– „საქართველოს ჭირთა ჭირი, შეიძლება ითქვას, ყველა უბედურების უმთავრესი სათავე რომ ქვეყნის კუთხეების სეპარატიზმი/განკერძოებულობა, დიდფეოდალთა მისწრაფებაა შეუზღუდავი ძალაუფლებისა და სიმდიდრისაკენ, ამას თვალნათლივ და დიდოსტატურად გვიჩვენებს იაკობ ცურტაველი პირველივე ქართულ ორიგინალურ თხზულებაში – „შუშანიკის წამება. ამ ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირი სწორედ თავკერძა, განდგომილი ფეოდალი, ქართლის ერისმთავარი ვარსქენ პიტიახშია. ჩვენ მას ნაწარმოების პირველივე სტრიქონებიდან ვეცნობით. ის სპარსეთის პოლიტიკის გამტარებელია: პეროზ მეფეს ეახლა მორჩილების გამოსაცხადებლად, უარყო ქრისტიანობა, მიიღო ცეცხლთაყვანისმცემლობა, ამასთან ერთად, შაჰს დაჰპირდა, რომ კანონიერ ცოლ-შვილსაც მოაქცევდა მაზდეანობაზე. უფრო მეტი, თავისი პოლიტიკური ლოიალობის დასამტკიცებლად, შაჰს ცოლად სთხოვა მეფის ასული. როგორც ვხედავთ, ვარსქენ პიტიახშისთვის არაფერი წმინდა არ არსებობდა, ის საკუთარ ამბიციებს უყოყმანოდ ანაცვალებს მამაპაპეულ რჯულს, ოჯახს, სამშობლოს დამოუკიდებლობას. ვარსქენი დაბადებიდან ქრისტიანი იყო. იაკობ ხუცესი ხაზგასმით აღნიშნავს: „პირველ იგიცა იყო ქრისტიანე, ნაშობი მამისა და დედისა ქრისტიანეთაი.“ როგორც ვთქვით, მისთვის უცხოა სამშობლოსა და ხალხის ერთგულება: ის არის ტიპური გულხარბი ფეოდალი, რომლის უმთავრესი მიზანი იყო საკუთარი სამთავროს გაძლიერება, ცენტრალური ხელისუფლების შეზღუდვა, მოკლედ, ქართლში „პატარა მეფედ“ ქცევა. ცხადია, ამ მიზნის განხორციელებაში, აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვებისათვის ბრძოლაში მას არც საქართველოს დამოუკიდებლობისა და გაერთიანებისათვის მებრძოლი ვახტანგ გორგასალი გამოადგებოდა და არც – სხვა დიდფეოდალები, რომლებიც არ მოისურვებდნენ მეზობელი სამთავროს გაძლიერებას. ამიტომ ვარსქენმა მოკავშირე სხვაგან მოძებნა, მართალია, ის მისი ქვეყნისა და სარწმუნოების მტერი იყო, მაგრამ ასეთი „წვრილმანები“ ვერ შეაჩერებდა ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოყვარულ პიტიახშს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მისი ვიზიტი სპარსეთის შაჰის კარზე. ნაწარმოებში არსად არ ჩანს ვარსქენის სინანული რჯულის შეცვლის გამო და ეს არცაა გასაკვირი, რადგან სარწმუნოება მისთვის მიზნის მიღწევის საშუალება იყო და მეტი არაფერი. ვფიქრობ, თუ დასჭირდებოდა, ისევ ქრისტიანობას დაუბრუნდებოდა. რწმენა, სამშობლო, ოჯახი პიტიახშისთვის მიზნის მიღწევის საშუალებები იყო და მეტი არაფერი. მისი მოქმედების დევიზი ყველა დროის პოლიტიკური ავანტიურისტისთვის საერთო ფორმულა იყო: „მიზანი ამართლებს საშუალებას.“ როგორც ვხედავთ, ძალაუფლება, სიმდიდრე ვარსქენ პიტიახშისთვის რწმენის ტოლფასი ცნებები იყო, მაგრამ სწორედ აქ შეცდა, რადგან მას დაუპირისპირდა ჭეშმარიტი რწმენით შთაგონებული და ძალმოცემული ქალი და, როგორც ნაწარმოებიდან ჩანს, ამ რწმენამ დაამარცხა კიდეც პიტიახში. მართალია, ტექსტში არ ჩანს მისი სიკვდილი, მაგრამ ქართლის მოსახლეობის მიერ წამებული დედოფლის მიმართ გამოხატული საყოველთაო თანაგრძნობა, თუნდაც ის უხმო აღშფოთება და პროტესტი, რასაც ისინი სპარსოფილი ვარსქენის მიმართ იჩენენ, უკვე მიგვანიშნებს მოღალატის სამარცხვინო აღსასრულის გარდაუვალობაზე. ისტორიიდან კი ცნობილია, რომ ვარსქენ პიტიახში 482 წელს მოაკვლევინა ვახტანგ გორგასალმა. ასე მიუზღო სამაგიერო ქართლის უდანაშაულო დედოფლის წამებისთვის მოღალატე პიტიახშს, ასე აღსრულდა შუშანიკის სიტყვები: „მიაგოს მას უფალმა…“ მართალია, იაკობ ცურტაველის ნაწარმოებში ეს უდიდესი პატრიოტი მეფე – ვახტანგ გორგასალი – არაა ნახსენები, მაგრამ ქვეტექსტში მისი არსებობა და აქტიური მონაწილეობა ქართლის საერისთაოში მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლებში ყველგან იგრძნობა. სწორედ ისაა, ვინც ვარსქენ პიტიახშს ძილს უფრთხობს და, როგორც ვთქვით, ვისი ბრძანებითაც მას მიეზღვება საკადრისი. სხვათა შორის, ვახტანგ გორგასლის მიერ ვარსქენის მკვლელობა სპარსეთისათვის ომის არაოფიციალურად გამოცხადების ტოლფასი მოვლენა იყო. შემთხვევითი არაა, რომ იაკობ ხუცესი ვარსქენ პიტიახშს მუქ ფერებში ხატავს: „ვითარცა მხეცი მძვინვარეი ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი.