როგორც პოეტი. გრ. ორბელიანმა, რასაკვირველია, იუკადრისა ახალი მწერლების გამოლაშქრება, და რიხით გამოეპასუხა:

«აკაკიებო, ბაკაკიებო,
რიონელებო, გოგიტელებო,
საიდგან ჰკნავით,
სიდგან სჩხავით»!

გრიგოლ ორბელიანი

ასეთი მედიდური დაცინვით იხსენიებდა «კრებული»-ს თანამშრომლებს.

ასეთივე კილოთი გადასწვდა ილ. ჭავჭავაძეს: «ეს ლიბერალი ბურთივით მრგვალიო». ესენიც ღირსეულად დაუხვდნენ და ისეთი მკვახე და გესლიანი პასუხი გასცეს, რომ გრ. ორბელიანი ჩაჩუმდა და მას უკან ხმა აღარ ამოუღია.

ზემოდ, სხვათა შორის, დავასახელეთ, რომ ჩვენი წამქეზებელნი იმყოფებოდენ აგრეთვე პეტერბურღში (ახლანდელი ლენინგრადი).

მართლაც, აქ მოღვაწეობდნენ წინათ ახალგაზრდობის უმთავრესი შთამგონებელნი, სულის ჩამდგმელნი. ესენი იყვნენ ჩერნიშევსკი (17), დობროლიუბოვი (12), პისარევი (19), და სხვანი. ჟურნალების «Современник» და «Русское слово»-ს, სადაც ესენი მეთაურობდნენ, ხელში ჩაგდებას ისე მოველოდით, როგორც დამშეულნი ებრაელნი მანანას სინას უდაბნოში. ყოველი იმათი სიტყვა გულში გვხვდებოდა და გვიმონავებდა. ის მოძრაობა, რომელიც იმათ შეჰქმნეს, აღელვებულ, აბობოქრებულ ზღვას წარმოადგენდა, რომლის ტალღები ჯერაც დონეზე არ დამდგარიყო, თუმცა საგრძნობელი ხანი იყო გასული. მეტადრე დიდი გავლენა ჰქონდა ჩვენზე პისარევს. მისი გაბედული აზრები, მოურიდებლად ფეხქვეშ გათელვა, მამაცურად განადგურება ყველა იმისა, რაც ჩვენ წმინდათა წმინდათ მიგვაჩნდა, თავს ბრუს გვასხამდა და გვხიბლავდა. დაუმატეთ ამას კიდევ მისი ფოლადივით მტკიცე ლოღიკა, ცოცხალი, მხატვრული ენა და წარმოიდგინეთ, როგორ უნდა ემოქმედნა ჩვენს ისედაც აღგზნებულ ახალგაზრდა სულსა და გულზე. პირველად მისგან გავიცანით დარვინის გამოჩენილი თეორია ცხოვრების განვითარების შესახებ. გასაოცარი გატაცებით, დიდის მოწიწებით ნაამბობი დარვინის დიადი აზრები ისე მოქმედებდა ჩვენზე, თითქოს კაცობრიობას ახალი მესსია მოჰვლენოდეს ქვეყნად.

ტურგენევის მოთხრობის – «Отцы и дети»-ს გმირი ბაზაროვი, რომელსაც პისარევი ახალგაზრდობას უთითებდა, როგორც მისაბაძავ მაგალითს, რომელსაც მას იდეალად უხატავდა, – მართლაც გვიტაცებდა და ჩვენ იდეალად შეიქმნა. ვბაძავდით ბაზაროვის გატაცებას ბუნების მეცნიერებით, ვკითხულობდით ფოხტს, ბიუხნერს მოლეშოტს, – ამ უკიდურესს მატერიალისტებს. ბაზაროვის პასუხს კითხვაზე: რა იქნება შენ სიკვდილს შემდეგო? «Лопух вырастет на моей могиле» ჩვენ ამაყად ვიმეორებდით, თუმცა ეს ძირიან-ფესვიანად აქარწყლებდა იმას, რაც ჩვენ ღრმა რწმენად გვქონდა აქამდე გადაქცეული.

«Слова и иллюзии гибнут, факты остаются» გვეუბნებოდა პისარევი და თან ბრწყინვალე ნაწერებით შეუწყალებლად არღვევდა, აქარწყლებდა მეტაფიზიკას, – ოცნების და ლიტონ სიტყვების ბუდეს, და გვიქადაგებდა ბუნების შესწავლას, მის დამორჩილებას ცხოვრებაში გამოსადეგად. თანაც გვაფრხილებდა: არამც და არამც ბუნება სათაყვანებელ საგნად არ გაჰხადოთ, როგორც სულიერი მამანი გვიქადაგებენ, ან კიდევ მშვენიერების და საიდუმლოების ქვეყნად არ გადააქციოთ, როგორც პოეტები ოცნებობენ. ამითი აიხსნება ის გარემოება, რომ მან რუსეთის დიადი პოეტი პუშკინი შეჰლახა ულმობელად და წვრილმანი პოეტები ხომ მიწასთან გაასწორა.

პისარევი გვეუბნებოდა: «Природа не храм, а мастерская, и человек в ней работник» და ჩვენც, როგორც ერთგულნი მოწაფენი, ვიზიარებდით ამ მცნებას. ერთხელ ამ გზაზე შემდგარნი, ვცდილობდით აღარ გადაგვეხვია, მაგრამ ისიც კარგად გვესმოდა, რომ კარგი მუშაკი მხოლოდ მაშინ იქნები, როდესაც ერთ კუთხეში კი არ შეიკუნჭები, არამედ განვითარების შარაგზას დაადგები, ამით აიხსნება ის, რომ გაფაციცებით ვეძებდით და ვკითხულობდით ასეთ წიგნებს, როგორც იყო ინგლისის ცივილიზაციის ისტორია ბოკლისა: «ქალების გავლენა ცოდნის წარმატება-ზე» _ მისივე (20) «პოლიტიკური ეკონომია» ჯ.სტ. მილლისა (21), ნათარგმნი ჩერნიშევსკისა და მისივე შენიშვნებით, და სხვა მრავალი ამგვარი.

