– „ „ვეფხისტყაოსანში“ ყველაზე ახალგაზრდა მეფეა ფრიდონი – მულღაზანზარის მბრძანებელი. გარეგნულად მშვენიერი, ახოვანი, ლომივით ვაჟკაცი. მას განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებს ის, რომ ტარიელისა და ავთანდილის ძმადნაფიცია, მესამე გმირია, ვინც სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებაში, ქაჯეთის ციხის დამხობასა და მზე-ნესტანის გამოხსნაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ფრიდონს თავისი ქვეშევრდომები ასე ახასიათებენ: „მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხლტომი ცხენისა; ვნება არავის არ ძალ-უც მის მზისა ოდნავ მშვენისა.“ მართალია, ფრიდონის სამფლობელო პატარაა, მაგრამ „ყოველგნით სიკეთე-მიუწვდომელი.“ მისი ქალაქი-სახელმწიფო მდიდარი და აყვავებულია: „ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი.“ ესეც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის კარგი მმართველია, ხალხს უყვარს, ქვეშევრდომები მისი ერთგულნი არიან. ფრიდონი სახელგანთქმული მებრძოლია. მან ტარიელის მოწონებაც დაიმსახურა: „მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიმკვირცხლენია; იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.“ ფრიდონი საუკეთესო მასპინძელია, გულუხვი, ყურადღებიანი. ის ყველანაირად ცდილობს, ასიამოვნოს სტუმრებს, საუკეთესო სასმელ-საჭმელი და ძვირფასი საჩუქრები მიართვას. აი, როგორ მასპინძლობს ფრიდონი ავთანდილს: „მას დღე სვეს, ჭამეს, გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა. გათენდა, ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა, შესამოსელი შეჰმოსეს დრაჰკანის ბევრ-ათასისა, შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.“ ფრიდონი ერთგული მეგობარია. მისი და მულღაზანზარელი მეომრების თავდადებამ ბევრად განაპირობა გმირთა გამარჯვება გადამწყვეტ ბრძოლაში. ამასთან ერთად, ფრიდონი თავდადებულია ძმადნაფიცისთვის. ამის მაჩვენებელია მისი რჩევა ქაჯეთის ციხის აღებისას, ის ხიფათს არ ერიდება, აპირებს თოკზე გაიაროს, ჩახტეს ციხეში და შიგნიდან გააღოს კარები. ეს მის უშიშარ, შეუპოვარ ხასიათსაც გვიჩვენებს. ფრიდონი ბოლომდე ერთგულად უდგას გვერდში ძმადნაფიცებს და მუდამ მზადაა, თავის რჩეულ მოყმეებთან ერთად თავი დადოს მეგობრების დასახმარებლად. ასე რომ, ფრიდონის სახით რუსთაველმა ერთგული მეგობრის იდეალური სახე დახატა. ის მკითხველის სიმპათიას იმსახურებს როგორც უძლიერესი ვაჟკაცი და თავდადებული მოყვარე.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან
Related Articles
Check Also
Close - ფრანგული საუზმე- “ტრიუმფალური თაღი”აპრილი 25, 2023