“ „მოვიდა მგელი იგი“, თუმცა მწერლის დიდოსტატობაზე მეტყველებს ისიც, რომ პერსონაჟები ცალმხრივად, სწორხაზობრივად, მხოლოდ დადებითი ან უარყოფითი კუთხით არ დაუხატავს. გვიჩვენა მათი ხასიათის წინააღმდეგობრიობა, მრავალფეროვნება, ადამიანური სისუსტეები. გავიხსენოთ „პურის ჭამის“ დრამატული ეპიზოდი, როცა სასტიკად ნაცემი დედოფალი ცოცხალ-მკვდარი გაიტანეს სასახლიდან. მეორე დღეს, გათენებისას, „ცისკარ ოდენ იყო“, ვარსქენმა იკითხა მეუღლის მდგომარეობა და როდესაც დაინახა: „დაუკვირდა დიდძალი იგი სიმსივნეი მისი.“ მოკლედ, ისე გაიკვირვა, თითქოს, ეს მისი ჩადენილი არ იყო. შესაძლოა, პიტიახში არ მოელოდა შუშანიკისგან ასეთ წინააღმდეგობას, მისმა საქციელმა, მართლაც, დაურღვია ფსიქიკური წონასწორობა და აღარც კი ახსოვდა, რა გააკეთა. მას, როგორც ქმარს, განსაკუთრებით აღაშფოთებს ის ფაქტი, რომ მეუღლემ გაბედა და მის დაუკითხავად დატოვა სასახლე, დაუპირისპირდა მის გადაწყვეტილებას, არ გამოიჩინა სოლიდარობა, მოკლედ, ყველაფერი იმის საპირისპირო ჩაიდინა, რასაც ერთგული ცოლისაგან, თავისი ოთხი შვილის დედისაგან მოელოდა პიტიახში. შუშანიკის მისამართით თქმული მისი ბრალდებები ხომ ასეთია: „შენ ჩემი ხატი დაამხუ, და საგებელსა ჩემსა ნაცარი გარდაასხ, და შენი ადგილი დაგიტევებიეს და სხუად წარსრულ ხარ.“ ასე რომ, ვარსქენისთვის მიუღებელი იყო ცოლის მიერ საკუთარი პრინციპული პოზიციის გამომჟღავნება და დაცვა, ამას ოჯახისა და პირად შეურაცხყოფად თვლიდა. საინტერესოა, ასევე, რომ ტექსტში არ ჩანს ვარსქენის მიერ მეორე ცოლის მოყვანის ფაქტი. როცა ის შუშანიკს სთხოვს სამკაულების დაბრუნებას, ამბობს: „მერმეცა იპოოს ვინმე, რომელმან ესე შეიმკოს.“ პიტიახშს, ასევე, აშინებს ისიც, რომ, თუკი შუშანიკს სხვაგან, ვთქვათ, დარუბანდში გაგზავნის („ჩორდ წარგცე…“), ვინმე მთავარს ცოლად არ გაჰყვეს: „ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ეცოლოს.“ ვარსქენი, გარკვეულწილად, საზოგადოებრივ აზრსაც უწევდა ანგარიშს, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მოვლენების განვითარებაზე კონტროლს დაკარგავდა. სამშობლოში დაბრუნებული ცდილობდა: „ვითარცა ერთგული შევიდეს სოფლად; “ თავისთან მისულ სასულიერო პირებს კი სთხოვდა: „აწ ნურას მერიდებით მე და ნუცაღა გძაგ.“ მიუხედავად ამისა, ვარსქენ პიტიახში, სარწმუნოებრივ-პოლიტიკური მოღალატეობით, საზოგადოების ზიზღსა და სიძულვილს იმსახურებს მაშინ, როცა დედოფალი შუშანიკი – ქრისტიანობისა და ქვეყნის ერთგულებით – ყველას აღაფრთოვანებს, არწმუნებს, რომ სულიერი სიმტკიცისა და ნებისყოფის, პრინციპულობისა და ნამდვილი რწმენის წინაშე ყველანაირი ძალმომრეობა უძლურია. ვარსქენ პიტიახშის მხატვრული სახე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ, მართლაც, განსაკუთრებულია იაკობ ცურტაველის მიერ ქართული სიტყვის ფლობის უნარი, მისი მწერლური ხელოვნება. ის მკითხველსაც ხდის მონაწილედ იმ ფარული თუ აშკარა ბრძოლებისა, რომლებიც ერთიანი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლ ვახტანგ გორგასალსა და მოღალატე სეპარატისტ ფეოდალს – ვარსქენ პიტიახშს შორის მიმდინარეობდა.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან
Related Articles
Check Also
Close - შეიძლება თუ არა კონფლიქტების მოგვარება ომის გარაშეთებერვალი 11, 2024