წიგნების შოვნასაც ადვილად ვახერხებდით, ამაში ხელს გვიწყობდა შემდეგი გარემოება: სასახლის პირდაპირ, სადაც ეხლაც ერთსართულიანი შენობაა, ახალი მუზეუმის ქიმის გასწვრივ, იყო საჯარო ბიბლიოთეკა ივანოვისა. იმ დროს დიდი სახელი ჰქონდა ამ ბიბლიოთეკას. აქ მოიპოვებოდა ის წიგნები და ჟურნალები, რომელიც ზემოდ დავასახელე. ნუ დაივიწყებთ, რომ ეს წიგნები აღკრძალული იყო მთავრობისაგან. და თუ ჩვენ ვახერხებდით მათ ხელში ჩაგდებას, მხოლოდ ჩვენი მეთაური მწერლების წყალობით. ჩვენ ისე ვფიქრობდით, რომ ამათ რაღაცა გაწყობილობა ჰქონდათ ივანოვთან. ამ ბიბლიოთეკაში ხშირად ვხვდებოდით აკაკის, ნიკოლაძეს, გ. წერეთელს და სხვა ერების მოწინავე მწერლებსა და საქვეყნო მოღვაწეებსაც. აქ ვნახე პირველად, სხვათა შორის, სომხების გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე გრ. არწრუნი, რედაქტორი ცნობილი სომხური გაზეთის «მშაკისა», არწრუნებისა იყო ის ქარვასლა, სასახლის ქუჩაზე რომ არის, და რომელიც შემდეგ ქართველებს დარჩათ, სადაც ქართული თეატრი და სათავად-აზნაურო ბანკი იყო მოთავსებული. ამ ქვარვასლის გაყიდვით არწრუნს მილიონამდე ნაღდი ფული ერგო. და ეს ამოდენა ფული სავსებით მოანდომა განხორციელებას იმ იდეისა, რომლითაც იგი გატაცებული იყო. ეს იდეა იყო ოსმალეთის სომხების განთავისუფლება, შეერთება მათთან კავკასიის სომხებისაც და, ამგვარად, შექმნა დიდი სომხეთისა. ასეთი სომხეთის რუქაც იყო შედგენილი, ასეთი გატაცება, რასაკვირველია, პატივსადები იყო, ხოლო ქართველებისთვის სავალალო ის გამოდგა, რომ გრ. არწრუნმა ძალიან გადაამლაშა. დიდი სომხეთის საზღვრებში მოქცეული იყო კარგი მოზრდილი ნაწილი საქართველოსიც, როგორც, მაგალითად, გორი, დუშეთი, სიღნაღი. ამით უკმაყოფილონი დარჩნენ ქართველები. მეტადრე ცხარედ ლაპარაკობდნენ ამაზე ილია და აკაკი.

და აი სწორედ ამ საგნის შესახებ გაცხარებულ ბაასს აკაკისა და არწრუნს შორის შევესწარ ივანოვის ბიბლიოთეკაში. თავიდანვე იმათ ბაასს არ დავსწრებივარ, მხოლოდ ეს კი გავიგონე: «შენ რა გესმის, მთელი სომხეთის სვე-ბედი აი ამ კისერზე მაწევსო», ეუბნებოდა არწრუნი აკაკის.

«მჯერა, ბატონო, სომხეთი კისერზე, და არარატი ზურგზე გადგია, მეტი რაღა გინდა, ბედნიერი ყოფილხარო», უპასუხა აკაკიმ.

«აკაკი, შენ შენს სულელობას არ იშლიო», მიაძახა არწრუნმა და გაჯავრებული გავარდა ბიბლიოთეკიდგან. მის გასაგებად, თუ აკაკის სიტყვებმა რად გააცეცხლეს ესე არწრუნი, უნდა ითქვას, რომ საწყალ არწრუნს დიდი ფიზიკური ნაკლი ჰქონდა: კუზიანი იყო. აი სწორედ ამ ნაკლს ჰგულისხმობდა აკაკი, როდესაც, ეუბნებოდა «არარატიც ზურგზე გადგიაო» (22).

შენიშვნები:

1. (გვ. ). ივანე სპირიდონის ძე ჯაბადარი (1852 – 1913) – აქტიური წევრი 70-იანი წლების ხალხოსნური წრეებისა. სწავლობდა რუსეთში, მედიკო-ქირურგიულ აკადემიაში. კურსი არ დაუსრულებია, ისე გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც ხვდებოდა რევოლუციონერ-ემიგრანტებს. რუსეთში დაბრუნდა 1874 წ. და ჩქარა დაპატიმრებულ იქნა. მას ბრალად დასდეს მოსკოვის ფაბრიკის მუშებს შორის პროპაგანდა და რევოლუციონური შინაარსის წიგნების გავრცელება. ი. ჯაბადარი გაასამართლეს ცნობილი «50-ის პროცესის» დროს, 1877 წელს, რომელიც მოხდა პეტერბურგში. ეს პროცესი ცნობილია რუსეთის რევოლუციონურ მოძრაობის ისტორიაში, როგორც უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან ამ დროს ბრალდებულის სკამზე ისხდნენ საუკეთესო წარმომადგენლები 70-იანი წლების რევოლუციონურად განწყობილი ახალგაზრდობისა. ი. ჯაბადარს მიუსაჯეს 5 წლის კატორღა. 1880 წელს ნოვო-ბელგოროდის საკატორღო ციხიდან გადაიყვანეს კარაზე, სადაც განთავისუფლებულ იქნა 1883 წ.; სასჯელის მოხდის შემდეგ ჩამოვიდა ტფილისში და მოღვაწეობდა, როგორც ადვოკატი და ჟურნალისტი.

1889 წელს ი. ჯაბადარმა პეტერბურგის ჟურნალ «Северный Вестник»-ში Н. Д-ს ფსევდონიმით მოათავსა «Письма о Грузии», სადაც, სხვათა შორის, ამტკიცებდა, რომ «ვეფხისტყაოსნის» სიუჟეტი ნასესხები არისო. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმდროინდელ ქართულ პრესასა და საზოგადოებაში. ილია ჭავჭავაძემ იმავე წელს «ივერიაში» თავის სახელის მოუწერლად გააფთრებული პასუხი გასცა ჯაბადარს წერილების სერიით, რომელსაც საერთო სათაურად ჰქონდა «აი ისტორია» («ივერია» 1889).

ამ პოლემიკაში სხვებიც ჩაერივნენ, როგორც, მაგ., «თეატრი» (1889 წ. ¹39_40) და «Новое Обозрение» (1889 წ. ¹¹ 20-22-32-46-48). უფრო გვიანაც გაიხსენეს ეს კამათი: იხ. ი. ჯაბადარის მოგონებანი (Былое, 1907, №9) და ნიკო ნიკოლაძის «Как пишется история» (1908 «Закавк.» №33).

90-იან წლებში ი. ჯაბადარი თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძის «ივერია»-ში.

თავისი წარსული რევოლუციონური მოღვაწეობის, უცხოეთში მგზავრობისა და ციხეში განცდილი ცხოვრების შესახებ ი. ჯაბადარმა საინტერესო მოგონებები მოათავსა ჟურნალ «Былое»-ში (1906 წ. №5, 6, 1907 წ. №7, 8, 9, 10).

2. (გვ.1). რომანოზ ფავლენიშვილი – წევრი ქართველ ხალხოსნების ორგანიზაციისა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 1872-73 წლებში. ჟანდარმერიის ცნობებით ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდნენ რუსეთში მყოფნი: გ. ზდანოვიჩი, ივ. ჯაბადარი, ციციშვილი, ჩიკო-იძე, აბდუშელიშვილი და სხვ. საქართველოში ამ ორგანიზაციას ჰყავდა მრავალი წევრი. 1876 წ. პროვოკატორების გაცემით ეს ორგანიზაცია ჩავარდა, ხელმძღვანელები დააპატიმრეს, მისი ძალები დაიქსაქსა და მოძრაობა მიყუჩდა. ხალხოსნების მიმართულების გაზეთები იყო «იმედი» და ქუთაისის გაზ. «შრომა».

3. (გვ.1). ეგნატე იოსელიანი (1843_1926) – ხალხოსანი, ჟურნალისტი და პოლიტ. მოღვაწე. 1878 წ. მიუსაჯეს სამი წლის პატიმრობა. შემდეგ კი ირკუტსკს გადასახლება.

4. (გვ. 2). სამხედრო ტაძარი – მეფის მთავრობის მიერ აგებული იყო ტფილისში, კავკასიის ომების გათავების (1865 წ.) აღსანიშნავად. იგი მდებარეობდა ყოფ. მეფის ნაცვლის სასახლის გვერდით. საბჭოთა ხელისუფლებამ ეს ტაძარი, როგორც სიმბოლო მეფის თვითმპყრობელობის მიერ კავკასიის ხალხთა დამონებისა, მიწასთან გაასწორა. მის ადგილზე ამჟამად შენდება მთავრობის გრანდიოზული სასახლე.

5. (გვ. 4). ს. მაყაშვილი (1855-1908) – საქ. სარევოლუციო მუზეუმში დაცულია საქმე თავად მაყაშვილის შესახებ (ტფ. ჟანდარმ. საქმე ¹19 (9), რომელსაც 1876 წ. რუსეთიდან უმოგზაურნია საქართველოსკენ სამხედრო გზით და სადგურებზე გაუვრცელებია ნებადაურთველი წიგნები. «4 странника», «Правда-кривда», «Народные чтения о смутном времени на Руси».

შეპყრობილი აღმოჩენილა ალექსანდრე მაყაშვილი, თელავის მაზრიდან, გიმნაზიის მე-3 კლასიდან გამოსული, რომელიც პეტერბურგში ცხოვრობდა და სწავლობდა აგრონომიას. გაჩხრეკის დროს მას აღმოსჩენია წიგნები: 1. Умственное развитие Европы, 2. Анархизм по Прудону, 3. Общая Революция в 19 веке. ჟანდარმერიის ცნობით ს. მაყაშვილი ითვლებოდა ქართველ ხალხოსანთა ორგანიზაციის წევრად. საერთოდ, 70-80-ან წლებში ჩვენში ფართოდ ვრცელდებოდა რუსეთში გამოცემული არალეგალური ლიტერატურა.

6. (გვ. 4). დავით კეზელი და სტ. ჭრელაშვილი. საქ. რევ. მუზეუმის (ტფ. ჟანდარმ. საქმე ¹9 (9) მასალებიდან საქმის ვითარება შემდეგნაირად ირკვევა: 1873 წლის 6 დეკემბერს ტფილისის ყოფილ ალექსანდრეს ბაღში მოსეირნე მეფისნაცვალს შეხვედრია სამი მოწაფე. მათ მეფისნაცვლისთვის ოდნავ ქუდი მოუხდიათ და როდესაც მას ჩაუვლია, სიცილი აუტეხიათ. მოწაფეები იქვე დაუპატიმრებიათ. ესენი აღმოჩენილან დ. კეზელი, სტეფანე ჭრელაშვილი და ალექსანდრე მაჭარაშვილი, სამივე სემინარიის მოსწავლე. დაჭერას მათი ბინების გაჩხრეკა, დაკითხვა და გამოძიება მოჰყვა. დ. კეზელი ამ დროს 18 წლის ყოფილა, სემინარიის მე-5-ე კლასის მოწაფე, დუშეთის მაზრის მღვდლის შვილი. სტეფ. ჭრელაშვილი – 18 წლისა, ობოლი, დიაკვნის შვილი, დედა სიღნაღში ცხოვრობდა და თავს ირჩენდა ხელსაქმით. გამოძიებამ აღმოაჩინა დ. კეზელის მიმოწერა ამხანაგებთან. ამ მიმოწერიდან და დაკითხვიდან გამოირკვა, რომ სემინარიაში ამ დროს შემდგარი ყოფილა წრე, რომელიც კითხულობდა პისარევს, ბოკლს, დრეპერს, დობროლიუბოვს, დარვინს, ჩერნიშევსკის. წერილებში დ. კეზელი აძაგებს სემინარიის წესებს, მის მასწავლებლებს, სურს წავიდეს უცხოეთში სწავლის მისაღებად. ძალიან აგინებს თვითმპყრობელობას და ოცნებობს საქართველოდან რუსეთის თვითმპყრობელობის განდევნის შესახებ; თავის თავს უწოდებს ერთად-ერთს ნიგილისტს საქართველოში, საქართველოს იმედს, ამბოხებულ რესპუბლიკანელს.

მთელი გამოძიება დაპატიმრებული სემინარისტების შესახებ წარედგინა ხელმწიფეს, რომელმაც მიუსაჯა გაუსამართლებლად დავით კეზელს _ 8 თვის ციხე, სტ. ჭრელაშვილს 10 დღის პატიმრობა ცალკე ჯდომით და სასტიკი გაკიცხვა. შემდეგში დავით კეზელი, როგორც არაკეთილსაიმედო, გადასახლებულ იქნა რუსეთში. პეტერბურგიდან იგი თანამშრომლობდა ქუთაისის გაზეთ «შრომაში» (გამოდიოდა 1881_83 წლ.) «არაგველის» ფსევდონიმით.

სტ. ჭრელაშვილი (1859_1917) _ თანამშრომლობდა ყოველთვიურ ჟურნალ «იმედში» (გამოდიოდა 1881_1883 წ.). იგი ხალხოსნური ორგანიზაციის წევრი იყო, მაგრამ შემდეგში, ოთხმოცდაათიან წლებში, ზურგი აქცია თავის რადიკალიზმს და თავი შეაფარა ილია ჭავჭავაძის «ივერიას», რომლის ფურცლებზე ქადაგებდა ქართველი ხალხის წოდებათა «შეერთებული ძალითა და ღონით მოქმედებას». სტ. ჭრელაშვილი სავსებით დადგა ფეოდალურ-პროგრესიულ თვალსაზრისზე, რომლის მებაირაღტრე იყო ილიას «ივერია». სტ. ჭრელაშვილი «ივერიაში» სწერდა სანო-ს ფსევდონიმით; მისი ფსევდონიმი იყო აგ-რეთვე «ტატალა».

7. (გვ. 4). იაკობ გოგებაშვილი (1840_1912) – ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, გაზ. «დროების» თანამშრომელი. მისი პირველი წერილი დაიბეჭდა «დროების» ¹9, 1866 წ. ი. გოგებაშვილმა შეადგინა ცნობილი სახელმძღვანელოები: «დედა-ენა», «ბუნების კარი», «Русское слово» და სხვ., რაზედაც აღიზარდა რამდენიმე თაობა.

ი.გოგებაშვილის პირველი ნაშრომი _ «ანბანი» გამოვიდა 1865 წ., «ბუნების კარი» – 1867 წელს და «დედა-ენა» _ 1867 წ.

ი. გ. ერთი დამაარსებელთაგანი იყო «ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა». მონაწილეობდა საქართველოს ქართულ და რუსულ პრესაში. მის კალამს ეკუთვნის მრავალი საყმაწვილო საკითხავი წიგნი: «კოკორი», «კონა», «კუნწულა», იავნანამ რა ჰქნა», «მოსავლის მცველნი», «აკიდო» და აგრეთვე პედაგოგიურ-პუბლიცისტური ხასიათის წიგნები: «ბურჯი ეროვნებისა», «რჩეული ნაწერების ტომი» და სხვა. ი. გოგებაშვილის სახელმძღვანელოებმა დიდი როლი ითამაშეს მეფის გამარუსებული პოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოში.

1894 წელს ეგნატე ნინოშვილი ერთს თავის კერძო ბარათში სწერდა, ი. გოგებაშვილს: «ვინ იქნება დღეს წერა-კითხვა იცოდეს და თქვენ კი ვერ გიცნობდეს? განა ყველანი თქვენგან შედგენილ სახელმძღვანელოებზე არ აღვიზარდეთ? თქვენგან შედგენილ სახელმძღვანელოებში ვისწავლეთ ქართული წერა-კითხვა, თქვენ შეგვაყვარეთ სამშობლო და მისი ენა» (იხ. ეგ. ნი-ნოშვ. თხზ. ტ. 3. გვ. 117, «ფედერაცია»).

8. (გვ. 4). ნიკო ცხვედაძე (1845_1911) – ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. წერა-კით-ხვის საზოგადოების ერთი დამაარსებელთაგანი. მისი ინიციატივით და თავგამოდებული შრომით აგებულ იქნა შენობა, სადაც ახლა სახელმწ. უნივერსიტეტია მოთავსებული.

9. (გვ. 9). ა. გერცენი (1812_1870) – რუსეთის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, პუბლი-ცისტი, რუსეთის პოლიტიკური ემიგრაციის მამამთავარი. ლენინის სიტყვით, გერცენი იყო «მწერალი, რომელმაც დიადი როლი ითამაშა რუსეთის რევოლუციის მომზადებაში». მეფის მთავრობის მიერ მრავალჯერ იყო დაპატიმრებული. 1847 წელს სამუდამოდ დასტოვა რუსეთი და წავიდა უცხოეთში, საიდანაც არასოდეს აღარ დაბრუნებულა უკან. 1852 წელს დასახლდა ლონდონში, სადაც 1853 წელს დააფუძნა «თავისუფალი რუსული სტამბა». 1855 წლიდან ბეჭდავდა რევოლუც. შინაარსის კრებულებს _ «Полярная Звезда»-ს სახელწოდებით, 1857 წლიდან ოგარიოვთან ერთად დაიწყო გამოცემა ჟურნალ «კოლოკოლ»-ისა. გერცენის ნაწერებმა და განსაკუთრებით ჟურნალმა «კოლოკოლმა» უდიდესი როლი ითამაშეს რუსული საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებაში «Колокол»-ი დროგამოშვებით ათავსებდა წერილებს საქართველოს შესახებაც. გერცენი კარგად იცნობდა ნიკო ნიკოლაძეს და ერთხანს მეგობრულ დამოკიდებულებაშიაც იყო მას-თან. გერცენის თხოვნით ნიკოლაძემ 1865 წელს რამდენიმე წერილი მოათავსა «კოლოკოლის» ფურცლებზე РиоНели-ს ფსევდონიმით («გლეხთა განთავისუფლება საქართველოში», «ჩვენი მომავალი ვექილები», «ივნისის დღეები ტფილისში»).

თვით ნ. ნიკოლაძე შემდეგნაირად გადმოგვცემს გერცენის და მისი «კოლოკოლის» გავლენას სამოციანი წლების ახალგაზრდობაზე: «ბევრი ჩვენგანი კითხულობდა «Колокол»-ს, «Полярная Звезда»-ს და მაშინ ისკანდერის ფსევდონიმით უფრო ცნობილ გერცენის სხვა ცალკე გამოცემებს» («მოგონებანი სამოციან წლებზე», თხზ. ტ. 1, გვ. 98). «კოლოკოლი» 1857_65 წლებში ლონდონში გამოდიოდა, 1865 წლიდან – ჟენევაში. დაიხურა 1867 წელს. ამ ჟურნალს დიდი გავლენა ჰქონდა რუსეთის მოწინავე თაობაზე: «კოლოკოლი» ქადაგებდა გლეხების განთავისუფლებას მიწით, მოითხოვდა ბეჭდვის თავისუფლებას, სხეულით სასჯელის მოსპობას და საერთოდ რეფორმების გატარებას. 1862 წლიდან ახალგაზრდობასა და გერცენს შორის ჩამოვარდნილ უთანხმოების გამო, გერცენის და მისი ჟურნალის გავლენა თანდათან დაეცა.

10. (გვ. 9). გიორგი წერეთელი (1842-1900) – ცნობილი ბელეტრისტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1861 წელს მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა არეულობაში, ამის გამო რამდენიმე თვე დაპატიმრებული იყო პეტრე-პავლესა და კრონშტადტის ციხეებში. პირველი მისი წერილი მოთავსებული იყო 1862 წელს ჟურნალ «ცისკარში». ამის შემდეგ იგი მხურვალე მონაწილეობას იღებს, როგორც მწერლობაში, ისე სა-ზოგადოებრივი ცხოვრების ყოველ დარგში. 1863 წ. გ. წ. თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძის «საქართველოს მოამბე»-ში. 1866 წელს გამოსცა პირველი ქართული ევროპული ტიპის გაზეთი «დროება», რომელსაც რედაქტორობდა 1869 წლამდე. გ. წ. რედაქტორი იყო აგრეთვე «სასოფლო გაზეთის» (1868_73 წ.) და ჟურნალ «კრებულის» (1871-73 წ.). 1893 წელს დააარსა ჟურნალი «კვალი». გ. წერეთლის კალამს ეკუთვნის მრავალი ბელეტრისტული ნაწარმოები («პირველი ნაბიჯი», «გულქან», «რუხი მგელი», «კიკოლიკი, ჩიკოლიკი და კუდაბზიკა», «ჩვენი ცხოვრების ყვავილი», «მამიდა ასმათი» და სხვ.) და აგრეთვე პუბლიცისტური, პოლიტიკური, ეკონომიუ-რი, არქეოლოგიური შინაარსის წერილები.

მე-19 ს. ქართული მწერლობისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში გ. წერეთელს ერთი უპირველესი ადგილთაგანი უკავია. მსოფლმხედველობით იგი ბურჟუაზიულ-პროგრესიული მიმართულების მატარებელი იყო და თავის დროზე სასტიკად ებრძოდა ილია ჭავჭავაძის «ივერიის» თავად-აზნაურულ ლიბერალიზმს და ნაციონალიზმს.

გ. წერეთლის თხზულებათა აკადემიური გამოცემის განზრახული 13 ტომიდან ჯერჯერობით გამოიცა მხოლოდ პირველი ტომი. (გ. წერეთელი _ «თხზულებათა სრული კრებული» სი-მონ ხუნდაძის რედაქციით, ტ. 1. პუბლიცისტური წერილები 1862-1868 წ. წ. «ფედერაცია» – 1931).

11. (გვ. 9). ნიკო ნიკოლაძე (1843_1928) – გამოჩენილი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. აქტიური მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა არე-ულობაში 1861 წელს, რისთვისაც სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად (გ. წერეთელი, დავ. ბეს. ღოღობერიძე, კირილე ლორთქიფანიძე, პ. ალხაზიშვილი, ბეს. ლევ. ღოღობერიძე, იაკობ ისარლიშვილი) რამდენიმე თვე იჯდა პეტრე-პავლეს და კრონშტადტის ციხეებში.
ლიტერატ. მოღვაწეობა დაიწყო ჯერ კიდევ 1860 წ., როდესაც «ცისკარში» ¹10 დაბეჭდა წერილი. სტუდენტობის დროს თანამშრომლობდა «ისკრაში», «სოვრემენიკში». 1864 წ. გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც დაუახლოვდა ა. გერცენს, რომლის თხოვნითაც მის ჟურნალ «კოლოკოლ»-ში დაბეჭდა წერილები «გლეხთა განთავისუფლება საქართველოში» და სხვ. პირველ პერიოდში თავის მოღვაწეობისა ნ. ნიკოლაძე განიცდიდა ჩერნიშევსკის და საერთოდ რუსეთის მე-60 წლების რადიკალურ იდეების გავლენებს.

ნ. ნიკოლაძე შვეიცარიაში ყოფნის დროს, 1868 წელს ციურიხში სცემს ჟურნალს «Современное»-ს. ამავე წელს ამთავრებს ციურიხის უნივერსიტეტს.
1869-77 წლ. თანამშრომლობს გაზეთ «დროებაში», გ. წერეთელთან ერთად. 1871-73 წწ. ხელმძღვანელობს ჟურნალ «კრებულს». 1878 წელს აარსებს რუსულ გაზეთ «Обзор»-ს, რომლის მიზანი იყო ქართველთა ინტერესების დაცვა რუსეთის მთავრობის წინაშე. 1880 წ. მთავრობის საწინააღმდეგო მიმართულების გამო გაზეთს ხურავენ და ნ. ნიკოლაძეს ასახლებენ სტავროპოლში. 1882-84 წ. თანამშრომლობს სალტიკოვის ჟურნალ «Отечествен. записки»-ში, სადაც მიხაილოვსკის გადასახლების შემდეგ მას ჩაბარებული ჰქონდა ჟურნალის კრიტიკული განყოფილება.

1887-1891 წლ. ნ. ნ. ხელმძღვანელობს გაზეთ «Новое обозрение»-ს. 1894 წ. მიწვეულ იქნა მუდმივ თანამშრომლად ჟურნალ «მოამბე»-ში, სადაც ათავსებდა საშინაო და საგარეო ცხოვრების მიმოხილვებს.

1894 წ. ნ. ნიკოლაძე არჩეულ იქნა ფოთის ქალაქის თავად. ამ პოსტზე მოღვაწეობდა 1912 წლამდე. ნ. ნ.-ძის დაუღალავი შრომით გადაკეთდა ფოთის ნავთსადგური, აგებულ იქნა ელე-ვატორი, აშენდა მრავალი ნაგებობა.

1917-20 წ. ნ. ნ-ძე ითვლებოდა ნაციონალ-დემოკრატ. პარტიაში. მათი სიით იგი არჩეულ იქნა დამფუძნებელ კრების წევრად. იგი 1918 წ. წევრია მენშევიკური მთავრობის საელჩოსი, რომელიც ჯერ გაიგზავნა ბათომს, თურქეთთან ზავის შესაკრავად, შემდეგ გერმანიაში. 1921 წ. ნ. ნიკოლაძე ბრუნდება ემიგრაციიდან საქართველოში და ქართველ ინტელიგენციას ურჩევს დაადგეს საბჭოთა ხელისუფლებასთან მტკიცე თანამშრომლობის გზას. 1926 წელს კიდევ იმგზავრა ევროპაში. დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა ტფილისში. 1928 წელს აპრილში გარდაიცვალა ანთებით. ნ. ნიკოლაძე დასაფლავებულია მთაწმინდაზე.

ნ. ნიკოლაძე მესამოცე წლების ქართველი ინტელიგენციის პროგრესიული თაობის უდი დესი წარმომადგენელია. მისი მოღვაწეობისა და სოციალ-პოლიტიკური აზროვნების განვითარებაში ორ პერიოდს არჩევენ: პირველი პერიოდი, – სამოციანი წლებიდან 80-იან წლებამდე, ხასიათდება პოლიტიკური რადიკალიზმით, რუსეთისა და ევროპის უახლესი იდეური გავლენით; მეორე პერიოდია 80-ან წლებიდან მოკიდებული უკანასკნელ ხანამდე. ამ დროს მისი სოციალ-პოლიტიკური მსოფლმხედველობა ხასიათდება ბურჟუაზიული აზროვნებით, პოლიტიკური მხრივ – ოპორტუნიზმით, შეგუების ტენდენციებით მეფის რუსეთში არსებული წყობილებისადმი.

ნიკო ნიკოლაძის კალამს ეკუთვნის უამრავი წერილი და ბროშურა პუბლიცისტური, ეკონომიური, პოლიტიკური და ლიტერატურული ხასიათისა. მისი თხზულებები, გარდა სხვადასხვა დროს გამოცემულ წვრილი წიგნებისა, ჯერ სავსებით არ არის გამოცემული. ჯერჯე-რობით გამოსულია მხოლოდ ორი ტომი (ნ. ნიკოლაძის რჩეული ნაწერები სიმონ ხუნდაძის რედაქციით. ტ. 1, 1931 წ. და ტ. II _ პუბლიცისტური წერილები _ 1870-99 წ. წ. ტფილისი, 1932 წ.).
12. (გვ. 10). «კრებული» – თვიური ჟურნალი, გაზეთ «დროების» დამატება – გამოდიოდა 1871_1873 წლებში. მისი რედაქტორი იყო გიორგი წერეთელი, უმთავრესი თანამშრომელი და სულის ჩამდგმელი – ნიკო ნიკოლაძე, რომელიც ბეჭდავდა წერილებს სკანდელის ფსევდონიმით. ჟურნალი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული მიმართულებისა იყო. მის უახლოეს თანამ-შრომლებად ითვლებოდნენ, გარდა გ. წერეთელისა და ნიკო ნიკოლაძისა: ილია ჭავჭავაძე, სერგეი მესხი, აკაკი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე, პ. უმიკაშვილი, მამია გურიელი (ფაზელი), ი. მესხი, მ. ყიფიანი, დ. ერისთავი, რაფ. ერისთავი, მ. პეტრიწი, დ. ყაზბეგი, ნ. ცხვედაძე, ჭალადიდელი (მ. ქოჩაკიძე), ბ. ჯაფარიძე და სხვ.

13. (გვ. 10). დ. გურამიშვილი (1857_1926). იყო წევრი ციურიხის ქართველ სტუდენტთა სა-ზოგადოებისა, რომელსაც ეწოდებოდა «უღელი», ეს საზ-ბა დაარსდა 1873 წ. მარტში. საზ-ბის ოფიციალური მიზანი იყო თვითგანვითარება. ხალხოსანის ივ. ჯაბადარის მოწმობით «ამ საზ-ბის საბოლოო მიზანი იყო კავკასიის ფედერატიული რესპუბლიკა». დემოკრატიულ რესპუბ-ლიკაზე ოცნება, რასაკვირველია, შვეიცარიის მაგალითით იყო წარმოშობილი. («Былое» №8, 1907 წ.).

14. (გვ. 11). პლატონ ეგნატეს ძე იოსელიანი (1809_1875) იყო შვილი გიორგი მე-12-ის კართან დაახლოვებული მოძღვრისა. სწავლა მიიღო ჯერ ტფილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში. 1835 წლიდან ასწავლიდა ფიზიკას ტფ. სას. სასწ-ში, 1857 წლიდან დაინიშნა საგანგებო მინდობილობათა მოხელედ კავკასიის მეფის მოადგილესთან.

პლ. იოსელიანი ერთგული მსახური იყო რუსეთის თვითმპყრობელობისა და რეაქციონერი თავისი მსოფლმხედველობით. პლ. იოსელიანის კალამს ეკუთვნის მრავალი ნაშრომი, რომელიც შეეხება საქართველოს ისტორიას, ძველ ნაშთებს და ძეგლებს (მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია «ცხოვრება მეფე გიორგი მეცამეტისა»). პლ. იოსელიანი, რომელსაც ახალგაზრდობა დაცინვით «ფილოსოფოსს» უწოდებდა, ძალიან მტრულად უცქეროდა ახალ თაობას.
როდესაც ის გარდაიცვალა, სერგეი მესხი სწერდა «დროებაში».

«დროების» რედაქციამ თავის გაზეთის მკითხველები დაპატიჟა, რომ დასწრებოდენ მიცვა-ლებულის გასვენებაზე და ამნაირად უკანასკნელი პატივი ეცათ იმის ხსენებისათვის. ეს გარემოება კიდევ უფრო გაუგებარი შეიქნა ზოგიერთებისათვის. ამბობდენ: რა იყო საერთო მიცვალებულ პლატონ იოსელიანსა და ახალგაზრდობას შუა? რათ უცხადებენ ახლა იმას ასეთ თანაგრძნობას, როდესაც ამათი აზრები და რწმუნებანი ასე განსხვავდებიან?

ასეთი თანაგრძნობის მიზეზად სერგეი მესხი ასახელებს შემდეგ გარემოებას: «ახალგაზრდობამ დაივიწყა ყველაფერი, რაც მიცვალებულში არ მოსწონდა და გაიხსენა მხოლოდ ეს ერთი დამსახურება, რომ ის ქართული მწერლების შესამატებლად და გასამდიდრებლად ზრუნავდა» (სერგ. მესხი, «ნაწერები», 1903 წ. გვ. 320_22).

ი. მანსვეტაშვილის მიერ მოცემული პლ. იოსელიანის დახასიათება და მწარე კილო საუკეთესო მაჩვენებელია 70-იანი წლების ქართველ ახალგაზრდა თაობის მტრული დამოკიდებულებისა პ. იოსელიანისადმი.

15. (გვ. 12). სოლომონ დოდაშვილი (1804-36) – პედაგოგი, პუბლიცისტი, პოლიტიკური მოღვაწე, მთავარი მონაწილეთაგანი 1832 წლის ქართველ თავადაზნაურთა შეთქმულებისა, რომელსაც მიზნად ჰქონდა რუსეთის ჯარების განდევნა და დამოუკიდებელი სამეფოს აღდგენა საქართველოში.
შეთქმულება აღმოჩენილი იქნა, მონაწილეები გადაასახლეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში.

სოლ. დოდაშვილს, რომელიც მასწავლებლად იყო ტფილისის გიმნაზიაში, «მასწავლებლის წოდება აჰყარეს და გაამწესეს ვიატკაში კანცელარიის მოხელედ. ნება ჰქონდა სამსახურში წარჩინების მიღებისა, ხოლო არა უადრეს ათი წლისა, მაგრამ იქვე გარდაიცვალა» (დ. ყიფიანი – «მემუარები», გვ. 136).

სოლ. დოდაშვილს დაწერილი ჰქონდა რამდენიმე წიგნი. მან უმაღლესი განათლება მიიღი რუსეთში. იყო კანტიანელი. 1827 წელს პეტერბურგში მან გამოსცა «ლოღიკის კურსი».

ამავე წელს დაბრუნდა სამშობლოში. ტფილისში მისი შრომით და საცადელით გაიხსნა ქართული სტამბა, 1828 წლიდან დაიწყო ყოველკვირეული ქართული გაზეთის «ტფილისის უწყებანი»-ს გამოცემა. ამ გაზეთის ორკვირეულ სალიტერატურო დამატებას რედაქტორობდა 1832 წლამდე, როდესაც იგი დაპატიმრებული იქნა და შემდეგ გადასახლებული რუსეთში.

16. (გვ. 14). ჰამქრების აჯანყება 1865 წლისა. ტფილისის მოქალაქეთა უკმაყოფილება გამოიწვია ახალი გადასახადების შემოღებამ. ბაჟბეუქ-მელიქოვი იყო ქალაქის ხარჯთ-ამკრეფი. ამ დროს მეფის მოადგილე, მიხეილ ნიკოლოზისძე, ტფილისში არ იმყოფებოდა, მის მოვალეობას ასრულებდა ტფილისის გუბერნატორი, პოეტი გრიგოლ ორბელიანი, რომელმაც აჯანყებულ ჰამქრებთან ჯერ მოლაპარაკება გამართა და როდესაც აქედან არაფერი გამოუვიდა, ძალას მიმართა და უაიარაღო ხალხს კაზაკები მიუსია. შეტაკების დროს ორივე მხრივ დაიხოცა რამდენიმე კაცი.

აჯანყების მოთავეები დააპატიმრეს და ციმბირში გაგზავნეს. ამ აჯანყების ჩაქრობისათვის მეფის მოადგილემ თავის მანიფესტში მადლობა გამოუცხადა გრიგოლ ორბელიანს.

ტფილისის 1865 წ. აჯანყების საქმე ინახება საქართვ. ცენტრ. არქივში ორ ტომად.

გერცენმა რამდენიმე წერილი მოათავსა თავის «კოლოკოლ»-ში ამ აჯანყების შესახებ. ერთი წერილი ეკუთვნოდა ნიკო ნიკოლაძეს- «ივნისის დღეები ტფილისში» (№206, 1865 წ.), იყო აგრეთვე უცნობ ავტორთა წერილებიც: «ტფილისიდან» (№204) და «საქართველოდან» (№208). ტფილისის ჰამქრების აჯანყებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა რუსეთის პრესაშიაც. რეაქციო-ნერმა კატკოვმა თავის «მოსკოვსკიე ვედომოსტი»-ში მთელი რიგი შოვინისტურ-ხულიგნური ხასიათის წერილი მოათავსა. ოფიციალური ცნობები დაბეჭდა «კავკაზმა» (№53, 63, 64, 1865 წ.) მოგონება ამ არეულობის შესახებ დასწერა ანტონ ფურცელაძემ (გაზ. «Закавказская Речь», №136, 1912 წ.); ზ. ჭიჭინაძემ გამოსცა ბროშურა «ტფილისის ამბოხება ანუ დიდი ბუნტი 1865 წ.»).
ტფილისის ჰამქრების აჯანყება გამომხატველი იყო წვრილ-ბურჟუაზიული ფენების უკმა-ყოფილებისა პოლიციურ-ბატონყმური ხელისუფლებით და ახალი, კაპიტალისტური ურთი-ერთობის თანდათანი გაბატონებით.

17. (გვ. 15). ნ. გ. ჩერნიშევსკი (1828_89) – გამოჩენილი პუბლიცისტი, პოლიტიკური მოღვაწე, 60-იანი წლების რადიკალური ინტელიგენციის ბელადი. ლენინმა ჩერნიშევსკის უწოდა «მარქსის წინა პერიოდის უდიდესი სოციალისტი». ნ. ჩერნიშევსკიმ 1850 წ. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. 1856_62 წლებში ხელმძღვანელობდა ჟურნალ «სოვრემენიკს», რომლის სა-შუალებითაც ქადაგებდა რევოლუციონურ იდეებს.

1861 წელს ჩერნიშევსკიმ დასწერა ცნობილი პროკლამაცია «Барским крестьянам», სადაც გლეხობას მოუწოდებდა რევოლუციონური აჯანყებისაკენ. ჩერნიშევსკის მსოფლმხედველო-ბა შემუშავდა ფეიერბახის, ჰეგელის და უტოპიური სოციალისტების გავლენით.

ლენინის სიტყვით «ჩერნიშევსკიმ ვერ შესძლო, უკეთ მას არ შეეძლო, რუსეთის ცხოვრების ჩამორჩენილობის გამო, ამაღლებულიყო დიალექტიკურ მატერიალიზმამდე». მიუხედავად ამისა, ჩერნიშევსკიმ უდიდესი გავლენა იქონია რუსეთის რევოლუციონური ინტელიგენციის აზროვნების განვითარებაზე.
1862 წელს მეფის მთავრობამ იგი დააპატიმრა, აჰყარა ყოველგვარი უფლება და 14 წლით გაგზავნა კატორღაში. ამის შემდეგ ჩერნიშევსკიმ თითქმის მთელი თავისი ცხოვრება გაატარა «ცოცხლად დამარხულმა» კატორღასა და ციმბირის შორეულ გადასახლებაში.

ჩერნიშევსკის გავლენა ქართველ ინტელიგენციაზედაც დიდი იყო (იხ. ამის შესახებ ს. ხუნდაძის მონოგრაფია «ნ. ჩერნიშევსკი».).

18. (გვ. 15). ნ. ა. დობროლიუბოვი (1836_1861) – პუბლიცისტი-კრიტიკოსი. სწავლობდა პე-ტერბურგის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1865 წლიდან თანამშრომლობდა, ხოლო 1857 წლიდან იყო რედაქციის მდივანი ჟურნალ «სოვრემენიკ»-ში, სადაც ათავსებდა კრიტიკულ წერი-ლებს ლიტერატურაზე და აგრეთვე ისტორიულ და პოლიტიკურ ხასიათის სტატიებს. დობროლიუბოვი გარდაიცვალა ჭლექით სრულიად ახალგაზრდა, 25 წლისა. იგი იყო უახლოესი მეგობარი და მოწაფე ჩერნიშევსკისა. დობროლიუბოვის აზრით მხოლოდ სოციალურ რევოლუციას შეუძლია საზოგადოების ძირეული გარდაქმნა. თავის ლიტერატურულ ნაწარმოებებში იგი სიმპათიას გამოსთქვამდა დასავლ. ევროპის რევ. მოძრაობისადმი, ამასთანავე ებრძოდა რუსეთის თვითმპყრობელურ რეჟიმს. მის ნაწერებს გავლენა ჰქონდა მესამოცე წლების ახალგაზრდობაზე, კერძოდ, ქართველ ინტელიგენციაზე.

19. (გვ. 15). დ. ი. პისარევი (1840_1868) – გამოჩენილი კრიტიკოსი და პუბლიცისტი. 1856 წ. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, 1858 წ. დაიწყო თანამშრომლობა ჟურნალ «Рассвет»-ში, შემდეგ «Русское Слово»-ში. 1862 წელს დასწერა წერილი არალეგალური ჟურნალისათვის, სადაც მოითხოვდა რომანოვების ჩამოგდებას. ამ წერილისათვის პისარევი დაისაჯა ოთხ ნახევარი წელიწ. პატიმრობით პეტრე-პავლეს ციხეში. ციხიდან იგი განაგრძობდა თა-ნამშრომლობას ჟურნალ-გაზეთებში. 1865 წ. განთავისუფლებულ იქნა.

1868 წლიდან დაიწყო თანამშრომლობა ნეკრასოვის ჟურნალ «Отечеств. Записки»-ში; იმავე წელს დაიღრჩო ზღვაში.

პისარევი იყო იდეოლოგი მე-60 წლების წვრილ-ბურჟუაზიული «რაზნოჩინური» ინტელიგენციისა. მისი ნაწერების გავლენა დიდი იყო ქართველ ახალგაზრდობაზედაც. მისი პო-ლიტიკური, სოციალური და ესთეტიკური შეხედულებების დაღი ეტყობა ჩვენი მესამოცე და მესამოცდაათე წლების პუბლიცისტებისა და მწერლების ნაწერებსაც (გიორგი წერეთელი, ნ. ნიკოლაძე და სხვ.).

პისარევი არ იყო რევოლუციონერი და სოციალისტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისმა ნაწერებმა დიდი გავლენა იქონია რუსეთის რევოლუციონურ მოძრაობის განვითარებაზე.

20. (გვ. 16). ბოკლი (1821_1862) _ ინგლისელი მწერალი, სოციოლოგი, ავტორი წიგნისა «ცივილიზაციის ისტორია ინგლისში». პოლიტიკური შეხედულებით იყო ბურჟუაზიული რადიკალი, დემოკრატიული წყობილების მომხრე.

21. (გვ. 16). ჯონ სტიუარტ მილი (1806_1873) – ინგლისელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი. ავტორი «პოლიტ. ეკონომიის საფუძვლებისა», რომელიც ჩერნიშევსკიმ სთარგმნა მე-60-ე წლებში და დაურთო თავისი შენიშვნები, სადაც მილის ბურჟუაზიულ-ლიბერალური აზრები და თეორიები შესცვალა უტოპიურ-სოციალისტური შეხედულებებით. ამ შენიშვნებს დიდი გავლენა ჰქონდა იმ დროინდელ საზოგადოებაზე.

22. (გვ. 17). გრიგოლ არწრუნი (1845_1892) – სომეხთა პუბლიცისტი, ბურჟუაზიულ-დემოკრატიული მიმართულების მწერალი.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, ბეჭდური არქივი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button